"ზოგი ამაყობს, რომ 20 წელია არ დაუსვენია..." - ვის არ ართმევს ხელს მიხეილ ცაგარელი და რატომ მოუწოდებს ყველას, რომ დაისვენონ - კვირის პალიტრა

"ზოგი ამაყობს, რომ 20 წელია არ დაუსვენია..." - ვის არ ართმევს ხელს მიხეილ ცაგარელი და რატომ მოუწოდებს ყველას, რომ დაისვენონ

მიხეილ ცაგარელი ბათუმში ისვენებს. რა მოსწონს და რა არა დღევანდელ ბათუმში? რატომ ბანაობს მხოლოდ სარფში და რითი ჰგავს ის გაგრას? რა მოგონებები აკავშირებს სოხუმთან? - ამ და სხვა ამბებს ინტერვიუდან გაიგებთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"სოხუმში დავიბადე და სანამ სკოლაში შევიდოდი, იქ ვიზრდებოდი ბებია-ბაბუასთან. გვქონდა საკუთარი ორსართულიანი სახლი, უზარმაზარი ვენახი, უამრავი ყვავილი, ბევრი სხვადასხვა ხეხილი და ყველანაირად საუკეთესო პირობები. სოხუმიდან, რა თქმა უნდა, სხვაგანაც გავდიოდით. ვისვენებდით ბაკურიანში (ზამთარში), ჯავაში, წყნეთში. ესენია ის ძირითადი ადგილები, სადაც მშობლებს მივყავდით. ჯავაში არის მრავალფეროვანი ბუნება, გადასარევი ჰავა და მინერალური წყალი „ძაუ“, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კურორტისთვის..."

"აფხაზეთი სანამ ჩვენი იყო, რასაკვირველია, სოხუმში მივდიოდი, სადაც უდავოდ, კომფორტულად ვგრძნობდი თავს. იქ დღესაც ბევრი ნაცნობი მყავს. დიდ სიამოვნებას ვიღებდი გაგრაში და ფანტასტიკურ ბიჭვინთაში ხომ სასწაულად კარგი ზღვაა, ორი აზრი არ არსებობს... ბოლო 25 წელია ზაფხულს ბათუმში ვატარებ, რომელიც თავისი ჰავით, პალმებით, ყველაფრით მაგონებს სოხუმს და ამ თვალსაზრისით კომფორტულად ვგრძნობ თავს..."

4-copy-1724309082.png

"გავიფიქრე: ეს ბათუმია თუ სხვა ქალაქი-მეთქი? მე ძველ ბათუმს ვიცნობდი, მაგრამ ის ახლა ნაკლებად აქტუალურია. ბათუმის ეს ახალი ნაწილი იმდენად ეფექტური, თანამედროვე და ევროპულია, უცხოელები ძირითადად აქ არიან. კარგია, რომ შენდება და ლამაზდება ქალაქი, მაგრამ არის მინუსიც. წელს მაგალითად, მანქანების რაოდენობა და პარკინგი ბათუმში ისეთი დიდი პრობლემაა, რომ სერიოზულად შემაწუხებელი გახდა. თუ მერიამ რამე არ მოიფიქრა, 3-4 წელიწადში კოშმარი იქნება..."

"ნებისმიერი ჩვენგანი რაღაც დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით უარყოფით ენერგიას აგროვებს საკუთარ აურაში და სულში, რასაც მოჰყვება პრობლემები: ავადმყოფობა, გაციება-ვირუსები, ნევროზულ-სტრესული მდგომარეობა, კონფლიქტები, უიღბლობა. რაში გვეხმარება ზაფხული და რატომ მოვუწოდებ ყველას, რომ აუცილებლად უნდა დაისვენონ? ადამიანის სხეული შედგება 4 სტიქიისგან: მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი. ამ სტიქიებთან მთელი წლის მანძილზე ძალიან ცოტა კონტაქტი გვაქვს.ზღვაზე წასვლა რას გვაძლევს? ამ დროს ადამიანი იხდის ტანსაცმელს და ქარი "უქიქინებს", ანუ ჰაერი არის პირველი ბუნებრივი გამწმენდი საშუალება. იღებთ რუჯს და მზე გაჭერთ - მზე არის ცეცხლის სტიქია, საუკეთესო გამწმენდია. პლაჟზე დადიხართ ფეხშიშველი და უშუალო კონტაქტი გაქვთ მიწასთან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი