"ახლაც მეტირება, ამის უემოციოდ გახსენება შეიძლება? გენოს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, ამ ამბავს ალბათ ვერც გადაიტანდა" - გენო პეტრიაშვილის გზა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე და ტყვეობაში გადატანილი სულისშემძვრელი ამბები - კვირის პალიტრა

"ახლაც მეტირება, ამის უემოციოდ გახსენება შეიძლება? გენოს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, ამ ამბავს ალბათ ვერც გადაიტანდა" - გენო პეტრიაშვილის გზა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე და ტყვეობაში გადატანილი სულისშემძვრელი ამბები

"რომ გავიზრდები ვინ უნდა გამოვიდე? - მოჭიდავე.

მაშ ასე, დამიმახსოვრეთ, მე ვარ გენო პეტრიაშვილი", - 6 წლის იყო, ეს სიტყვები რომ თქვა; თქვა და შეასრულა! მისი ტიტულების შთამბეჭდავ ჩამონათვალს ახლახან ოლიმპიური ჩემპიონობაც მიემატა, ის სამშობლოში ოქროს მედლით დაბრუნდა.

"თავად ოქრო, თავმდაბალი, თბილი, უკონფლიქტო, მეგობრული", - ასე ახასიათებენ გენო პეტრიაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის მე-9 საჯარო სკოლის პედაგოგები; ადამიანები, რომელთა თვალწინაც ჩემპიონის ბავშვობამ ჩაიარა, მის ბავშვობაზე კი გასახსენებელი ნამდვილად ბევრი აქვთ.

- ქალბატონო ცირა, რა განცდაა, როდესაც თქვენი ყოფილი მოსწავლე ოლიმპიური ჩემპიონი ხდება?

ცირა მანველიშვილი, დაწყებითი კლასების პედაგოგი:

- უზომოდ დიდი სიხარულია. გენოს, მის ოჯახს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. გილოცავთ თქვენ, ვულოცავ საქართველოს, ყველას, ვინც ამ ამბავმა გაახარა. ისეთი დაძაბული ვიყავი, ვერც კი აღვწერ იმ ემოციას, მაგრამ გულის სიღრმეში სულ მჯეროდა, გენოს გაუმართლებდა და საქართველოს გაახარებდა.

- მიამბეთ, როგორი ბავშვი იყო? რა თვისებებით გამოირჩეოდა?

- ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 6 წლის გენოს ჩანაწერი, დიდი მოჭიდავე უნდა გამოვიდე, დამიმახსოვრეთო. აი, ასეთი შემართებით მოვიდა სკოლაში. უყვარდა ჭიდაობა, სპორტი და მისი გაცნობის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის დიდი სპორტსმენი გახდებოდა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვები სპორტს მიჰყვებიან, დიდ დროს უთმობენ და ეს სწავლაზე აისახება. გენოს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა. ის ყოველთვის ძალიან კარგი და მოწესრიგებული მოსწავლე იყო. გულღია, მიზანდასახული და საოცრად კეთილი ბავშვი. კლასში რაიმე სახის პრობლემა თუ იქნებოდა, ისეთი, ჩემი თვალი რომ ვერ დაინახავდა, გენო იმ სიტუაციას ყოჩაღად, ისე ჩუმად დაალაგებდა, ვერაფერს გაიგებდი. ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა, საკუთარი ძალის დემონსტრირება მოეხდინა, პირიქით, მეგობრული ბავშვი იყო. ხშირად თანატოლებს ისე აშველებდა, ჩემთან ამბავიც არ მოჰქონდა.

- გაკვეთილებზე თუ აქტიურობდა?

- კი, მათემატიკა, მშობლიური ენა და ლიტერატურა უყვარდა. ყოველთვის საინტერესო შეკითხვებს სვამდა. გენო ისეთ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, შეუძლებელიც კი იყო, სხვაგვარ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო.

- ნუთუ არასდროს გაუბრაზებიხართ?

- ბავშვური სიცელქე, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ ახლა დავფიქრდი და ასეთი ფაქტი ვერც კი გავიხსენე. ბანკეტი რომ ჰქონდათ, გენომ და მისმა კლასელებმაც აღიარეს, რა პატარ-პატარა ცუღლუტობებს სჩადიოდნენ, ერთმანეთისგან გადაწერას როგორ ახერხებდნენ.

მოგეხსენებათ, გენომ პატარა ასაკში ურთულესი პერიოდი გაიარა, მისი გატაცების ამბავს ვგულისხმობ. მაგ დროს მე აღარ ვასწავლიდი, მაგრამ მთელი სკოლა მისი მშობლების გვერდით ვიდექით და ვალდებულებიც ვიყავით, ასე მოვქცეულიყავით.

- კლასელებიც გაიფიცნენ და გაკვეთილებზე აღარ შედიოდნენ, არა?

- დიახ, ამ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი. გენო ოჯახს რომ დაუბრუნდა, მივედი, გულში ჩავიკარი, აღწერაც არ მინდა, რა მდგომარეობაში იყო. გენოს მამა ჩემი კლასელი გახლდათ, ჩვენ ოჯახებით ვახლობლობთ... ახლა ჩემპიონატზე რომ ვუყურებდი, უზომოდ ამაყი ვიყავი. მინდა ვთქვა, რომ გენო თავადაა ოქრო, თავისი თვისებებით, ადამიანობით, იმ ხასიათით, რომელიც ამ ოლიმპიადაზეც კარგად გამოჩნდა. ის ღირსეული ადამიანია. უსმინეთ, როგორი პატივისცემით ლაპარაკობს მეტოქეებზე, რომლებიც მასთან დამარცხდნენ.

- ამბავი, რომელიც გენოსთან დაკავშირებით გახსენდებათ...

- გენომ არ იცოდა, არ სჩვეოდა თავის წარმოჩენა. ის პატარაობიდანვე გადიოდა შეჯიბრებებზე, ჰქონდა წარმატებული ასპარეზობები, მაგრამ სკოლაში ამის შესახებ არ ლაპარაკობდა. არ იტყოდა, გუშინ იმიტომ ვერ მოვედი, რომ ასპარეზობა მქონდაო. ამბავს უმეტეს შემთხვევაში, დედამისისგან ვიგებდი. შემდეგ კლასელები ტაშს უკრავდნენ, ულოცავდნენ. ბიჭებს განსაკუთრებით აინტერესებდათ, რა ილეთებს იყენებდა გენო. ზოგჯერ მცირე დროით, გაკვეთილს ვაჩერებდი და ის ბავშვებს ამ ილეთებს უჩვენებდა. მეც სიამოვნებით ვუყურებდი. გენოს კლასში გამორჩეულად კარგი ბავშვები იყვნენ.

იმ სამი თვის განმავლობაში, როცა გენო გატაცებული ჰყავდათ, სახლშიც ვერაფერს ვაკეთებდი, თვალწინ სულ ეს ბავშვი მედგა. ათასნაირი ხმა მოდიოდა. რომ ჩამოიყვანეს, ჩემი თვალით ვნახე, ბავშვი იქ რამდენად რთულ პირობებში ჰყავდათ. გამხდარი იყო, გაზრდილი თმით, მოუწესრიგებელი... ის კარგ მდგომარეობაში ნამყოფი ბავშვი არ იყო. რომ მახსენდება, სულ მეტირება.

- პირად საუბრებში რას გეუბნებოდათ?

- მეუბნებოდა, იქ მე ძალიან მაგრად ვიდექი, საჭმელი რომ მოჰქონდათ, ზოგჯერ იქით ვუტევდი. ერთმა მითხრა, შენ რა მაგარი ბიჭი ყოფილხარო.

- გატაცების ფაქტი როგორ მოხდა?

- ეს დეტალები არ ვიცი, მაგრამ ცნობილია, რომ გენო სასაზღვრო სოფელ ნულიდან გაიტაცეს. ბევრი სირთულე დაძლია და უდიდეს წარმატებას მიაღწია. მას შემდეგ, რაც ძალიან წარმატებული გახდა, სკოლაშიც მოვიწვით, ლადო ხინჩიგაშვილთან ერთად. ლამაზი ღონისძიება მოვუწყვეთ.

- ბავშვური თვისებები შემორჩენილი აქვს?

- მისი ლაპარაკიდანაც ჩანს მისი სიალალე. რომ ვუსმენ, მგონია, პატარა გენო ლაპარაკობს, ისევ ისეთი გულღიაა, ისევ სითბოს აფრქვევს.

- თქვენი ახლანდელი მოსწავლეები გენოს შესახებ რას გეკითხებიან?

- მე ბავშვებს გენოს შესახებ ყოველთვის სიამაყით ველაპარაკები. მისი მიღწევების შესახებ იციან, ინტერესდებიან. მათთვის მოტივაციის მიმცემია. ერთმა მშობელმა მითხრა, ბავშვი სახლში რომ მოვიდა, მითხრა, დედა, იცი, თურმე იმ სკოლაში ვსწავლობ, სადაც გენო პეტრიაშვილი სწავლობდაო. ბავშვებისთვის ეს აღმოჩენა ძალზე სასიამოვნოა. გენო მათთან ყოველთვის, როგორც მაგალითის მიმცემი პიროვნება, ისე მომყავს. მიუხედავად მისი უდიდესი მიღწევებისა, ის დღესაც ძალიან თავმდაბალი ადამიანია. ნამდვილად სამაგალითო ბიჭია: ოჯახისთვის, სკოლისთვის, ქალაქისთვის...

- ...ქვეყნისთვის. რა ეტყვით მას?

- გენო, შენ ჩემი სიამაყე ხარ, ოქრო ხარ თავად შენი ხასიათით. მიხარია, რომ უდიდესი შრომა დაგიფასდა. შენი შრომისთვის, ადამიანობისთვის 10 ოქროს მედალი გეკუთვნის.

ია ბჟალავა, დამრიგებელი V-XII კლასებში:

- ვიღებ და ვიფერებ მოლოცვებს, რომლებსაც გენოს ჩემპიონობით გახარებული ადამიანებისგან ვისმენ. ძალიან ემოციური წუთები იყო. სიმართლე გითხრათ, გენოს ჭიდაობის ყურება ყოველთვის მიჭირს.

- ამჯერად შეძელით?

- გორში, ქალაქის ცენტრში დიდ ეკრანთან იყო ხალხი შეკრებილი. ეს ფორმა მე ცუდად მაქვს დაცდილი, ამიტომ მეუღლესთან ერთად სოფელში წავედი და იქ ვუყურეთ, ქალაქს საგანგებოდ გავეცალეთ. ბევრი ვინერვიულე, მაგრამ ბოლოს ძალიან გავიხარე. მერე კი გული დამწყდა, გორში რომ არ ვიყავი და იმ სახალხო სიხარულს ვერ შევუერთდი. დღეს გენო ბრუნდება და მას აუცილებლად დავხვდები.

- V-დან XII კლასის ჩათვლით, მისი დამრიგებელი იყავით. გენოს პიროვნულ თვისებებზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- პედაგოგიური საქმიანობის დროს, გენოს მაგალითს, როგორც "ქეისს", ისე ვიყენებ. გასაოცარი ბავშვი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა ჩემპიონია. სხვაგვარად სასიხარულოა და ორმაგად ემოციურიც კი, როცა იცი, რომ ჩემპიონი საუკეთესო პიროვნებაა. გენო ძალიან თავმდაბალი და უკონფლიქტოა. არ მახსოვს, ოდესმე ცუდად მოქცეულიყოს ან ვინმესთან ურთიერთობა დაძაბოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სიძლიერით გამოირჩეოდა. მცირე შენიშვნას თუ მივცემდი, მაშინვე მოაყოლებდა: ია, მასწ., ბოდიში და ამას ყოველთვის ისე ამბობდა, მეღიმებოდა. გენო პატარაობიდანვე უკეთილშობილესი იყო, სხვათა შორის, გულუბრყვილო და მიამიტიც, "პატარა დათვს" ვეძახდი. ვერც ერთი კლასელი ვერ იტყვის, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს.

- ის არა მხოლოდ ფიზიკურად, შინაგანადაც ძლიერი ადამიანია, არა? თუნდაც მისი გატაცების ფაქტი რომ გავიხსენოთ.

- მან ისეთი ამბები გამოიარა, ძლიერი რომ არ ყოფილიყო, ვერ გადაიტანდა. სამწუხაროდ, ამ თემაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. 19 აგვისტო იყო, სეპარატისტებმა სოფელ ნულიდან რომ გაიტაცეს. გენო და ჩემი შვილი კლასელები არიან. მაშინ 11 წლის იყვნენ. ეს საშინელი ამბავი რომ გავიგეთ, ჩემს შვილს, ლუკას ვუმალავდით; ვცდილობდით, ტელევიზორისგან გაგვერიდებინა. ოჯახმა და ჩვენ ყველამ საშინელი დღეები გამოვიარეთ. ყოველდღე ინფორმაციის მოლოდინში ვიყავით. ვინც ცუდ ამბავს მეუბნებოდა, მეორედ იმ ადამიანის დანახვა აღარ მინდოდა, იმდენად განვიცდიდი. გენოს დედასთან მუდმივად კონტაქტი მქონდა. 99-ე დღეს გავიგე, რომ ე.წ. საზღვარზე გადმოიყვანეს და გორში უნდა ჩამოეყვანათ. სკოლიდან მის სახლამდე სულ სირბილით გავედი, 500 მეტრზე მეტი მანძილი იქნება. ზუსტად იმ მომენტს შევესწარი, მანქანიდან რომ გადმოიყვანეს. ბავშვს სიარული უჭირდა. წარმოიდგინეთ, 3 თვე ორმოში გაატარა.

- რას ამბობთ... გამტაცებლები რას ითხოვდნენ?

- ბევრ რამეზე იყო ლაპარაკი, ზოგი რას ამბობდა, ზოგი - რას, გამოსასყიდზეც საუბრობდნენ. ყველამ ერთად სამთვიანი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ბავშვი მანქანიდან ბარბაცით გადმოვიდა, გამართულად სიარული უჭირდა. მივედი, ჩავეხუტე, მისი დახორკლილი ხელები არასდროს დამავიწყდება, მარჯვენა ხელის მაჯაზე მოჭერილი თოკის კვალი ისევ ეტყობოდა, მარჯვენა ხელით დაბმული ჰყოლიათ. გენოს ოჯახი ძალიან მორწმუნეა. მშობლებს ეკლესიამ გააძლებინა და გადაატანინა ეს ამბავი. გენომ იმ დღეს მითხრა, - ია მასწავლებელო, პირჯვარს სულ მარცხენა ხელით ვიწერდი და ხომ არა უშავსო?

- საოცარ ამბავს ჰყვებით.

- ახალაც მეტირება, ამის უემოციოდ გახსენება შეიძლება? გენოს ოჯახმა შეუძლებელი შეძლო. ძალიან კარგად და ზუსტად გააკეთეს ყველაფერი, რომ ბავშვისთვის ასეთი დიდი ტრავმა შედარებით მსუბუქი გადასატანი ყოფილიყო. ამ ამბიდან რაღაც პერიოდი პედაგოგები ვატყობდით, ცოტათი უფრო აგრესიულ თამაშს ირჩევდა, რუსულ სიტყვებს გაურევდა ხოლმე, რაც მანამდე არ სჩვეოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინფორმაციას მშობლებთან ვცვლიდით. ღმერთმა ყველა ბავშვი დაიფაროს, მაგრამ გენოს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, ამ ამბავს ალბათ ვერც გადაიტანდა. გატაცებიდან 2 წლის შემდეგ, ის ადამიანები დააკავეს. გენოს დაკითხვებს მე ვესწრებოდი, ყველა დეტალი მოსმენილი მაქვს, რაც იქ მის თავს ხდებოდა. ისეთი ამბები მესმოდა, ვერც კი წარმომედგინა, როგორ შეიძლება მოხდეს. 3 დღე დავდიოდით დაკითხვაზე, თურმე ეს ბავშვი რას უძლებდა.

- შეგიძლიათ ერთი ეპიზოდი გაიხსენოთ?

- თანამიმდევრულად სთხოვდნენ ყველა დეტალის გახსენებას, პირველი დღიდან მოყოლებული, რა და როგორ იყო. ამ 3 თვის განმავლობაში, ადგილი 3-ჯერ შეუცვალეს. რაღაც პერიოდი თვალებახვეულიც ჰყავდათ და მასთან მიმსვლელ ადამიანებს თურმე, ხმით ცნობდა. გამომძიებელმა ჰკითხა, ახლა ბოლო დღე გავიხსენოთო, რა და როგორ იყოო? - აუ, ეს ყველაზე კარგი დღე იყოო. ისეთი ემოციით თქვა, არასდროს დამავიწყდება. ერთხელ მითხრა, იმ ადამიანებს ზოგჯერ ვაბრაზებდიო. როგორ აბრაზებდი-მეთქი? - ვეუბნებოდი, რომ საპირფარეშოში მინდოდა და სინამდვილეში, არ მინდოდაო. გენო უკეთილშობილესი ლომჭაბუკია, მასზე უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო. უყვარს თავისი სკოლა, მისგან სითბოს ყოველთვის ვგრძნობთ. გენოს ძმაც ჩვენს სკოლაში დადის, ჩემი მოსწავლეა. მე ერთი ძალიან საინტერესო ფოტო მაქვს.

- ბუნებრივია გთხოვთ, ეს ფოტო გადმომიგზავნოთ და მისი ისტორიაც მიამბოთ.

- გენოს კლასელი იყო ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილი შოთა ჩოჩიშვილი. მოგეხსენებათ, ის პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი იყო ძიუდოში. იმ პერიოდში, ახალი სასწავლო წელი რომ იწყებოდა, პირველ გაკვეთილს დამრიგებელი ატარებდა და თემას განათლების სამინისტრო განსაზღვრავდა. გენო VI კლასში რომ იყო, იმ წელს ოლიმპიური წელი გახლდათ. თემაც შესაბამისი იყო. ვიფიქრე, სკოლაში ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი მომეწვია. ამაზე კარგი რა უნდა გამეკეთებინა? ის მასწავლებლების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო და ამითაც ვისარგებლე. ბატონი შოთა მოვიწვიე, თან ვთხოვე, ოლიმპიური ოქროს მედალი წამოეღო. იმ დღეს სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ. გენო დიდ და პატარა შოთა ჩოჩიშვილთან ერთად, ხელში ოქროს მედლით. ვამბობდი, გენოს ოლიმპიური ოქროს მედალი ამ დღიდან დაებედა-მეთქი. დღეს ჩემს საყვარელ ბიჭს, ამ ფოტოიანი მაისურით დავხვდები.

- და რას ეტყვით?

- მივულოცავ და ვეტყვი, რომ დამსახურებული ჯილდოა, კიდევ ბევრ წარმატებას უნდა მიაღწიოს, გამრავლდეს, გაიხაროს და გაგვახაროს. ბედნიერი ვარ, დღეს ჩემს გაზრდილ ბიჭს რომ ავტოგრაფი უნდა ჩამოვართვა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"