ომი ONLINE - როგორ ვუყუროთ საბრძოლო მოქმედებების შედეგებს სახლიდან გაუსვლელად
ომები, სამწუხაროდ, კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია - ის იყო, არის და იქნება მომავალშიც.
საბრძოლო მოქმედებების დროს მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ რეალობა, რომ თითქოს თავად ნაკლებ დანაკარგს განიცდიან, ვიდრე - მტერი, რაც საინფორმაციო ომის ნაწილია და უფრო აქტუალური გახდა 21-ე საუკუნეში, კომუნიკაციის საშუალებების და, პირველ რიგში, მოსახლეობაში ინტერნეტის მასობრივი გავრცელებისას. მით უმეტეს, იმის ფონზე, როდესაც ნებისმიერი მოქალაქე, ვიდეოკამერიანი მობილური ტელეფონით ხელში, მოწინააღმდეგის ბევრ მზვერავზე უფრო სწრაფად მოიპოვებს და ოპერატიულად გაავრცელებს ინფორმაციას, მათ შორის, მაგალითად, დაბომბვების შედეგების თაობაზე...
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომ სახლიდან გამოუსვლელად, ონლაინ რეჟიმში, ნებისმიერმა, მათ შორის, ამ ბლოგის მკითხველმაც სწრაფად გადაამოწმოს, რამდენად მართალია ან ტყუის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როდესაც ოფიციალურად აცხადებს, რომ „ისკანდერებით“ უკრაინის მორიგი კონკრეტული თბოსადგური ააფეთქა ან დაეჯერება თუ არა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს, როდესაც ამტკიცებს, რომ ამა და ამ რუსულ აეროდრომზე მდგარი ბომბდამშენები ააგიზგიზა...
ამისათვის საჭიროა, უბრალოდ შეხვიდეთ საიტზე NASA FIRMS, რომელზეც ონლაინ რეჟიმში აისახება ყველა ის მნიშვნელოვანი ხანძარი, რომელიც იმ მომენტში მძვინვარებს ჩვენი პლანეტის ამა თუ იმ წერტილში, რასაც ინფრაწითელ სპექტრში აფიქსირებს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მაღალმგრძნობიარე აპარატურა.
ყველაფერი ამის ორგანიზაციას ახდენს „აერონავტიკისა და კოსმოსური სამყაროს კვლევის ეროვნული სამმართველო“, კარგად ცნობილი NASA (National Aeronautics and Space Administration), რომელიც უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტს ემორჩილება.
გარდა იმისა, რომ ნასამ პირველი ადამიანები დასვა მთვარეზე და ყველა ამერიკულ კოსმოსურ პროგრამას ხელმძღვანელობდა (მართალია, ბოლო წლებში ილონ მასკმა სერიოზული კონკურენცია გაუწია თავისი ინოვაციური კოსმოსური პროექტებით), ასევე, განახორციელა დედამიწის ხანძარსაწინააღმდეგო გლობალური ონლაინ მონიტორინგი Aqua-ს და Terra-ს ტიპის ხელოვნური თანამგზავრების გამოყენებით.
ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან, შედის ნასას ამ საიტზე და დედამიწის ნებისმიერ ადგილზე ამოწმებს - არის იქ ხანძარი თუ - არა, მაგალითად, ამ სტატიის დაწერის მომენტში ვნახულობ საქართველოს ტერიტორიას, სადაც ფიქსირდება 23 სხვადასხვა ზომის წითელი კვადრატი (ერთი აფხაზეთში, ახალი კინდღის დასავლეთითაა, ხუთი ხარაგაულთან, ამდენივე დედოფლისწყაროში) - თითოეული მათგანი თითო ხანძრის კერას აღნიშნავს და რაც უფრო დიდი ზომისაა ეს წითელი კვადრატი, მით უფრო ძლიერია ხანძარი.
ისე, მკითხველს გული მაინც უნდა დავწყვიტოთ - არ ვიცი რა მოსაზრებით ,მაგრამ NASA FIRMS-ს ხანძრების თანამგზავრული მონიტორინგის სისტემა ონლაინ რეჟიმში მხოლოდ აშშ-ისა და კანადის ტერიტორიაზე აქვს ჩართული, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ეს ინფორმცია 3 საათის დაგვიანებით ხდება ცნობილი.
თუმცა არც 3 საათია დიდად გადამწყვეტი, როდესაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია გადაამოწმო, რამდენად მართალია უკრაინის გენშტაბის დღევანდელი ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 22 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის ვოლგოგრადთან მდებარე მარინოვკის სამხედრო აეროდრომს (რომელიც პირდაპირი ხაზით 450 კმ-თაა დაშორებული უკრაინის ფრონტის ხაზს) გამანადგურებელი საჰაერო დარტყმა მიაყენეს, კამიკაძე-დრონების საშუალებით.
დარტყმის მომენტიდან უკვე გასულია 3 საათი. შევდივართ NASA FIRMS-ის საიტზე და... მართლაც ვხედავთ ოთხ დიდ წითელ კვადრატს ანუ ოთხი ძლიერი ხანძრის კერას, მათგან სამს - უშუალოდ მარინოვკის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და საცავებში, სადაც საავიაციო საწვავი და შეიარაღება ინახება...
ე.ი. უკრაინის გენშტაბს სიმართლე უთქვამს და მართლაც განუხორციელებია ამ დილით წარმატებული დარტყმები რუსეთის მარინოვკის იმ სამხედრო აეროდრომზე, სადაც Су-24МР ტიპის ბომბდამშენ-მზვერავებისა და Су-34 საფრონტო ბომბდამშენების შერეული საავიაციო პოლკია დისლოცირებული, რომლის თვითმფრინავები აქტიურად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ.
სხვათა შორის, 1992 წელს სწორედ მარინოვკაში გადაბაზირდა ყოფილი საბჭოთა 168-ე საავიაციო პოლკის Су-24 მოძველებული მოდიფიკაციის საფრონტო ბომბდამშენები, რომელიც მანამდე საქართველოში, დედოფლისწყაროს დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომზე იყვნენ განთავსებულნი.
NASA FIRMS-ის თანამგზავრული სახანძრო მონიტორინგის ინფორმაციას, მარინოვკის რუსულ სამხედრო აეროდრომზე ხანძრის კერების გაჩენის შესახებ, დამატებით ადასტურებს თვითმხილველების მიერ ამ აეროდრომის სიახლოვეს გადაღებული ვიდეოკადრებიც, რომლებზეც მართლაც ფიქსირდება ძლიერი ხანძრის კერები და შავი სქელი კვამლი, რაც იმას მიუთითებს, რომ იწვის საავიაციო ნავთისა და დიზელის საწვავის ცისტერნებიც, ხოლო როდესაც ხანძრის ვიდეოკადრებში ისმის აფეთქებების ხმაც, ე.ი. ხდება საბრძოლო მასალების -საავიაციო ბომბებისა და რაკეტების დეტონაციაც...
აი ასე, სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება ბევრი ინფორმაციის მოპოვება იმ ომზე, რომელიც შორს მიმდინარეობს, თუმცა თუკი დაბომბვების შედეგების დეტალური ფოტოების მალევე ნახვა გსურს, მაშინ კომერციული თანამგზავრული ფირმების ხელმომწერი უნდა გახდეთ და საკმაო თანხა გადაიხადოთ კოსმოსიდან ახალგადაღებულ მაღალხარისხიან ფოტოებში. თუმცა კერძო პირებზე, ალბათ, ასეთი ინფორმაცია მაინც არ გაიცემა.
ისე კი, რუსეთი, რომელსაც ბევრად სუსტი კოსმოსური ვიზუალური დაზვერვის ტექნიკური საშუალებები გააჩნია, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებს... ეხლაც კი სწორედ ასეთი კომერციული თანამგზავრული ფირმებიდან ფარულად ყიდულობს უკრაინის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების დეტალურ ფოტოებს - ომი ომად, მაგრამ - ბიზნესი ხელშეუხებელია!