მოსამართლე ეკა არეშიძე „ქართულ ოცნებას" პასუხობს - "ხორავას ქუჩაზე, ორი არასრულწლოვნის მკვლელობის თემით სპეკულირება უზნეობაა!"
ორი უდანაშაულო არასრულწლოვნის მკვლელობის თემით სპეკულირება, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა! ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია, - ასე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომელიც 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ მის მიერ მიღებულ სასამართლო განაჩენს ეხება.
როგორც მოსამართლე ეკა არეშიძე განმარტავს, კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
„ვეხმაურები გავრცელებული განცხადების მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელიც უშუალოდ მე შემეხო. თავის მართლება იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაც აღნიშნულ განცხადებაში გაჟღერდა უბრალოდ დამამცირებელი და ღირსების შემლახავია. მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები.
შეგახსენებთ:
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 63. მოსამართლემოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.
აღნიშნულ საქმეზე, 6 წლის წინ, სპეციალურად შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულია შესაბამისი დასკვნა.სასამართლო არ არის ვალდებული გაიზიაროს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ან დაცვის მხარის პოზიცია.სასამართლოს განაჩენი ყველასთვის გასაგები და მისაღები ვერ იქნება.უსამართლობის განცდა იწვევს საზოგადოების აღშფოთებას.ორი უდანაშაულო არასრულწლოვნის მკვლელობის თემით სპეკულირება, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა!
P.S. ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია“- წერს ეკა არეშიძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკური სიტუაციის შეფასების კონტექსტში, საუბარი იყო 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება იყო დაკავშირებული“, - წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"