ვინ დასვამს ზელენსკის და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან?! - „უკრაინაში, ისევე როგორც 1917 წელს, ახლაც ამერიკელებს ელოდებიან“ - კვირის პალიტრა

ვინ დასვამს ზელენსკის და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან?! - „უკრაინაში, ისევე როგორც 1917 წელს, ახლაც ამერიკელებს ელოდებიან“

კიევი და მოსკოვი, რა თქმა უნდა, ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, რომლის ფინალიც ნოემბერში გახდება ცნობილი. მაგრამ მოუტანს თუ არა რუსეთს და უკრაინას ამერიკული არჩევნები მშვიდობას? ან სრულ მშვიდობას თუ არა, როგორმე დაარეგულირებს მაინც საომარ მოქმედებებს, დროებით ცეცხლის შეწყვეტისა და დაზავების სახით, სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის ნიადაგის შექმნით? - ასეთი კითხვებია დასმული ფრანგულ ჟურნალ „ლე პუენში“ (Le Point) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „უკრაინაში, ისევე, როგორც 1917 წელს, ახლაც ამერიკელებს ელოდებიან“ (ავტორი - ჟერარ არო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები არ ნელდება. რუსეთის არმია, მოწინააღმდეგის კურსკის ოლქში შეჭრის მიუხედავად, დონბასის ფრონტზე შეტევას განაგრძობს და ნაბიჯ-ნაბიჯ, კილომეტრობით წინ მიიწევს. მართალია, ბრძოლები, თითქოსდა, პოზიციურ ხასიათს ატარებს, სადაც გადამწყვეტ როლს ცოცხალი ძალა და არტილერია ასრულებს, მაგრამ რუსები სიტუაციას მაინც ცვლიან. თვითონ განსაჯეთ: 140-მილიონიანი რუსეთი ებრძვის 40-მილიონიან უკრაინას, რომელსაც შეიარაღებით ექვსჯერ და შვიდჯერ აჭარბებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის არმიამ როგორ გმირულადაც და თავგანწირვით არ უნდა იბრძოლოს, ძალთა დისპროპორცია ისეთი დიდია, რომ 2014 და 2022-24 წლებში დაკარგული ტერიტორიის უკან დაბრუნება უკრაინისათვის არარეალური ჩანს.

კიევის მცდელობის მიუხედავად, რომ როგორმე არმიის საბრძოლო სული აამაღლოს და ჯარისკაცები გაამხნევოს, ხელისუფლებას ომის გარემოებების შეცვლა არ შეუძლია, რომლებიც მის წინააღმდეგ მუშაობს.

უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა თავიანთი მოქმედება ზემოთ ნახსენები ფაქტორების გათვალისწინებით უნდა დაგეგმონ. რა თქმა უნდა, უნდა დაადასტურონ საზღვრების ურღვევობის საერთაშორისო პრინციპი. რასაკვირველია, შეძლებისდაგვარად, მათ თავი უნდა აარიდონ რაიმე დათმობაზე თანხმობას მოლაპარაკების დაწყებამდე, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება: პრინციპები პრინციპებად, მაგრამ პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრის დროს შეუძლებელია, ბრძოლის ველზე შექმნილი სიტუაცია არ იქნას გათვალისწინებული. ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა იქნება არეკლილი. ასეთია ის მკაცრი გაკვეთილი, რასაც ისტორია გვასწავლის.

ეჭვი არ არის, რომ ეს, ყველაფერი, უკრაინელებმაც კარგად იციან. მთავრობა კარგად აცნობიერებს იმასაც, რომ სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომის დაწყებიდან 900 დღის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა დაიღალა. უკრაინისათვის ცოცხალი ძალის დანაკარგები და ეკონომიკური ნგრევა უფრო ძნელი და რთული გადასატანია, რუსეთთან შედარებით. არასახარბიელოა, მაგრამ ფაქტია: უკრაინა ფინანსურად და შეიარაღების თვალსაზრისით, თითქმის მთლიანად დასავლეთზეა დამოკიდებული, მას რესურსები არ აქვს. უკრაინის ქალაქები და სოფლები, ქარხნები და ფაბრიკები, ინფრასტრუქტურა მუდმივად იბომბება და ნადგურდება. უკრაინელთა ყოველდღიური ცხოვრება ჯოჯოხეთური ხდება... ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოყმანით, მაგრამ მაინც იძულებულია, დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას - რა თქმა უნდა, საკუთარი პირობებით, მაგრამ - მაინც. აყენებს თუ არა იგი ამ დროს შეუსრულებელ პირობებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს: ასე იქცევა ომის ნებისმიერი მხარე, მოლაპარაკების წინ. მთავარია, როგორ ჩაივლის შეხვედრა და რაზე მოილაპარაკებენ.

ამჟამად შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უკრაინას [ომში რუსეთზე გამარჯვების] რაიმე ილუზიები აღარ აქვს. ისევე, როგორც პარიზი 1940 წელს, კიევიც მიხვდა, რომ დიდი ალბათობაა, მარტოდმარტო აღმოჩნდეს სასიკვდილო საფრთხის წინაშე. მართალია, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეძლო მისი მმართველობის პერიოდში ბოლო მსხვილი (60 მილიარდდოლარიანი) პაკეტის მიღება უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ თვით აშშ-ის პრეზიდენტსაც კი ამისათვის ექვსთვიანი მცდელობა დასჭირდა. ეს ფაქტი იმას მოწმობს, რომ ამერიკელებსაც უკვე აღარ სურთ მუდმივად ჰქონდეთ ზურგზე წამოკიდებული ტვირთი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლიტიკოსი, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, დაარწმუნებს ამერიკელებს, რომ საჭიროა უკრაინისადმი დახმარება ძველებურად, იმავე მოცულობით გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს რუსეთიც ხედავს და აცნობიერებს. ამჟამად კრემლის ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ ყველაფერი გააკეთოს ფრონტზე უპირატესობის მოსაპოვებლად, რომ მოლაპარაკების დაწყებისას საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევას ელოდება. მისთვის უკეთესი იქნება დონალდ ტრამპის არჩევა, რომელსაც, როგორც ჩანს, გულახდილად სურს ომის შეჩერება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ვლადიმერ პუტინი მსგავს სურვილს კამალა ჰარისისგანაც უნდა ელოდოს - მართალია, სხვა პირობებით, მაგრამ - მაინც მნიშვნელოვანით, კიევისა და მოსკოვისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც რუსეთია, ერთადერთ თანასწორ მოსაუბრედ ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ვაშინგტონი შეიძლება იყოს. თუმცა ისიც ცხადია, რომ რუსეთ-აშშ-ის სავარაუდო შეთანხმება უკრაინას და ევროპულ ქვეყნებს მანევრებისათვის მცირე შანსებს უტოვებს.

ისევე, როგორც 1917 წელს, უკრაინა ამერიკელებს ელოდება, მაგრამ ამჯერად არა დახმარების იმედით ან დახმარების შეწყვეტის შიშით, არამედ პირიქით - იმ შეგრძნებით, რომ ამერიკას არ სურს ომის ესკალაცია და შეუძლია, რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს. როგორი იქნება ეს შეთანხმება - გრძელვადიანი ხელშეკრულება, მოკლევადიანი ზავი თუ, უბრალოდ, დრობითი ცეცხლის შეწყვეტა - მასში მაინც გათვალისწინებული იქნება ბრძოლის ველზე შექმნილი სიტუაცია, რომელიც, როგორც ეტყობა, უკრაინისათვის მაინცდამაინც სასიკეთო არ იქნება.

საკითხი ასე დგას: განზრახული ექნება თუ არა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც კიევმა დაკარგა თუ პირიქით - ვაშინგტონი დაიცავს და დაიფარავს, მტკიცე გარანტორად დაუდგება იმ უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რომელიც ტერიტორიებს დათმობს? თუ კრემლი ტერიტორიებს მიიღებს და აშშ-ის რუსეთზე ზეწოლით (მკაცრი გაფრთხილებით), უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ექნება (თუნდაც ნატოსაგან), მაშინ ამ კონტექსტით არანაირი ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ კიევი დაინტერესებული იქნება კამალა ჰარისის გამარჯვებით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო