"ბატონი სააკაშვილის ფაქტორი" საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - რაც შეეხება „დიდ შეთქმულებაზე“ გაუგებარ განცხადებებს, ის ვერ იქნება ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადიციის საფუძველი"
ყოველი სახელმწიფოსთვის მისი მოქალაქეების დაცვა ერთ-ერთი საკვანძო და მთავარი ამოცანაა - „ბატონი სააკაშვილის ფაქტორი“ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის აპრილიდან უკრაინა ელის პასუხს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მოთხოვნაზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტების მიწოდების თხოვნით.
„ყოველი სახელმწიფოსთვის მისი მოქალაქეების დაცვა ერთ-ერთი საკვანძო და მთავარი ამოცანაა, და ამ ქვეყნის დიპლომატებისთვის. სააკაშვილის საკითხი არ არის გამონაკლისი. უკრაინა განიხილავს ამ საკითხს მხოლოდ საკონსულო კუთხით, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, როგორც უკრაინის მოქალაქის. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სტატუსს აქვს გავლენა ამ პროცესის განვითარებაზე. სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხის გადაჭრის თემას არაერთხელ მიეძღვნა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, ქართული მხარისადმი. ამას ჰქონდა თავისი საფუძველი. სააკაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტი სთავაზობდა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გადაყვანას. ეს თხოვნა, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება. სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე უკრაინას არცერთი პასუხი არ მიუღია. ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილიდან უკრაინა ელის პასუხს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მოთხოვნაზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტების მიწოდების თხოვნით, მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ 1983 წლის კონვენციის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. პასუხი არ გვაქვს. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა დამცველი დმიტრო ლუბინეცმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან წვდომის, მისი მონახულების საშუალების მიცემის თხოვნით. პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია უკრაინას, რაც უკრაინის ომბუდსმენის მიერ უკრაინის მოქალაქის წინაშე კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას შეუძლებელს ხდის. გარდა ამისა, უკვე 2021 წლის ნოემბრიდან უკრაინამ გადასცა ქართულ მხარეს განახლებული შეთანხმების პროექტი რეადმისიის შესახებ, რომელიც, ამჟამინდელი რეალიებიდან გამომდინარე, ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც. სამწუხაროდ, ეს პროექტი დღემდე განიხილება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ და უკრაინულ მხარეს არ მიუღია რაიმე გარკვეული, გასაგები პასუხი.
და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ „ბატონი სააკაშვილის ფაქტორი“ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა მიხაილო ხარიშინიმ.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებს, რომ უკრაინასთან ურთიერთობების დასარეგულირებლად აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს „გადასცეს ბოროტმოქმედები“, რომლებიც ამჟამად მაღალ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში იკავებენ, ამ კონტექსტში კი საუბარია ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლორთქიფანიძეზე, მიხაილო ხარიშინიმ აღნიშნა, რომ ეს განცხადებები უფრო პოლიტიკური ხასიათისაა და ობიექტურად ვერ იქნება ამა თუ იმ პირთა პასუხისგებაში მიცემისა და ერთი ქვეყნიდან მეორეში შესაძლო ექსტრადიციის საკითხის განხილვის საფუძველი.
„საქართველოს მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ჟღერს გაუგებარი განცხადებები, ბოდიშს ვიხდი ნატურალიზმისთვის, მაგალითად „დიდ შეთქმულებასთან“, „გლობალურ პარტიებთან“ და „მასონთა სამეფოსთან“ დაკავშირებით, ანუ გაუგებარი განცხადებებია, რომლებიც უფრო პოლიტიკური ხასიათისაა და ობიექტურად ვერ იქნება ამა თუ იმ პირთა პასუხისგებაში მიცემისა და ერთი ქვეყნიდან მეორეში შესაძლო ექსტრადიციის საკითხის განხილვის საფუძველი. ეს არა მხოლოდ უკრაინას ეხება. მსგავსი განცხადებები ევროპის მთელი რიგი ქვეყნების მიმართაც ჟღერს, ისინი ერთი და იგივე პირებს ეხება, რომლებიც უკრაინასთან მიმართებაშიც ჟღერს ანუ რომ განვიხილოთ ესა თუ ის საკითხი, უნდა იყოს ნათლად გამოკვეთილი სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა მიხაილო ხარიშინიმ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე