შეტევა რუსეთზე: ზელენსკის დიდი რისკი და ვა-ბანკი - რა ხდება ამ დროისთვის კურსკში და შეუტევს თუ არა უკრაინა ბრიანსკის ოლქსაც?! - კვირის პალიტრა

შეტევა რუსეთზე: ზელენსკის დიდი რისკი და ვა-ბანკი - რა ხდება ამ დროისთვის კურსკში და შეუტევს თუ არა უკრაინა ბრიანსკის ოლქსაც?!

ორკვირიანმა საბრძოლო მოქმედებებმა­ უშუალოდ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ბევრი საინტერესო ნიუანსი გამოავლინა, უპირველესად, რუსეთის სისუსტე საკუთარი საზღვრის დაცვისას იმ მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც თავადვე დაესხა თავს. 6 აგვისტოს უკრაინის სწრაფი სადაზვერვო-დივერსიული რეიდი მალევე საერთო-საჯარისო ტიპის ოპერაციაში გადაიზარდა და უკრაინულმა მობილურმა ჯავშანჯგუფებმა კურსკის ოლქის 20-30 კმ-ის სიღრმეშიც შეძლეს შეღწევა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მოახერხა დამატებითი ძალების გადასროლა კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინსვლის შესაჩერებლად. უკრაინის საარმიო დანაყოფების წინსვლა კურსკის ოლქის სიღრმეში შენელდა, თუმცა მთლიანად არ შეჩერებულა - ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა დამატებით ძალებს გადაისვრიან ახალგახსნილ ფრონტის ხაზზე დაპირისპირებული მხარეები და ვინ უფრო მეტს.

კარგად ჩანს, რომ რუსეთის გენშტაბი ფეხს ითრევს და ძალიან არ უნდა მოხსნას ბრძოლისუნარიანი დანაყოფები უკრაინის ფრონტის დონბასის მონაკვეთიდან, სადაც რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მეტ-ნაკლებად წარმატებულ შეტევებს ტორეცკისა და პოკროვსკისკენ - პუტინის კატეგორიული ბრძანება, რაც შეიძლება მალე გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე და აიღონ კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი, კვლავ ძალაშია. ამიტომაც რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა ჯერჯერობით ელევა­ იმ დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის ფრონტის შედარებით მშვიდ მონაკვეთებზე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილებში დგანან, და მათ გზავნის საკუთარი მიწის - კურსკის ოლქის დასაცავად.

თავის მხრივ, უკრაინის გენშტაბიც ვა-ბა­ნკზე მიდის და კურსკისკენ უშვებს იმ სარე­ზერვო ბრიგადებს, რომლებსაც სწორედ­ დონბასის ფრონტის მონაკვეთზე მტრის მუდმივი შემოტევების მოსაგერიებლად ამზადებდა. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა კურსკის მიმართულებაზე ჯერჯერობით წარმატებული ოპერაციის დაწყებითა და მისი გაგრძელებით დიდად რისკავს, რადგან რუსი ოკუპანტების გამუდმებულ შეტევებს პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებით ვერ აჩერებს და არც რუს გენერლებს მოუხსნიათ აქედან მოიერიშე დანაყოფები კურსკის გასამაგრებლად გადასასროლად.

მეორე მხრივ, უკრაინის არმიის კურსკის ოპერაციამ უდიდესი დარტყმა მიაყენა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ იმიჯს - როცა ყველას ეგონა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე სრული საბრძოლო ინიციატივა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩაიგდეს ხელში და უკრაინის საქმე წასული იყო, მოულოდნელად უკრაინა დივიზიის მასშტაბის წარმატებულ რეიდს ატარებს აგრესორი ქვეყნის ტერიტორიის ახლო ზურგში და ამასთან, ორი კვირის განმავლობაში აგრძელებს ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილობრივ ოკუპაციას.

ხიდების აფეთქების დაწყებით უკრაინის გენშტაბი რუსეთის კურსკის ოლქში საზღვრისპირა "ბუფერული ზონის" შექმნას და იქ გამაგრებას გეგმავს...

ახლა რომ 2023 წლის ივნისი იყოს და უკრაინის არმიას მთავარი კონტრშეტევა­ ზაპოროჟიეს სამხრეთ მიმართულების ნაც­ვლად სწორედ რუსეთის კურსკისკენ­ დაეწყო­ იმ მოგროვილი ძალებით, ნამდვილად­ დიდ წარმატებას მიაღწევდა. მაგრამ გასული წლის მთავარი კონტრშეტევა უკრაინელებს ჩაეფუშათ, დაკარგეს მნიშვნელოვანი­ რაოდენობის ცოცხალი ძალა და საბრძო­ლო ტექნიკაც, რაც უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით შეტევების მათ შესაძლებლობას ძალზე ზღუდავს. ახლა ძალზე მომგებიანი იქნებოდა ანალოგიური­ შეტევები რუსეთის ბრიანსკის ოლქზეც, რომლის საზღვარი კურსკისაზე უკეთესად დაცული არ იქნება.

თუკი უკრაინის საარმიო დანაყოფების წინსვლა კურსკის ოლქში შეჩერდება, ლოგიკური იქნებოდა ერთგვარი ბუფერული ზონის მოწყობა უშუალოდ რუსეთის საზღვრის შიგნით, რომლის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა საზღვართან მიმდებარე სუმის ოლქიდან გაადვილდებოდა. ბუფერული ზონის შექმნის დაწყებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაიწყეს კურსკის ოლქში გამავალ მდინარე სეიმზე, სოფელ გლუშკოვოსთან, საავტომობილო ხიდების აფეთქება­ - უკვე დაზიანებული და დანგრეულია სამი ხიდი, რაც მეტ-ნაკლებად ხელს შეუშლის რუსეთის გენშტაბს სახელმწიფო საზღვრისკენ­ დამატებითი ძალების გადასროლაში უკრაინული დანაყოფების თავისი ტერიტორიიდან გასაყრელად.

პუტინი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ რუსეთი СВО-ს (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) ატარებდა უკრაინის ტერიტორიაზე, ახლა იძულებულია გადაერთოს КТО-ზე (კონტრტერორისტული ოპერაცია) და თანაც თავად კურსკის ოლქის (რომელსაც­ უკვე ბელგოროდის ოლქიც ემატება, სადაც საგანგებო სიტუაციაც გამოცხადდა) ტერიტორიაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი სირსკი ოფიციალურად აცხადებს, რომ უკრაინის არმიის დანაყოფები კურსკის ტერიტორიაზე­ აკონტ­როლებენ 1 000 კვკმ ფართობსა და იქ შემავალ 84 ერთეულ რუსულ დასახ­ლებულ პუნქტს, რაც ძალზე სერიოზულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ორკვირიანი­ საბრძოლო ოპერაციის თავზე. თუმცა დასავლეთის დამოუკიდებელ სამხედრო-პოლიტიკურ ანალიტიკოსთა ნაწილს ეჭვი შეაქვს კიევის­ ამ განცხადებაში და მათი დათვლით, დღეისთვის უკრაინის არმია კურსკის ოლქში მხოლოდ 41 რუსულ ქალაქს, დაბასა და სოფელს აკონტროლებს.

განსხვავება ორმაგია, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - დასავლელი ექსპერტები არ ითვლიან ძალიან პატარა, სამ-ოთხსახლიან დასახლებებს, რომლებიც კურსკის ოლქში არცთუ ისე ცოტაა.

კურსკის ოპერაციაში უკრაინის ძალების წარმატებად ისიც უნდა მივიჩნიოთ, რომ პირველივე დღეებში მათ 102 რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ, რომელთა რიცხვი მომდევნო დღეებში გაიზარდა. მართალია, ამ ტყვეების ნაწილი სავალდებულო­ სამსახურის ის ერთწლიანი ჯარისკაცები­ არიან, რომელთა იმედზეც ჰქონდათ სახელ­მ­წიფო საზღვრის დაცვა რუს გენერლებს,­ თუმცა ტყვეებს შორის ჩეჩნური "ახმატის"­ მებრძოლებიც არიან. მათ დატყვევებას გროზნოში თავიდან კატე­გორიულად უარყოფდნენ, მაგრამ შემდეგ იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ. ჩეჩენი ეროვნების­ ტყვეების აყვანა უკრაინულ მხარეს გაუადვი­ლებს მათ გადაცვლას ყოფილი "აზოვის" იმ მებრძოლებზე, რომლებიც მარიუპოლის დაცემის შემდეგ რუსების საშინელ ტყვეობაში არიან.

წაიკითხე ვრცლად: უკრაინა კურსკში ბუფერულ ზონას ქმნის...