კადიროვის ცირკი და გაცოფებული ილონ მასკი - "თქვენ მართლაც იმ დონის სულელი ხართ,  რომ ფიქრობთ,  მე Cybertruck-ი რუს გენერალს ვაჩუქე?" - კვირის პალიტრა

კადიროვის ცირკი და გაცოფებული ილონ მასკი - "თქვენ მართლაც იმ დონის სულელი ხართ,  რომ ფიქრობთ,  მე Cybertruck-ი რუს გენერალს ვაჩუქე?"

Tesla-ს მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა თავისივე სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ში) ერთ-ერთ მომხმარებელს მისწერა - „თქვენ მართლაც იმ დონის სულელი ხართ, რომ ფიქრობთ, მე Cybertruck-ი რუს გენერალს ვაჩუქე?"

მასკის ასეთი გაცოფება კი იმან გამოიწვია, რომ მილიონობით ადამიანმა შეიძლება მართლაც დაიჯერა „პუტინის ჯარისკაცის“, ჩეჩნეთის „სულთნის“ - რამზან კადიროვის მიერ რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც ის მასკის Cybertruck-ზე ამხედრებული, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით ხელში და ვაზნებით გადაჭიდული, მთელ სხეულზე, გახარებული ამბობს - „პატივცემული ილონ მასკიდან მივიღეთ „ტესლას“ „კიბერტრაკი“. მე სიამოვნებით გამოვცადე ახალი ტექნიკა და დავრწმუნდი, რომ მას ტყუილად არ ეძახიან „კიბერმხეცს“. საუკეთესო ,მონაცემები აქვს და მალე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ გავაგზავნი. დარწმუნებული ვარ, ეს „მხეცი“ წაადგება ჩვენს მებრძოლებს. ილონ, მადლობა! ჩამობრძანდი გროზნოში, მიგიღებ, როგორც ყველაზე ძვირფას სტუმარს! ველოდებით შენს ახალ ქმნილებებს, რომლებიც დაგვეხმარება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულებაში!“

1-kad-1724057177.png
ილონ მასკის საამაყო Cybertruck-ზე, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ფონზე, „ამხედრებული“ რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ ეს „კიბერმხეცი“ თავად მილიარდერმა აჩუქა...

ასეთი ვიდეომიმართვის შემდეგ, სოციალურ ქსელებში, ძალიან ბევრს მსოფლიოში, რომლებსაც აინტერესებთ ავტომობილების თემა, მაგრამ საერთოდ ვერ ერკვევიან რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებში, შეექმნებოდათ ისეთი წარმოდგენა, რომ ილონ მასკმა თითქოს მართლაც აჩუქა რამზან კადიროვს ეს Cybertruck-ი, რომელზეც ჩეჩნეთის „სულთნის“ ბრძანებით მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი დაამონტაჟეს და მას მალე მართლაც გაუგზავნიან უკრაინაში „ტიკ-ტოკის“ ტაქტიკით მოქმედ ჩეჩნურ „ახმატს“...

სინამდვილეში კი მასკს არაფერი უჩუქებია კადიროვისთვის, ასეთი რამ თავშიც კი არ გაუვლია და არც მისი Cybertruck-ი გამოდგება დიდად საბრძოლველად, მასზე გინდ მსხილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის და გინდ ჰაუბიცის „დამონტაჟების“ შემდეგ. მით უმეტეს, თავად რუსი ოკუპანტების მიერ გადაბუგულ და მიწასთან გასწორებულ უკრაინულ ქალაქებში არც ელექტრომობილის Cybertruck-ის დამტენი სადგურები მოიძებნება...

2-kad-1724057306.png
რუსეთში მალულად ჩატანილ და 37 მლნ რუბლად შეფასებულ „კიბერმხეცს“ უკრაინის ფრონტზე საცერად აქცევენ, თუკი კადიროვმა მართლაც გაუგზავნა ის „ახმატს“...

ილონ მასკის Tesla მაღალი გამავლობის ელექტრომობილს - Cybertruck-ს რუსეთში ოფიციალურად არც ჰყიდის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე „კიბერმხეცი“, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, მაინც მოხვდა აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე და ერთ-ერთი მათგანი, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ავტომანქანების დიდმა ფანატმა - რამზან კადიროვმა ხელში ჩაიგდო...

Cybertruck-ს რუსეთში არანაკლებ 37 მლნ რუბლად ჰყიდიან, ეს კი 416 168 აშშ დოლარია, მაშინ, როდესაც თავად ამერიკაში ეს „კიბერმხეცი“ მაქსიმალური ოპციებით „მხოლოდ“ 110 ათასი დოლარი ღირს და 50 ათასი დოლარით დაჯარიმდება მისი პატრონი, თუკი ახალნაყიდი Cybertruck-ის გადაყიდვას შეეცდება...

თითქმის ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების მანქანას რომ არაფერი ესაქმება ფრონტის ხაზზე, სადაც „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ნასროლმა ჯავშანგამტანმა ტყვიამ ის შეიძლება გამჭოლად გახვრიტოს, ისედაც გასაგებია, მაგრამ რამზან კადიროვის „პონტები“ თავისას მოითხოვს...

3-kad-1724057258.png
ჩეჩნეთის „სულთნის“, რამზან კადიროვის საყვარელი გართობა - ძვირად ღირებულ "პიკაპებზე" მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების დამონტაჟებაა...120-ათასდოლარიანი ამერიკული RAM-ები ძარაზე დაყენებული 12,7 მმ-კალიბრიანი საბჭოთა ტყვიამფრქვევებით, გროზნოს სასახლის წინ...

საგულისხმოა, რომ ილონ მასკის Cybertruck-ის გამოყენებით ფეიკვიდეოს გავრცელებამდე, კადიროვმა ანალოგიური „გათამაშება“ განახორციელა, ასევე, ამერიკული წარმოების RAM-ის ცნობილი "პიკაპების" მონაწილეობით - მან თავის სასახლის წინ დააყენებინა სრული ოპციით აღჭურვილი RAM-ის ოთხი "პიკაპი", რომელთა ძარებზე, ასევე, დამონტაჟებული გახლდათ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები...

"პიკაპებს", რა თქმა უნდა, ფართოდ იყენებენ საბრძოლო მოქმედებების დროს, განსაკუთრებით კი - Toyota Hilux-ებს (რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ აგვისტოს ომში ქართული არმიის „ჰაილუქსები“), მაგრამ 120-ათასდოლარიანი, სრულ ოპციანი RAM-ის "პიკაპების" გაგზავნა წინახაზზე, ძალზე არარენტაბელურად მოჩანს, თვით იმ კადიროვისთვისაც კი, რომელიც, „გამოსასყიდის“ სახით, პუტინისგან ყოველწლიურად არანაკლებ 300 მლრდ რუბლს (3,3 მლრდ დოლარი) იღებს...