შავი დღე რუსებისთვის - უკრაინულმა „ნეპტუნმა“ რუსული სარკინიგზო ბორანი „მოსკვას“ გზას გაუყენა - კვირის პალიტრა

შავი დღე რუსებისთვის - უკრაინულმა „ნეპტუნმა“ რუსული სარკინიგზო ბორანი „მოსკვას“ გზას გაუყენა

ქერჩის სრუტეში გუშინ რუსული სარკინიგზო ბორანი აფეთქდა და ჩაიძირა, რადგან მასზე მდგომ 30 სარკინიგზო ცისტერნას ცეცხლი წაეკიდა - ეს კი არანაკლებ 2 ათასი ტონა დიზელის საწვავის აგიზგიზებას ნიშნავდა...

1-borani-1724392493.png
რუსული ბორანი „CONRO TRADER“-ი, გემბანზე განთავსებული სარკინიგზო ცისტერნებით, უკრაინული ფრთოსანი რაკეტების სამიზნე გახდა...

ყველაფერში კი „დამნაშავე“ ისევ უკრაინული „ნეპტუნი“ გახდა, სწორედ ის ხომალდასწინააღმდეგო რაკეტა, რომლის ორმა ერთეულმა ამ ომის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“...სამ ასოზე გაუშვა ანუ ჩაძირა...

ქერჩის სრუტეს, რომელიც შავ ზღვას აზოვის ზღვასთან აკავშირებს, თუ რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, ამას ახსნა არც სჭირდება - ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან ყირიმის (ქერჩის) ხიდი პუტინის სპეციალური დავალებით ააგეს, რათა მომზადებულიყვნენ უკრაინის სამხრეთი მიმართულებიდან შესატევად და 2022 წლის 24 თებერვალს კრემლმა ეს გეგმა განახორციელა კიდეც.

მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ორი დივერსია მოაწყო ამ ხიდზე, მისი სრული დატვირთვით ფუნქციონირება გაჭირდა, განსაკუთრებით კი ამ ხიდის სარკინიგზო ნაწილის. ამასთან, ძალზე ხშირად იკეტება ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილიც იმის შიშით, რომ უკრაინული რაკეტები ან კამიკაძე-დრონები მორიგ თავდასხმას მოაწყობენ...

2-borani-1724392736.jpg
რუსული ბორანის საზღვაო პორტ „კავკაზში“ აფეთქებისა და ჩაძირვის შემდეგ რუსეთს აღარ დარჩა საზღვაო მცურავი საშუალება, სარკინიგზო შემადგენლობების ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ქერჩის სრუტის გავლით გადასაყვანად...

შესაბამისად, ისევ გააქტიურდა საბორნე გადასასვლელი რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტ „კავკაზიდან“ ყირიმის ნახევარკუნძულამდე, რომელიც ყირიმის ხიდის აშენებამდე ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა.

ამიტომაც რუსული სარკინიგზო ბორნები, რომლებსაც საწვავით და საბრძოლო მასალებით სავსე ათეულობით ვაგონი გადაჰყავდათ ანექსირებული ყირიმის ნაპირზე და რომელიც შემდეგ მიეწოდებოდა ხერსონის ფრონტის მონაკვეთზე მებრძოლ რუსეთის საოკუპაციო ძალებს, უკრაინელების კანონიერი სამხედრო სამიზნე გახდა...

ჯერ კიდევ 23 ივლისს, რუსულ საზღვაო პორტ „კავკაზზე“ განხორციელდა უკრაინული რაკეტების თავდასხმა, რომელმაც ორი სარკინიგზო ბორანი გამოიყვანა მწყობრიდან, მაგრამ რუსებმა შეძლეს ერთი მათგანის სწრაფად შეკეთება, რადგან მაშინ ის გადაურჩა აფეთქებას.

3-borani-1724392675.jpg
უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“, რომელსაც რუსული კრეისერის, „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ საზღვაო პორტებზე და სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტად მოხვედრაც „შეასწავლეს“...

და, აი, 22 აგვისტოს „კავკაზის“ პორტს მორიგი უკრაინული „ნეპტუნები“ დაესხნენ თავს, ამჯერად - გრანდიოზული „ცეცხლოვანი შოუს“ მოწყობით, რადგან იმ შეკეთებულ ბორანზე 30 საწვავით სავსე სარკინიგზო ცისტერნა იდგა, თითოეულში კი 66 ტონა დიზელის საწვავი ესხა...

რუსეთს, ფაქტობრივად, აღარ დარჩა გამართული სარკინიგზო ბორანი, რომელიც შეძლებდა რუსეთის ტამანიდან ანექსირებულ ყირიმამდე სარკინიგზო ვაგონების გადაყვანას, ამასთან, პირველი აფეთქების შედეგად დაზიანებული ყირიმის ხიდის სარკინიგზო ნაწილი არ იძლევა იმის ტექნიკურ საშუალება, რომ მძიმედ დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობები გაატაროს.

4-borani-1724392634.jpg
ქერჩის სრუტეში მდებარე რუსული საზღვაო პორტი „კავკაზი“ ეტყობა, კიდევ არა ერთხელ გახდება უკრაინული რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების სამიზნე...

შესაბამისად, ანექსირებული ყირიმიდან და ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან მოქმედ რუსეთის საოკუპაციო ძალებს საწვავითა და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში მნიშვნელოვანი პრობლემები უჩნდებათ, რადგან სამხედრო ტვირთების მთავარი გადამზიდავი საშუალება სწორედ რკინიგზაა, ვიდრე - საავტომობილო ტრანსპორტი...

უბრალოდ, გაკვირვებას იწვევს, თუ ასე მალე როგორ მოახერხეს უკრაინელმა კონსტრუქტორებმა ფრთოსანი რაკეტების, „ნეპტუნების“ დამიზნების სისტემის ისე გადაკეთება, რომ გაშლილ ზღვაში მცურავი ხომალდების დასაზიანებლად შექმნილ „ნეპტუნებს“ „ასწავლეს“ საზღვაო პორტში სხვა გემებთან მჭიდროდ მდგარი სამიზნეების ამოცნობა და მათზე უზუსტესი მოხვედრა...