"ქალმა კივილი ატეხა, - მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო... მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა და აღარც ამოდიოდა, თავადაც სიკვდილი უნდოდა" - როგორია 3 წლის დემეტრეს მდგომარეობა, რომელიც მეზობელმა გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"ქალმა კივილი ატეხა, - მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო... მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა და აღარც ამოდიოდა, თავადაც სიკვდილი უნდოდა" - როგორია 3 წლის დემეტრეს მდგომარეობა, რომელიც მეზობელმა გადაარჩინა

უეჭველად დამეთანხმებით, რომ ჩვენ გარემოში ცნება გმირი გაუფასურდა. ამას ძალიანაც ნუ განვიცდით, ყველაფერი დროის ნიშანია და როგორც წესი, გაივლის, გარდა ნამდვილი გმირობისა, რომელიც ნამდვილად არსებობს. ასეთი, მაგალითად, სულ რამდენიმე საათის წინ მოხდა საჩხერეში, სოფელ არგვეთში.

ეს არის ნუგზარ კიპაროიძე.

რიგითი არგვეთელი ბიჭი, რომელიც არცთუ მარტივ ცხოვრებას ებრძვის და ფიზიკურადაც ხშირად შრომობს. თუმცა, ამის მიუხედავად, სოფლის მიტოვება არასოდეს უფიქრია. იქნებ იმიტომ, რომ რაც ახლა მოხდა, ის უნდა მომხდარიყო: მეზობელი, მეგობრის შვილი, 3 წლის დემეტრე კიპაროიძე 18-მეტრიანი ჭიდან უნდა ამოეყვანა. შუადღისას, 3 წლის ბავშვი ჭაში ისე გაუჩინარდა, ამას დიდხანს ვერავინ მოისაზრებდა, თუ არა მართლაც რაღაც სასწაული. მათ შორის, ვერც დემეტრეს ბებია, რომელსაც დედამ სულ რამდენიმე საათით დაუტოვა ბავშვი.

ამჟამად დემეტრეს მდგომარეობა სტაბილურია, ის თბილისშია გადაყვანილი, სადაც მშობლებთან ერთად, ნუგზარ კიპაროიძეც ახლავს. ის გონზე მოვიდა, თუმცა ხელოვნურად აძინებენ, რათა ჯანმრთელობა სწრაფად დაუბრუნდეს. ამიტომ, ამ ამბის შესახებ ოჯახის ახლობელს ვკითხეთ, რომელიც მოუთმენლად ელოდება დემეტრეს გამოჯანმრთელებას:

- არავინ თქვას, რომ უბედურება მხოლოდ უყურადღებობის გამო ხდება. ამ შემთხვევაში მიზეზი ნამდვილად არ იყო უყურადღებობა. პატარა დემეტრე დედამ სულ ცოტა ხნით დაუტოვა ბებიას, აუცილებელი საქმის გამო. ბავშვები სულ ბებიასთან არიან, რომელიც ძალიან ფრთხილი ადამიანია. ოჯახს 4 შვილი ჰყავს. მათთვის რეზინის მინიაუზიც აქვთ შეძენილი, რომ პაპანაქებაში გაგრილდნენ. დემეტრეც მაშინვე ბებიას მიადგა, აუზში ჩავალო. აუზში წყალი, ალბათ, 40 სანტიმეტრზეა, მაგრამ ბებიამ იქაც არ ჩაუშვა კატეგორიულად: დედაშენი როცა დაბრუნდება, აუზში მაშინ ჩადი, თავზე დადგომა არ შემიძლია და ვერ ჩაგიშვებო. წარმოგიდგენიათ? ბავშვი 40 სმ-იან აუზში არ ჩაუშვეს და მეზობლის 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა!

- ანუ მეზობელთან გადავიდა?

- კი, სადაც ყოველთვის დადის. ეზოებს საზიარო ღობე აქვთ, ფაქტობრივად, ერთი ეზოა. მეზობელს მისი თანატოლი გოგონა ჰყავს და ბავშვები გამუდმებით ერთად თამაშობენ, რა თქმა უნდა, მეთვალყურეობით. სწორედ ამ ეზოშია ჭა, რომელიც მუდამ დახურულია. სოფელში, ზოგადად არავინ დაუშვებს, რომ ჭას თავსახური ჰქონდეს ახდილი.

- ეს უბედურება როგორ მოხდა?

- ბედისწერით. ამჯერად დემეტრემ ეზოში სკამი დაინახა, აიღო და ჭას მიადგა, წყალი მწყურია, უნდა დავლიოო. ჭას თავსახური ახადა და ვედრო ჩაუშვა წყლის ამოსაღებად. სწორედ ამ ვედროს გადაჰყვა ჭაში.

- ამას ვერავინ ხედავდა?

- მხოლოდ დემეტრეს პატარა მეგობარი. ამ ბავშვს ჭაზე აცოცებული დემეტრე რომ დაუნახავს, მიურბენია და უკითხავს, რას შვრებიო, იმასაც უთქვამს, წყალი უნდა დავლიოო. ეს იყო და ეს.

საბედნიეროდ, ამ მეზობელმა ჭაში ჩავარდნილი ვედროს ხმა გაიგონა და გარეთ გამოვარდა. ამბობს, ჭაში ვედროს ჩაშვების ხმა რომ გავიგონე, ისეთ შემზარავად მომეჩვენა, მყისვე გამოვვარდი და ჭასთან მხოლოდ ჩემი შვილი დამხვდაო. რომ ვკითხე, ჭაში ვედრო ვინ ჩააგდო-მეთქი, ატირებულმა მითხრა, - დემეტრემ, მაგრამ თვითონაც ჭაშიაო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ქალს რა მეხი დაეცემოდა, კივილი ატეხა, - მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო.

იმწამსვე დემეტრეს მამა, გიორგი მოვარდა და ჭაში დაუფიქრებლად გადაეშვა. არადა, როგორც წესი, ასეთ ჭებში, ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია ჩასვლა. მაგრამ მამამ იქ შვილი ვერ იპოვა და აღარც ამოდიოდა, თავადაც სიკვდილი უნდოდა. ისევ ნუგზარმა ამოიყვანა ძალისძალად, შენ ამოდი, მე უნდა ჩავიდეო. რა თქმა უნდა, ისიც შიშველი ხელებით ჩავიდა და ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იყო ჭის ფსკერზე, ალბათ 3-მეტრიან წყალში თავჩაყოფილი ეძებდა. ბოლოს ბავშვი წყალზე ამოატივტივა და თავადაც ამოჰყვა. მერე თქვა, უკვე ვიხრჩობოდი, როდესაც ფსკერზე ფეხი რაღაცას წამოვდე და მივხვდი, რომ დემეტრე იყო, ხელი რომ მოვკიდე, მაშინვე ამოატივტივა წყალმაო.

bichi2-1724326157.jpg
ნუგზარ კიპაროიძე

- ანუ ბავშვს უკვე წყალი ჰქონდა ფილტვებში, ამიტომ ტივტივებდა.

- დიახ. ამოყვანის შემდეგ ბავშვს სიცოცხლის ნიშანწყალი რომ დაუბრუნეს და მერე ექიმებმაც სული შთაბერეს, ესეც სასწაული იყო. ბავშვი იმდენხანს იყო წყალში, ესეც საეჭვო იყო. გარდა ამისა, ისე ჩავარდნილა, ჭის კედლებს არ შეხებია და ნაკაწრიც არ ჰქონდა. სასწაული იყო ისიც, თავად ნუგზარიც ბავშვით ხელში რომ ამოვიდა ჭიდან. ამ სიმაღლე ჭაში, სადაც ადამიანის ჩასვლა ბაწრის გარეშე წარმოუდგენელია, ასეთი რამ არ ხდება.

არაქათგაცლილი, შოკირებული კაცი ცალი ხელით ამოვიდა…

აბა, სხვა რა ვთქვა, ეს სასწაული, ალბათ, ჩვენს დემეტრეს საბოლოოდ გამოგვიჯანმრთელებს. ბავშვს ფილტვების ანთება აქვს, წყალში დიდხანს ყოფნისაგან და ხელოვნურ ძილშია, ძალა რომ დაიბრუნოს.

ყველა მოუთმენლად ველით, როდის დაგვიბრუნდება.

ნუგზარი კი ჩვენი გმირია, ნამდვილი გმირები სწორედ ასე ჩნდებიან, დაუფიქრებლად საკუთარი თავის შეწირვით და ღმერთის ნებით. ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირები!

(სპეციალურად საიტისთვის)