სუპერთავდასხმა:100-ათასიანმა უკრაინულმა დრონმა 100-მილიონიანი რუსული ნავთობბაზა ააგიზგიზა - ასეთ მეგააფეთქებას თავად უკრაინელებიც არ ელოდნენ - კვირის პალიტრა

სუპერთავდასხმა:100-ათასიანმა უკრაინულმა დრონმა 100-მილიონიანი რუსული ნავთობბაზა ააგიზგიზა - ასეთ მეგააფეთქებას თავად უკრაინელებიც არ ელოდნენ

რუსი გენერლები კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინის არმიის შენაერთების მობილური ჯავშანჯგუფების განადგურების მცდელობისას, 3-მლნ დოლარიან „ისკანდერის“ აერობალისტიკურ რაკეტებსაც კი იმეტებენ, მაშინ, როდესაც უკრაინელებმა, სულ რაღაც 100 ათას დოლარიანი შორსმფრენი კამიკაძე-დრონებით, არც მეტი და არც ნაკლები...100 მლნ დოლარად ღირებული რუსული სტრატეგიული ნავთობბაზა ააგიზგიზეს, რომელიც მესამე დღეა, იწვის და ვერ აქრობენ...

1-rez-1724135671.png
ასე გამოიყურებოდა რუსული სტრატეგიული ნავთობბაზა „კავკაზი“ 17 აგვისტოს, უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმამდე...

18 აგვისტოს, დილის 5 სთ-ისთვის, რუსეთის ქალაქ დონის როსტოვიდან 163 კმ-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, დასახლებულ პუნქტ პროლეტარსკთან მდებარე ნავთობბაზაზე უკრაინული კამიკაძე-დრონების საჰაერო შეტევა განხორციელდა.

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტრადიციულად, განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო უკრაინული დრონები, მაგრამ მათი ნამსხვრევები ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა და პატარა ხანძარი გამოიწვიაო... ამ „პატარა ხანძარს“ კი მესამე დღეა, ვერ აქრობს რამდენიმე ასეული მეხანძრე, ათობით სახანძრო მანქანა და - სახანძრო მატარებლებიც კი...

საქმე ის არის, რომ ეს გახლავთ რუსეთის სტრატეგიული რეზერვების ნავთობბაზა „კავკაზი“, სადაც განთავსებულია 83 ერთეული სხვადასხვა მოცულობის რეზერვუარი, განკუთვნილი ნავთობის, ბენზინისა და დიზელის საწვავის შესანახად.

უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგად, თავდაპირველად, ორი რეზერვუარი აფეთქდა, რომელთა ხანძრის დროს წარმოქმნილი შავი კვამლი ათეულობით კმ-იდან შეიმჩნეოდა.

2-rez-1724135908.png
18 აგვისტოს თანამგზავრულ ფოტოზე მოჩანს, რომ რეზერვუარებს ორ სხვადასხვა ადგილას უკიდიათ ცეცხლი ანუ, როგორც მინიმუმ, ორი უკრაინული კამიკაძე-დრონის თავდასხმა მაინც იყო...

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი რეზერვუარის ჩასაქრობად მალევე იქნა მობილიზებული სახანძრო ტექნიკა და მეხანძრეები, მათ ვერ შეძლეს მისი ჩაქრობა, პირიქით - ცეცხლი ახლოს განთავსებულ სხვა რეზერვუარებსაც მოედო, მოხდა ახალი აფეთქებები, რის შედეგადაც 41 მეხანძრე დაშავდა.

ამ რუსულ სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობბაზაზე ხანძრის სიმძლავრემ იმ დონეს მიაღწია, რომ თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზეც კარგად აისახა...

უკრაინული კამიკაძე-დრონის თავდასხმიდან მესამე დღეს უკვე იწვის ამ ნავთობბაზის 11 რეზერვუარი, 83-დან და როგორც თანამგზავრულ ფოტოებზე მოჩანს, ცეცხლი მალე სხვა რეზერვუარებსაც შეიძლება, გადაედოს...

3-rez-1724135864.jpg
19 აგვისტოს თანამგზავრულ ფოტოზე გამოჩნდა, რომ ხანძარი სხვა რეზერვუარებსაც გადაედო და ეს პროცესი გრძელდება...

ცეცხლწაკიდებული რეზერვუარების ყოველწამს აფეთქების დიდი საფრთხის გამო, ხანძრის ჩაქრობის პროცესი დროებით შეჩერებულია.

საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 15 მაისს უკრაინელებს უკვე ჰქონდათ ფრონტის ხაზიდან პირდაპირი ხაზით, 360 კმ-ით დაშორებულ ამ რუსულ სტრატეგიულ ნავთობბაზაზე თავდასხმის მცდელობა, როდესაც ორი კამიკაძე-დრონით შეუტიეს, მაგრამ მაშინ საწვავით სავსე რეზერვუარების აფეთქება ვერ შეძლეს.

მეორე მცდელობა მართლაც რომ გრანდიოზული გამოუვიდათ, გინდაც - „ღირებულება-ეფექტიანობის“ კრიტერიუმით და გინდაც - წმინდა ეფექტიანობის თვალსაზრისით - ამ დონის ხანძარი რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ბოლო დროს არ დაფიქსირებულა...

4-rez-1724135826.jpg
პროლეტარსკის ამ სტრატეგიულ რუსულ ნავთობბაზაზე ისეთი მასშტაბის ხანძარი მძვინვარებს, რომ მისი ჩაქრობა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და დაელოდონ საწვავით სავსე ყველა რეზერვუარის გამოწვას...

პროლეტარსკის სტრატეგიული ნავთობბაზიდან დიზელის საწვავით მარაგდებოდა უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მებრძოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მთელი სამხედრო ტექნიკა - დაწყებული სატვირთო „ურალებითა“ და „კამაზებით“ და დამთავრებული - „ბე-ემ-პეებითა" და ტანკებით.

უზარმაზარ რუსეთს, რა თქმა უნდა, კიდევ დარჩება ტანკებში ჩასასხმელი დიზელის საწვავი, მაგრამ ამ, სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობბაზის ფაქტობრივი განადგურება (ხანძარი კვლავ მძვინვარებს) მაინც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს პუტინის საოკუპაციო არმიის ლოჯისტიკას...