ვინ ასრულებს "ჩაკრულოს" "ერისიონში" და როგორ "მოიწამლნენ" კახელი ძმები სიმღერის სიყვარულით - კვირის პალიტრა

ვინ ასრულებს "ჩაკრულოს" "ერისიონში" და როგორ "მოიწამლნენ" კახელი ძმები სიმღერის სიყვარულით

ილია და დათო გელაშვილები „ერისიონის“ მსახიობ-მომღერლები არიან.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წევრმა ძმებმა, სიმღერა ადრეული ასაკიდან დაიწყეს და დღეს ხელოვნების ეს დარგი, მათი დღის უდიდეს ნაწილს იკავებს. სამომავლოდ, სურვილი აქვთ, ლაგოდეხის რაიონის მასშტაბით, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სიმღერის მოყვარულებს გაუზიარონ, თუმცა, ამ ეტაპზე „ერისიონის“ რეჟიმის პარალელურად, ეს არ ხერხდება. წლევანდელი ზაფხულიც ისეთივე დატვირთული აქვთ, როგორც ყოველთვის. „ერისიონი“ საქართველოს რაიონებში ტრადიციულ საზაფხულო საგასტროლო ტურნეს მართავს, ხოლო 24 აგვისტოს, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დასკვნითი კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

– როგორ მოხდა მუსიკალურ სამყაროსთან თქვენი დაახლოება?

ილია:

– ჩვენი პაპა, ვისი მოსახელეც ვარ, ქიზიყელი კაცი იყო და როგორც გადმოცემით ვიცით, შესანიშნავად მღეროდა. მექანიზატორი ყოფილა, მაგრამ სიმღერის დიდი მოყვარული და მას რაიონში ყველა იცნობდა. სიმღერის მონაცემები ბავშვობაში აღმომაჩნდა. სოფელ ლელიანში ხალხური საკრავების წრეზე დავდიოდი, სხვადასხვა ანსამბლშიც ვმღეროდი. ჩემსა და დათოს შორის, 10 წელია სხვაობა. კარგად მახსოვს მისი დაბადება. ჩვენ უფროსი დაც გვყავს და ფაქტობრივად, დათო ჩვენი გაზრდილია. მე რომ სკოლა დავამთავრე, ის იმ წელს შევიდა სკოლაში. ნელ-ნელა დათომაც გამოავლინა სიმღერის ნიჭი. ჯერ მე და ჩვენი და ვასრულებდით როგორც ტრადიციულ, ისე ქალაქურ სიმღერებს, მერე დათოც შემოგვიერთდა.

დათო:

– მუსიკასთან ჩემი დაახლოება ბაღის ასაკიდან იწყება. მახსოვს, მეგობართან ერთად ვმღეროდი ორი ჯუჯას სიმღერას: „ორად ორი მეგობარი“. ოჯახში ხშირად მესმოდა სიმღერა და ალბათ, ჩვენც გამოგვყვა პაპას ნიჭი. სამწუხაროა, რომ ჩვენ ილო გელაშვილს ვერ მოვესწარით. სკოლის ადგილობრივ ანსამბლში ჩემი პირველი სიმღერის მასწავლებელი შორენა ენუქიძე იყო, რომელმაც სულ სხვა თვალით დამანახვა სიმღერა და კიდევ მეტად შემაყვარა. ჩემი და მუსიკალური სასწავლებლის გამგე იყო და იქ ფორტეპიანოზე შემიყვანეს. ოღონდ მეცადინეობა ძალიან მეზარებოდა, მაგრამ დის ხათრით მაინც დავდიოდი. სამწუხაროდ, დღეს ფორტეპიანოზე დაკვრა დავიწყებული მაქვს, მაგრამ შემიძლია ნებისმიერ დროს გავიხსენო. ჩემი ძმის შემდეგ, ხალხური სიმღერა თამაზ ტყემალაძემ შემაყვარა. ის ჩვენს სკოლაში მოვიდა და პირველად მისგან ვისწავლე „ჩაკრულოსა“ და „მრავალჟამიერის“ შესრულება. მისმა უფროსმა მეგობრებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს მუსიკალურ განვითარებაზე... სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესში ჩავაბარე. პროგრამისტი ვარ, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია, ისევე როგორც ჩემს ძმას.

– ანუ თქვენი პროფესიები სიმღერის სიყვარულმა გადაწონა...

ილია:

– ასე გამოვიდა. ეკონომისტი ვარ, უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ არც მე მიმუშავია, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება სიმღერას დავუთმე, სული და გული მივუძღვენი. მამაჩემი პროფესიით მათემატიკოსი იყო და წლების განმავლობაში მთელი კახეთი მასთან ემზადებოდა. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მეც მამაჩემი მამეცადინებდა. სტუდენტი რომ გავხდი, მერე მითხრა, - იცოდე, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, ის არ დაკარგოო. მისი სიტყვები სულ მახსოვდა, გონებაში მქონდა ჩარჩენილი და ასეც მოვიქეცი. „ჯავახიშვილში“ სწავლისას სტუდენტურ დღეებში ვმონაწილეობდი. უნივერსიტეტშივე მე და ჩემმა მეგობარმა მარადი ლიპარტელიანმა ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი „ლილე“, რომელიც სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული. 2003 წელს კი ანსამბლ „ერისიონში“ მოვედი. ეს ამბავი ცოტა კურიოზულიც კი არის: სტუდენტობის პერიოდში რუსთავში ვცხოვრობდი. ერთხელაც მეგობრებმა დამირეკეს, „ერისიონში“ „გასასინჯად“ მივდივართ და ხომ არ წამოხვალო?! თავიდან ვიყოყმანე, მაგრამ შემდეგ გავყევი. მახსოვს, რომ მოვედით, შენობაში დარაჯი არ გვიშვებდა. მერე ბატონ ჯემალს დაურეკა, ვიღაცები გკითხულობენო. მისი ნებართვის შემდეგ, ბატონ ჯემალთან ოთახში შევედით. 4 ბიჭი ვიყავით და ყველა გვამღერა. არ მინდა ამბიციურ ნათქვამად გამოვიდეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე დამტოვა და სხვებს დაემშვიდობა. მაშინაც, როგორც ახლა, ხმადაბლა ვსაუბრობდი და ბატონმა ჯემალმა თქვა: ბიჭო, რომ ლაპარაკობ, არ ისმის და რამხელა ხმა გქონიაო (იღიმის).

- დათო, თქვენ როდის შეუერთდით ძმას და ანსამბლ „ერისიონს“?

- სიმღერისა და „ერისიონის“ სიყვარულით ჩემმა ძმამ მომწამლა. თუმცა, იქ მისვლამდე, სტუდენტობის პერიოდში ანსამბლში „ქართველო“ 2-3 წელი ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებს ვმღეროდი. „ერისიონისგან“ პირველი დიდი ეფექტი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მაშინ მივიღე, როცა ილომ ანსამბლის დიდი ნაწილი, ბატონ ედიშერ ჭკუასელთან და ოთარ ბლუაშვილთან ერთად, ჩვენთან ლელიანში ჩამოიყვანა. მაშინ 15-16 წლის ვიქნებოდი, მათ ნამღერს შოკირებული ვუსმენდი. იმ საღამოს მეც ვიმღერე და მაშინ ბატონმა ედიშერმა მითხრა, თბილისში რომ ჩამოხვალ, გამოგვიარეო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და „გამოვუარე“ (იღიმის). ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა რომ მომისმინა, მითხრა: თუ სიმღერა გინდა, შეგიძლია ჩვენთან მოხვიდეო. პროგრამის შესწავლა დავიწყე და ცოტა ხანში ანსამბლის ძირითად შემადგენლობაშიც ჩამსვეს.

– მას შემდეგ, რაც ანსამბლის წევრები გახდით, თქვენთვის გამორჩეულად ძვირფასი რომელი კონცერტია?

– დაუვიწყარია პირველი სოლო კონცერტი ფილარმონიაში, სადაც ჩვეულ პროგრამას 7-8 სიმღერას ვასრულებთ, დანარჩენ სიმღერებს კი ცეკვის თანხლებით. ჩემთვის ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი დღე იყო.

ილია:

- თუ არ ვცდები, „ერისიონის“ 120 წლის იუბილე იმართებოდა, როცა ფილარმონიის სცენაზე „ჩაკრულოს“ სოლო პირველად შევასრულე. დიდი აუდიტორიის წინაშე, ასეთი ტრადიციის მქონე ანსამბლში სიმღერამ, სულ სხვა ემოციები გააღვიძა. მოგეხსენებათ, კოსმოსში გაშვებული „ჩაკრულო“ სწორედ იმ ადამიანების მიერ არის შესრულებული, ვინც „ერისიონში“ მღეროდა. და ამ ყველაფრის მერე, შენ რომ გეკისრება მისია ეს სიმღერა შეასრულო, პასუხისმგებლობაც დიდია და განცდაც. „ჩაკრულო“ ჩემთვის ზეაღმატებული სიმღერაა, რომლისგანაც ყველაფერი იკვეთება: ქართული კაცის ბუნებაც, ხასიათი და ემოციაც. საუკეთესო სიმღერაა.

დათო:

– ჩემთვისაც ასეა, „ჩაკრულოს“ გამოვარჩევ. ვმღერი, მაგრამ ვფიქრობ, ილოს უფრო მეტად უხდება, მე კი უფრო მეტად - სხვა კახური სიმღერები: „კახური მრავალჟამიერი“, „ჭონა“, „შემოძახილი“ და ბევრი სხვა. მოგეხსენებათ, ჩვენ კახელები ვართ და ამ კუთხის ნიმუშები ჩემთვის პირველია. თან, როგორც მეუბნებიან, ყველაზე უკეთ კახური სიმღერები გამომდის.

– დაბოლოს, შეგიძლიათ ძმებმა ერთმანეთი სამ-სამი სიტყვით დაახასიათოთ?

– ილო არის პროფესიონალი, ჯიუტი და პრინციპული პიროვნება, რომელმაც თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ბევრს მიაღწია.

ილია:

– დათო ძალიან გულიანი, ჯიუტი და ნიჭიერია, მაგრამ ცოტა ზარმაცი (იღიმის).

დათო:

– მართალია (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"