"მეუღლეს სახლში ეძინა და დაუძახა, მიშველე, მომკლესო და შეაკვდა ხელში" - რას ჰყვებიან ადგილობრივები სამტრედიაში მოხდარ საზარელ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"მეუღლეს სახლში ეძინა და დაუძახა, მიშველე, მომკლესო და შეაკვდა ხელში" - რას ჰყვებიან ადგილობრივები სამტრედიაში მოხდარ საზარელ მკვლელობაზე?

ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე უმძიმესი დანაშაული მოხდა. მოკლულია 70 წლის ქალბატონი და ამ დრომდე სამართალდამცავები მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია და სავარაუდოდ მათი მეზობელი, ახალგაზრდა მამაკაცია. რომლის ადგილსამყოფელის დადგენას ახლა სამართალდამცავები ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით, დანით მოხდა, ქალს დანით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდმცავები და კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

“ამ დილით გავიგეთ ეს უმძიმესი ამბავი. რა და როგორ მოხდა, დეტალები არ ვიცით და ამას გამოძიება დაადგენს. მოკლულია 74 წლის ავთო ბიბილეიშვილის მეუღლე. ცოლ-ქმარი ცხოვრობდა სახლში მარტო, შვილმკვდარი ოჯახია, წლების წინ შვილი გარდაეცვალათ, ძალიან კარგი ადამიანები არიან, რატომ გაიმეტეს ეს ქალბატონი, ნამდვილად არ ვიცი", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაული სავარაუდოდ მეზობლის სახლში მოხდა. სწორედ იქ ქათმების დასაპურებლად იყო დილით ადრე გადასული გარდაცვლილი ქალბატონი.

"დილის 6 საათზეა სავარაუდოდ გადასული მეზობლის სახლში. მეზობლები იყვნენ წასულები დასასვენებლად და დაუტოვეს ოჯახი. გულით ნაოპერაციევი იყო. ადგებოდა დილით ადრე, რომ მერე სიცხეში არ გასულიყო გარეთ. იმ დღესაც გადავიდა დილის 6 საათზე, რომ ეს ქათმები დაპურებული გამოეშვა. იქ ვინ დახვდა, რა დახვდა, არ ვიცით, გამოქცეულია იქიდან, წამოსულია, მოსულია თავის სახლის კარამდე და აქვს მიყენებული 4 ჭრილობა. მეუღლეს სახლში ეძინა და დაუძახა, ავთო მიშველე, მომკლესო. გამოვიდა მეუღლე და შეაკვდა ხელში. მკვლელი უკვე ადგილზე აღარ იყო", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

მეზობლების ვარაუდით, დამნაშავე ადგილობრივია.

"ქათმებს აჭმევდა, ამიტომ წავიდა დილით ადრე ეტყობა, ერთი მეზობელი იმასაც ამბობს, ქალის კივილის ხმა გავიგეთო. რა მოხდა არ ვიცი, ქალის კივილი გავიგონეო. ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. ავთო ბიბილეიშვილს და მის მეუღლეს, ნინოს, ყველა დადებითად დაგიხასიათებთ. ძალიან კარგი ქალბატონი იყო, 70 წლამდე ასაკის იქნება. კარგად ვიცნობ. ქათმების დასაპურებლად მისულს იქ ვიღაც დახვდა ეტყობა. უყვირია ნინოს და ეტყობა ხმა გაიგო ავთომ, გარეთ გამოსულა და მეუღლე დახვდა უკვე წაქცეული. არ ვიცით ვინ მიაყენა ჭრილობა. ძალიან განვიცდი. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ. წლების წინ გარდაეცვალათ შვილი, ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც იტალიაშია წასული სამუშაოდ. იქ გაიგო ეს უმძიმესი ამბავი. მისი ოჯახის სხვა წევრებიც იქ არიან. როგორც გავიგე, ხვალ ჩამოდიან და ეს საშინელი ამბავი დახვდებათ. მარტო ცოლ ქმარი ცხოვრობდა სახლში. ძალიან კარგი ოჯახია, ძალიან კარგი ქალბატონი, პატიოსანი მთელი ოჯახი, ძვირფასი ოჯახი აქვთ, რატომ დატრიალდა, არ ვიცი", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

იმასაც ამბობენ, ადგილობრივები, რომ ეჭვი იქვე მეზობლად მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭზე აქვთ. არის ვერსია, რომ იქ მისული ქალი ქურდობის თვითმხილველი გახდა, იცნო მეზობელი და ამიტომ გაიმეტა ეტყობა მან სასიკვდილოდ", _ამბობს ადგილობრივი.

რა ვერსიაზე მუშაობენ თავად სამართალდამცავები ჯერერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და დამნაშავის დაკავების შემდეგ მეტი დეტალი გახდება ცნობილი.