სამშობლოს ღალატი მემკვიდრეობით?! - როგორ ემსახურებიან პუტინს "კა-გე-ბეს" დროს გადაბირებული ხალხის შვილები და შვილიშვილები - კვირის პალიტრა

სამშობლოს ღალატი მემკვიდრეობით?! - როგორ ემსახურებიან პუტინს "კა-გე-ბეს" დროს გადაბირებული ხალხის შვილები და შვილიშვილები

დღეს მინდა, მემკვიდრეობითობაზე ვისაუბროთ: პაპების დაწყებული საქმის მომდევნო თაობების მიერ გაგრძელება ოდითგან წინსვლისა და პროგრესის საფუძლად ითვლებოდა. ასეა ახლაც, თუმცა ყველა საქმის გაგრძელება როდია პოზიტიური შედეგის მომტანი! ერთი წუთით წარმოიდგინეთ: დანაღმული ველი გაქვთ გასავლელი და არ იცით, თუ როგორ აუაროთ გვერდი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. დღევანდელი საქართველო სწორედ ამ დღეშია: საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ათწლეულების მანძილზე „დანაღმულია“ ჩვენი ქვეყნის ყველა, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სფერო. საბჭოთა რეჟიმის დროს კა-გე-ბე/გე-ერ-უს მიერ გადაბირებული პაპა/ბაბუების „საგმირო საქმეებს“ დღეს მათი შვილები და შვილიშვილები, ზოგი იძულებით, ზოგი კი - საკუთარი სურვილით, აგრძელებენ.

ეს სამწუხარო რეალობა მარტო საქართველოსთვის არ არის საგანგაშო და თავსატეხი. საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში გადაბირებული აგენტურა 1992 წლიდან თანდათანობით რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაიბარეს და შანტაჟით (აბა, ვის უნდა პაპა/ბაბუების აგენტობის დამადასტურებელი ხელწერილებისა და „ცნობების“ გამომზეურება?) ან/და „ოცდაათი ვერცხლის“ საფასურად, უკვე დიქტატორი პუტინის სასარგებლოდ ამუშავებენ. ამ მძიმე რეალობის მაგალითები ძალზე ბევრია, თუმცა კვლავ ინდოეთის მაგალითზე მინდა დაგანახოთ, თუ როგორ „ჰარმონიულად“ ჩაანაცვლა საბჭოთა სპეცსამსახურები რუსეთის СВР-ФСБ-ГРУ-მ.

გუშინ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: აგვისტოში ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნერენდრა მოდი უკრაინას ეწვევაო. იმედია, ამით დასრულდება ინდოეთ-უკრაინის „დიპლომატიური კეჭნაობა“, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეაფასა რა ნერენდრა მოდის მოსკოვში ვიზიტი და პუტინთან შეხვედრა, განაცხადა: „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის ლიდერი მოსკოვში მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კრიმინალს ეხუტებაო“. ამას ინდოეთის ხელისუფლების გაღიზიანება მოჰყვა: უკრაინის ელჩი დაიბარეს და „ყურები აუწიეს“. ზელენსკი-მოდის შეხვედრის შემდეგ იმედია, ეს ინციდენტი ამოიწურება.

putin-1724136283.jpg

ზელენსკი ნამდვილად არ ცდებოდა

ფაქტია, რომ ინდოეთის დღევანდელ ხელისუფლებას სურს „ არც მწვადი დაწვას და არც შამფური“: რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო არ აკრიტიკებს და თან უკრაინასთან (და „დასავლეთთანაც“) უნდა, „ქულები ჩაიწეროს“. „ნეიტრალურობისა და მიუმხრობლობის“ პრინციპების დაცვა (დრო და დრო ამ „პრინციპებით“ თამაში) ხომ ჯერ კიდევ „ნერუ/განდების კლანის“ დამკვიდრებული დევიზია!

არ გაგიკვირდეთ: სწორედ ინდოეთია ქრესტომათიული მაგალითი იმ რეალობისა, საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული პოლიტიკური-სამხედრო-ეკონომიკური ელიტა/აგენტურა, თუ როგორ „ჰარმონიულად“ გადაიბარეს რუსეთის სპეცსამსახურებმა და დღეს ამ აგენტურას უკვე პუტინის სასარგებლოდ ამუშავებენ. ამ პროცესების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური - ჯერ მონაწილე, ხოლო შემდეგ კი - მთავარი ორგანიზატორი ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი (1944-2022) გახლდათ. წესით და რიგით, საქართველოშიც ბევრისთვის უნდა იყოს ცნობილი ეს პიროვნება.

ვ. ტრუბნიკოვი 23 წლის ასაკში ჩაირიცხა საბჭოთა საგარეო დაზვერვის სამსახურში. სპეცმომზადება გაიარა „კა-გე-ბეს" 101-ე სკოლაში; შემდეგ „ჟურნალისტის ლეგენდის“ გასამყარებლად, მუშაობდა მოსკოვში, საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ კორესპონდენტად. თავიდანვე მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ინდოეთი იყო.

1971 წელს ამ სააგენტოს „ჟურნალისტის“ ლეგენდით მიავლინეს ინდოეთში, კა-გე-ბეს ნიუ-დელის რეზიდენტურაში - ოპერატიულ თანამშრომლად, პოლიტიკური დაზვერვის ხაზით. ვ. ტრუბნიკოვი მალევე დააწინაურეს: 1975–1977 წლებში ის უკვე რეზიდენტის მოადგილეა. სწორედ 1971-1977 წლებს უკავშირდება საბჭოთა დაზვერვის, როგორც დიდი წარმატებები (ათეულობით ინდოეთის მთავრობის წევრი მინისტრის, პარლამენტის წევრის, სპეცსამსახურის მაღალჩინოსნის, ჟუნალისტისა და ა.შ. გადაბირება და შედეგად - „მიუმხრობელი“ ინდირა განდის პროსაბჭოთა საგარეო პოლიტიკის გატარება), ასევე, დიდი მარცხიც (ინდირა განდის პარტიის სასტიკი დამარცხება 1977 წლის საპარლამენტო არჩევნებზე). იმავე წელს ვ. ტრუბნიკოვი მოსკოვში, ცენტრალურ აპარატში დააბრუნეს და პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) მე–17 „ტერიტორიული“ განყოფილების უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.

trubnikov-1724136261.jpg

ვ. ტრუბნიკოვი

ჩემი აზრით, ეს ტრუბნიკოვის დასჯა-დაქვეთება იყო, ინდოეთის პოლიტიკური „ბრძოლის ველზე“ ინდირა განდის პარტიის დამარცხების გამო, და ამ გადაწყვეტილების უკან პირადად კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი იდგა. ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ ტრუბნიკოვი მთელი შვიდი წელი (1977-1984 წლები) მოსკოვში ჰყავდათ „გამოკეტილი“ და მხოლოდ 1984 წელს, ანდროპოვის გარდაცვალების შემდეგ მიავლინეს საზღვარგარეთ: ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში არსებული საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტურის ხელმძღვანელად დანიშნეს. სამი წლის შემდეგ "კა-გე-ბეს" თავმჯდომარის მოადგილემ და, პარალელურად, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ კრუჩკოვმა, რომელიც მფარველობას არ აკლებდა ტრუბნიკოვს, თავის პროტეჟე 1987 წელს კვლავ ინდოეთში დააბრუნა, ახლა უკვე მთავარ რეზიდენტად, რომელსაც ინდოეთის ტერიტორიაზე ობობას ქსელივით მოდებული საბჭოთა დაზვერვის ოთხი (!) რეზიდენტურა ექვემდებარებოდა. მალე მთავარმა რეზიდენტმა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებაც მიიღო, რაც მის ასაკში საკმაოდ იშვიათი იყო.

იმ პერიოდში რაჯივ განდის და მის ოჯახს კრემლი კვლავ ფინანსურ-პოლიტიკურად ეხმარებოდა. საბჭოთა დაზვერვა ყურადღებას არც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს აკლებდა: ისინიც მრავლად იყვნენ საბჭოთა დაზვერვის ე.წ. აგენტურულ აპარატში. თუმცა მოსკოვის მონდომებამ მაინც კრახი განიცადა და 1989 წელს, დიდი კორუფციული სკანდალის შემდეგ, რაჯივ განდიმ საპარლამენტო არჩევნებიც წააგო და პრემიერ-მინისტრის პოსტსაც გამოემშვიდობა. ამის შემდეგ, მალევე, ვ. ტრუბნიკოვი მოსკოვში დააბრუნეს. საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის ფედარაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად „პლეხანოველი“ ევგენი პრიმაკოვის დანიშვნის შემდეგ „ინდოეთის მთავარი სპეციალისტის“, ვ. ტრუბნიკოვის „მზე ამობრწყინდა“: ის 1992-1996 წლებში პრიმაკოვის პირველი მოადგილე იყო და მთელ აზიას „კურირებდა“.

primakovi-1724136232.jpg

მარცხნიდან მარჯვნივ: ევგენი პრიმაკოვი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ტატიანა სამოლისი და ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი

ხოლო როდესაც 1996 წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა პრიმაკოვი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, იმავე პრიმაკოვის რეკომენდაციით, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად ელცინმა ტრუბნიკოვის კანდიდატურა დაამტკიცა.

trub-1724136195.jpg

მარცხნიდან მარჯვნივ: ტრუბნიკოვი და „მუდამ ფხიზელი“ ბორის ელცინი

1996-2000 წლების პერიოდში ტრუბნიკოვი „რუსეთის პირველი მზვერავი იყო“ და სწორედ მან გააგრძელა, ჯერ კიდევ პრიმაკოვის მიერ დაწყებული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულ აგენტურასთან კავშირის აღდგენა, უკვე რუსეთის სახელით. მათ შორის, ბუნებრივია, ინდოეთიც იყო, სადაც „კრემლის“ ტრადიციული მეგობარი „განდების კლანი“ პოლიტიკურ მარცხს მარცხზე განიცდიდა: ფაქტია, რომ 1996-2004 წლებში „ინდოეთის ეროვნული კონგრესი“ მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის სტატუსით კმაყოფილდებოდა. ბევრი ექსპერტ/ანალიტიკოსი ამ მარცხს იმ გარემოებას მიაწერდა, რომ „განდების კლანის“ ყველაზე გამოცდილი წევრი, რაჯივ განდის ქვრივი - სონია განდი, სხვადასხვა მიზეზების გამო, უარს ამბობდა „მშობლიურ პარტიაში“ პოლიტიკური პოსტის დაკავებაზე. ინდოეთში, მაშინაც და ახლაც, „განდი“ ისეთივე „პოლიტიკური ბრენდია“, როგორც აშშ-ში - კენედის გვარი.

„ჯადოსნური“ და „მაგიური“ დამთხვევის წყალობით, რუსეთის ხელისუფლების მწვერვალზე "კა-გე-ბეს" პოდპოლკოვნიკის, ვლადიმერ პუტინის მოულოდნელი აღზევების შემდეგ... სონია განდი ოპოზიციის ლიდერობას დათანხმდა. ამ „დამთხვევის“ საიდუმლო ყველაზე კარგად პუტინმა, „ინდოეთის მიმართულების გურუმ“ - ტრუბნიკოვმა და თავად სონია განდიმ იცოდნენ.

თუმცა „დიდი კაცისგან“ მადლობას ტყუილად უნდა ელოდო: ასე დაემართა ტრუბნიკოვსაც. რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა 2000 წლის მაისში სასწრაფოდ „დააწინაურა“ საგარეო დაზვერვის დირექტორი და იგი სპეციალურად მისთვის შექმნილ ახალ პოსტზე: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა, რომლის საკურატორო სფეროც... დსთ-ის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობა იყო.

putin-2-1724136165.jpg

ტრუბნიკოვი უკვე გრძნობს, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია

ეს დიდი „ჩამოლაბორანტება“ გახლდათ რუსეთის ფედერაციის გმირისა და არმიის გენერლის, ვიაჩესლავ ტრუბნიკოვისთვის. ინდოეთში მიმდინარე ქაოტურმა შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა პუტინს დაანახა, რომ მისი პროტეჟე, საგარეო დაზვერვის ახალი დირექტორი სერგეი ლებედევი და ინდოეთში განლაგებული რეზიდენტურები თავს ვერ ართმევდნენ მთავარ ამოცანას: „განდების კლანის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამიტომ პუტინმა „ინდოეთის მთავარი სპეციალისტის“, ტრუბნიკოვის დაზვერვაში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა დაზვერვიდან უკვე ოფიციალურად წასულ და თანაც 60 წლის ტრუბნიკოვს რეზიდენტად ხომ ვერ დანიშნავდა? ამიტომ ტრუბნიკოვი ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე იყო, როდესაც ინდოეთში ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციებში კონსულტაციას უწევდა ლებედევს. შედეგმაც არ დააყოვნა: მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2004 წლის 22 მაისის საპარლამენტო არჩევნებში „განდების კლანმა“ გაიმარჯვა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა. თუმცა წარმატებას განმტკიცება სჭირდებოდა და

elchi-1724136143.jpg

ტრუბნიკოვი ელჩის მუნდირში

რუსეთის მომავალმა დიქტატორმა საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო: 2004 წელს, 29 ივლისს, რუსეთის ყოფილი „პირველი მზვერავი“ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ინდოეთში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. ამით პუტინმა „ორი კურდღელი მოკლა“: ტრუბნიკოვი, რომელმაც ძალზე ბევრი იცოდა რუსეთის პოლიტიკურ ინტრიგებზე, მოსკოვს მოაცილა, თან - ოპერატიული სადაზვერვო დავალებაც მისცა.

ელჩის რანგში ტრუბნიკოვს არ გაუჭირდა ოფიციალური შეხვედრების გამართვა, როგორც ხელისუფლებაში მყოფ, ასევე - ოპოზიციური პარტიების რიგებში „უპატრონოდ მოწყენილ“ აგენტურასთან: ტრუბნიკოვი ხომ ზოგ საბჭოთა/რუსეთის აგენტ დეპუტატსა და მინისტრს ჯერ კიდევ სტუდენტობიდან იცნობდა და „მწყემსავდა“. რუსეთის ახალმა ელჩმა სწრაფადვე შეძლო სიტუაციის „კრემლის“ სასარგებლოდ შემოტრიალება და მთელი ათი წლის მანძილზე ინდოეთში „განდების კლანის“ მხარდაჭერილი პოლიტიკოსი მანმოჰან სინგჰი იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. პოლიტიკურ პროცესებს კი კულისებიდან რაჯივ განდის ქვრივი, სონია განდი ხელმძღვანელობდა.

(მეორე ნაწილის დასასრული)