"ვმონაწილეობდი  სკანდალებში და ბნელ საქმეებშიც... ბოდიშს გიხდით" - ალენ დელონის "ჩრდილოვანი მხარე": მეგობრობა მაფიოზებთან, ახლობლობა ლე პენთან და აუღიარებელი შვილიი - კვირის პალიტრა

"ვმონაწილეობდი  სკანდალებში და ბნელ საქმეებშიც... ბოდიშს გიხდით" - ალენ დელონის "ჩრდილოვანი მხარე": მეგობრობა მაფიოზებთან, ახლობლობა ლე პენთან და აუღიარებელი შვილიი

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ ტაიმსი (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა: მიმზიდველი გარეგნობის მქონე კინოვარსკვლავი ცნობილი გახდა მკვლელთა როლების შესრულებით“ (ავტორი - სარა უაიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ალენ დელონი, ფრანგი მსახიობი და ქალების გულთამპყრობელი, რომელმაც 1960-იანი წლების დასაწყისიდან სახელი გაითქვა ავანტიურისტების, თაღლითებისა და განგსტერთა როლების შესრულებით და რომელიც კინოკადრების მიღმაც მშფოთვარე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, 88 წლის ასაკში, მშვიდად გარდაიცვალა - „თავისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში“. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო შერყეული.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ ღრმა პატივისცემა გამოხატა დაუვიწყარი სახის მქონე კინოვარსკვლავის მიმართ, რომელსაც „უამრავი ლეგენდარული როლები აქვს შესრულებული“: „მელანქოლიური, პოპულარული, თავისი ცხოვრების იდუმალი თუ ღია მომენტებით, ალენ დელონი საფრანგეთისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე - ვარსკვლავი. ის იყო ფრანგი ადამიანის განსახიერება, ფრანგის სიმბოლო“, -

მსახიობმა ბრიჟიტ ბარდომ, რომელიც ალენ დელონის თანამედროვეა, „იქს-ქსელში“ მას „ფრანგული კინემატოგრაფის საუკეთესო წარმომადგენელი“ უწოდა: - „მე მას ძალიან ვაფასებ და ელეგანტობის, ტალანტისა და სილამაზის ელჩად ვთვლი... თავისი სიკვდილით ალენმა კინოხელოვნების ბრწყინვალე ეპოქა დაასრულა“.

ალენ დელონმა, ძირითადად, ავტორიტეტი მოიხვეჭა ისეთი როლებით, რომლებშიც ბოროტ და „კეთილ“ კრიმინალებს ასახიერებდა. იგი მაყურებელს იზიდავდა თავის ლამაზი გარეგნობით და ცისფერი თვალებით. ალენ დელონი, 1960-იანი წლების დასაწყისიდან, მსოფლიოში უამრავ თაყვანისმცემელს იკრებდა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებიდან აღსანიშნავია „თაკარა მზე“ (გადაღებულია 1960 წელს, პატრიცია ჰაისმიტის რომანის - „ტალანტიური მისტერ რიპლის“ მიხედვით), „ლეოპარდი“ (გადაღებულია 1963 წელს, რეჟისორ ლუკინო ვისკონტის მიერ, ალენ დელონი ამერიკელ ბერტ ლანკასტერთან ერთად გამოდის, რომელსაც, ასევე, ცისფერი თვალები და მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა), „სამურაი“ (1967 წელს, რომელშიც დელონმა დაქირავებული მკვლელის როლი შეასრულა) და სხვა მრავალი.

ალენ დელონის კარიერა დაჩრდილული იყო უამრავი სკანდალით, რომლებიც ხშირად თან სდევთ ცნობილ კინომსახიობებს. იგი ღიად ჰყვებოდა თავის ახლო კავშირებზე ნამდვილ მაფიოზებთან და განგსტერებთან, რომლებიც პარიზული ცხოვრების დასაწყისში გაიცნო, არც თუ სახარბიელო გარემოებებში.

ბოლო წლებში დავას იწვევდა ალენ დელონის კომენტარები სხვადასხვა მოვლენის მიმართ, ასევე, მისი აღიარებებიც, რომ იგი შეურაცხყოფას აყენებდა მასზე შეყვარებულ ქალებს. მას არ მოსწონდა ჰომოსექსუალური ქორწინებები და ბავშვის შვილად აყვანა ერთსქესიანი წყვილების მიერ.

ალენ დელონს არ ერიდებოდა და ხშირად უთქვამს, რომ მეგობრობდა უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკოსთან - ჟან-მარი ლე პენთან. ამის გამო მსახიობმა ნეგატიური რეაქცია გამოიწვია კანის კინოფესტივალზე, 2019 წელს, საპატიო ჯილდოს გადაცემის დროს. სხვათა შორის, ეს გამოსვლა ალენ დელონისთვის ერთ-ერთი ბოლო გამოდგა. პრემიის გადაცემის შემდეგ კინოვარსკვლავმა საკუთარი მემკვიდრეობაც შეაფასა: „ადამიანებს შეუძლიათ ჩემზე ყველაფერი ილაპარაკონ, რაც მათ მოეპრიანებათ. მე ასეთ განცხადებებს მივეჩვიე, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი კარიერა უმწიკვლოა“, - განაცხადა მან 2019 წელს ჟურნალ Le Journal du Dimanche-სათვის მიცემულ ინტერვიუში.

იმავე ინტერვიუში ალენ დელონმა პატივი მიაგო თავის თაყვანისმცემლებს და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის: „ჩემი ცხოვრება და თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. ბევრი რამ ვნახე და განვიცადე, სიყვარულიც, სინანულიც, წარმატებაც და წარუმატებლობაც... ვმონაწილეობდი სკანდალებში და ბნელ საქმეებშიც... მე ყველაფრისათვის ბოდიშს გიხდით“.

ალენ დელონს მშფოთვარე ბავშვობა ჰქონდა. იგი მეორე მსოფლიო ომის წინ დაიბადა, პარიზთან ახლოს. მშობლებმა ჯერ დროებით გააშვილეს, შემდეგ კი - სკოლა-ინტერნატში მიაბარეს. მოგვიანებით, მამამისმა, მეხორცემ (ყასაბმა) თავისთან მუშაობა დააწყებინა და ალენმა მალე ყასაბის სპეციალობის სერტიფიკატიც მიიღო. 1940-იანი წლების მეორე ნახევარში ალენ დელონმა ჯარში სამსახური გადაწყვიტა. იგი საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში გაამწესეს, შორეულ ინდოჩინეთში, რომელსაც პარიზი აკონტროლებდა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1950-იანი წლების დასაწყისში, პარიზში ცხოვრებისას, ალენ დელონი „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებს დაუახლოვდა - „წითელი ფარნების“ რაიონში - პიგალში მუშაობდა ტვირთმზიდავად სურსათის ბაზარზეც.

1957 წელს ალენ დელონი, რომელიც კანის კინოფესტივალის სანახავად მეგობართან ერთად იყო წასული, ჰოლივუდის აგენტი გაიცნო, რომელმაც კინოსინჯებზე აიყვანა. ასე დაიწყო ალენ დელონის სამსახიობო კარიერის აღმასვლა. მან ბევრი ჯილდო მიიღო, მაგრამ ამერიკაში ბედმა არ გაუღიმა - ჰოლივუდში წარმატებას ვერ მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ალენ დელონი გადაღებულია რამდენიმე ფილმში იმ დროის ერთ-ერთ ცნობილ მსახიობთან - ჟან-პოლ ბელმონდოსთან ერთად, მაგალითად, განგსტერულ „ბორსალინოში“, 1970 წელს. ისინი ახლო მეგობრები იყვნენ.

1958 წელს, ფილმ „კრისტინას“ გადაღების დროს, ალენ დელონმა გაიცნო მსახიობი რომი შნაიდერი. ალენი ამ დროს 23 წლის, ხოლო რომი - 20 წლის იყო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და 1959 წლის 22 მარტს დაინიშნენ. წყვილი მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების განსახიერებად იქცა შოუბიზნესის სფეროში. ალენი და რომი ერთად მონაწილეობდნენ ფილმ „აუზის“ გადაღებაში, რომელიც სექსუალური ეჭვიანობის დრამას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ისინი საბოლოოდ არ შეუღლებულან.

1964 წელს ალენ დელონმა ცოლად მოიყვანა ნატალია ბარტელამი - მოდელი და მსახიობი, რომელთანაც შეეძინა ვაჟი - ერთ-ერთი იმ ოთხი შვილიდან, რომელიც მოგვიანებით კიდევ სამ ქალთან ურთიერთობისას გაუჩნდა.

ალენ დელონი შვილად არ აღიარებდა გერმანელ მომღერალთან - ნიკოსთან (კრისტა ფებგენთან) შეძენილ შვილს, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, ნარკოტიკების მოხმარებით.

ბოლო წლებში ალენ დელონის შვილებს შორის მტრობა გაჩნდა, რომელიც საჯაროდაც გახდა ცნობილი. ამ ფაქტმა მსახიობზე ნეგატიურად იმოქმედა, მას უკვე ინსულტი ჰქონდა გადატანილი.

ალენ დელონის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოვანი მომენტი უკავშირდება 1960-იანი წლების დასასრულს მომხდარ ტრაგედიას, როცა მისი მდივნისა და პირადი მცველის, წარმოშობით იუგოსლაველი (სერბი) სტევან მარკოვიჩის გვამი პარიზთან ახლოს, ნაგავსაყრელზე იპოვეს. პოლიციამ ალენ დელონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით, თუმცა დელონი უარყოფდა. საბოლოოდ, მკვლელობაში ალენ დელონის მეგობარი დაადანაშაულეს, რომელიც მოგვიანებით გაამართლეს ანუ მკვლელობა გაუსხსნელი დარჩა.

მსოფლიოს პოლიტიკოსები და კინოსამყაროს ცნობილი ადამიანები პატივს მიაგებენ ალენ დელონის ხსოვნას. ვერონიკ ჟანომ, ფრანგმა მსახიობმა ქალმა, რომელიც ალენ დელონთან ხანგრძლივად მუშაობდა, თქვა, რომ იგი „კინოს ღმერთი“ იყო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელმა თაობამ ალენ დელონის კინემტოგრაფიული მემკვიდრეობა დაივიწყა. „ძალიან საწყენია, რომ ალენ დელონმა დაგვტოვა. თუმცა მან იმავდროულად სიკვდილით ერთგვარი თავისუფლებაც იპოვა. მას არ მოსწონდა ის საუკუნე, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ“, - განაცხადა ვერონიკ ჟანომ ტელეინტერვიუში.

ცნობილი მსახიობის, ჟან-პოლ ბელმონდოს ვაჟმა პოლ ბელმონდომ, ასევე, განაცხადა ინტერვიუში: „ალენ დელონის გარდაცვალებით მთავრდება ეპოქა კინემატოგრაფიის ისტორიაში, მასთან ერთად კი - ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი პერიოდიც“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო