ამერიკული გაზეთის სკანდალური სტატია "კურსკის ნახტომზე": ზელენსკის უგუნურებაში ადანაშაულებენ - „ეს დიდ სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს“ - კვირის პალიტრა

ამერიკული გაზეთის სკანდალური სტატია "კურსკის ნახტომზე": ზელენსკის უგუნურებაში ადანაშაულებენ - „ეს დიდ სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს“

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „უკრაინის შეტევა რუსეთის კურსკის ოლქზე დიდ სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს“ (ავტორი - ენდრიუ ლეტემი, მინესოტას შტატში მდებარე სენტ პოლის კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კოლეჯის პროფესორის მოსაზრებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოირჩევა პოლიტიკური სცენის ოსტატობით. იგი ნიჭიერი ორატორია, მას შეუძლია ადამიანებში ემოციები და გლობალური მხარდაჭერა აღძრას, თუმცა მისი ამასწინანდელი შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში მოწმობს იმას, რომ პრეზიდენტმა დიპლომატიის სფეროდან გადაუხვია და სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

კურსკის ოლქში შეჭრა ვოლოდიმირ ზელენსკის უაზრო და უგუნურ გამბიტს წარმოადგენს, რომელიც მეორეხარისხოვანი მოთამაშის მიერ უფრო სასოწარკვეთილებით გადადგმულ ნაბიჯს ჰგავს, ვიდრე - გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწის მოქმედებას. კურსკის რეიდი რესურსებს და ცოცხალ ძალას ართმევს ბრძოლის მთავარ ფრონტს (დონბასში) და მხოლოდ უმნიშვნელო სტრატეგიულ მოგებას იძლევა.

მართალია, უკრაინის არმიის შეჭრა მსოფლიოს პრესის მოწინავე სტატიების სათაურებში მოხვდა და რუსეთს განსაზღვრული ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა, მაგრამ ასეთ ზედაპირულ გამარჯვებებს ომის ფუნდამენტური დინამიკის შესაცვლელად რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლიათ. რუსეთი, თავისი წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც მრისხანე სამხედრო „დერჟავად“ რჩება, თავისი უდიდესი იარაღის არსენალით და ბირთვული შეკავების საშუალებებით. უკრაინა კი, შესაშური სიმტკიცისა და გაბედულების მიუხედავად, მაინც უდიდესი პრობლემის წინაშეა - მას არ შეუძლია უთანასწორობის გადალახვა.

და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ძალების ასეთი გაფანტვა ძირითადი საომარი თეატრიდან (დონბასის ფრონტიდან) დიდ სტრატეგიულ შეცდომად ითვლება: ყოველი ჯარისკაცი, ყოველი ტანკი და საარტილერიო ჭურვი, რომელსაც ახლა უკრაინა კურსკის ოლქში ხარჯავს, მთლიანობაში სულ უფრო ასუსტებს მის ძალისხმევას, ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით. უფრო მეტიც - აღმოსავლეთის ფრონტზე, რომელსაც ამჟამად ცენტრალური მნიშვნელობა აქვს, უკრაინის არმია უკან იხევს და მოწინააღმდეგეს უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპირების შესაძლებლობას აძლევს. უმჯობესი იქნებოდა, რომ კურსკის ოლქში შეჭრილი ქვედანაყოფები უკრაინის არმიის სარდლობას დონბასში გამოეყენებინა. ამის ნაცვლად უკრაინა ჩათრეულია ძვირად ღირებულ და, საბოლოო ჯამში, უაზრო და უსარგებლო ოპერაციაში. ვიდრე „კურსკის ნახტომით“ მოხიბლული და გაკვირვებული მსოფლიოს საზოგადოება სიტუაციაში კარგად გაერკვევა, ნამდვილი ბრძოლები სხვა ადგილზე მიმდინარეობს. ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ასეთ სარისკო და, იმავდროულად, სარეკლამო ნაბიჯის გადასადგმელად ისეთი ტრაგიკული შეცდომაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შორს მიმავალი შედეგები.

დიდი ხანია, დადგა დრო, რომ უკრაინამ ფხიზლად და გონივრულად იაზროვნოს. უკრაინა ნამდვილად იმსახურებს ისეთ ხელმძღვანელობას, რომელიც ორიენტირებული იქნება პრაქტიკულად მისაღწევ მიზნებზე და არა - სარეკლამო-საჩვენებელ ჟესტებზე. უკრაინელთა სიმამაცე და გმირობა აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ მათი ურყევობა და სიმტკიცე შეთავსებული უნდა იყოს სტრატეგიულ სიბრძნესთან. გამარჯვებისაკენ მიმავალი გზა უნდა ეფუძნებოდეს არა დაუმორჩილებლობის სიმბოლურ აქტებს და „გასაკვირ ნახტომებს“, არამედ - მეთოდურ, დაუღალავ და მუდმივ სწრაფვას მიზნის მისაღწევად. ეს არ ნიშნავს უკრაინელი ჯარისკაცების თავგანწირული ბრძოლის დაჩრდილვას, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა, თანაც ზუსტი სტრატეგიული გათვლების გარეშე, ქვეყანას კატასტროფისაკენ უბიძგებს. კითხვა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის წინაშე უნდა დაისვას, ასეთია: გადაწონის თუ არა ამჟამად არსებული რისკები პოტენციურ სარგებელს? არადა, მოცემულ მომენტში ფაქტები იმას მოწმობენ, რომ რისკები უფრო მაღალია, ვიდრე პოტენციური სარგებელი ანუ სიტუაცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია უკრაინისათვის.

უფრო მეტიც - აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას „კურსკის ნახტომის“ შესაძლო შედეგები: რუსეთში შეჭრა იმ ომის ესკალაციას ნიშნავს, რომელთანაც სხვა ქვეყნებიც არიან დაკავშირებულნი და ბუნებრივია, გლობალურ კატასტროფულ კონფრონტაციას იწვევს. ასეთი „დამალობანა“ უკვე ისეთ სახიფათო თამაშში გადადის, რომლის ფსონები კაცობრიობისათვის წარმოუდგენლად დიდია.

უკრაინა კრიტიკულ მომენტში იმყოფება. მისი სამომავლო გზა ძალიან რთულია, მაგრამ აშკარაა, რომ ძირითადი ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას უნდა დაეთმოს. ამავე დროს, იმის იმედი, რომ რუსეთი ტერიტორიას გაცვლის, ძალიან ილუზიურია. და ამ დროს ძვირად ღირებული რესურსების ხარჯვა რაღაც ილუზიური და სიმბოლური აქტების ჩასადენად - ეს ისეთი ფუფუნებაა, როგორიც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ თავის თავს არ უნდა მისცეს. კიევის მთავრობამ თავის ძირითად მისიაზე უნდა იფიქროს და არა - რაღაც, საჩვენებელ ნაბიჯებზე, რომლებიც, ერთი შეხედვით, სენსაციური და გამაოგნებელია სიმამაცით, მაგრამ, საბოლოო ჯამში - სიმბოლური და არაფრის მომტანი.

მსოფლიო თვალს ადევნებს მოვლენებს და ფსონები კიდევ უფრო შეიძლება გაიზარდოს. უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ გმირობის დემონსტრირება, არამედ - სიბრძნე და სტრატეგიული გამჭრიახობა. რუსეთში შეჭრა - არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

წყარო