ალიევის ღიმილი და გახარებული პუტინი - მამუკა არეშიძის ვერსია: რა გადაწყდა ბაქოში და რას შეცვლის ეს კავკასიაში - კვირის პალიტრა

ალიევის ღიმილი და გახარებული პუტინი - მამუკა არეშიძის ვერსია: რა გადაწყდა ბაქოში და რას შეცვლის ეს კავკასიაში

ვლადიმერ პუტინი ბაქოში ვიზიტით კმაყოფილია. ილჰამ ალიევი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებს გარანტად პუტინთან თანამშრომლობას მიიჩნევს. „ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ, როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ვლადიმერ პუტინის ბაქოში ვიზიტის დროს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი ექვს დოკუმენტს - სამ შეთანხმებასა და სამ მემორანდუმს მოაწერეს. ხელმოწერილი დოკუმენტები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - სურსათის უვნებლობის, ჯანდაცვის, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს ხელმოწერილი დოკუმენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ამ ამბავში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნიუანსებია.

მამუკა არეშიძე:

- პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პუტინის მიმართ საერთაშორისო განაჩენია გამოტანილი, რომლის მიხედვითაც, ის, პრაქტიკულად, ძებნილია. ამ ვიზიტით ბაქომ დასავლეთს დემონსტრაციულად მიანიშნა, რომ მისთვის რუსეთთან თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ამერიკასთან და ევროპასთან. ამით ალიევმა პასუხი გასცა დასავლეთს - კერძოდ, საფრანგეთსა და ამერიკას, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მათი პოზიციის გამო.

- ალბათ, ამას ამერიკისა და საფრანგეთის მხრიდანაც მოჰყვება შესაბამისი პასუხი.

- რა თქმა უნდა, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანს სერიოზული ბერკეტი აქვს ხელში - ის ევროპულ ქვეყნებს ენერგომატარებლებით ამარაგებს. გასათვალისწინებელია, რომ ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის გავლით ევროპისთვის ყაზახური ნავთობის მიწოდება არსებითად გაიზარდა. შესაბამისად, ალიევი დასავლეთს, ერთი მხრივ, მიანიშნებს, რომ ჩემზე ხართ დამოკიდებულებიო, მეორე მხრივ, განაცხადს აკეთებს - დამოუკიდებელ პოლიტიკას ვაწარმოებ და თქვენთან ვასალურ ურთიერთობას ისევ რუსეთთან მირჩევნია ურთიერთობის დალაგებაო. შეიძლება მითხრათ, რომ უხეშად წარმოვაჩენ აზერბაიჯანის პოზიციას, მაგრამ ეს ამბავი სხვაგვარად არ აიხსნება. ერთი შეხედვით, ახლა ამ ვიზიტის არანაირი აუცილებლობა არ ჩანდა...

მოდი, მეორე ვერსიაც განვიხილოთ: აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებას საშველი არ დაადგა. ამ მოცემულობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის მხარეს იქნება რუსეთი, რადგან სომხეთმა ინტენსიური გახადა დასავლეთთან თანამშრომლობა და ამას სამხედრო ფორმაც მისცა (თუმცა „ოდეკაბეს“ არ ტოვებს). აზერბაიჯანმაც გადაწყვიტა, კონტრთამაში წამოეწყო, საერთაშორისო სივრცეში. ამასთან, ბაქო რუსეთის მიმხრობასაც ცდილობს. ერთ საინტერესო დეტალს შეგახსენებთ - რუსეთმა კიევზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანთან მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმა. ამით გამოიკვეთა ის, რომ აზერბაიჯანი რეგიონში რუსეთის აქტივობებს კრიტიკულად არ აფასებდა. არადა, უნდა ითქვას, რომ ბაქომ უკრაინას სერიოზული დახმარება გაუწია, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ე.ი. ბაქო დამოუკიდებლად თამაშობს, თანაც - წაუგებლად.

- ფიქრობთ, რომ ალიევს თამაშის ეს სვლები თურქეთთან არ აქვს შეთანხმებული?

- სხვათა შორის, აზერბაიჯანი ყველანაირად ცდილობს, თურქეთისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაატაროს. თურქეთიც, გარკვეულწილად, აზერბაიჯანის ენერგორესურსებზეა დამოკიდებული და ალიევი ამით კარგად ვაჭრობს. რას ვგულისხმობ? აზერბაიჯანი დღემდე ინარჩუნებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ისრაელთან, თურქეთი კი, მას შემდეგ, რაც "ჰამასს" და, ზოგადად, რადიკალურ პოლიტიკურ ისლამისტებს ჩაეხუტა, ცდილობს, ისრაელმა ვეღარ მიიღოს აზერბაიჯანული ნავთობი. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისრაელი აზერბაიჯანულ ნავთობს, სწორედ თურქეთის გავლით იღებს.

- რა მოტივით არ კეტავს ამ კორიდორს თურქეთი?

- აზერბაიჯანის პოლიტიკას ანგარიშს უწევს. თურქეთს, ზოგადად, ახასიათებს ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოება. ანკარაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკა სხვა საქმეა, სამხედრო პოლიტიკა კი - სხვა.

- გასაგებია, რომ აზერბაიჯანს აქვს რიგი ბერკეტები, მაგრამ თავადაც აღნიშნეთ, რომ დასავლეთის მხრიდან მაინც გაეცემა პასუხი ბაქოს, ასეთ კრიტიკულ მომენტში რუსეთის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო. თქვენი ვერსიით, როგორი შეიძლება იყოს ეს ნაბიჯები?

- ძნელი სათქმელია. აზერბაიჯანს მისი ენერგომატარებლების გამო ხმამაღლა საუბარს ვერ უბედავენ. წლების განმავლობაში, არა ერთი სანქცია დაუწესეს ადამიანის უფლებების და სხვა მსგავსი ღირებულებების დაღვევის გამო, მაგრამ ალიევი მაინც თავისას აგრძელებს. გასდის და - აკეთებს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)