რუსებს ალყაში მოქცევა ემუქრებათ - კურსკის ფრონტი: რა შეიძლება ეწეროს უკრაინის მთავარსარდლის საიდუმლო გეგმაში?! - კვირის პალიტრა

რუსებს ალყაში მოქცევა ემუქრებათ - კურსკის ფრონტი: რა შეიძლება ეწეროს უკრაინის მთავარსარდლის საიდუმლო გეგმაში?!

კურსკში ხიდების აფეთქებით ხერსონის ოპერაცია მეორდება... რუსულ დაჯგუფებას ალყა ემუქრება...

რუსეთის კურსკში შეჭრის ოპერაციის მთავარ მიზანს უკრაინის მხარე დღემდე არ ამხელს, ყველაფერი ისევ „ომის ბურუსითაა“ მოცული, თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს...

1-glu-1724224253.jpeg
კურსკის ოლქის გლუშკოვოსთან, მდინარე სეიმზე, უკრაინელების მიერ აფეთქებული ერთ-ერთი საავტომობილო ხიდი...

უკრაინელების მოულოდნელი რეიდი უშუალოდ რუსეთის კურსკის ოლქში თავდაპირველად სადაზვერვო-დივერსიული რეიდების სახით დაიწყო და შემდეგ უკვე საერთო საჯარისო ოპერაციის დონეზე გადაიზარდა. შესაბამისად, უკრაინის გენშტაბის საიდუმლო გეგმაში შეიძლება ჩაწერილი იყო, რაც შეიძლება ღრმად შეჭრა კურსკის ოლქში, კურჩატოვში ატომური ელექტროსადგურის ბლოკირება, ქალაქ კურსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამხედრო აეროდრომის მწყობრიდან გამოყვანა და იქვე მდებარე 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ინფრასტრუქტურის განადგურება - სწორედ ამ ნაწილიდან წაყვანილმა და უკრაინის დონბასში მალულად შეყვანილმა რუსულმა „ბუკმა“, 2014 წლის 17 ივლისს, საზენიტო რაკეტით ჩამოაგდო მალაიზიური სამგზავრო „ბოინგი“, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა...

6 აგვისტოს დაწყებულმა მოულოდნელმა რეიდმა გარკვეული შედეგი გამოიღო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, გენერალ სირსკის მტკიცებით, 20 აგვისტოსთვის უკრაინის არმია რუსეთის კურსკის ოლქში უკვე აკონტროლებდა 1 263 კვ.კმ-ის ტერიტორიასა და 93 დასახლებულ პუნქტს.

თუმცა ის სავარაუდო ძირითადი საბრძოლო ამოცანა, რაც კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან, ასევე, სამხედრო აეროდრომთან მიახლოებას და ბლოკირებას ითვალისწინებდა, შეუსრულებელი დარჩა, რადგან რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაჭირვებით, ნელა, მაგრამ მაინც მოახერხა უკრაინის საექსპედიციო კურპუსის კურსკის ოლქში კიდევ უფრო ღრმად შეჭრის მცდელობების შეჩერება.

2-glu-1724224358.png
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ სირსკის მიერ გამოქვეყნებული ოპერატიული რუკა 20 აგვისტოს მდგომარებით, რომელზეც ჩანს, რომ უკრაინული დანაყოფები რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 28-35 კმ-ის სიღრმეში არიან შეჭრილნი...

სამაგიეროდ, უკრაინულმა დანაყოფებმა „განზე“ დაიწყეს გასვლა და გააფართოეს საბრძოლო მოქმედებების ზონა, სახელმწიფო საზღვრის პარალელურად.

ამასთან, უკრაინელებმა დაიწყეს შეტევები კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონის სრულად გასაკონტროლებლად, რისთვისაც ერთმანეთის მიყოლებით ააფეთქეს სამი ხიდი მდინარე სეიმზე, რომელიც გლუშკოვოს ჩრდილოეთით გადის, რითაც გლუშკოვოსთან მოქმედ რუსულ დანაყოფებს ალყაში მოქცევის საშიშროება შეუქმნეს...

ეს სიტუაცია რაღაცით წააგავს 2022 წლის 29 აგვისტოს დაწყებულ უკრაინულ კონტრშეტევით ოპერაციას, რომლის მიზანი გახლდათ რუსი ოკუპანტების გაყრა ქალაქ ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან. ეს წარმატებით დასრულდა იმავე წლის 9-11 ნოემბერს, როდესაც რუსეთის გენშტაბმა ორ დღეში სასწრაფოდ გადაიყვანა თავისი დაჯგუფება დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე და უკრაინელებმა უბრძოლველად დაიბრუნეს ქალაქი ხერსონი.

3-glush-1724224462.png
კურსკის ოლქში გლუშკოვოსა და მდინარე სეიმის თანამგზავრული ფოტო...

მაშინაც უკრაინელებამ ჯერ „ჰაიმარსების“ ზუსტი სარაკეტო დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანეს ხერსონთან, მდინარე დნეპრზე გამავალი ანტონოვსკის საავტომობილო, ასევე, სარკინიგზო ხიდები, რითაც მარჯვენა სანაპიროზე მყოფი რუსი ოკუპანტები მარცხენა სანაპიროს მოწყვიტეს და მნიშვნელოვნად გაურთულეს ლოჯისტიკური უზრუნველყოფა...

სწორედ ეს - მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ალყაში მოქცევის დიდი საფრთხე გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ კრემლი იძულებული გახდა, მიეღო პუტინის პოლიტიკური იმიჯისთვის ძალზე დამაზიანებელი გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, ორ დღეში სასწრაფოდ გაეყვანა თავისი დაჯგუფება ახალ კახოვკასთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურის დამბის გავლით, რომელიც 2023 წლის ივნისში თავად რუსებმა ააფეთქეს კიდეც.

კურსკის ოლქის გლუშკოვოსთან, მდინარე სეიმზე ხიდების აფეთქებისთანავე, რუსებმა დაიწყეს პონტონების გადება, რომლებსაც სათადარიგო გადასასვლელების როლი უნდა შეესრულებინათ, თუმცა უკრაინულმა FPV-დრონებმა მაშინვე მასობრივი შეტევები განახორციელეს საპონტონო დანაყოფების მანქანებზე და, ფაქტობრივად, ჩაუშალეს პონტონების გახსნა რუს სამხედროებს.

alada-1724224732.png
ხერსონის გათავისუფლებაც ასე იწყებოდა - მდინარე დნეპრზე ანტონოვსკის ხიდის აფეთქებით უკრაინელებმა ხერსონში მყოფი რუსი ოკუპანტები ალყაში აღმოჩენის საშიშროების წინაშე დააყენეს...

სამი ხიდის მწყობრიდან გამოყვანა და პონტონების გასაშლელად ოპერატიულად ხელის შეშლა, გლუშკოვოს რაიონში თავდაცვით პოზიციებზე მყოფ რუსულ დაჯგუფებას ალყაში მოქცევის სერიოზულ საფრთხეს უქმნის -სამხრეთიდან უტევს უკრაინის არმია, ჩრდილოეთით კი - მდინარე სეიმზე აფეთქებულია ხიდები და ვერც პონტონების გაშლას ახერხებენ უკრაინული FPV-დრონების გამუდმებული საჰაერო შეტევების ფონზე, შესაბამისად, უკან დახევის საშუალება ესპობათ...

ანუ ხერსონის ოპერაციის მსგავსი სიტუაცია იქმნება - თუ რუსეთის გენშტაბი ისევე მოიქცა და სანამ დროა, სასწრაფოდ დაიწყო თავისი დაჯგუფების ევაკუაცია მდინარე სეიმის მეორე ნაპირზე, მაშინ ეს მდინარე ერთგვარი გამყოფი ხაზი გახდება (როგორც ეს დღეს ხერსონის ფრონტის მონაკვეთზეა), რომელსაც უკრაინის მხარე თავდაცვის ზღუდედ გადააქცევს და, შესაბამისად, კიდევ დიდხანს შეძლებს რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპაციას... რუსეთის მიერ უკრაინული მიწების ოკუპაციის საპასუხოდ, ხოლო თუკი საქმე მოლაპარაკებამდე მივა, კურსკის ოლქის ოკუპირებული ნაწილით კარგი ვაჭრობა და „გაცვლა“ შეიძლება...