"მხოლოდ სამი თვე იყვნენ აქ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი და ყველა ბილეთი იყიდებოდა რამდენიმე წუთში, ოვაციებისგან კი სტადიონი ინგრეოდა" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ სამი თვე იყვნენ აქ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი და ყველა ბილეთი იყიდებოდა რამდენიმე წუთში, ოვაციებისგან კი სტადიონი ინგრეოდა"

"...თქვენ წარმოიდგინეთ, ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" რომ თამაშობდა,

იქაც კი იზოლირებული იყო. 5-10 წუთით ადრე ცვლიდნენ, სანამ თამაში დამთავრდებოდა, რათა მაყურებლების ორომტრიალში არ აღმოჩენილიყო და შესაბამისად, მისი ნახვა რთული გახლდათ..." - ამბობს პროფესიით რეჟისორი, ბათუმელი შოთა გუჯაბიძე, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. მას სხვადასხვა პოზიციაზე კორესპონდენტად, ოპერატორად, ტელეწამყვანად მოუხდა მუშაობა... შოთა გუჯაბიძის კოლექციაში ათი ათას უნიკალურ ფოტოზე მეტია.

- მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელებიდან მაქვს პელეს, ზინადინ ზიდანის ავტოგრაფები, აუქციონზე ვიყიდე. წელს ლეგენდების თამაში რომ გაიმართა, მაშინ გამოვართვი რამდენიმეს ავტოგრაფი, მათ შორის - ლუიშ ფიგუს... 1981 წლის ქართველი ფეხბურთელების თაობიდან თითქმის ყველას ავტოგრაფი მაქვს: დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, ოთარ გაბელია, ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე. ნოდარ ახალკაცის ფეხბურთელობის დროინდელი ფოტოებიც მაქვს. განსაკუთრებულად საინტერესოდ გაბელიას ავტოგრაფის მოცემა მახსოვს: რამდენიმე წლის წინ "დინამოს" სტადიონზე ვიყავი, სადაც აკრედიტაციის გასავლელად დილით მივედი. პრესცენტრის ოთახი დაკეტილი დამხვდა და იქვე, გვერდითა ოთახიდან რამდენიმე ადამიანის ხმა გამოდიოდა. შევიხედე, რომ პრესცენტრის თანამშრომლების შესახებ მეკითხა. ოთხნი ისხდნენ და ნარდს თამაშობდნენ. ჩემს კითხვაზე ყველამ გამოიხედა, ერთ-ერთი მათგანი ოთარ გაბელია აღმოჩნდა. მყისვე გავიფიქრე, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი და ავტოგრაფი ვთხოვე... ერთი ზომის ფურცლები მაქვს, რომელსაც ყოველთვის თან ვატარებ. როდესაც ფურცელი გავუწოდე, ოთახში მყოფთაგან ერთ-ერთი გამეხუმრა, ჯვარი დაუსვიო... ახლობელი იყო და ალბათ ჰქონდა შეხუმრების უფლება. წარმოიდგინეთ, ეხუმრები ადამიანს, რომელიც ლეგენდაა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. ბატონი ოთარიც გაეხუმრა და ძალიან სასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. ოთარ გაბელიას ფოტოც გადავუღე, სადაც ჩანს, ავტოგრაფს რომ მაძლევს.

- რა მიზნით დაიწყეთ ავტოგრაფების შეგროვება?

- შეგროვება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კონკრეტული, მატერიალური მასალა ერთ სივრცეში მოაქციო. ეს უპირველესად ცოდნაა, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს. დაახლოებით იმას ჰგავს, ბილინგვას რომ აღმოაჩენენ, რომელსაც საუკუნეები შიფრავენ, იმდენად დიდი ინფორმაციაა ზედ დატანილი... თუ შენს თავს გაწვრთნი და გამოიმუშავებ, ფოტოს ჩრდილი როგორ ეცემა, როდის შეიძლება იყოს გადაღებული და ასე შემდეგ, ერთი ქაღალდის ნაგლეჯმა აუარებელი ინფორმაცია შეიძლება მოგცეს და სხვებსაც გაუზიარო. მუდმივი პროცესია, რომელიც არ ვიცი როდის, მაგრამ ცალკე მეცნიერების დარგად ჩამოყალიბდება.

- როგორც ვიცი, ბევრი ნეგატივიც გაქვთ...

- დიახ, მნიშვნელოვანია, რომ ნეგატივებიც მაქვს და პოზიტივებიც. საბჭოთა კავშირის დროინდელი ნაკრების ფეხბურთელების: თენგიზ სულაქველიძის, ალექსანდრე ჩივაძის, მიშა მესხის, ბორის პაიჭაძის დროინდელი გუნდებისაც, თბილისის გუნდების სხვადასხვა შემადგენლობის. თუ ქაღალდის ანაბეჭდი შეიძლება რამდენიმე იყოს, ნეგატივი ერთადერთი და უნიკალურია... ადრე ბათუმში ერთი სახლი დაანგრიეს და იქ ვიპოვე ძველი ნეგატივები, დაახლოებით სამი ათასი ცალი. მე ძველი ბათუმის ისტორიით ვარ დაინტერესებული, ძალიან განვიცდი ძველ სახლებს რომ ანგრევენ. მივედი და სრულიად შემთხვევით, ეს ნეგატივები აღმოვაჩინე. როგორც გაირკვა, თურმე ამ სახლში ადრე ფოტოგრაფი ცხოვრობდა. მას იმ თაობის ფეხბურთელებისთვის სერიები აქვს გადაღებული. ერთი ამოვიცანი, მასთან მივედი, დანარჩენების კვალზეც გავედი და მათი შემდგომი ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმი - "დუბლი 2" გადავიღე.

- თქვით, რომ მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელების ავტოგრაფები აუქციონზე შეიძინეთ. ეს დიდ თანხებთან არ იყო დაკავშირებული?

- ფასი არ მახსოვს, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი რეჟისორი რასაც გასწვდება, იმდენი ღირდა.

- თანამედროვე ფეხბურთელებიდან, ვისი ფოტოები გაქვთ?

- თითქმის ყველასი. განუსაზღვრელი რაოდენობით მაქვს ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო. ბათუმში სულ ვიღებდი თამაშებს. ცხადია, მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ამ მასშტაბს მიაღწევდა. ხვიჩას ავტოგრაფიც კი მაქვს, რომელიც წლების წინ გამოვართვი... მეგობარი მყავს, თორნიკე, რომელიც ბათუმის "დინამოს" ფოტოგრაფია. მას ვთხოვე, ხვიჩასთვის ავტოგრაფი გამოერთმია, რადგან მისთვის უფრო ადვილად მოსახერხებელი იქნებოდა... რამდენჯერაც კი მეგობარს შევხვდი და ავტოგრაფის შესახებ ვკითხე, სულ ამბობდა, ვერ მოვახერხეო... თქვენ წარმოიდგინეთ, ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" რომ თამაშობდა, იქაც კი იზოლირებული იყო. თამაშის დამთავრებამდე 5-10 წუთით ადრე ცვლიდნენ, რომ მაყურებლის გარემოცვასა და ორომტრიალში არ აღმოჩენილიყო. შესაბამისად, მისი ნახვა რთული გახლდათ... ერთხელაც ერთ-ერთ თამაშზე მივედი, რომელშიც ხვიჩა აღარ თამაშობდა, შესვენებისას სიტყვა თქვა და აუდიტორიას გამოემშვიდობა. მე ჩვეულებისამებრ, თამაშის დაწყებამდე მივდივარ. ვიღებ ფეხბურთელების მოთელვას, თუ როგორ ემზადებიან. იმ დღესაც ადრე მივედი და დავინახე, ფეხბურთელების სათადარიგო სკამზე ხვიჩა მარტო იჯდა. მივედი, ავტოგრაფი ვთხოვე და ფოტოებიც გადავიღე... მხოლოდ სამი თვე იყო აქ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი. ეს სამი თვე ყველაზე საინტერესოა ბათუმის "დინამოს" 101-წლიან ისტორიაში. რამდენიმე წუთში ყველა ბილეთი იყიდებოდა, ოვაციებისგან კი სტადიონი ინგრეოდა. მარტო ბათუმში კი არა, გასვლით თამაშებზეც: წყალტუბოში, ბოლნისში თუ სხვაგან, ყველა სტადიონი სავსე იყო.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"