"მამა თეიმურაზს დავტირით მთელი ქვეყანა... რითი დაფასდა მისი ცხოვრება" - როგორ ემშვიდობება მრევლი მამა თეიმურაზ ქორიძეს
ყოველი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში ხომ იმისთვის გვეძლევა, რომ ვიფიქროთ და ვისწავლოთ...
არაფერი ხდება შემთხვევით ანდა ისე - სხვათა შორის...
ყოველი წამი ჩვენი სიცოცხლისა გვეძლევა იმისთვის, რომ მიზანი ვიპოვოთ და ამ მიზნისკენ მივმართოთ ჩვენი გული და გონება...
წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ ემშვიდობება მრევლი მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს.
ექიმი თამარ მამაცაშვილი კი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მამა თეიმურაზს მთელი საქართველო დასტირის:
"ჩვენ კი ამ წამებს, წუთებს, საათებს და, ხშირად, მთელ ცხოვრებას ვფლანგავთ უაზროდ, უმიზნოდ, ანდა არასწორი მიზნებისთვის: ამქვეყნიური კომფორტისთვის, ქონების მოხვეჭისთვის, თანამდებობების მოპოვებისთვის, განდიდებისთვის...
და მერე გვიკვირს, რატომ გვტკივა, რატომ ვართ ცუდად, რატომ ვერ ვგრძნობთ სიხარულს, ბედნიერებას... უღმერთოდ ვცხოვორობთ! უსულგულოდ! უსიყვარულოდ! საკუთარი თავის გარდა არაფერი გვახსოვს!
ვინც გვიყვარს, ისიც - ეგოისტურად...
დღეს მამა თეიმურაზს დავტირით მთელი ქვეყანა და მოდი, ახლა მაინც ვიფიქროთ, რითი დაფასდა მისი ცხოვრება: სიმდიდრით? თანამდებობით? ხარისხით? ამპარტავნული თვითგანდიდებით?
უმიზეზო სიყვარულით - ისეთით, საკუთარ თავს ყველაზე უკან რომ დააყენებ! ყველას მსახური რომ გახდები, ყველას ნუგეში რომ შეგიძლია, რადგან შენი გული ღმერთით არის სავსე - აი, ასეთი სიყვარულით!
მხოლოდ ეს არის ნამდვილი ღირებულება - სუფთა გული, ცოცხალი რწმენა და უფლისმიერი სიყვარული - ისე, უბრალოდ რომ გიყვარს ყველა და ყველაფერი და არა იმიტომ, რომ შენია, შენ გჭირდება ან შენ გამოგადგება! გიყვარს და მორჩა!
ვერ მოგვკლავ, სიკვდილო! ჩვენ გავიმარჯვეთ შენზე - სიყვარულით! ღმერთია ჩვენთან! მარადიული სიცოცხლე და უსასრულო ბედნიერება!" - წერს თამარ მამაცაშვილი.