"ეს საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელიც ფულის გარშემოა შემოკრებილი, პუტინის დავალებას ასრულებს - თუ მოახერხებენ, რომ რაღაცნაირად დარჩნენ პოლიტიკურ სარბიელზე, მათ დევნას ნამდვილად არ ვაპირებთ"
ეს საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელიც ფულის გარშემო არის შემოკრებილი, პუტინის დავალებას ასრულებს და პუტინის გეგმით მუშაობს, თუ შენარჩუნდება და მოახერხებენ, რომ რაღაცნაირად დარჩნენ პოლიტიკურ სარბიელზე, ჩვენ მათ დევნას ნამდვილად არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ქვეყანაში მცირე მხარდაჭერა აქვს, ამიტომ უმჯობესია საკუთარ თავზე იზრუნოს.
„ძალიან საცოდავები და სასაცილოები არიან, როდესაც ამას ლაპარაკობენ იმიტომ, რომ თვითონაც კარგად იციან, რომ ძალიან მცირე მხარდაჭერა დარჩათ ქვეყანაში, მაქსიმუმ 20%, გაყალბების შედეგად შესაძლოა, 30%-32%-ს მიაღწიონ. ამიტომ, ჯობს საკუთარ თავზე იზრუნონ, თუმცა როდესაც გავიმარჯვებთ და პარლამენტში იქნება ცივილიზებული, პროდასავლური, პატრიოტული პარტიების კოალიცია, ჩვენ არ ვაპირებთ მათ დევნას იმისგან განსხვავებით, რასაც იცინი აცხადებენ. ჩვენ ამისთვის არ გვეცლება, რადგან ჩვენ სამშობლო გვიყვარს და ხალხის პრობლემებია მოსაგვარებელი, უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა მოსაგვარებელი, მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანებას”, - განაცხადა „პალიტრანიუსთან“ გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“. ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, ლოგიკური იქნება მანდატების შეჩერება პარტიის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში შევლენ.
IPN