რატომ უჩივლეს ცესკოს სასამართლოში?! - "ერთპარტიული ცესკო „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დადგენილებებს იღებს" - კვირის პალიტრა

რატომ უჩივლეს ცესკოს სასამართლოში?! - "ერთპარტიული ცესკო „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დადგენილებებს იღებს"

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს ახალ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება ნაცვლად არჩევნების დღისა, ერთი კვირით ადრე განხორციელდება.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, აღნიშნული დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ წინასწარ იცოდნენ ამ პირების ვინაობა და მათზე ზეწოლა, ზეგავლენა მოახდინონ.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ქართული ოცნება“ ყველაფერს ცდილობს, რათა ქართველი ხალხის არჩევანი მიიტაცოს და ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც ყველანაირი ბარიერი შექმნა, რათა სრული კონტროლი ჰქონდეს საარჩევნო პროცესზე, თუმცა ქართველი ამომრჩეველი არჩევნებზე აქტიურობით და ნების დაფიქსირებით, რუსულ ძალას იმის შესაძლებლობას არ მისცემს, რომ შეცვალოს ქართველი ხალხის არაერთხელ დაფიქსირებული ნება და ეს ნება ეხება - საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ არ მოერიდა ისეთი საარჩევნო რეფორმების გატარებას, რომელმაც ქვეყანას უკან გადაადგმევინა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი საარჩევნო რეფორმები მიიღო, რომელიც 9 დათქმას ეწინააღმდეგებოდა და დააკანონა ერთპარტიული ცესკო, აირჩია არალეგიტიმური ცესკოს თავმჯდომარე. პარლამენტის შემდეგ ახლა ცესკოში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თვითონ ერთპარტიული ცესკო „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დადგენილებებს იღებს.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ბოლო საარჩევნო რეფორმით „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს უკანასკნელი სამართლებრივი ბერკეტიც მოუსპო და ახლა დადგენილებების მიღებისთვის ოპოზიციონერი წევრების მხარდაჭერა საჭირო აღარ არის. პარასკევს, ცესკომ დადგენილება მიიღო, რომლითაც შესაძლებელი ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება ერთი კვირით ადრე განხორციელდეს, ნაცვლად არჩევნების დღისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რამდენადაც უკვე სუს-ს ერთი კვირით ადრე ეცოდინება, ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მატარებელი ადამიანების ვინაობა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, რომ მათზე ზეწოლა და ზეგავლენა მოახდინოს. აღნიშნული სამართლებრივად არის პრობლემური იმიტომ, რომ ამისი უფლებამოსილება ცესკოს უბრალოდ არ გააჩნია, თუმცა ბუნებრივია, ერთპარტიულმა ცესკომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც ახლა კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ცესკოს დადგენილებას ასაჩივრებს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

„ძლიერი საქართველოს“ იურისტის, თორნიკე ართქმელაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიციის სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო და სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება ცესკომ პარასკევს მიიღო იმისთვის, რომ პროცედურულად მაქსიმალურად ხელი შეგვშლოდა გასაჩივრებაში, მაგრამ ამან რა თქმა უნდა, არ შეგვაფერხა. გუშინ სასამართლოს მივმართეთ და ეს უკანონო დადგენილება გავასაჩივრეთ. ეს სარჩელი უკვე წარმოებაში მიღებულია და პროცესი ხვალ გაიმართება.

რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტებს, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ცესკოს საერთოდ აღნიშნულის დადგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა. რაც ცესკომ გააკეთა, პირდაპირ კანონის ჩანაწერს ეწინააღმდეგება. მათი მიზანია, რომ 7 დღით ადრე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებამოსილებები იცოდნენ და ამის შემდეგ უფრო მარტივად არჩევნების გაყალბება სცადონ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"