"ბევრი მიიჩნევს, რომ პრობლემა პუტინშია, სინამდვილეში, "ერთიანი რუსეთია" მსოფლიოს პრობლემა - პუტინიც, კადიროვიც და მთელი ეს "იმპერიული ფრანკენშტაინიც" - კვირის პალიტრა

"ბევრი მიიჩნევს, რომ პრობლემა პუტინშია, სინამდვილეში, "ერთიანი რუსეთია" მსოფლიოს პრობლემა - პუტინიც, კადიროვიც და მთელი ეს "იმპერიული ფრანკენშტაინიც"

თითქმის ერთი კვირაა, უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე,

კონკრეტულად კი, კურსკის რეგიონში იმყოფებიან და შეტევით ოპერაციას ახორციელებენ - ბოლო მონაცემებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე 28 სოფელი აქვთ დაკავებული... ტყვედ აყვანილი 70 ათასზე მეტი რუსი სამხედრო და მათი რიცხვი თითქმის ყოველდღე იზრდება.

რისი მოლოდინი აქვთ უკრაინაში, შეიტანს თუ არა კურსკზე მიტანილი იერიში ომში გარდატეხას, ეს სულ მალე გამოჩნდება. უკრაინელი აქტივისტი - Fრეე Nატიოს Pოსტ – ღუსსია Fორუმ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოლეგ მაგალეცკიმ ჟურნალთან "გზა" ისაუბრა. ის უკრაინელი აქტივისტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაფანტულ თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთში, ეთნიკური უმცირესობის ხმის საერთაშორისო ტრიბუნაზე გატანას ცდილობს, რაშიც მათ აქტიურად ეხმარება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა...

- საუბარს კურსკის თემით დავიწყებ - თითქმის მთელი მსოფლიო ინტერესით ადევნებს თვალს იქ მიმდინარე პროცესებს, უკრაინა საკმაოდ იოლად აღწევს წარმატებას. რისი მოლოდინი გაქვთ?

- კურსკში მიმდინარე პროცესებს ორგვარი შეფასება სჭირდება, სამხედრო და პოლიტიკური. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სამხედროები ჯერჯერობით ძალიან ცოტა, კარგად გაანალიზებულ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სიტუაციაში ეს საუკეთესო ნაბიჯია. რუსეთს რამდენიმე ადგილიდან სამხედრო ნაწილების მოხსნა და კურსკისკენ გადასროლა მოუხდა, ეს კი უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ფრონტის ხაზებზე, შესაძლოა ჩვენთვის ერთგვარი ამოსუნთქვის შესაძლებლობა გახდეს. რუსეთს, როგორც ტერორისტულ ქვეყანას, მხოლოდ ერთი, ძალის გამოყენების ენა ესმის. მას კბილებში მაგრად უნდა მოხვდეს, რომ მცირეხნიანი შოკი მაინც მიიღოს. ასეთი მოულოდნელობების ეფექტები მის დაფარულ სისუსტეებს ყველაზე კარგად წარმოაჩენს.

oleg3-1723988259-1724139298.jpg

გარდა ამისა, კურსკის ამბები მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ ღირს რუსეთის გეშინოდეს... ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და სრულიად შესაძლებელია, რომ ხვალ სხვა მიმართულებაზეც შეიცვალოს სიტუაცია, მაგრამ მთავარია, მოპოვებული შევინარჩუნოთ. თუ ჩვენ არ ვიმუშავებთ, რასაკვირველია, ყველაფერი ცუდად დასრულდება, მაგრამ ერთ კვირაში ჩვენებმა რამდენიმე ქალაქი, სოფელი და დასახლებული პუნქტი აიღეს, იქ სავაჭრო სივრცეები გახსნეს, რეფერენდუმის ჩატარება დააანონსეს. ნაწილი, ვინც დარჩა და ევაკუაციაზე უარი თქვა, თანახმაა უკრაინული დროშის ქვეშ იცხოვროს. ახლა მთავარია, სად გაივლის ზღვარი ამ მიმართულებით უკრაინასა და რუსეთს შორის. რასაკვირველია, მირჩევნია, რუსეთმა მწვავედ იგრძნოს, რას ნიშნავს მრავალრიცხოვანი დევნილები, ომი, შიში, ტყვიების გუგუნის ქვეშ ცხოვრება. რუსი ხალხი, ვინც პუტინის ტერორისტულ პოლიტიკას მხარს უჭერს, უნდა მიხვდეს, რომ რუსეთი უძლეველი არ არის და ადრე თუ გვიან, ყველა იმპერია დაიშლება.

- გვიამბეთ ფორუმზე, რომელსაც წარმოადგენთ.

- მე ვარ ადამიანი, რომელმაც პოსტრუსული ფორუმი დააფუძნა და ის დღევანდელი ფედერაციის ფარგლებში მოქცეული ხალხების გათავისუფლებას ემსახურება. ჩვენ ვუსმენთ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობას და მათი ხმა, მათი პოზიციები საზღვრებს გარეთ გაგვაქვს... ანუ მთავარი იდეაა ამ ხალხების დეკოლონიზაცია, მათი იდენტობის გადარჩენა. ჩვენ ფორუმში გვყავს ისეთი ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი, როგორიც ანა ფოტიგაა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, გამოცდილი დიპლომატი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებაში სიტყვა ეთქმის.

ჩვენ მიერ დაფუძნებული პროექტის მიზანია, გავარღვიოთ ინფორმაციული ვაკუუმი, შევცვალოთ იმ ადამიანების პოზიციები, რომლებიც შეთხზული ინფორმაციებითა და ისტორიებით საზრდოობენ. ეს ეხება ბაშკირეთს, სათათრეთს, ციმბირს და ა.შ. მოსკოვის პროპაგანდა ვრცელდება ყველგან, მათ შორის არა მხოლოდ მის მიერ ოკუპირებულ რესპუბლიკებში, ასევე, მეზობელ ქვეყნებში - ბელარუსსა და მოლდოვეთში. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. ვცდილობთ, ყველას დავანახვოთ რუსეთის ნამდვილი სახე. ვიღაცებს სურვილი და იმედი აქვთ, რომ ისევ "ძველ, მეგობრულ საბჭოთა კავშირში" იცხოვრებენ, რაც არასდროს მოხდება, მაგრამ თეორიის დონეზე მაინც რომ დავუშვათ, ეს კატასტროფა იქნება ყველასთვის, ვისაც რუსეთთან ოდესმე რაიმე გადაკვეთა ან საერთო ჰქონია - ეს ეხება ფინეთს, ლიეტუვას, ლატვიას, პოლონეთს, საქართველოს, თავისთავად უკრაინას და ა.შ.

მსოფლიომ დაინახა, რა ჩაიდინა პუტინმა 2008 წელს, როდესაც საქართველოს დაესხა თავს, მაგრამ პრევენციული ღონისძიებების ნაცვლად, ენის მოჩლექით დაუწყეს საუბარი და შედეგად მივიღეთ ის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, 2014 წელს, უკრაინას დაესხა თავს... უფრო ადრე, 90-იანი წლებიდან მიწასთან გაასწორა იჩქერიის რესპუბლიკა, მაგრამ ყველაფერი შერჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთს, ევროპას, მაშინდელ მსოფლიო ლიდერებს სჯეროდათ, რომ პუტინის რუსეთი უძლეველი იყო და ამიტომაც, ოღონდ მისთვის არ შეექმნათ დისკომფორტი, ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. საბოლოოდ კი, ევროპის შუაგულში მასშტაბური ომი დაიწყო...

გარდა ამისა, უამრავი საშინელება აქვს ჩადენილი რუსეთს სამეზობლოში, მაგრამ არანაკლებ მძიმეა ის საქმეები, რასაც თავისი მოქალაქეების მიმართ სჩადის - მუდმივი ტერორი, უფლებების შელახვა, შევიწროება, თავისუფლების შეზღუდვა, წამება, აღიარებითი ჩვენებები, "სახელმწიფო მოღალატის" იარლიყი. ყველა სფეროში, თავდაცვა იქნება, ჯარი თუ პოლიცია, წნეხის ქვეშ, ჯოჯოხეთში იმყოფებიან და ასე შრომობენ. ერთმანეთის ჩაშვებით, ნეპოტიზმით, ძალადობით იკეთებენ კარიერას... ეს იმდენად საშინელი სისტემაა, რომ ბუნების ყველა კანონზომიერებით უნდა დაინგრეს.

- იმ პირობებში, როდესაც როგორც თავად თქვით, პუტინი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უსწორდება, რამდენად მიგაჩნიათ შესაძლებლად თქვენი პროექტის მასშტაბურობა და რაც მთავარია, ეფექტურობა?

- მიამიტი ადამიანი არ ვარ, განსაკუთრებით, ომის შემდეგ, რადგან ჩემი თვალით ვნახე, როგორ ღვრის მტერი სისხლს ჩემს ქვეყანაში... ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ პრობლემა პუტინშია, სინამდვილეში, "ერთიანი რუსეთია" მსოფლიოს პრობლემა - პუტინიც, კადიროვიც და მთელი ეს "იმპერიული ფრანკენშტაინიც".

ასე რომ, მე ამ საკითხს ვუდგები, როგორც დავალებას, რომლის რეალიზების შემთხვევაში, ჩემს ქვეყანას, მის მეგობარ ქვეყნებს და მის დაპყრობილ ხალხებს დავეხმარები. რუსეთის დაშლა ადრე თუ გვიან, გარდაუვალია, ჩვენ უბრალოდ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი ისე, როგორც შეგვიძლია. დასავლეთმა, ასე თუ ისე, გამოიღვიძა, მაგრამ არ არის საკმარისი, შიგნითაც სჭირდება ძლიერი რყევები.

შესაძლოა, რუსეთის დაშლა ვინმეს წარმოუდგენლად ეჩვენებოდეს, მაგრამ არ არსებობს დაუმარცხებელი მტერი და ეს ცალკეულმა ადამიანებმა თუ ორგანიზაციებმა ერთობლივად უნდა დავამტკიცოთ.

- უკრაინელი ხართ. ელოდით, რომ ომი ასეთ მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა?

- დიახ, უკრაინელი ვარ. ჩემი ქვეყანა 2014 წლიდან ომშია ჩართული და იმ დროიდანვე ვიცოდი, რომ ის არ გაჩერდებოდა. 2021 წელს გავრცელდა ინფორმაცია მასშტაბურ იერიშზე. როგორც ჩანს, რეაქციას ამოწმებდნენ, როგორც ჩვენსას, ასევე ჩვენი პარტნიორების, მსოფლიო ქვეყნების. მათი რეაქციაც მოსალოდნელი იყო - მოზომილი. შემოდგომაზე მთელი მსოფლიო მედია და სადაზვერვო სამსახურები წერდნენ, რომ რუსეთის აგრესია გარდაუვალი იყო, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს თავიანთი ელჩები გაჰყავდათ უკრაინიდან. მახსოვს, როგორ შეეშინდა ჩვენს ხალხს, როდესაც გაიგეს, როგორ მოუწოდებდა ისრაელი თავის მოქალაქეებს, დაეტოვებინათ უკრაინის ტერიტორია, ეს საშინელი მოსასმენი იყო... ანუ საშიშ ზონად ვიქეცით. საბოლოოდ, რუსეთმა დაგვარტყა კიდეც და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში დაიწყო ყველაზე მასშტაბური ომი.

რუსეთი ემუქრება ყველას, მათ შორის, ევროპასაც. რამდენიმე დღის წინ, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ვოცნებობთ იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ტანკები ბერლინში ივლიანო. ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ, დასავლეთი კი, ატომური იარაღის გამო, მაინც ცდილობს, ეს შეშლილები ბოლომდე ჩიხში არ მოაქციოს. რუსეთის მოსახლეობაც თანდათან ხედავს, მათი ხელისუფლება როგორ მეგობრობს ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან, ლუკაშენკოსთან, მადუროსთან, აითოლა ჰომეინთან, სხვა დიქტატორებთან. ცდილობს, როგორმე მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, რათა ამით იხეიროს - მსოფლიოს ყურადღება უკრაინიდან ირან-ისრაელზე გადაიტანოს. ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება, ცდილობს, არეულობა და დაძაბულობა შეიტანოს. ასეთ ვითარებაში, სხვა ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმედია, ჩანაფიქრი გამოგვივა და ა.შ. უნდა ვიბრძოლოთ და პროაქტიურები ვიყოთ. თუ მთელი მსოფლიო გაიღვიძებს, შეუძლებელი არაფერია, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ვფიქრობ, მთავარია კრემლის ნარატივის გარღვევა და დაუმარცხებელი გველეშაპი არ არსებობს. ხალხს ათწლეულების განმავლობაში ჩასძახოდნენ, რომ სინამდვილეში, რუსის გარდა, სხვა არავითარი ეროვნება არ არსებობს, რუსეთმა შეიფარა ისინი და შეინარჩუნა; მათი რესპუბლიკები მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით, მაგრამ მისით მხოლოდ პუტინის გარემოცვა სარგებლობს, ადგილობრივი მოსახლეობა კი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. თუმცა, მათთვის ტვინების გამორეცხვაში, ღუსსია თოდაყ, შპუტნიკ და სხვა პროპაგანდისტული მანქანები ასობით მილიონ ევროს ხარჯავენ.

- თავად თუ გაქვთ კავშირები რუსეთში?

- რასაკვირველია, ჩვენ მთელ მსოფლიოში გვაქვს კავშირები და ამის წყალობით სხვადასხვა ქვეყანაში ვგეგმავთ ფორუმს. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ვარშავაში გამართული ღონისძიება ჩვენმა პოლონელმა პარტნიორებმა დააფინანსეს, შემდეგ იყო - პრაღის ფორუმი, რომელიც სრულად უკრაინის მოქალაქეებმა დააფინანსეს, შემდეგ გდანსკის შეხვედრა, რომლის დაფინანსება ევროპარლამენტის ერთ-ერთმა ფრაქციამ ითავა. გარდა ამისა, გვყავს უამრავი მოხალისე. მათმა ნაწილმა რუსეთი დატოვა, მაგრამ ხომ იცოდნენ, იქ რაც ხდებოდა? გარდა ამისა, კავშირები შეინარჩუნეს და ცნობებსაც იღებენ. ასევე, არიან ისეთები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ და უდიდესი რისკის ფასად, წინააღმდეგობრივ იატაკქვეშა მოძრაობაში არიან ჩართული. ჩვენ არ გვაქვს ანაზღაურება, მაგრამ ამას მუშაობაში ხელი არ შეუშლია. კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი თუნდაც 20 წლის წინ დაწყებულიყო, მაგრამ პუტინის პროპაგანდამ ყველაფერი ჩაყლაპა. ამიტომაც, მთავარია, დავიწყეთ - რუსეთს თუ სხვა არ შეაჩერებს, თავად არასდროს შეჩერდება და არც ერთ ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ მისცემს, რადგან თავად არ ცხოვრობს ნორმალურად.

წლების წინ, ომის დაწყებამდე, რა ხდებოდა რუსეთში, არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ქვეყანას დაესხა თავს, გამუდმებით ვცდილობ, მას ზიანი მივაყენო ისე, როგორც შემიძლია. უკრაინამ და საქართველომ წლებია არ იციან, რას ნიშნავს ნორმალური მეზობელი, მასთან მშვიდობიანი, სრულფასოვანი ურთიერთობა. ჩვენ ყოველ სამ, ხუთ, ათ წელში რუსეთთან უთანასწორო, სისხლისმღვრელ ომში ვართ ჩართული... ახლა, როდესაც თვალს ვადევნებთ კურსკში მიმდინარე მოვლენებს, ადგილობრივები ამბობენ, - რა მნიშვნელობა აქვს, რომელი დროშის ქვეშ ვიქნებით, მთავარია, მშვიდობა იყოსო, მესმის მათი, ისინიც დაიღალნენ თავიანთი ხელისუფლების მიერ წარმოებული ომით, რომელშიც შვილებს, ძმებს, ოჯახის წევრებს უშვებენ, ისინი კი იქიდან ან ცოცხლები ვეღარ ბრუნდებიან, ან უკეთეს შემთხვევაში, შშმ პირებად რჩებიან, რომელთაც შემდეგ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრების გაგრძელება. ყველას უნდა ნორმალური ცხოვრება, მეზობელთან არასაომარ მდგომარეობაში ყოფნა... ჩვენც ამისკენ ვისწრაფვით. გვინდა თავისუფალი, ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, რომელიც ვითარდება, წინ, ევროპისკენ მიდის და არა, უკან, საბჭოთა სიბნელეში. ამ ყველაფრისთვის კი ნამდვილად ღირს ბრძოლა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"