"ბორჯომი" მსოფლიოს საუკეთესო მინერალური წყლების ტოპ ათეულში მოხვდა
"ბორჯომი" მსოფლიოს საუკეთესო და სასარგებლო მინერალური წყლების ტოპ ათეულში მესამე პოზიციაზე მოხვდა – რეიტინგს კომერციული ვებ გვერდი Top-10-list.org აქვეყნებს. ამ დროისთვის მინერალური წყლების ჩამოსხმა და რეალიზაციას საერთაშორისო კომპანია "IDS Borjomi International" ახორციელებს. 2006 წლამდე კომპანიის წარმოებული პროდუქციის 65 პროცენტი რუსეთში გაჰქონდა. ორ წელზე მეტია, რაც კომპანიის წარმოების მოცულობამ ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამჟამად ბორჯომი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში იყიდება, გარდა რუსეთისა.
"ბორჯომის" შესახებ ვებ გვერდზე აღნიშნულია: "თუ თქვენ ეროვნებით რუსი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ "ბორჯომის" გემოს შესახებ, ეს არის ძალიან განსხვავებული, არაამქვეყნიური გემო. არცერთ კომპანიას არ შეუქმნია ასეთი პროდუქტი. ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივი ნახშირორჟანგით გაჯერებული წყლის ბორჯომის სამშობლო საქართველოა, სადაც ასევე ხდება მისი წარმოება."
ათეულში პირველ პოზიციაზე მინერალური წყლების მწარმოებელი ცნობილი ფრანგული ბრენდი Evian მოხვდა, რომელიც ფართოდ იყიდება ევროპაში, ამერიკასა და კანადაში. მეორეა ასევე ფრანგული ბრენდი Perrier, რომელიც ფრანგულ ქალაქ Vergaze-დან მოდის, გამოირჩევა მაღალი ფასითა და განსაკუთრებული პოპულარობით. Perrier-ი ძალზე პრესტიჟულია ჩრდილო ამერიკასა და საფრანგეთში.
შემდეგ პოზიციებზე არიან: San Pellegrino (იტალია,) Naya (კანადა); Volvic Water (საფრანგეთი) და სხვ.