"მე გამიტაცეს და გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს ითხოვდნენ" - ქართველი ქალის ისტორია, რომელიც ჰოლივუდის ტრილერს ჰგავს
"მე მანანა ხვინგია, სოხუმელი, მარტოხელა, უმუშევარი, პენსიონერი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ქ. სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილების მოკროქირურგი ავადსახსენებელმა ომმა გამხადა უსახლკარო, არ გამაჩნია მუდმივი საცხოვრებელი, არასოდეს მიმიღია არავითარი დახმარება..." - ამბობს მანანა ხვინგია. სოხუმელი ექიმი დღემდე ქირით მოსკოვის გამზირზე ცხოვრობს, იმ მოსკოვის, რომლისკენაც 1992 წლის ოქტომბერში სოხუმიდან გაფრინდა თვითმფრინავი, სადაც მანანა იჯდა. გზა, რომელიც მან სოხუმიდან მოსკოვამდე, მოსკოვიდან ფსოუს საზღვრამდე, შემდეგ ოკუპირებულ სოხუმამდე და კვლავ მოსკოვამდე განვლო, ძალიან დიდია. დღეს ჩემი სტატიის გმირი თბილისში ქირით ცხოვრობს. მისი ამბავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავს, რომლის ბოლოც, იმედია, ბედნიერი იქნება. როგორი იყო ცხოვრება სოხუმში და როგორ გადაურჩა კრიმინალურ დაჯგუფებას, ამის შესახებ თავად მანანა ხვინგია გვიამბობს.
„ჩემი ცხოვრება სოხუმში“
- ზღაპრულად ვცხოვრობდი, საკუთარ სახლში, ედემის ბაღში, დედ-მამასა და ორ ძმასთან ერთად. უფროსი ძმა ესტონეთში ცხოვრობდა, უმცროსი - ინდოეთში. პროფესიით მიკროქირურგი ვარ, ოფთალმოლოგი. ომი რომ დაიწყო, სოხუმის თვალის ქირურგიულ განყოფილებაში ვმუშაობდი. ამის დაჯერება არავის შეეძლო, სანამ ჰაერიდან დაბომბვა არ დაიწყეს. სასწაული იყო, აზრზე არ ვიყავით, რა ხდებოდა. 1992 წლის 15 აგვისტოა, ქალაქში ვარ და ვხედავ, ტანკები შემოდიან. ხალხს წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა, ჩვენ არაფერი ვიცოდით. 1989 წლის შემდეგ ყველანაირად გვამზადებდნენ ამ სიტუაციისთვის, მაგრამ მაინც არავის სჯეროდა...
ომის პერიოდში ექიმის ხალათით ვათენებდი და ვაღამებდი. არც ვიცი ტრასირებული ტყვიების რა რაოდენობა გვეცემოდა, მიზანმიმართულად გვესროდნენ მორიგე ექიმებსა და დაჭრილებს. ქირურგიული განყოფილებები ერთად ვგროვდებოდით და ერთად ვაკეთებდით ოპერაციებს. ეს კოშმარი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა. ერთ დღესაც გამომიძახეს და მითხრეს, ყველა შვებულებაშია, ახლა შენი ჯერია, გიშვებთ ერთი თვითო. სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ხალათს არ ვიხდიდი, მარტო ვიყავი, მამა 1992 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დედა კი მანამდე...
მე ერთი თვით დავტოვე აფხაზეთი. ჩემი ბავშვობის მეგობარი მოვიდა და მითხრა, წავიდეთ აქედან, თორემ აქ უბედურება დატრიალდებაო. ამას დაემატა ჩემი აფხაზი მეგობრის ზარი, ტექსტით: "წაიღე, რაც გჭირდება, და წადი, მე ვერ გიშველი". ერთი პატარა ჩანთა ავიღე საბუთებით და წავედი. ისეთი ამბავი იყო აეროპორტში, ჩემი მთავარი ექიმი რომ არ დამხვედროდა, თვითმფრინავში ვერ ავიდოდი. ფეხზე დამდგარმა ვიმგზავრე და ჩავფრინდი ბათუმში. დაჯდომის დროს საშინელი აფეთქების ხმა იყო, მეგონა, ვიღუპებოდით. თურმე საწვავი არ ჰყოფნიდა და ავარიული დაშვება გადაწყვიტა პილოტმა. ჩავედით, მაგრამ არავინ გვიშვებს თვითმფრინავიდან. ვიცადეთ რამდენიმე საათს, სანამ ბორბლები არ გამოუცვალეს და შემდეგ მოსკოვში გავფრინდით. მოსკოვში თოვლი დაგვხვდა. სულ 5.000 მანეთი მაქვს, მეტი არაფერი გამაჩნია და მოსკოვში ვარ. ჩემი მშობლების მეგობრების ოჯახს მივადექი, მერე წამოვედი ჩემს ძმასთან, ინდოეთიდან იყო ჩამოსული ცოტა ხნით, სოჭთან პატარა ქალაქში. ვგეგმავ, სოჭში ჩავალ, იქ კატამარანში ჩავჯდები და მალევე ამოვყოფ თავს სოხუმში-მეთქი. 1992 წლის დეკემბერში სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ არ ვიცოდი, რა ხდებოდა, დაბლოკილი იყო ყველა საინფორმაციო საშუალება. მსოფლიომ არ იცოდა, რა ხდებოდა პატარა აფხაზეთში, რუსეთის გარდა, არავინ იცოდა. მოკლედ, წავედი ადლერში, იქ ცხოვრობდა ბიძაჩემი. ადლერიდან ფსოუს საზღვარი ძალიან ახლოსაა, იქ ჩაჯდები სამარშრუტო ტაქსიში, გადიხარ გაგრას, ათონს და შედიხარ სოხუმში, სახლში ხარ, მაგრამ საზღვარზე მითხრეს, როგორც კი გადალახავ ფსოუს, იქვე ჩაგკლავენ, როგორც ქართველსო. ისევ დავბრუნდი რუსეთში და დავიწყე სხვა ცხოვრება, მაგრამ ეს ძალიან რთული და მძიმე მოსაყოლია, მე თავად მერევა, სად რამდენი ღამე მაქვს გათენებული, ვისთან ვჩერდებოდი ოჯახში, ამასთან, არავითარი შემოსავალი არ მქონდა. გამართლების პირველმა სხივმა 1995 წელს გამოანათა, მაგრამ მანამდე ვერ მოვისვენე და 1994 წელს ისევ ადლერში ჩავედი იმ იმედით, რომ ჩემს სახლში დავბრუნდებოდი.
1994 წლის აგვისტო
- არ მაინტერესებდა, რა ხდებოდა აფხაზეთში, მე ჩემს სახლში მივდიოდი. მოგკლავენო, მაფრთხილებდნენ, მაგრამ მაინც წავედი. აფხაზეთში გაცემული საერთაშორისო პასპორტი მქონდა, მივედი ფსოუზე და გადავლახე საზღვარი. მესაზღვრემ მკითხა რუსულად, სად მიდიხარო. სახლში-მეთქი, ვპასუხობ. თქვენ პასუხს აგებთ საკუთარ სიცოცხლეზე? თუ პასუხს აგებთ, მაშინ წადით. ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო, ასეთი იყო მესაზღვრის პასუხი.
ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსიში და მიცნო მძღოლმა, რადგან ყველა მიცნობდა, როგორც თვალის ექიმს. ტაქსიში მხოლოდ სომხები ისხდნენ. ეს იყო 1994 წლის აგვისტო და იცით, რატომ გავრბოდი სახლში? დედაჩემის დაბადების დღეა 28 აგვისტოს და საფლავზე მინდოდა გასვლა, რომელიც 30 კილომეტრშია სახლიდან. ჩავჯექი ტრანსპორტში და სულ სომხური საუბარი მესმის, არავის ვიცნობ. გაგრაში რომ შევედი, მზიან გაგრაში, ნაცნობი სახლები დავინახე, შემდეგ სოხუმს მივუახლოვდი და მარტო რომ დავრჩით, მძღოლმა მითხრა, არაფრის შეგეშინდეს, სადაც მეტყვი, იქ მიგიყვანო. დაცარიელებული იყო ქალაქი, უსიცოცხლო, კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მაგრამ არ შემშინებია. იცით, ყველაზე ცუდი რა არის? როდესაც ადამიანს შიშის გრძნობა არა აქვს, მაშინ მისდევს სწორედ ტყვია.
მეზობლის სახლთან გავაჩერებინე. შევედი მეზობელი სომხების სახლში და რომ დამინახეს, ფერი ეცვალათ, სავარაუდოდ, შეეშინდათ, რადგან მართლები არ იყვნენ ჩემი ოჯახის წინაშე, მათ სახლში აღმოჩნდა ჩემი ოჯახის ბევრი ნივთი, ნახევარი გაუყიდიათ, მე ხომ საბუთების გარდა ყველაფერი სახლში დავტოვე. ჩემს სახლში ვინმე ტყვარჩელელი ვალერი აგრბა შესახლებულა ოჯახით. ჩემი მეორე მეზობლის, ფარულავების სახლში, გუდაუთელი ძმები ცხოვრობდნენ, ტანკისტები. სამეზობლოში მიდის დასმენები, ერთმანეთს არ ენდობიან, თურმე ყველაფერი ისმინება. სომეხმა მეზობელმა ყველას შეატყობინა, რომ მე ჩავედი, მივიდა ვალერისთანაც და უთხრა, ამ სახლის პატრონი ჩამოვიდა, მას დიდი კონტაქტები აქვს და შეიძლება სახლი წაგართვასო. ასე მიღალატა ადამიანმა, რომელთანაც ბავშვობის მეგობრობა მაკავშირებდა.
სვეტა, ჩემი მეორე მეზობელი, ჩუმად მეუბნება, ფრთხილად იყავი, უჩემოდ ფეხი არსად გადგაო. სანამ ჩვენ სუფრასთან ვისხედით, ჩემმა სომეხმა მასპინძლებმა გამყიდეს, თუმცა იმ დღეს მოვახერხე და თავი დავაღწიე მათ ოჯახს, დიდი სიფრთხილით ჩამსვეს ავტობუსში იმ ადამიანებმა, ვისაც გულწრფელად გაუხარდა ჩემი დანახვა, და მივდიოდი აგუძერაში, ჩემს მეგობართან. გაჩერებაზე ჩემი სხვა მეგობარი დავინახე და ავტობუსიდან გადმოვხტი. გადაირია, რომ დამინახა და თავისთან წამიყვანა.
მილიონის სანაცვლოდ
- ქალაქში ხმა გავრცელდა, მანანა ექიმია ჩამოსულიო. ჩემი მეგობარი მეუბნება: "მანანა არ გაბედო აივანზეც კი გასვლა, გითვალთვალებენ, შენი მოკვლა უნდათ". ამ დროს ეზოში მესმის ხმა, სად არის ის ექიმი. ვიცით, რომ ამ კორპუსშიაო. ვალერი, ადამიანი, რომელიც ჩემს სახლში ცხოვრობს, გაქცეულა კა-გე-ბეში და უთქვამს, ჯაშუშია ჩამოსულიო. შებინდებისას, როდესაც მივხვდი, რომ კორპუსს არავინ დარაჯობდა, გამოვედი გაჩერებაზე და ავტობუსში ჩავჯექი. ამასობაში ვალერის ნათქვამზე უშიშროება დაინტერესდა ჩემით და დამიწყეს თვალთვალი, ადლერიდანაც მომდევენ...
ალბათ, იკითხავთ, ვინო? - კრიმინალური დაჯგუფება. ბიძაჩემი, ჟორა ქოიავა, რომელთანაც სტუმრად ვიყავი ადლერში, დიდი ქონების პატრონი იყო და გამოძალვის მიზნით კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩემი მოტაცება გადაწყვიტა. თურმე აფხაზეთის საზღვარი რომ გადმოვკვეთე, იქიდან მოყოლებული ცდილობდნენ ჩემს ხელში ჩაგდებას და ბოლოს მეგობრის სახლიდან რომ გამოვედი, დამინახეს და ავტობუსს აედევნენ. აგუძერაში რომ ჩამოვედი ავტობუსიდან, ორმა ბიჭმა ცხვირწინ გამიჩერა მანქანა, დამიჭირეს და ჩამსვეს.
ვიცი, რომ მომკლავენ, მაგრამ არ მინდა მაწამონ. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ფერი დავკარგე, ცუდად გავხდი. ამ დროს ვინც წინ იჯდა, მომიბრუნდა და მეუბნება რუსულად:
- ნუ გეშინიათ, იმიტომ არ მოგიტაცეთ, რომ მოგკლათ.
- თუ ჩემს წამებას აპირებთ, ჯობია ახლავე მომკლათ.
- თქვენი სიკვდილი არ გვინდა, ჩვენ ფული გვინდა...
მივყავარ სადღაც ქალაქგარეთ. ვიღაც შედანიების სახლში მიმიყვანეს (სახლში ძველი მოსაწვევი ვიპოვე შედანიების გვარზე და ასე გავიგე სახლის პატრონების გვარი). მეუბნებიან, ვითხოვთ გამოსასყიდს მილიონ დოლარსო. ვინ უნდა გამომისყიდოს-მეთქი, გამიკვირდა. ბიძაშენმა ადლერიდანო, მიპასუხეს. გავოცდი. ბიძაჩემის ყველა მეგობარი ჩამომითვალეს, ვინც ინფორმაცია მიაწოდა კრიმინალებს. არ არის ბიძაჩემი ისეთი მდიდარი, რომ მილიონი დოლარი გადაიხადოს-მეთქი...
წაიკითხე ვრცლად: „მიშველეთ, ისინი მომკლავენ!“