როგორ გვაბოლებენ სადაზღვევო კომპანიები
ამ სტატიაში სუბიექტური ვიქნები. ვისაც ობიექტური და გაწონასწორებული სტატიების კითხვა გინდათ ”კვირის პალიტრაზე” გადაერთეთ.
ეს ჩემი პირადი ბლოგია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებლად ვიქნები სუბიექტური. ვისაც არ გინდათ, ნუ წაიკითხავთ.
არ მინდა ვინმემ შავ პიარად ჩამითვალოს და ამიტომ სადაზღვევო კომპანიის დასახელებას არ დავწერ. მაგრამ მხოლოდ ამ დათმობაზე წავალ...
ახლა რაშია საქმე. დაიმახსოვრეთ!!! როდესაც მანქანას აზღვევთ, მით უფრო საქართველოში, ასი თვალი და ასი ყური გამოიბით. ყველა საბუთი რასაც ხელს აწერთ, ზედმიწევნით შეისწავლეთ და გაითვალისწინეთ, რომ დაზღვევის აგენტი თქვენ კი არ გემსახურებათ, არამედ საკუთარ კომპანიას ეხმარება თქვენს "დაბოლებაში". თუ რამეს დაგპირდათ, დააწერინეთ და ხელი მოაწერინეთ, მასაც და მის უფროსებსაც.
ეს მოსაზრება, აუცილებლად გახდება სადავო. თუმცა გავიხსენებ უახლოეს შემთხვევას:
როდესაც სოლიდური სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელს ერთ-ერთი ავტოავარიის აუნაზღაურებელი ზარალის გამო შევჩივლე და ადამიანური ლოგიკის დახმარებით უარის ახსნა ვთხოვე, მიპასუხა: შვილო სადაზღვევო კომპანია მომგებიანი ბიზნესია, დედა ტერეზას საქველმოქმედო ოფისი კი არ არისო. ეს არის ლოგიკა და არავის არ აინტერესებს, შენ ის მანევრი იმიტომ გააკეთე, რომ თავი გადაგერჩინა, თუ სიმთვრალით მოგივიდაო...
მოდით, ბარემ იმ მაგალითს მოგიყვანთ, რომელზეც დაზღვევამ უარი თქვა:
ერთ-ერთ შუქნიშანთან მსუბუქი ინციდენტი მოხდა. შუა ზოლში მოძრავმა მანქანამ შეუსაბამო მანევრირებით საფრთხე შეუქმნა გვერდით მიმავალ ავტმობილებს. მარცხენა ზოლში მოძრავმა მძღოლმა დაამუხრუჭა, ადგილი არ ყოფნიდა და ამიტომ მის ზოლში გადმოსული მანქანისთვის აცილება ისევ მარცხნივ გაწევით სცადა. ამის გამო მანქანის წინა კუთხით ღერძულა ხაზის გადაკვეთა მოუწია. აქ საგზაო წესების დარღვევა სახეზეა და სადავო არააფერია. საქმე იმაშია, რომ ამ დროს გზის საწინააღმდეგო ზოლი აბსოლიტურად თავისუფალი იყო და ამ მანევრირებით არანაირი საფრთხე საწინააღმდეგო მოძრაობისთვის არ შექმნილა. სამაგიეროდ, მოხდა შემდეგი რამ: უკვე გაჩერებულ მარცხენაზოლელს უკნიდან!!!!! წამოეწია სხვა ავტომობილი, რომელიც მთლიანად გადასული იყო საწინააღმდეგო ზოლზე და ღერძულა ხაზს გადაცილებულ კუთხე "გააცალა".
რა თქმა უნდა ავარიული სიტუაციის შემქმნელმა ე.წ. ”შუახაზელმა” ავტომ გზა განაგრძო და ერთმანეთთან საქმის გასარჩევად და პატრულის მოლოდინში ავარიის ორი მონაწილე დარჩა.
გამოძახებულმა პატრულმა ჩვეულებრივად შეადგინა ოქმი (ფაქტობრივად აღწერა ის რაც დახვდა - ღერძულა ხაზზე გადასული ორი ავტომობილი და ავარიის ფაქტი), ავარიის ორივე მონაწილეს შესაბამისი ჯარიმები გამოუწერა და პატრულირება გააგრძელა.
როდესაც ”მესამეხაზელმა” სადაზღვევოს, ზარალის ანაზღაურებაზე მიმართა, მოკლე და სწრაფი პასუხი მიიღო - ხელშეკრულებაში გიწერია ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში ზარალი არ ანაზღაურდებაო და მორჩა.
თითქოს კანონის მიხედვით ყველაფერი სწორია, მაგრამ აქ იწყება ზუსტად ის მაიმუნობების გამოაშკარავება, რომელიც თვალებს ხელშეკრულების გაფორმების დროს გვიბრმავებს.
გაოგნებულმა მძღოლმა დაზღვევის პოლისი (იგივე ხელშეკრულება) აიღო და მისხალ-მისხალ გაარჩია.
ამ ფურცელზე წერია ყველაფერი მანქანის, თანხების, გადახდების გრაფიკის, ზარალისა და ფრანჩიზის შესახებ... მაგრამ სიტყვა არ არის ნახსენები თუ რა შემთხვევაში არ (!!!) ანაზღაურებს სადაზღვევო ზარალს.
თუმცა წვრილი შრიფტით მიწერილია რომ პოლისის (ხელშეკრულების) განუყოფელი ნაწილია რაღაც დებულება თუ დამატებითი წესები.
მძღოლმა გაიხსენა რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს, მთელი მისი ყურადღება სწორედ პოლისზე იყო გადატანილი და დანარჩენი ფურცლები, რომლებზეც ხელი მოაწერინეს, ნორმალურად არც უნახავს. სწორედ იქ წერია, რომ ზარალი არ ანაზღაურდება სიმთვრალის, ნარკოტიკული ზემოქმედებისა, ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში.
მერე ვისი ბრალიაო, იტყვით თქვენ. დოყლაპია თუა მოქალაქე და ბევრფურცლიანი დამატებები თუ არ წაიკითხა, რა ვალდებულია აგენტი მოუყვეს ყველაფერსო... მე კიდე გკითხავთ, რა ვალდებულია დაზღვეული იურიდიულ საკითხებში რომ ერკვეოდეს? თუ ადვოკატი უნდა აიყვანოს?
მოდი, ის შემთხვევაც განვიხილოთ, თუ ყველა დაზღვეულმა ადვოკატი აიყვანა... აი, სწორედ მაშინ "დაერხევათ" სადაზღვეოებს.
ბაიყუშებივით აღარ მოვაწერთ კონტრაქტებზე ხელს და სოლიდურ ოფისებსაც ვეღარ აიშენებენ...
კარგი, ხსენებულ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ მაქვს რამდენიმე შეკითხვა: დღეს როდესაც თბილისში პანდუს-მანდუსების და სხვადასხვა მშენებლობის ბუმია. ვთქვათ რომელიმე "პრარაბმა" გადაკეტა გზა რაიმე საჭიროებისათვის, არ თქვათ ეხლა, არ მომხდარა მსგავსი რამეო. ჰოდა, ამ გადაკეტილი გზის გამო მანქანების ნაკადი ხშირად კვეთს ხოლმე ღერძულა ხაზს. ამ შემთხვევაში მომხდარ ავარიასაც არ აზღვევთ? და თუ ორმო ამოთხარა რომელიმე "თბილისის წყლის" მუშამ, კანალიზაციის მილს არემონტებს და გზა ისევ ღერძულას გადაკვეთით უნდა გავაგრელოთ, მაშინაც არ მაზღვევთ?
და საერთოდ, რას ნიშნავს როდესაც შეზღუდვაში მხოლოდ ღერძულა ხაზი და სიჩქარის გადაჭარბებაა?
რახან მითითებული არ არის, გამომაქვს დასკვნა, რომ შუქნიშნის ან საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობაზე, ან არასწორი პარკირებისა თუ მანევრირებისას, დაზღვეულს პრობლემა არ აქვს?
გამოდის, რომ თუ ვინმე გიჟი გეჯახება, სხვა გზა არ გაქვს, დაელოდე როდის აგჩეხავს, სამაგიეროდ, მანქანის ზარალს აგინაზღაურებენ. თქვენ გინდათ ასეთი დაზღვევა? მე უკვე ეჭვი მეპარება.
არის კიდევ ერთი მომენტი: დაზარალებულს სადაზღვევო რომ არ გამოეძახა, ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მეორე-მესამე დღეს წასულიყო სხვა ადგილას და მანქანა ხელმეორედ, გზის პირას მდგარი ხისთვის დაეჯახებინა... დაზღვევა ზარალს აუნაზღაურებდა. თუმცა ავარიისთვის კიდევ ერთ ჯარიმას პატრულიც დაუწერდა.
ხომ მაგარია?
მე 5 წელია, უკვე მეორე მანქანას ვაზღვევ იმავე კომპანიაში. საბედნიეროდ არ დამჭირვებია დაზღვევის გამოყენება, მაგრამ ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ამ კომპანიასთან საქმეს აღარასოდეს დავიჭერ. ნაცნობებ-მეგობრებსაც მოვუყვები და თვითონ გადაწყვიტონ, ღირს თუ არა ასეთებთან ურთიერთობა.