კავკასიური "სიურპრიზი": საით მიდის აზერბაიჯანი?! - რაზე დაითანხმა პუტინმა ილჰამ ალიევი - კვირის პალიტრა

კავკასიური "სიურპრიზი": საით მიდის აზერბაიჯანი?! - რაზე დაითანხმა პუტინმა ილჰამ ალიევი

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - BBC-ის რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ბაქოში პუტინის ვიზიტის შემდეგ: აზერბაიჯანი BRICS-ში შედის?!“, რომელშიც განხილულია აზერბაიჯანის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯის - BRICS-ში გაწევრების მიზეზები და მნიშვნელობა.

გთავაზობთ პუბლიკაციის მცირედ შემოკლებულ ვერსიას:

აზერბაიჯანმა ოფიციალურად წარადგინა განაცხადი BRICS-ში მიღების შესახებ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა აიჰან გაჯი-ზადემ. საინტერესოა, რომ ასეთი სურვილი აზერბაიჯანმა ბაქოში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შემდეგ გამოხატა ანუ რუსეთის პრეზიდენტის მოსკოვში გამგზავრებიდან ერთი დღე-ღამეც კი არ იყო გასული.

BRICS-ი („ბრიჩი“ - ქართ.) არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს დაარსდა. დღეისათვის მასში შედიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

აზერბაიჯანი რიგში ჩადგა...

BRICS-ში გაწევრებით ბაქოს დაინტერესებაზე გასულ კვირას პოლად ბულბულოღლუმაც განაცხადა - აზერბაიჯანის ელჩმა რუსეთში: "BRICS-ში შესასვლელად უკვე მსურველთა დიდი რიგი დადგა. დიახ, აზერბაიჯანს ნამდვილად სურს, ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს“, - აღნიშნა დიპლომატმა, რომლის თქმით, მოსკოვი და ბაქო უკვე დიდი ხანია, განიხილავენ შესაძლებლობას თანამშრომლობის გაფართოების შესახებ ანუ BRICS-ში მიღებისათვის თხოვნა-განაცხადის წარდგენა ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

პოლად ბულბულოღლუს განცხადება და განაცხადის წარდგენა დაემთხვა რუსეთის პრეზიდენტის ორდღიან ვიზიტს ბაქოში, რომელიც 18-19 აგვისტოს გაიმართა. ეს იყო ვლადიმერ პუტინის პირველი სტუმრობა ბაქოში, უკრაინასთან ომის დაწყების დღიდან.

პუტინი ბაქოში: რატომ - ახლა?

ვიზიტმა შერეული რეაქცია გამოიწვია თვით აზერბაიჯანში და საკმაოდ გააკვირვა დასავლელი ანალიტიკოსები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები: ბევრს კითხვები გაუჩნდა - რატომ ჩავიდა რუსეთის ლიდერი ბაქოში და რატომ - სწორედ ახლა?

როგორც BBC-ის აზერბაიჯანული სამსახურის რედაქტორი კენულ ჰალილოვა წერს, აზერბაიჯანის მთავრობა კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს არა მარტო უკრაინასთან და დასავლეთთან, არამედ რუსეთთანაც - ბაქოს არასდროს შეუქცევია ზურგი კრემლისათვის. ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტი, ასევე, ითვლება შესაძლებლობად რუსეთის პრეზიდენტისათვის, რომ მან აჩვენოს მსოფლიოს - მოსკოვს მხარდამჭერები ნამდვილად ჰყავს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში გამგზავრებამდე რუსეთის ლიდერმა ჩრდილოეთ კორეა და ვიეტნამი მოინახულა.

რუსული წყაროების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა განიხილეს სამოკავშირეო და სტრატეგიული ურთიერთობის საკითხები, ნავთობგაზის დარგისა და რუსეთის საშუამავლო როლი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირებაში.

BRICS-ი - როგორც დასავლეთის ალტერნატივა

მიუხედავად იმისა, რომ BRICS-ი ხშირად არის ხოლმე ისეთ ალიანსად მიჩნეული, რომელიც მრავალპოლუსიან მსოფლიოს წარმოადგენს და მასში, თითქოსდა, რუსეთი დომინირებს. მაგრამ ეს ასე არ არის: ორგანიზაციაში, ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა ჩინეთი, რომლის მთლიანი შიდაპროდუქტის წილი ბლოკის წევრ ქვეყნებში თითქმის 70%-ია.

BRICS-ი 2006 წელს ხუთმა სახელმწიფომ შექმნა (ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ), მოგვიანებით კი მათ შეურთდნენ: ირანი, არაბული საემიროები, ეთიოპია და ეგვიპტე.

როგორც BBC-ის რუსული სამსახურის ეკონომიკური მიმომხილველი - ალექსი კალმიკოვი განმარტავს, ჩინეთმა BRICS-ი, რომელიც თავდაპირველად ამორფულ კლუბს წარმოადგენდა, „ანტიდასავლურად“ გარდაქმნა და თავის ერთპიროვნულ გავლენაში მოაქცია, შემდეგ კი მასში სანედლეულო რესურსებით მდიდარი ქვეყნებიც მიიწვია, ხარჯების განაწილების მიზნით.

2023 წლის ოქტომბერში კი პეკინის ეგიდით გამართულმა BRICS-ის ფორუმმა, დევიზით - „ერთი გზა - ერთი სარტყელი“, დაადასტურა ორგანიზაციის ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსი - ყველა იმ სახელმწიფოების გაერთიანება „ჩინეთის ფრთებქვეშ“, რომლებიც უკმაყოფილონი არიან აშშ-ის ჰეგემონიით. ამ ქვეყნებს ხშირად „გლობალურ სამხრეთსაც“ (Global South) უწოდებენ - დასავლეთის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მდიდარ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის არიან გაბნეულნი, სხვადასხვა კონტინენტზე - აშშ-ით და ევროპით დაწყებული, იაპონიამდე და ავსტრალიამდე.

როგორ ესმით „ერთიანობა“ BRICS-ის წევრებს

როგორც ანალიტიკოსები ირწმუნებიან, BRICS-ის წევრები ერთიანი ფრონტით მხოლოდ აშშ-ისა და დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიან - პოლიტიკაში და ეკონომიკაში (ვაჭრობაში) მათი მსოფლიო ბატონობისა და თამაშის წესების გამო. ანუ ისინი ერთიანობას მხოლოდ მაშინ ამჟღავნებენ, როცა ხმას „წინააღმდეგ“ აძლევენ.

რაც შეეხება „მომხრეობას“, ამ დროს ყველას საკუთარი აზრი და ინტერესი აქვს. სწორედ ამიტომ BRICS-ის საქმიანობაში ჯერ კიდევ საკმაოდ არის შენარჩუნებული ამორფულობა და ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის კონგლომერატს წარმოადგენს - გიგანტებიდან ჯუჯებამდე, დემოკრატიულებიდან ავტოკრატიულამდე.

„დიდი შვიდეულისაგან“ განსხვავებით, რომლებიც, ძირითადად, ერთიან მიდგომას გამოხატავენ, სხვადასხვა გლობალური პრობლემების მიმართ, BRICS-ის ქვეყნებს ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელები და სხვადასხვა დონის ურთიერთდამოკიდებულებები აქვთ კოლექტიურ დასავლეთთან - მაგალითად, ინდოეთის მიდგომები არ ეთანხმება ჩინეთის მიდგომებს, არც ბრაზილია გამოირჩევა ერთსულოვნების პრინციპის ერთგულებით და ა.შ.

წყარო