"33 წლისას გულზე პრობლემა დაეწყო... მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ოპერაციის დროს აპარატი დასჭირდა, რომელიც ორგანიზმში სისხლს ამუშავებს" - ახალგაზრდა მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"33 წლისას გულზე პრობლემა დაეწყო... მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ოპერაციის დროს აპარატი დასჭირდა, რომელიც ორგანიზმში სისხლს ამუშავებს" - ახალგაზრდა მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ლაშა დავლაძე 36 წლის გახლავთ. მას ცოტა ხნის წინ გული გადაუნერგეს, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ჭრილობა დაინფიცირდა და ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. ოჯახს რთული დღეები უდგას. როგორც ლაშას მეუღლე, ქალბატონი ჟანა ამბობს, კლინიკაში, სადაც ის წევს, მათ ეუბნებიან, თუ მკურნალობისთვის საჭირო თანხის ნაწილს არ გადაიხდით, მოგვიწევს გაგიშვათო. არადა, ოჯახს საამისო სახსრები არ გააჩნია, ლაშას ჭრილობა კი ისევ ღიაა და ინფექციას ძვირად ღირებული მედიკამენტებით ებრძვიან...

455823340-2248484088818233-2828125527818129379-n-1724492030.jpg

- 2021 წლის აპრილს, 33 წლის ასაკში დაეწყო პრობლემა გულზე და გადაიტანა ინფარქტი. მკურნალობის შემდეგ თითქოს უკეთ გახდა, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში, მის მშობლებს კოვიდის ვირუსი შეხვდა და დედ-მამა დაკარგა. ნერვიულობის ნიადაგზე, ჩემი მეუღლის მდგომარეობა გართულდა. ჩაუსვეს დეფიბრილატორი, რათა უეცარი კარდიული სიკვდილი აგვეშორებინა თავიდან, მაგრამ ამან დიდი შედეგი ვერ გამოიღო... დაუსვეს დიაგნოზი: იშემიური კარდიომიოპათია. გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა და გვითხრეს, რომ ადრე თუ გვიან, გადანერგვა დასჭირდებოდა, ამის გარეშე ვერ იცოცხლებსო... იანვარში დამძიმდა მდგომარეობა, სითხე უგროვდებოდა ორგანიზმში. აპრილის ბოლომდე, თითქმის ყოველ 2 კვირაში ერთხელ თბილისში, კლინიკაში იწვა. გვითხრეს, იქნებ გადანერგვაზე იფიქროთო, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვრისკავდით წამოსვლას... მერე ნათესავებმა, ახლობლებმა, გულშემატკივრებმა შეგვიგროვეს გარკვეული თანხა, ნაწილი ბანკიდან გამოვიტანეთ და მინსკში წამოვედით.

- რატომ მინსკი? ვინ გირჩიათ?

- ჩვენმა ექიმმა გვირჩია, რადგან მდგომარეობა მძიმე იყო და ფიზიკურად საარსებო რესურსი არ ჰქონდა ორგანიზმს. მინსკში უფრო რეალური იყო ჩვენი წამოსვლა და თან, აქ მსგავს ოპერაციას ხშირად აკეთებენ, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომიცაა. სხვათა შორის, ამ კლინიკაში ძალიან ბევრმა ქართველმა გაიკეთა ოპერაცია და ბევრიც დონორს ელოდება.

455597043-889320659756202-4990442874733779086-n-1724492031.jpg

- თანხა შევაგროვეთ ხალხის და ბანკის დახმარებითო, - აღნიშნეთ. ჯანდაცვის სამინისტრო არაფრით დაგეხმარათ?

- მათ მოგვცეს 10.000 ევროს საგარანტიო ფურცელი, რომელიც კლინიკას ჩავაბარე და მე ამ თანხის გადახდის პასუხისმგებლობა მომეხსნა. კლინიკა და ჩვენი სახელმწიფო შეთანხმდებიან ამ საკითხზე.

454892545-1172949623994274-5469055033138129495-n-1724492031.jpg

- ოპერაციამ კარგად ჩაიარა?

- დიახ, მაგრამ შემდეგ გართულდა მდგომარეობა, რადგან ჭრილობა დაჩირქდა და საჭირო გახდა მისი გახსნა. ახლა იმყოფება რეანიმაციაში. აქვს ღია ჭრილობა, რომელიც უნდა "გაწმინდონ" მანამ, ვიდრე ინფექცია სრულად არ დაიხევს უკან, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამატებითი ხარჯებია. ამ ეტაპზე კლინიკაში თანხის ნაწილი მაინც თუ არ დავრიცხეთ, მედიკამენტებს ფიზიკურად ვეღარ გაუკეთებენ და მოგვიწევს აქაურობის დატოვება, რაც ცხადია, შეუძლებელია. ამ მდგომარეობაში მისი საქართველოში გადაყვანა ვერაფრით მოხერხდება და მართლა არ ვიცი, რა გვეშველება.

456104126-481165254891780-3085824806892226668-n-1724492031.jpg

- დაინფიცირება რამ გამოიწვია?

- ნებისმიერ პატარა ოპერაციასაც შეიძლება მოჰყვეს გართულებაო... გადანერგვის დროს იმუნური სისტემა იმდენად ქვეითდება, რომ ინფექციები ადვილად ვითარდებაო, - ასე ამიხსნეს... ჩემს მეუღლეს იმდენად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რომ ოპერაციის დროს აპარატი დასჭირდა, რომელიც ორგანიზმში ამუშავებს სისხლს. ის ფეხის მთავარ არტერიაში ედგა, თითქმის 20 დღე გაუნძრევლად იწვა... ახლა ძვირად ღირებული ანტიბიოტიკები სჭირდება.

454543699-1037974204363194-7372913668480399000-n-1724492030.jpg

- თქვენს ოჯახზე მიამბეთ. ვიდრე ლაშა ცუდად გახდებოდა, როგორ ცხოვრობდით, რას საქმიანობდით?

- 8 წელია, რაც ოჯახი შევქმენით. ზესტაფონის სოფელ დილიკაურში ვცხოვრობთ. მე დიასახლისი ვარ, მეუღლე თვითდასაქმებული იყო, მაგრამ ინფარქტის მიღების შემდეგ ფიზიკურად ვერ შრომობდა, ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა, რათა ოჯახი ერჩინა. გვყავს ორი პატარა, რომლებიც წელს პირველ კლასში დედ-მამის გარეშე მივლენ და ეს ფაქტი გულს მიკლავს.

- ტყუპი გყავთ?

- არა, 1 წელია მათ შორის სხვაობა. უფროსი 7-ის გახდება დეკემბერში, უმცროსი - 6-ის, ნოემბერში და ერთად შემყავს ორივე.

454604677-1243589200418247-4956501852104940874-n-1724492030.jpg

- ახლა ვინ ზრუნავს მათზე?

- ახლა ჩემს მშობლებთან არიან, მათზე ბებია და ბაბუა ზრუნავენ.

- ანუ თქვენი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მეუღლის გამომუშავებით ნაშოვნი თანხა იყო? სტაბილური შემოსავალი არ გქონდათ?

- თავისი პრობლემების გამო, მეუღლეს პენსია აქვს - 195 ლარი და ბავშვების თანხას, სოციალურ დახმარებას ვიღებთ 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, რაც ზოგჯერ მთლიანად წამლებში გვეხარჯებოდა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, ყოველთვე ან 2 კვირაში ერთხელ ლაშა კლინიკაში იწვა და 300 ლარს ვიხდიდით თითო დაწვენაზე. ისევ ნათესავების დახმარებით გავდიოდით ფონს, ჩემი მული და სიძეც მხარში რომ არ გვედგნენ, არ ვიცი, რა გვეშველებოდა.

456151442-1462010067834655-8350555013465554702-n-1724492030.jpg

- რა პროცედურები სჭირდებოდა ყოველთვიურად?

- სითხე უგუბდებოდა, რასაც სახლში ვერ ვმართავდით და კლინიკაში ჰყავდათ 24-საათიან შარდმდენებზე, ხდებოდა სითხის დაცლა ორგანიზმიდან... ეს ცოტა ხნით შვებას აძლევდა. 11 ივნისს წამოვედით მინსკში და მას მერე ბავშვები არ გვინახავს. არასოდეს დამავიწყდება მათი ტირილი როცა ვტოვებდით, არადა მანამდე ერთი ღამეც არ გაუთევიათ უჩემოდ. ახლაც ძალიან უჭირთ, ყოველ საღამოს მირეკავენ და მთხოვენ, გვიმღერეო. ჩემს ხმაზე იძინებენ დღემდე. იმედია, მალე დასრულდება ეს განსაცდელი...

- დაბოლოს, რამე ხომ არ გაქვთ ჩვენი მკითხველისთვის სათქმელი?

- ჩვენი ბოლო იმედი თქვენ ხართ. მჯერა, ერთად ყველაფერი გამოგვივა... ყველას ვეუბნებოდი: არც ერთ შემთხვევაში, არასოდეს დანებდეთ, გამოსავალი ყოველთვის არის-მეთქი და ახლა საკუთარ თავსაც ასე ვამხნევებ... უფალმა დაგლოცოთ და წინასწარ გიხდით მადლობას, ჩვენი გასაჭირის გულთან მიტანისთვის.

P.S. თუ ლაშას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

ლიბერთი ბანკი:

GE85LB0711138962404001

მიმღები: სოფიკო დავლაძე

თიბისი ბანკი:

GE30TB7107745061100002

მიმღები: გიორგი სვიანაძე

საქართველოს ბანკი:

GE96BG0000000589266807

მიმღები: სოფიკო დავლაძე

ლიკა ქაჯაია