"ყოველთვის ჩემს გულში. მალე გნახავ, საქართველო!" - რა პოსტები გამოაქვეყნა ხავიმ საქართველოდან გამგზავრებამდე
"ლევანტეს" ოფიციალური გვერდის სოციალური ქსელის ადმინისტრატორი, რომელიც საქართველოში თავისი პოსტების და იუმორის გამო ძალიან პოპულარული გახდა, რამდენიმე დღით საქართველოში იმყოფებოდა და ზოგიერთი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება და ქართული კერძების დაგემოვნებაც მოასწრო.
“ჩვენ უკვე აქ ვართ!“ - დაწერა 19 აგვისტოს ხავი დე ლა ოსასმა.
“დილამშვიდობისა საქართველო“ - და პირველი ფოტო გამოაქვეყნა .
შემდეგ ფოტო მცხეთიდან დადო:
"რა მენაღვლება?! ჯვარზეც ვიყავი, შავი და თეთრი არაგვიც ვნახე და ხვლიკისფერი სვეტიცხოველიც..."
ერთ-ერთ კომენტარში წერს:
"ჩემო ქართველო მეგობრებო, დაუჯერებელია ის სიყვარული რასაც თქვენგან ვიღებ და ჯერ მხოლოდ 1 დღეა რაც აქ ვარ.
იმედია, შევძლებ ყველას დაგიბრუნოთ ის სითბო რასაც ამჟღავნებთ ჩემ მიმართ"
ვიდეოში კი ამბობს:
"საკალელოს გაუმარჯოს".
"სასიხარულოა საქართველოში პირველად ჩამოსვლა და ქართველი ფეხბურთელების გაცნობა თბილისში ჩატარებული პროექტით. Tryout-ის მიზანია ასევე უზრუნველყოს საგანმანათლებლო და სასწავლო გამოცდილება, Levante UD-ის მეთოდოლოგიის მიხედვით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია ეს ყველაფერი იქ განვახორციელოთ, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი დაიბადა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ოჯახებს გამოხმაურებისთვის, და მადლობა ყველა ადამიანს სიყვარულისთვის, რომელსაც ამ დღეებში ვიღებთ ყველგან", - აღნიშნა ხავიმ ვიდეოში.
ხავის იუმორის გრძნობა მის პოსტებში კარგად ჩანს ხოლმე, საქართველოზე შეყვარებულ ესპანელს საკუთარი გვარის "გადმოქართულებაც" არ გასჭირვებია და ფოტოზე ასე იხუმრა:
"დელაოსაშვილი ემზადება! Giorgi Kochorashvili ქოჩორ, შენ ჩემი მაისურით გამოდი! "
საქართველოში ჩამოსულმა, გასტრონომიული "ტურებისას" პურის ცხობაც სცადა და ხინკლის მოხვევაც:
"ესეც ჩემი პირველი ხინკალი... რას ფიქრობთ, გამოვდგები?!" (ვიდეო)
დღეს ხავი სამშობლოში დაბრუნდა და გამგზავრების წინ, ახალი პოსტები და ვიდეო გამოაქვეყნა:
"ლაშა ბექაური, ჩემი ძმა. ჩემი დაუვიწყარი მოგზაურობა, ლეგენდარულ ლაშა ბექაურთან შეხვედრით დაგვირგვინდა. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ მაგარი კაცის გაცნობა! ყოველთვის ჩემს გულში. მალე გნახავ, საქართველო!"
"ამასობაში ზალიკოს მუზაც გავხდი და ასეთი ულამაზესი კარიკატურები გვისახსოვრა მე და ქოჩორას!
დიდი მადლობა! Zaliko Sulakauri", - წერს ხავი და ვიდეოს აქვეყნებს.
"რა ლამაზი ქალაქია", - წერს ხავი თბილისზე.