"გავიგე, რომ ჩემს დაწერილ ხატებს მირონი სდიოდა" - კვირის პალიტრა

"გავიგე, რომ ჩემს დაწერილ ხატებს მირონი სდიოდა"

ხელით გადაწერილი სახარება, მოხეური სამოსი და თოჯინები ლიზი ჩქარეულის შემოქმედებაში

ლიზი ჩქარეული წლების წინ, კაპადოკიაში გავიცანი, დავმეგობრდით, მაგრამ მერე, როგორც ხდება ხოლმე, დავკარგეთ ერთმანეთი. ცოტა ხნის წინ კი ბედმა ისევ შეგვახვედრა და მინდა თქვენც გაგაცნოთ საოცარი მხატვარი, ხატმწერი, შემოქმედი ადამიანი, რომელმაც სახარება ხელით გადაწერა, მოხატა და ცოტა ხანში მისი მინიატიურებიანი სახარება წიგნად გამოიცემა. ახლა ლიზი დუშეთის თეატრისთვის თოჯინებს ქმნის.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ტრადიციაც იყო მშობლებში, ღმერთიც, სიყვარულიც. დედას - მერი ღუდუშაურს ძალიან უყვარდა კითხვა და ხელსაქმე. ექთანი იყო და მორიგეობის დროს წიგნი სულ თან ჰქონდა. როცა წამოვიზარდეთ, კითხვაც გვასწავლა. მამა - ნიკოლოზ ჩქარეული მოჭიდავე იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სპორტის ოსტატი. ფიზიკურადაც, სულიერადაც ძლიერი პიროვნება იყო. "ბარეცი" ჰქონდა მეტსახელად..." "საბუთების შეტანა დავაგვიანეთ ნიკოლაძის სასწავლებელში. რადგანაც ძალიან მონდომებული ვიყავი, მამამ აღარ დამტოვა სასწავლებლის გარეშე, სამინისტროდან მოგვცეს მიმართვა, რომ ცხინვალში იყო ნიკოლაძის ფილიალი და იქ შემეძლო ჩაბარება. ჩავსხედით მე და მამა ცხინვალის ავტობუსში და გავემგზავრეთ..."

"ხატმწერი უნდა იყოს შინაგანად მზად, ხატთან ურთიერთობა რომ შეძლოს. ხატწერას თავისი კანონიკა აქვს, რომელიც აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს და პირველ რიგში, ეს ისწავლება, მაგრამ მერე და მერე, პრაქტიკიდან ბევრ რამეს სწავლობ. ხატის უბრალოებაში, სისადავეში უნდა იყოს ჩადებული სიდიადე. ზოგადად ნახატში, პერსპექტივაში სივრცე უნდა შექმნა, ხატწერაში კი პირიქით, უკუპერსპექტივის პრინციპია..."

"შევიძინე ხარისხიანი ფურცლები და დავფიქრდი, მისთვის სიძველის ეფექტი, როგორ მიმეცა ფერი? მე და დედა ვღებავდით ამ ფურცლებს ჩაის ნაყენში, ვაშრობდით, ვასწორებდით, ვაუთოებდით და აი, ასე გავაკეთე ჩვენი სახარება (მათვალიერებინებს). დავალება იყო ძალიან დიდი და სახარების გადაწერაში ჩემი და - მარინა ჩქარეული მეხმარებოდა. მასაც ვასწავლე ხუცურიც და კალიგრაფიაც. ერთი წელი დამჭირდა დასრულებამდე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

რუსუდან გელაშვილი