"დააბრუნა, რომ ვენუგეშებინეთ... რომ ჩვენთვისაც ეამბა, რას გრძნობდა სიკვდილის სარეცელზე მყოფი..." - როგორ ემშვიდობებიან მამა თეიმურაზ ქორიძეს?
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მრევლი დიდი მწუხარებით იხსენებს მამა თეიმურაზს:
"ზუსტად 10 თვით დააბრუნა უფალმა ამქვეყნიური ღვაწლის გასაგრძელებლად...
დააბრუნა, რომ კიდევ ერთხელ ექადაგა ყველაზე დიდი და შინაარსიანი - ორსიტყვიანი ქადაგება: "ძალიან მიყვარხართო!"
დააბრუნა, რომ ვენუგეშებინეთ... რომ ჩვენთვისაც ეამბა, რას გრძნობდა სიკვდილის სარეცელზე მყოფი...
ყოველი წამი ფუჭიაო უსიყვარულოდ, მხოლოდ სიყვარული გაგვყვებაო იმქვეყნად - სხვა ყველაფერი გაქრება და დაიკარგება, ყველაფერი ამაოებააო...ღმერთმა მასაც და ჩვენც ერთმანეთის მადლიერების 10 თვე გვაჩუქა...სიკვდილი არ არსებობს, როცა გიყვარსო - გვითხრა კიდევ ერთხელ და მოეფარა ჩვენს ამქვეყნიურ თვალს...
იმისთვის, რომ ჩვენც იმ სიყვარულის ძებნა დავიწყოთ, მისი თვალებიდან რომ იფრქვეოდა ქადაგებისას...მისმა გულმა რომ ვეღარ დაიტია...ნუ ტირი, სოფელო!ნუ ტირი, მრევლო!შენმა მოძღვარმა დიდი სიყვარულით აღვსილმა გადაინაცვლა მარადისობაში.სასუფეველი გქონოდეს, მამაო..." - წერს ექიმი თამარ მამაცაშვილი.
"ვწუხვარ, მამა თეიმურაზი გარდაიცვალა, კარგი ადამიანი, კეთილი, ღვთის და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული…მოიხსნიეთ ლოცვებში!.." - წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი.
"ბევრი შეტყობინება შემოდის. რა თქმა უნდა ჩვენ ახლა არაფრის თავი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ საზარელი და სამწუხარო ამბავი დაგიდასტუროთ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრით" - ვკითხულობთ წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ფეისბუქგვერდზე.
2023 წელს მამა თეიმურაზ ქორიძე, კლინიკაში ფილტვების დაზიანებით გადაიყვანეს და თითქმის ერთი თვე მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. მკურნალობის შემდეგ კი სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ გამოჯანმრთელდა. მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი იყო...
როგორც ცნობილია, მამა თეიმურაზი ქალიშვილს დაბადების დღეს საჯარო წერილებით ულოცავდა. მამა თეიმურაზის ემოციურ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან ჩემო - პირმომღიმარო. და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, სიტყვას ყველაზე დიდ საჩუქრად მივიჩნევ...
გჩუქნი ამ სიტყვებს, ჩემო მშვენიერო. როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ, მაშინ შენ მაჩუქე ეს ძვირფასი საჩუქარი ღმერთის წინაშე და ამ საჩუქრით გამიხსენე. გთხოვ, ეცადო, რომ უფრო მეტად მოუსმინო, ვიდრე ისაუბრო. ამით სხვის სიტყვასაც დააფასებ და საკუთარ სიტყვასაც ძალას შესძენ.
ეს ერთი წელი დიდი სიხარულით, სიწრფელით და სილაღით განვლე და იმედი მაქვს, რომ მუდამ ასეთად დარჩები. სილაღით - ამ ცხოვრებისეული განსაცდელებით დაღლილ ადამიანის გულს სიხარულს მიანიჭებ (და იქნებ... იმ ერთმა ნაპერწკლად ანთებულმა სიხარულმა, რამხელა ბედნიერების ცეცხლი დაანთოს მასში)...
სიწრფელით - ადამიანთა გულებს დააიმედებ და ამით შენ, მათი ბედნიერებით იქნები ბედნიერი (არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე სხვისი სიხარულით გახარება).
რაც შეეხება სიხარულს... მწამს, რომ მწუხარების გაზიარება გეცოდინება. მაგრამ ეცადე სხვისი სიხარულით შენი ბედნიერება განამრავლო - ეს იქნება შენი დიდი ადამიანობის ბეჭედი და ცხოვრების სიხარული.
გთხოვ, არასოდეს შეგშურდეს... იცხოვრე შენი ცხოვრებით.შენ საუკეთესო დედა გყავს და კვლავ გთხოვ, რომ მას მიბაძო - დიდ სიყვარულს ისწავლი მისგან...
მიყვარხარ! და როგორც ყოველთვის, ახლაც გეტყვი - უმიზეზოდ.გიყვარდეს - უმიზეზოდ...გილოცავ ჩემო!“ - წერდა მამა თეიმურაზი შვილს.