"აკრძალავენ „ნაცმოძრაობას“ და შეიქმნება სხვა პარტია, ამით რას მოიგებენ? ეს ყველაფერი ხომ ზღაპარია?" - ვახტანგ ძაბირაძე "ქართული ოცნების" განცხადებაზე
2 წელი გავიდა. თუ თვლიდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გასაუქმებელი იყო, მათ შეეძლოთ აქამდე გაეკეთებინათ, მაგრამ მაშინ ეს არ სჭირდებოდათ. დღეს პიარისთვის სჭირდებათ, იმიტომ, რომ სხვა რით შეიძლება მოიზიდო ამომრჩეველი? - ასე შეაფასა ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ მმართველი გუნდის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.
როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას სხვა თემა ამომრჩეველთან სალაპარაკოდ არ აქვს.
„დღეს „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობასთან სალაპარაკო, გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობით“ დააფრთხოს და შეაშინოს, სხვა არაფერი აქვს, რითაც ის შეეცდება საარჩევნო კამპანიის საშუალებით ხმები მიიღოს. ამიტომ „ქართული ოცნება“ რადიკალურ განცხადებებზე წავიდა, კერძოდ იმაზე, რომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს, გაასამართლებს და ა.შ. 12 წელი გავიდა. თუ თვლიდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ტიპის პარტია იყო, მათ შეეძლოთ აქამდე გაეკეთებინათ, მაგრამ მაშინ ეს არ სჭირდებოდათ. დღეს პიარისთვის მათ სჭირდებათ იმიტომ, რომ სხვა რით შეიძლება მოიზიდო ამომრჩეველი? არის გარკვეული საზოგადოების ნაწილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მკვეთრად ნეგატიურად არის განწყობილი, ამიტომაც ცდილობენ ეს ამომრჩეველი ისევ უკან წამოიყვანონ, თუმცა იმ ფონზე, რომ გაჩნდა „ლელო“, „საქართველოსთვის“ - აი, აქ უკვე პრობლემები ექმნებათ. ამიტომ აძლიერებენ ამ თემას.
ეს განცხადებები დღესდღეობით არის იმის დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა თემა ამომრჩეველთან სალაპარაკოდ არ აქვს. გარდა იმისა, რომ იგი ლაპარაკობს ისევ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ხიფათზე და ა.შ.“, - განაცხადა ძაბირაძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნება“ უბრალოდ ცდილობს „რაღაც თემები დაახვავოს და ყველაფერზე ილაპარაკოს“.
„კარგი, გაასამართლებენ. ჯერ ერთი მაღალი რანგის თითქმის ყველა პირი „ნაციონალური მოძრაობისა“ - მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული, დღემდე ციხეებში ჰყავთ. ახლა კიდევ ვინ უნდა დაუმატონ, უბრალოდ, არ ვიცი. აკრძალავენ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ასეთს, შეიქმნება სხვა პარტია და ეს ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური მხარდამჭერია, ახალი პარტიის მხარდამჭერი გახდება. ამით რას მოიგებენ? ეს ყველაფერი ხომ ზღაპარია! თუ „ქართული ოცნება“ მიდის იქითკენ, რომ საერთოდ პარტიები აკრძალოს. კი ბატონო, ეს შეიძლება, მაგრამ ეს უკვე დიქტატურაა. დემოკრატიაზე და ღირსებაზე ლაპარაკი გამორიცხულია.
დღეს „ქართული ოცნება“ უბრალოდ ცდილობს რაღაც თემები დაახვავოს და ყველაფერზე ილაპარაკოს. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობენ არა იმიტომ, რომ მართლა საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებენ. საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების მხრიდან უმრავლესობის მოპოვება რომ არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომ ლაპარაკობენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. „გაღმა გაედავეს“ პრინციპს ამუშავებენ“, - განაცხადა ძაბირაძემ და დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების „გასამართლება თუ უნდათ, ახლაც გაასამართლებენ. რა პრობლემაა“.
ძაბირაძე გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
„გამორიცხულია. საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, „ქართულ ოცნებას“ დღეს უმრავლესობის მოპოვების პრობლემა აქვს. 76 მანდატის მოპოვების პრობლემა აქვს. რა საკონსტიტუციო უმრავლესობაზეა ლაპარაკი!
ეს ყველაფერი ხომ „ბლეფია“? კონსტიტუციაში დევს ის პრინციპი, რომ როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, რომ მეორე პალატა შეიქმნას ( ანუ ზედა და ქვედა პალატა) და ა.შ. ასე რომ, ეს თემაც გავლილია. უბრალოდ, ჯერ აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა და როგორ აპირებენ ამას? - ესეც ძალიან საინტერესოა. გაჩნდა ახალი მითი, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. შეძლებს კი? ეს პრობლემა „ქართულ ოცნებას“ აქვს, არ ვიცი, ახლა რამდენად დამაჯერებელია მათი ამგვარი განცხადება“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"