"მეუღლესთან დაშორებული ვიყავი. მიღალატა: სხვა ქალი ჩემი შვილის მამისგან ბავშვს ელოდებოდა..." - კვირის პალიტრა

"მეუღლესთან დაშორებული ვიყავი. მიღალატა: სხვა ქალი ჩემი შვილის მამისგან ბავშვს ელოდებოდა..."

ემიგრაციის გზას 2010 წელს დაადგა:

საბერძნეთში წავიდა, თანაც, ავტობუსის საბარგულში მჯდარი და საბოლოოდ, 11 წელი გაატარა იქ. ალბათ გასაგებია, რომ ამ არჩევანს არ აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც ულხინთ, მით უმეტეს, თუ სამშობლოში მცირეწლოვანი შვილის დატოვებაც უწევთ... მაგრამ ბევრი ქალის მსგავსად, თავისი ბიჭუნას ნათელი მომავლის გამო, ზიტა ხორავამაც რკინის ქალამნები ჩაიცვა და დღეს მიიჩნევს, რომ ეს რისკი გამართლებული აღმოჩნდა...

- რთული გზის გავლა მომიხდა. საბარგულში ვიყავი 16 საათი, მაგრამ ამაზე მეტად იმას ვდარდობდი, რომ შინ 4 წლის შვილი დავტოვე. თვალწინ მედგა, როგორ მამხნევებდა ეს თითისტოლა ბავშვი: დედიკო, მე არ ვიტირებ, შენ წადიო...

- მეუღლე?

- მასთან დაშორებული ვიყავი. ამის ძირითადი მიზეზი ღალატი გახლდათ: აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილის მამისგან სხვა ქალი ბავშვს ელოდებოდა...

- პროფესიით ვინ ხართ?

- ისტორიკოსი ვარ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა ასპირანტურასა და სასულიერო სემინარიაშიც გავაგრძელე, მაგრამ მერე თავის დანებება მომიხდა, რადგან შვილს რჩენა, მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა. ერთ-ერთ კერძო გიმნაზიაში დავიწყე მუშაობა ისტორიის მასწავლებლად, თითქმის 2 წელი ვიყავი იქ. ერთი პერიოდი მერიის დასუფთავების სამსახურშიც ვმუშაობდი, სადაც მამუკა ახვლედიანის წყალობით დამასაქმეს: როცა ძალიან გამიჭირდა, პირადად შევხვდი მას და დახმარება ვთხოვე. ხელი გამიმართა. მერიამ ფულიც კი დამირიცხა, რომ მარტოხელა დედას ბინა დამექირავებინა. "ნაციონალური პარტია" მაშინ ახალი აღორძინებული იყო და მათი იმედი ყოველთვის მქონდა. დაუყვედრებლად მომცეს თავშესაფარი, სამსახური.

მანამდე, 90-იან წლებში მახსოვს ის სიმწარე, რაც ბევრმა გამოიარა. ჩხოროწყუს რაიონიდან ვარ. სოხუმი რომ დაეცა და მერე სამოქალაქო ომი დაიწყო, მხედრიონელების პარპაში ჩვენს სოფელს ცუდად დაამახსოვრდა. თვალწინ კადრებად მიდგას, მათ რომ ვემალებოდით ხოლმე. ოჯახებში შემოდიოდნენ და ძალიან ცუდად იქცეოდნენ. ერთხელ ჩემი მშობლები დააბეს და ხელყუმბარის აფეთქებაც სურდათ. მაშინ გადავრჩით, მაგრამ ეს ყველაფერი თავიდან ვერ ამოვიგდეთ... მერე იყო უმუშევრობა. 4 დედმამიშვილი ვიყავით და მამა ჩვენ გამო თურქეთში წავიდა, მაგრამ იქ მთიდან დაგორდა და თავის ქალა დაიზიანა, თითქმის დაინვალიდებული დაბრუნდა. მას მერე ზაფხულში ბავშვები ფიზიკურად ვმუშაობდით, მცირეოდენი თანხა რომ გვეშოვა და თუნდაც სტუდენტებს, ჩვენი ბინის ქირა შეგვეგროვებინა. ფიზიკურად გვიწევდა მუშაობა, საკუთარი თავი და ოჯახი რომ გვერჩინა და დედ-მამას დავხმარებოდით. ოთხივე უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით, არ ვჩერდებოდით, ვშრომობდით და წინსვლაზე ვფიქრობდით. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ გავძლიერდი, გავუძელი ბევრ სტრესს, ოჯახის დანგრევას, არეულობას - პოლიტიკურს თუ შიდა ოჯახურს... მერე ემიგრაციის გზასაც დავადექი, რადგან მიზერულ ხელფასს ვერაფრით ვანაწილებდი ქირაზე, საჭმელზე, სხვა საჭიროებებზე... ყველაფერს ვეღარ გავუმკლავდი. ერთ დღესაც დედამ მირჩია, ბავშვს დავიტოვებ და სადმე წადი, ფეხზე წამოდგომა რომ შეძლოო. ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო ეს ჩემთვის, მეგონა, სხვა სამყაროში უნდა გადავბარგებულიყავი ბავშვის გარეშე... მაგრამ ვიფიქრე, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და მისთვის მაქსიმალური გამეკეთებინა. მადლობა ღმერთს, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, უფრო დავიჩაგრებოდი, სულიერად დავეცემოდი. შვილი ჩემს დედ-მამასა და ძმასთან დავტოვე... ათენში ისე წავედი, მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცოდი ბერძნულად, მაგრამ მაინც მოვახერხე ფეხზე წამოდგომა.

- იქ გეგულებოდათ ვინმე?

- შორეული ნათესავი, რომელიც მართლა ძალიან დამეხმარა... თავიდან იქაურობასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, წყალს და საჭმელს სხვა გემო ჰქონდა. უნდა გენახათ, როგორ გავოცდი, როცა ერთ დილას ჩიტების ჭიკჭიკი გავიგონე: ვაიმე, ჩიტები კი ნამდვილად ისე ჭიკჭიკებენ, როგორც ჩემს სამშობლოში-მეთქი (იცინის). მერე ვადაპტირდი გარემოსთან. როცა მუშაობ, დროც უფრო მალე გადის.

- ახლა უამრავი საშუალებაა, ოჯახს დაუკავშირდე, მაშინ კი კონტაქტის პრობლემაც იქნებოდა...

- მახსოვს, ინტერნეტკაფეში მივდიოდით ხოლმე. წინასწარ იცოდნენ, როდის შევძლებდი "ომონიაზე" მისვლას, სადაც ქართველები იკრიბებოდნენ და რიგში ვდგებოდი, რომ ოჯახს დავკავშირებოდი. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოვიდოდა შენი ჯერი და შესაძლებელი იყო, ამასობაში რაიონში შუქი გათიშულიყო. ჰოდა, გული გწყდებოდა, რომ თვეში ერთხელ მოცემული შანსი ვერ გამოიყენე, ოჯახს ვერ დაელაპარაკე... ან ქუჩის ტელეფონიდან ვცდილობდი მათთან დაკავშირებას და ვიდრე მეზობელი მათ დაუძახებდა და ყურმილთან მოვიდოდნენ, მე ბალანსი ამომეწურებოდა... საბედნიეროდ, ახლა ვირტუალური ურთიერთობის პრობლემა არ არის. ნებისმიერ დროს შეგიძლია საყვარელი ადამიანები მოიკითხო.

- რამდენი სამსახური გამოიცვალეთ საბერძნეთში?

- ვმუშაობდი ბებიებთან, ბავშვებთან, ასევე ქართულ საცხობში მცხობელად, ზაფხულში ტურისტულ კუნძულზე - სასტუმროში. ხალხთან ურთიერთობა მომწონდა. ბევრ ქართველ გოგოს, რომელსაც ენის ბარიერი ჰქონდა, სამსახურის შოვნაში დავხმარებივარ და ეს მსიამოვნებდა. ხშირად 17 საათი ვმუშაობდი. მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანმა ფიზიკურად ამდენი იმუშაოს, თან იქ ძალიან მაღალი ტემპერატურაა და ზოგჯერ ოთახში გულწასულს მპოულობდნენ. თუმცა, როცა რაღაც ძალიან გინდა, უკან დახევა არ გამოდის.

- ამ 11 წლის მანძილზე სამშობლოში ჩამოსვლას ახერხებდით?

- საამისოდ საბუთი მჭირდებოდი, რომელიც დიდი წვალების შემდეგ მოვიპოვე. ამის შემდეგ ვახერხებდი ხოლმე წელიწადში ერთხელ ჩამოსვლას ან ჩემი შვილი მიმყავდა ერთი კვირით მაინც. შემეძლო საცხოვრებლადაც იქ გადამეყვანა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. სულ მინდოდა, მას განათლება საქართველოში, თავის სამშობლოში მიეღო და თუ მერე გადაწყვეტს სადმე სხვაგან წასვლას, ეს მისი არჩევანი იქნება. მე მივეცი ქართული, ტრადიციული და ჩემი აზრით, სწორი განათლება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პრობლემასთან მოუხდა გამკლავება, დედ-მამის სითბო აკლდა, კარგ ქართველად და ვაჟკაცად ჩამოყალიბდა, რაც მაბედნიერებს.

- 2021 წელს საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეთ...

- კი, ასე მოხდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შანტაჟის მსხვერპლი აღმოვჩნდი ბერძენი ადამიანისგან, რომელსაც თავის დროზე ვენდე. ის გამუდმებით მაშანტაჟებდა, მემუქრებოდა დეპორტაციით, სიკვდილითაც. ფულს მძალავდა და იმ დონემდე მიმიყვანა, რომ დამამშვიდებლების მიღება დამჭირდა. ბოლოს ექიმმა გამაფრთხილა, - იცოდე, ამ პრეპარატებზე დამოკიდებული არ გახდეო... არადა, მე ვარ ადამიანი, რომელიც არც ალკოჰოლს იღებს და არც სიგარეტს ეწევა. ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ვიყავი და ამას ვეღარ გავუძელი, წამოვედი...

ვიფიქრე, წავალ საქართველოში, იქნებ რამე ბიზნესი წამოვიწყო და შვილთან მაინც ვიქნები-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა... ჩემს სამშობლოში შიშმა შემიპყრო. შიშმა უიმედობის, ხვალინდელი დღის... ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ თავის დროზე მე ჩემს რაიონელებს ვეხმარებოდი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და ახლა პოლიტიკური ვითარებაც ძალზე დაძაბულია... ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, გულს გიკლავს ადამიანს: მინიმალური ხელფასები, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის მოკვეთის მცდელობა... მივხვდი, იქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდი და 2021 წლის დეკემბრის ბოლოს ჯერ პორტუგალიაში, ლისაბონში წავედი, იქიდან კი გერმანიაში, მაგრამ იქ არ მიშველა ბერძნულმა საბუთმა, მხოლოდ სამი თვე თუ დავრჩებოდი. ასე რომ, სხვა გზა არ იყო - ამერიკაში წამოსვლა გადავწყვიტე, მექსიკის გზით.

- როგორც ამბობენ, ეს რთული გზაა.

- კი, ის მდინარე გადავლახე, სადაც ნიანგები ბინადრობენ და ზურგს უკან ტყვიების ზუზუნი მეც მესმოდა... გავიარეთ ქვიშის უდაბნოც. გადამყვანებმა წინასწარ გაგვაფრთხილეს, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით, თორემ მექსიკელი პოლიციელები საშიშები არიან. თუ დაინახეს, რომ გარბიხარ, შენი მოკვლის უფლებაც აქვთო. მდინარე როგორ გადავლახე, არ მახსოვს, მაგრამ იქ ქალს ბავშვი ჩაუვარდა წყალში. ხალხმა ეს დაინახა, მაგრამ არავინ დაეხმარა. მისკენ რომ წავედი, ქართველები მიყვიროდნენ, რას აკეთებ, თავს უშველეო. წამოდგომაში მივეხმარე, მაგრამ მერე რა ბედი ეწია, არ ვიცი. როცა ამერიკელი პოლიციელები დავინახე, ისე გამიხარდა, მაშველები მოდიან-მეთქი... თავაზიანად იქცეოდნენ. დიდება უფალს, შეიძლება იმდენად მინდოდა ამერიკაში ყოფნა, რომ შვება ვიგრძენი და ციხეც კი კარგ ადგილად მომეჩვენა (იცინის). თუმცა, იმ ადგილს ციხესაც ვერ დავარქმევ. იქ მხოლოდ 22 საათი გავატარე. კარგი სიტუაცია იყო. რომ შეგვიყვანეს, რიგში ჩავდექით და ყველაფერი დაგვატოვებინეს, რაც გვქონდა. პასპორტი, ტელეფონი ჩაიბარეს, მერე ავტობუსით 2 საათი გვამგზავრეს. როცა გარკვეულ ადგილას მიგვიყვანეს, იქ რაღაცაზე მოგვაწერინეს ხელი, სპონსორების კოორდინატები ჩაიწერეს, წყალი, სენდვიჩები მოგვცეს. შემდეგ შეგვიყვანეს დიდ დარბაზში, რომელიც გადატიხრული იყო სქელი ცელოფანებით. იატაკზე ყველას თავისი საწოლი ჰქონდა მოწყობილი. მოგვცეს საჭმელი, ჰიგიენური ნივთები... იმ საღამოს მშვიდად დამეძინა. ყოველ 5 საათში შემოდიოდნენ და აწესრიგებდნენ, ალაგებდნენ იქაურობას. ერთხელ ვიღაც შემოვიდა და სახელი წაიკითხა. ერთმა გოგომ თავის სახელს მიამსგავსა და გაჰყვა გახარებული, ეტყობა მიშვებენო. აღმოჩნდა, რომ სხვას ეძახდნენ. მერე კიდევ სხვა გაჰყვა, მაგრამ ისიც უკან მობრუნდა... ბოლოს მე მითხრეს, - მგონი, შენ გეძახიანო. - ასე მალე ვინ გამომიძახებს-მეთქი? თუმცა, როცა დავრწმუნდი, რომ ჩემზე იყო ლაპარაკი, გოგონებს დავემშვიდობე. გული კი დამწყდა, მათ რომ ვტოვებდი, ისინი ხომ იქ ჩემზე დიდხანს იყვნენ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ გაგიმართლათ, ეს კარგი სპონსორის დამსახურება იყო?

- კი, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენი სპონსორი: როგორი სახელი და მატერიალური მდგომარეობა აქვს, მუშაობს თუ არა, გადასახადებს როგორ იხდის... ერთი სიტყვით, გარეთ კი გამოვედი, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ის ადამიანი, ვინც დამპირდა, ოღონდ ჩამოდი და პრობლემა არ იქნებაო, საერთოდ არ გამოჩნდა: ახლა ვერ დაგეხმარები, სხვა შტატში ვარო... სასტუმროში გავატარე 2 დღე და მერე სოციალური ქსელის წყალობით ვიპოვე ოთახი, რომელიც რამდენიმე ადამიანს ერთდროულად ჰქონდა დაქირავებული, ასე ნაკლები ხარჯი მექნებოდა. მერე კეთილი ადამიანების დახმარებით ვიშოვე სამსახურიც და მას მერე ამ ოჯახში ვარ. ადვოკატიც ავიყვანე.

- ადვოკატის აყვანა ყველა ახალჩასულისთვის აუცილებელია?

- როცა ე.წ. ციხიდან გამოგიშვებენ, ფეხზე ერთგვარ სამაჯურს შეგაბამენ და გარკვეული რადიუსის იქით წასვლის უფლება არ გაქვს. ეს სამსახური ჩემს ლოკაციასთან ახლოს იყო და ამაში გამიმართლა. ადვოკატი ავიყვანე, რადგან მითხრეს, საემიგრაციოში რომ გამოგიძახებთ, დაგჭირდება ადვოკატის დახმარება, მერე სასამართლოები გექნებაო. ამ ადვოკატის წყალობით უკვე ავიღე ე.წ. სოუშელი, მივიღე მუშაობის უფლება, ბინა შევიცვალე და აქ მართვის მოწმობაც კი ავიღე. არადა, ბავშვობაში მანქანა დამეჯახა და შიშები მქონდა. არ ვიცი, რა გითხრათ, ამერიკაში ბევრი რამ გადავაფასე და შიშიც დავძლიე. ის შესაძლებლობები მომეცა, რომელსაც სულ ვეძებდი. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, დალაგება, სისუფთავე და ხალხს ამით სიამოვნებას ვანიჭებ. როცა სხვაზე ვზრუნავ, ეს სამყაროსგან ყოველთვის კარგად მიბრუნდება... ჩემმა შვილმა სკოლა რომ დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა, ეს მაბედნიერებს. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ არ ვიცი, როდის დავბრუნდები სახლში.

- ბევრი ადამიანი ემიგრანტ მშობლებს საყვედურობს, თქვენ შვილებს მოაკელით მატერიალურზე მნიშვნელოვანი რამ, დედის სითბო და ამის გამო არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ მათგან სიცივეს იგრძნობთო. რას ეტყვით ასეთ ადამიანებს?..

- ჯერ ერთი, არავინ იცის, ცხოვრებაში როდის რა გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება და სხვისი გაკიცხვა არაა სწორი საქციელი. მეორეც: შეიძლება შორს იყო, მაგრამ შვილი შენს სითბოს, სიყვარულს მაინც გრძნობდეს. დიახ, როცა ემიგრაციის გზას დავადექი, მე გავრისკე, მაგრამ მადლობა უფალს, ჩემი რისკი გამართლებული აღმოჩნდა. ვაჟი მყავს. შეიძლება გამუდმებით არ მირეკავს იმისთვის, რომ სიყვარული მაგრძნობინოს, მაგრამ მერწმუნეთ, ის იმდენ სითბოს მიგზავნის, რომ მაძლიერებს, სტიმულს მაძლევს. მიმოწერა მქონდა მის მასწავლებლებთან და ისინი მართლა ყოველთვის მადლობას მეუბნებოდნენ, ძალიან ზრდილობიანი, კარგი შვილი გყავთო. სულ თვალებში მიყურებს, რამე არ მეწყინოს და როცა ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს ვუზიარებ, ყოველთვის მხარს მიჭერს. შენ გაქვს უფლება, ბედნიერი იყოო, - სულ ამას მეუბნება. არასდროს მთხოვს ფულს. თუ რამის გაგზავნა მინდა, - ჯერ ხომ მაქვს, არ გინდაო. დედაჩემმა მითხრა ერთხელ, ფეხსაცმელს რომ ვრეცხავდი, ვნახე, წინ ახეულივით არისო. დავურეკე, ბათინკები რომ გაგფუჭებია, რატომ არ მითხარი-მეთქი? - არა უშავს, რა მოხდა მერე? რომ გაშრება, წებოთი დავაწებებ და ეგ არისო. კარგი შვილია, მადლობა უფალს. გული მწყდება მხოლოდ იმის გამო, რომ არ გაჰყვა ცეკვას და სიმღერას, რაც კარგად გამოსდიოდა. ესეც, მორიდებულობის გამო. მას ძალიან აფასებენ მეგობრები, მთელი სოფელი. მისგან არაფერი მინდა, მთავარია ჯანმრთელად იყოს და პატიოსნებით გაიტანოს თავი.

- დაბოლოს, რა გასწავლათ სამშობლოდან შორს ცხოვრებამ?

- იცით, მართლა ძალიან რთული ცხოვრება გამოვიარე, 2 ქვეყანაში მაქვს საშიშროება: ერთში კონკრეტული ადამიანის, მეორეში - პოლიტიკური ორომტრიალის გამო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერმა ისე გამაძლიერა, სირთულეები აღარ მაშინებს.

საყვარელი ადამიანებისა და ჩემი უკეთესი მომავლის გამო თითქოს მთების გადადგმაც კი შემიძლია. ვისწავლე, რომ საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვა და აუცილებლად დააფასო ის ადამიანები თუ ქვეყანა, რომელიც მიგიღებს, გზაზე დაგაყენებს, გულში ჩაგიკრავს.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"