ტრამპის მოსკოვური სექსსკანდალი და რუსული სპეცსამსახურები - "მაგნიტივით მიზიდავენ ლამაზი ქალები, მე არც ველოდები, მაშინვე ვიწყებ მათ კოცნას" - კვირის პალიტრა

ტრამპის მოსკოვური სექსსკანდალი და რუსული სპეცსამსახურები - "მაგნიტივით მიზიდავენ ლამაზი ქალები, მე არც ველოდები, მაშინვე ვიწყებ მათ კოცნას"

ალბათ, ყველას გსმენიათ "სასარგებლო იდიოტების“ შესახებ: ეს სპეცსამსახურების აგენტურული აპარატის ის კატეგორიაა, რომელმაც ხშირად თავადაც არ იცის, რომ მტრის სასარგებლოდ მუშაობს, პირიქით: მათ თავი ყველაზე დიდ პატრიოტებად მიაჩნიათ და თავს დებენ ქვეყნის სიყვარულზე. ამ დროს კი ისინი სპეცსამსახურების მარიონეტები უფრო არიან, ვიდრე - დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მეცნიერები, ექსპერტ/ანალიტიკოსები ან ჟურნალისტები.

„სასარგებლო იდიოტების“ მანიპულირების ოპერაცია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, სადაც ყველას თავისი დავალება აქვს განსაზღვრული: ფსიქოლოგ-ფსიქიატრებს, აგენტ-ინფორმატორებს, ანალიტიკოსებს და „იდიოტის“ უშუალო მანიპულატორებს. „მსხვერპლის“ შერჩევაც არაა მარტივი და ყველაფერი ინდივიდუალურად, კონკრეტული სიტუაციის მიხედვით უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილების მიღებაც ამის მიხედვით უნდა მოხდეს. „სასარგებლო იდიოტების“ კანდიდატურები, როგორც წესი, უკვე მოქმედი ან დამწყები პოლიტიკოსებიდან შეირჩევა. ამ დროს ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც

„ სასარგებლო იდიოტებს“ უფრო ეგოიზმი და განდიდების მანია ამოძრავებთ, ვიდრე - მატერიალური სიკეთის მიღება. საკუთარი პერსონის მნიშვნელობის გადაფასება, არასრულფასოვნების კომპლექსის გადაფარვა ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის მოპოვების მანიაკალური სურვილით: ეს ყველაფერი გამოცდილი ფსიქოლოგის თვალს არ გამოეპარება. ამის შემდეგ საქმეში უკვე სპეცსამსახურების ანალიტიკოსები ერთვებიან და „იდიოტობის კანდიდატის“ სუსტი „წერტილების“ გულდასმით შესწავლას იწყებენ. ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ცოდვილია და „მანიპულირების ღილაკებიც“ ყველას აქვს. ზოგს - ბევრი, ზოგს - ცოტა. თუმცა ერთიც საკმარისია, რომ გამოცდილმა სპეცსამსახურმა მანიპულირების წარმატებული სპეცოპერაცია დაგეგმოს და განახორციელოს.

2005 წლის 7 ოქტომბერს აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში სერიალ „Days of Our Lives“-ის გადასაღებ მოედანზე ორი მამაკაცი საუბრობდა: ერთი ცნობილი რადიო/ ტელეწამყვანი ბილი ბუში ( სხვათა შორის, „იმ“ ბუშების ნათესავი) იყო, ხოლო მეორე უფრო ცნობილი „მაჩო“, მილიარდელი და უკვე შოუმენიც, რომელსაც სერიალის ერთ ეპიზოდში საკუთარი თავი უნდა ეთამაშა. მათი ყურადღება მოხდენილმა ქალბატონმა, მსახიობმა არიანა ზაკერმა მიიპყრო, რომელიც მათკენ მიემართებოდა. მილიარდელ-შოუმენ-მსახიობი, როგორც იტყვიან, „დასაბმელი გახდა“. მსახიობის გარეგნობის დეტალურად განხილვასთან ერთად ის დაწვრილებით მოჰყვა საკუთარ „სექსუალურ გმირობებს“: "თუ ვარსკვლავი ხარ, ქალები გაძლევენ საშუალებას, რაც გინდა, გააკეთო“, აღიარა, რომ მას „მაგნიტივით იზიდავენ ლამაზი ქალები და ყველას შეცდენას ცდილობს“ და თანამოსაუბრეს თავმომწონედ განუცხადა : ”მე არც ველოდები, მაშინვე ვიწყებ მათ კოცნას“. ჟურნალისტი ბუშის გულახდილი თანამოსაუბრე დონალდ ტრამპი გახლდათ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ ფიქრობდა აშშ-ის პრეზიდენტობაზე.

es-1724393163.jpg

დონალდ ტრამპი, არიანა ზაკერი და ბილი ბუში. 2005 წელი.

ამ საუბრის აუდიო ჩანაწერი 2016 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელდა და ამერიკის ორივე ძირითად პოლიტიკურ პარტიაში დიდი რისხვა გამოიწვია: პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სექსიზმში და ქალთა სქესის სიძულვილში დაადანაშაულეს. ტრამპიც იძულებული გახდა, სულ ბოდიშები ეხადა. თუმცა მისი „სექსსკანდალების“ ისტორიები მტერ-მოყვარისთვის არ იყო საიდუმლო: ლამაზი ქალბატონების დანახვაზე ტრამპი „დასაბმელი“ რომ ხდებოდა, დიდი ხანია, ყველამ იცოდა. მისი „ამურული თავგადასავლები“ მედიის სკანდალების რუბრიკას არ სცილდებოდა. ამ რუბრიკას საინტერესო მკითხველი ჰყავს: ძირითადად, „თინეიჯერებსა“ და პენსიონერებს აინტერესებთ მილიარდელებისა და კონოვარსკვლავების ცხოვრების სკანდალური ეპიზოდები. თუმცა არის კიდევ ერთი დაინტერესებული „მკითხველი“: სპეცსამსახურების ანალიტიკური დანაყოფები, რომლებიც ამგვარი „სექსსკანდალებით“ ავსებენ ოპერატიული დაინტერესების ობიექტის „დოსიეს“. დონალდ ტრამპი, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო უდიდესი ეგოიზმით, განდიდების მანიითა და სკანდალებით, უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იყო ამ „მკითხველების“ კართოტეკაში.

დონალდ ტრამპს ცხოვრებაში სამი მთავარი გატაცება ჰქონდა: ბიზნესი, პოლიტიკა და... სილამაზის კონკურსები. 1996 წლიდან მას ეკუთვნის „მის სამყაროს“ ყოველწლიური კონკურსის ჩატარების ექსკლუზიური უფლება.

2013 წლის 9 ნოემბერს „მის სამყაროს“ კონკურსი პირველად ჩატარდა რუსეთში, კერძოდ - მოსკოვში და მას თავად დონალდ ტრამპიც ესწრებოდა. 8-10 ნოემბერს ის რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა და ძალზე აქტიურად მონაწილეობდა ყველა ღონისძიებაში.

screenshot-2024-08-23-111134-1724397144.png
ფოტო: Ivan Sekretarev/AP

დონალდ ტრამპი და „მის სამყარო 2013“ – ვენესუელელი გაბრიელა ისლერი. მოსკოვი, 2013 წლის 9 ნოემბერი.

მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ დონალდ ტრამპის ეს ვიზიტი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი „სექსსკანდალი“ გახდებოდა? ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკელი მილიარდელი, რომელიც მოსკოვშიც ისევე „ცელქობდა“, როგორც - ნიუ-იორკში, სამი წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა.

მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 2017 წლის 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიაწოდეს სანდო წყაროებიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატებს ფლობდნენ.

2017 წლის 9 იანვარს კი უკვე ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა სკანდალური ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, სავარაუდოდ, კომპრომატები მოეპოვებოდა. ეს ინფორმაცია მოცემული იყო სპეციალურ დოსიეში, რომელიც თან ერთვოდა რუსულ ჰაკერულ თავდასხმებზე აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ანგარიშის საიდუმლო ნაწილს. აშშ-ის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა დოსიე მხოლოდ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს - ბარაკ ობამას, არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპსა და რვა კონგრესმენს გააცნეს. დოსიეში აღნიშნული იყო, რომ სავარაუდოდ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2013 წლის ნოემბერში, მოსკოვში დონალდ ტრამპის „მის სამყარო 2013“-ის ღონისძიებებზე რამდენიმედღიანი ვიზიტის დროს, კომპრომატი მოიპოვა: არსებობდა ეჭვი, რომ შემდგომში დაშანტაჟების მიზნით მათ სასტუმროში ტრამპისა და ორი რუსი ქალბატონის „ცელქობის“ ფარული ვიდეოგადაღებები განახორციელეს. სკანდალურ ინფორმაციას (რომელსაც ამერიკაში ირონიით "ოქროს წვიმა" შეარქვეს) დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ერთდროულად უწოდეს "სრული სიცრუე". "კრემლს დონალდ ტრამპზე... არაფერი აქვს... კრემლი არავისზე აგროვებს კომპრომატებს,"- აღნიშნა მაშინ პესკოვმა.

თუმცა „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, საბჭოთა სპეცსამსახურები ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ ამ სპეციფიკური ოპერაციებით. 1960-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში "სოციალისტური სისტემის" დამკვიდრებას ცდილობდა და მოსკოვის სამხედრო-ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაც თავს ევლებოდა და ცივ ნიავს არ აკარებდა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს. თუმცა თან ეჭვობდა, ფარულად ამერიკელებისკენ არ იმზირებოდესო. ამიტომ "კა-გე-ბემ", საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი პირების თანხმობით, "მეგობარი პრეზიდენტის" კომპრომეტირების ოპერაცია დაგეგმა. "კა-გე-ბეში" კარგად უწყოდნენ, რომ სამოცდაათს მიტანებული პრეზიდენტი გულგრილი არ იყო ლამაზი ქალბატონების მიმართ და სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერში ორი ულამაზესი, ქერათმიანი და აშოლტილი "მერცხალი" შეუგზავნეს. ფარული ვიდეო და ფოტოგადაღება სასტუმროს ზედა ნომრიდან მიმდინარეობდა. "კა-გე-ბეს" გენერლები ძალზე კმაყოფილები იყვნენ: მასალა კარგი ხარისხის გამოვიდა, რჩებოდა მხოლოდ "მცირე ტექნიკური“ საკითხი: საპატიო სტუმრისთვის უნდა ეჩვენებინათ მისი ღამის თავგადასავლების ამსახველი ფოტოები და თან - "ენუგეშებინათ", - „თუ ჩვენი ქვეყნის მეგობრად დარჩები, შენს ცელქობებს ვერავინ გაიგებსო“.

სამშობლოში გამგზავრების დღეს პრეზიდენტს საელჩოში მოწიწებით ეწვია, ვითომდა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის მოხელე (სინამდვილეში კი, "კა-გე-ბეს" კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე) და ფოტოები პასეანსივით გაუშალა სტუმარს, თან "ნუგეშის" სიტყვებიც არ დაიშურა. ისიც დაამატა: - სხვა შემთხვევაში, ამ კომპრომატს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა დაუყოვნებლივ ნახავსო. პრეზიდენტმა დიდი ინტერესით დაათვალიერა ფოტოები და ბოლოს გენერალს უთხრა: „თუ შეგიძლიათ, ეს ფოტოები და ვიდეოფირები მომეცით და მე თვითონ გავავრცელებ ჩემს ქვეყანაში. სამ თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია და ასეთი რეკლამით მოგება განაღდებული მექნება, ხალხი იტყვის, ეს რა მაგარი პრეზიდენტი გვყოლიაო“. ასე ჩაიშალა დაშანტაჟების ეს მცდელობა. "კა-გე-ბეს" ხელმძღვანელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ მაჰმადიანურ ქვეყნებში ამგვარი სექსუალური ხასიათის კომპრომატებს საპირისპირო შედეგი მოაქვს. თუმცა "კა-გე-ბეს" ოფიცერმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის მასწავლებლებზე კარგად ისწავლა ამერიკელი შოუმენ-მილიარდელის მანიპულირების მეთოდები.

(პირველი ნაწილის დასასრული)