"ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა" - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა.
„დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდეომიმართვა სუმის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციის დაწყებით მსოფლიო გააოცა.
„33 წლის წინ უკრაინა მსოფლიოს რუკებზე ხელახლა დაიბადა და დღეს, უკრაინა მსოფლიოს გულებს იპყრობს. გამბედაობას შთააგონებს და მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. იგი მსოფლიოს საკუთარი უკრაინული მსოფლმხედველობის გარშემო აერთიანებს: 21-ე საუკუნეში ტერორისტებმა ჰააგაში უნდა განისვენონ და არა ვალდაიში. არავინ იტყვის მსოფლიოში: „სად არის უკრაინა?“ რადგან ახლა ყველა კონტინენტზე ამბობენ: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“. ეს ჩვენს დამოუკიდებლობას ძალას მატებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა უკრაინელსა და უცხოელს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობას იცავს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის რუსეთი პასუხს აგებს.