პუტინიდან ზელენსკიმდე: გეოპოლიტიკური თამაში ინდურად - რატომ ჩადის ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში?!
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ინდოელი პრემიერი დიპლომატიურ ბაგირზე: მოსკოვიდან კიევში. ნარენდრა მოდის ღია და ფარული მიზნები“ (ავტორი - ვიკას პანდეი). გთავაზობთ პუბლიკაციას, რომელშიც გაანალიზებულია ინდოეთის - როგორც ჩინეთის მეტოქის - ინტერესები ევროპისა და უკრაინის მიმართ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი დღეს უკრაინაში, კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა შეხვდეს. მანამდე კი, თვენახევრის წინ, ინდოეთის მთავრობის მეთაური მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს - ვლადიმერ პუტინს მოელაპარაკა.
ნარენდრა მოდის მოსკოვურ ვოიაჟზე უკრაინამ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა საკმაოდ მკვეთრი რეაგირება მოახდინეს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მისთვის „ძალიან სამწუხარო იყო იმის დანახვა, თუ როგორ ეხვევა და ეხუტება მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის - ინდოეთის ლიდერი მსოფლიოს უპირველეს ავაზაკს მოსკოვში“.
დიახ, პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, მათ შორის - არასასიამოვნო დიპლომატიური ინციდენტები და მკვეთრი შეფასებებიც. მაგრამ მოდით, მოდისთვის მიძღვნილი პოლიტიკურ-კრიმინალური ეპითეტები გვერდზე გადავდოთ და ვუპასუხოთ გაჩენილ კითხვას - „რისთვის ჩადის ნარენდრა მოდი კიევში - ნუთუ მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დასავლელი ლიდერების დასამშვიდებლად?“.
ინდური მიუმხრობელობა, რუსეთ-დასავლეთისადმი მომხრეობით
არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ინდოეთი, რომელიც თავის საგარეო ურთიერთობებს თავისივე ინტერესებით ახორციელებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ბალანსს იცავს. ნიუ-დელი ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ატარებდა პრაქტიკაში რომელიმე ბლოკისა თუ ალიანსისადმი მიუმხრობლობის პრინციპს - ჯავაჰარლალ ნერუდან დაწყებული, ინდოეთი ცნობილი ორგანიზაციის - „მიუმხრობლობის მოძრაობის“ ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
ვიზიტი, რომელიც დღეს, 23 აგვისტოს უნდა განხორციელდეს, ნარენდრა მოდის პირველი ვიზიტია უკრაინაში და მოწმობს იმას, რომ ინდოეთი უარს არ ამბობს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებზე, მაგრამ იმავდროულად დასავლეთთანაც თანამშრომლობს, რიგი ურთულესი პრობლემების მოგვარებაში.
მაიკლ კუგელმანის, აშშ-ის ვილსონის ცენტრის (ვაშინგტონში) სამხრეთ აზიის ინსტიტუტის დირექტორის თქმით, კიევში ვიზიტი ხაზს გაუსვამს ინდოეთის პრემიერის სტრატეგიულ ავტონომიას: „ინდოეთს არ სურს თავისი ნაბიჯით დასავლეთი ან სხვა ვინმე გაამხნევოს. ამ ვიზიტის მიზანს კიევისადმი მეგობრობის დადასტურება წარმოადგენს, მაგრამ ისე, რომ მიანიშნოს - ნიუ-დელი შეშფოთებულია ომის ესკალაციით და მის გაგრძელებას ინდოეთი მხარს არ უჭერს“.
და მაინც, ის დრო, რომელიც ვიზიტისათვის არის შერჩეული, იმას მოწმობს, რომ ინდურმა დიპლომატიამ მხედველობაში მიიღო აშშ-ის მკვეთრი ნეგატიური რეაქცია ნარენდრა მოდის მოსკოვში ყოფნის გამო.
რატომ არ გმობს ინდოეთი რუსეთის აგრესიას?
ინდოეთი, როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნების გაღიზიანების მიუხედავად, თავს იკავებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დაგმობისაგან, თუმცა იმავდროულად ნიუ-დელი ხშირად აკეთებს განცხადებებს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის თაობაზე, ხშირად გამოდის სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრედ.
სხვათა შორის, ნარენდრა მოდი მოსკოვში იმ დროს ჩავიდა, როცა რუსეთმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. ამ დარტყმამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა საავადმყოფოს დაბომბვას მტკივნეული და საშინელი მოვლენა უწოდა, მაგრამ ისევ თავი შეიკავა რუსეთის მისამართით რაიმე ბრალდებისაგან. ნარენდრა მოდი, როგორც ჩანს, თავის პრინციპებს არც კიევში ვიზიტის დროს უღალატებს - ამერიკა და სხვა დასავლური ქვეყნები თანდათან ურიგდებიან იმას, რომ რუსეთი და ინდოეთი ერთმანეთის მრავალწლიანი პარტნიორებია არიან, განსაკუთრებით შეირაღებით ვაჭრობის სფეროში, ომის დაწყების შემდეგ კი - რუსული ნავთობის იმპორტში: გასულ წელს ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვის მოცულობით პირველი ადგილი დაიკავა.
ამერიკა და მისი მოკავშირეები ხშირად ცდილობდნენ, ინდოეთისათვის „ჭკუა ესწავლებინათ“, რომ ნიუ-დელს მკაფიო პოზიცია გამოეხატა რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის მიმართ, მაგრამ თავს იკავებდნენ სანქციების გამოცხადებისაგან - ინდური ეკონომიკა თავისი მოცულობით მეხუთეა მსოფლიოში და დასავლური პროდუქციის გასაღების მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს.
არცთუ უმნიშვნელო არგუმენტია ისიც, რომ დასავლეთი ინდოეთს ჩინეთის საპირწონდ განიხილავს და არ სურს ამ ბალანსის დარღვევა (თავის მხრივ, ინდოეთს და ჩინეთს ერთმანეთთან მრავალი სადავო საკითხი აქვთ, განსაკუთრებით საზღვრებთან მიმართებით).
მაიკლ კუგელმანის აზრით, ნარენდრა მოდის კიევში ვიზიტს დასავლეთი პოზიტიურად უყურებს: „ინდოეთის კრემლთან სიახლოვე არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მისგან რაიმე სარგებელი არ ექნება“.
თავის მხრივ, ინდოეთს დასავლეთი სჭირდება ბალანსისათვის - მისმა აზიურმა მეტოქემ ჩინეთმა ბოლო წლებში რუსეთთან მჭიდრო კავშირები ააწყო და ინდოეთი, რომელიც რუსეთის (სსრკ-ის) მეგობრად ჯერ კიდევ იოსებ სტალინისა და ჯავაჰარლალ ნერუს დროიდან ითვლება, ამჟამად ამ მიმართულებით შეავიწროვა. მართალია, ნიუ-დელი ჯერ კიდევ თვლის მოსკოვს ისეთ ძალად, რომელსაც ჩინეთზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა შეუძლია, მაგრამ ამის მაინცდამაინც დიდი იმედი არ აქვს. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ინდოეთის პრემიერს, როგორც ჩანს, მშვიდობისმყოფელის პოზის დაკავება სურს, როგორც მოსკოვის, ასევე დასავლეთის თვალში (ორივესთან ურთიერთობის მაღალი დონის გათვალისწინებით).
„ინდოეთს არ მოსწონს, როცა მას ჭკუას არიგებენ“
მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნარენდრა მოდი კიევში რაიმე სამშვიდობო გეგმას ჩაიტანს: „მართლაც არის თუ არა ინდოეთი მზად მშვიდობისმყოფელის როლისათვის? გავიხსენოთ, რომ ინდოეთს არ მოსწონს, როცა დასავლეთი და სხვა ქვეყნები მას ჭკუას არიგებენ მისთვის საინტერესო საკითხებში, მაგალითად, ქაშმირის პრობლემის მოგვარებაში პაკისტანთან. მე არ ვფიქრობ, რომ ნარენდრა მოდი მედიატორის როლში გამოვა და კიევსა და მოსკოვს რაღაც პირობებს შესთავაზებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი და უკრაინა მოისურვებენ. მაგრამ ამ მომენტში, ჩემი აზრით, ინდოეთის შუამავლობა არც ერთ მხარეს არ სურს“, - ამბობს მაიკლ კუგელმანი.
და მაინც, უკრაინა პოზიტიურად აღიქვამს ინდოეთის პრემიერის ვიზიტს და მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ კეთილმსურველად და პარტნიორად. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების მომენტში ინდოეთი უკრაინის დიპლომატიურ სივრცეში თითქმის არ ჩანდა.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ნარენდრა მოდისგან ყველაფერს მოითმენს და არ უსაყვედურებს მას, ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტთან „ზედმეტად ახლო“ ურთიერთობას. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ნარენდრა მოდი ამგვარ დიპლომატიურ საყვედურებს მიჩვეულია - იგი მრავალჯერ ჩავარდნილა მსგავს სიტუაციებში დასავლეთის დედაქალაქებში ვიზიტების დროს. თავის მხრივ, მოსკოვი არ მოახდენს რაიმე ნეგატიურ რეაქციას ამ ვიზიტზე - კრემლიც იძულებულია, თამაშის წესები მიიღოს ინდოეთის მრავალმხრივი მიდგომის გამო გეოპოლიტიკისადმი.
რა უნდა ინდოეთს ევროპაში?
მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ნარენდრა მოდის უკრაინაში ვიზიტის ჩარჩოებში უფრო სერიოზული მიზნები აქვს: ბოლო ათწლეულში ინდოეთმა ევროპასთან დამოკიდებულებაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, განსაკუთრებით შედარებით ნაკლებად განვითარებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან (ანუ ყოფილ სოციალისტურ ბანაკთან).
ინდოეთს სურს, გააგრძელოს თავისი ურთიერთობა დიდ „ევროპულ ოთხეულთან“ - დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან, მაგრამ ასევე სურს კონტინენტის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაც. მაგალითად, პოლონეთთან: ნარენდრა მოდი პირველი ინდოელი ლიდერი იყო, რომელიც პირველად ეწვია ვარშავას ბოლო 45 წლის განმავლობაში (იგი კიევში დღეს სწორედ ვარშავიდან უნდა ჩავიდეს), ასევე, ავსტრიას - ბოლო 40 წლის მანძილზე (ივლისში). ღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები.
ანალიტიკოსების აზრით, ეს მოწმობს, რომ ინდოეთი სულ უფრო მეტად აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდ როლს შეასრულებენ მომავლის გეოპოლიტიკაში ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ამიტომ თადარიგს წინასწარ იჭერს.
ამრიგად, მართალია, კიევში ვიზიტის დროს ომს დიდი ადგილი დაეთმობა, თუმცა ინდოეთის დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს ფართო ამოცანებზეც.
„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რეგიონულ პოლიტიკაში და მსოფლიო გეოპოლიტიკაშიც სულ უფრო ფართო ადგილს იკავებენ. ნარენდრა მოდის ვარშავაში და კიევში ვიზიტი მოწოდებულია, აღიაროს ევროპის ცენტრში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები და მათთან ორმხრივი ურთიერთობები გააფართოვოს ყველა სფეროში - პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის ჩათვლით“, - წერს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი რაჯა მოჰანი გაზეთ „ინდიან ექსპრესში“.
მოამზადა სიმონ კილაძემ