დამოუკიდებლობის დღეზე უკრაინამ პირველი რაკეტა-დრონის საბრძოლო გამოცდა რუსულ საიარაღო საწყობზე წარმატებით განახორციელა... - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობის დღეზე უკრაინამ პირველი რაკეტა-დრონის საბრძოლო გამოცდა რუსულ საიარაღო საწყობზე წარმატებით განახორციელა...

24 აგვისტოს გამთენიისას, რუსეთის ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის მაცხოვრებელები საშინელი აფეთქებების ხმამ და ძლიერმა ხანძარმა გააღვიძა-მეორადი დეტონაციის ხმები და ღამისეულ ცაში წითელ წერტილებად უთავბოლოდ მფრენი ჭურვები და რაკეტები კი იმაზე მიუთითებდნენ, რომ იქვე ახლოს მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა...

ეს, უკრაინული კამიკაძე-დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ წარმატებით განხორციელებული ზუსტი საჰაერო დარტყმის არც პირველი და არც ბოლო შემთხვევაა, მაგრამ თვითმხილველებმა მოასწრეს კამიკაძე-დრონების ძრავების ხმის ჩაწერა, რომელიც არანაირად არ წააგავდა კარგად ცნობილ მოტოციკლეტის ძრავის ხმას, სწორედ ისეთს, როგორსაც გამოსცემენ გინდ უკრაინული „ლიუტები“ და გინდ რუსულ/ირანული „შაჰიდები“-ეს რეაქტიული ძრავის ხმა იყო...

და რამდენიმე საათში, კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მოკრძალებულ საზეიმო ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა- „ზუსტად დღეს შედგა ჩვენი ახალი იარაღის პირველი და წარმატებული საბრძოლო გამოყენება. ეს არის აბსოლუტურად ახალი კლასის იარაღი-უკრაინული რაკეტა-დრონი Паляни́ця“ .

2-pa-1724513008.jpg
კომპაქტური რეაქტიული ძრავის დაყენებამ 2-3 ჯერ გაზარდა უკრაინული რაკეტა-დრონის სიჩქარე...

ეჭვს გარეშეა, რომ 24 აგვისტოს დილას, უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით ასიოდე კმ-ის დაშორებით, რუსეთის ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის შეიარაღების საწყობზე სწორედ ამ ახალმა უკრაინულმა რაკეტა-დრონებმა მიიტანეს იერიში, რის შემდეგაც იქ გრძელდება დეტონაციები, რადგან ამ საწყობში არანაკლებ 5 ათასი ტონა საბრძოლო მასალები ინახებოდა.

Паляни́ця-ს უკრაინელები ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარ პურს ეძახიან, თუმცა ამ სიტყვას ერთგვარ ტესტადაც კი იყენებენ ამ ომში იმ რუსების გამოსავლენად, რომლებიც თავს უკრაინელებად ასაღებენ - უკრაინაში არ დაბადებული და არ გაზრდილი რუსები ამ სიტყვას, როგორც წესი შეცდომით ამბობენ და ამით თავს ჰყიდიან...

თუ რას წარმოადგენს ეს უკრაინული ნოუ-ჰაუ, ჯერ არ აკონკრეტებენ არც უკრაინის პრაზიდენტის ადმინისტრაციაში და არც უკრაინის გენშტაბში, თუმცა არსებობს 2024 წლის იანვრის ვიდეოკადრები, სადაც აღბეჭდილია ახალი დრონის გამოცდა, დრონის, რომელსაც შიდაწვის ძრავისა და ხრახნის ნაცვლად კომპაქტური რეაქტიული ძრავა უყენია და ის სწორედ რაკეტისა და დრონის ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს.

ისე, სიმართლე რომ ითქვას, ნებისმიერ ფრთოსან რაკეტასაც შეიძლება დრონი ვუწოდოთ, რადგან მათ ბარაჟირების უნარიც გააჩნიათ, ისევე როგორც ფრთებიანი დრონიც ერთგვარ ფრთოსან რაკეტას წარმოადგენს, თუგინდ მოტოციკლეტის ძრავით.

3-pa-1724513008.jpg
ა.წ-ის დასაწყისიდან უკრაინელები ამ რეაქტიულ დრონს „არჯულებდნენ“...

თვითმფრინავის კონსტრუქციის დრონზე რეაქტიული ძრავის დაყენებით, ის უფრო უახლოვდება ფრთოსანი რაკეტების კლასს.

რაც საგულისხმოა, იანვარში გამოცდილ უკრაინულ რეაქტიულ დრონს, რომელიც დიდი ალბათობით წარმოადგენს სწორედ Паляни́ця-ს, ბორბლებიანი შასი აფრენის შემდეგ ძვრება და მიწაზე ეცემა, რაც ჭკვიანური ტექნიკური გადაწყვეტილებაა, რადგან სხვა უკრაინულ თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონებს ბორბლებიანი შასი დამაგრებული აქვთ და ფრენის დროს ეს დამატებითი მასა და ჰაერის წინააღმდეგობაა, ამასთან კამიკაძე-დრონს შეიძლება უფრო კონტრასტულ სამიზნედ აქცევს რუსული რადიოლოკატორების მონიტორებზეც...

რეაქტიული ძრავის დაყენების შემდეგ უკრაინული რაკეტა-დრონის სიჩქარე მიწასთან შედარებით გადაადგილებისას, ალბათ 400 კმ-მდე ან უფრო მეტად კი გაიზარდა (მაშინ, როდესაც მოტოციკლეტის ძრავიანი და ხრახნიანი კამიკაძე-დრონების საშუალო სიჩქარე 150-180 კმ/სთ თუ არის), რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს...

4-pa-1724513008.jpg
ოსტროგოჟსკის მაცხოვრებელებმა 24 აგვისტოს გამთენიისას ასეთი სურათი იხილეს-მათ მახლობლად 5 ათასი ტონა საბრძოლო მასალა დეტონირდება შეიარაღების იმ საწყობიდან, რომელიც ახალმა უკრაინულმა რეაქტიულმა რაკეტა-დრონებმა ააფეთქეს...

საქმე ის არის, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ბოლო პერიოდში ძალზე მოუხშირეს მასიური საჰაერო თავდასხმები რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, რომლებიც ძირითადად წარმატებით მთავრდება, თუმცა სამიზნეები ხდებიან უძრავი ობიექტები-საწვავისა და შეიარაღების საწყობები, რადგან 500 თუ 1 500 კმ-ით დაშორებულ რუსულ სამხედრო აეროდრომამდე მისაფრენად შიდაწვისძრავიან უკრაინულ კამიკაძე-დრონებს შესაბამისად 3 ან სულაც 8 სთ-მდე სჭირდებათ, რუსეთის საჰაერო თავდაცვა აფიქსირებს უკრაინული დრონების ფრენის მიმართულებას და განგაშის სიგნალს აძლევს ამ მიმართულების სიახლოვეს განთავსებულ რუსულ სამხედრო აეროდრომებს, საიდანაც ასწრებენ საბრძოლო თვითმფრინავების აფრენას და სათადარიგო აეროდრომებზე გადაბაზირებას...

როდესაც უკრაინულ რეაქტიულძრავიანი რაკეტა-დრონები 2-3-ჯერ სწრაფად იფრენენ, მათ მეტი საშუალება მიეცემათ აეროდრომზევე მიუსწრონ რუსულ ბომბდამშენებს და გადასცენ „ცეცხლოვანი მოკითხვა“ ამ რუსული ბომბდამშენების მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობისგან...

ვიდეო: უკრაინული რეაქტიული რაკეტა-დრონის გამოცდა...