"ძალიან მაგარი გოგოა. ის არის გარანტი იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში და ოჯახში ყველაფერი მშვიდად და წყნარადაა. ყოველთვის იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, თეას წყალობით სახლში ყველაფერი რიგზე იქნება"
მის ცხოვრებაში ბევრი სირთულე და დაბრკოლება ყოფილა,
წარმატების სიხარულიც ახსოვს და მარცხით გამოწვეული უსიამოვნებაც, მაგრამ ქართული სიმღერა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მისი ერთგული თანამგზავრი იყო. მომღერალი, ანსამბლ "ფორტეს" წევრი ზურაბ მანჯავიძე ამბობს: "როდესაც მეკითხებიან, რას ნიშნავს ჩემთვის ქართული სიმღერა, ზუსტი პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს: ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს არის კავშირი ჩემს წინაპრებთან, რომლებმაც ჩვენამდე დიდი შრომითა და ღვაწლით მოიტანეს ქართული ხელოვნება, ქართული კულტურა. ქართული მუსიკა არის ის, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია..."
- წინაპრები ახსენეთ და სადაური გვარია მანჯავიძე?
- მანჯავიძეები იმერლები ვართ, ხარაგაულიდან. ამიტომ, ძალიან ამაყი და გახარებული ვარ, რომ ხარაგაულის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სხვათა შორის, დედაჩემიც იმერელია, გამოდის, რომ დედის და მამის მხრიდანაც იმერელი ვარ.
- სიმღერა როდის დაიწყეთ?
- სიმღერა ჩემს ცხოვრებაში ღრმა ბავშვობიდან გაჩნდა. მეუბნებიან, რომ ძალიან წკრიალა, კარგი ხმა მქონდა. ცუდია, რომ ჩანაწერები არა მაქვს, რადგან მაშინ ტექნიკა ამ დონეზე არ იყო განვითარებული და გადაღების საშუალებაც არ ჰქონდათ. მოფერებით რობერტინოს მეძახდნენ, რადგან ძალიან მაღალი და გამორჩეული ხმა მქონდა. როგორც ხდება ხოლმე, მშობლებმა მუსიკა შემაყვარეს და სწორედ მათ შეასრულეს განსაკუთრებული როლი, რომ ქართული სიმღერა შემყვარებოდა. დედაჩემი აზა ჩიკვაიძე ძალიან მუსიკალური ადამიანია. ბავშვობიდან მახსოვს, რომ მღეროდა, ცეკვავდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა. მამა, გიგა მანჯავიძე ცნობილი მევენახე და მეღვინე იყო, ისიც მშვენივრად მღეროდა. თბილისში მისი სახელობის ქუჩაც არის, რაც ძალიან მახარებს. შეიძლება ითქვას, სიმღერის სიყვარული ჩემს ოჯახს გენეტიკურად მოსდგამს: ჩემი ბებია-ბაბუებიც შესანიშნავად მღეროდნენ და გიტარაზეც უკრავდნენ. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი დიდი ბაბუა დიაკვანი იყო და ლამაზად გალობდა. ერთი სიტყვით, ოდითგანვე მუსიკალური ოჯახი გვქონდა და მადლობა ჩემს წინაპრებს, რომ მათი ნიჭი მეც გამომყვა.
- თავიდანვე ფიქრობდით, რომ ამ გზას აირჩევდით?
- მე კი მინდოდა მუსიკოსობა, მაგრამ სანათესავოს და ოჯახის რჩევით, გადავწყვიტე, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ამიტომ, ბოლო კლასებში ღამის სკოლაში გადავედი და რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მოვეწყვე. მაშინ სამედიცინოზე ვერ ჩააბარებდი, თუ სტაჟი არ გქონდა და მეც ორი წელი ვასრულებდი სანიტრის მოვალეობას. სამუშაო სტაჟსაც ვაგროვებდი და პარალელურად, ღამის სკოლაში ვსწავლობდი. როგორც ჩანს, ექიმობა ჩემი ბედი არ იყო: მისაღებ გამოცდებზე კიდევ ერთი საგანი დაამატეს და ვეღარ ჩავაბარე. ბოლოს, მაინც ისე მოხდა, რომ ხელოვნების მიმართულებით წავედი - საესტრადო-თეატრალურ სასწავლებელში ჩავაბარე. მისი დამთავრების შემდეგ ცნობილი მომღერალი, ოთარ რამიშვილი გავიცანი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. მან ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა: ჯერ მისი მოსწავლე გავხდი, მერე კი ბატონმა ოთარმა გამიწია რეკომენდაცია და ანსამბლ "თაიგულში" მიმიღეს, სადაც გიტარის აკომპანიმენტს ვასრულებდი. ცოტა ხანში ბავშვობა გავიხსენე და ისევ ავმღერდი, ასე აღმოვჩნდი ანსამბლ "ფორტეში". კვარტეტის წევრები ისევ ერთად ვართ, ერთად ვმღერით და ერთად მოვდივართ უკვე 30 წელიწადზე მეტია.
- როგორც ვიცი, მუსიკასთან ერთად, შრომასაც არ თაკილობთ. რას მატებს ადამიანს, როცა ის ცხოვრებისეულ სირთულეებსა და დაბრკოლებებს ებრძვის?
- მთელი ჩვენი ცხოვრება შრომა, ბრძოლა და ნებისყოფის გამოვლენაა. იშვიათია ადამიანი, რომელმაც მდიდრული მემკვიდრეობა მიიღო და მთელი ცხოვრება არხეინად გაატარა. მართალია, ასეთი ხალხიც არსებობს, მაგრამ ბევრს მშობლებისგან დატოვებული ქონება ერთიანად გაუნიავებია. ამიტომ, ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ადამიანი დაუზარელი და შრომისმოყვარეა. ეს დიდი ნიჭია, რომელიც ყველას არა აქვს.
- შრომას მშობლებმა შეგაჩვიეს?
- რა თქმა უნდა. შრომას ბავშვობიდან შევეჩვიე. მამაჩემი გამრჯე კაცი იყო და სოფელში სპეციალურად დავყავდით, რომ მიწაზე გვემუშავა. ჩემთვის ეს სახალისოც იყო და თან, შრომას ვსწავლობდი, თანდათან ვეჩვეოდი. ასე გამომიმუშავდა შრომისადმი სიყვარული და ნებისყოფა, რომლის გარეშე ვერც ერთ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევ. ეს მუსიკასაც ეხება: სიმღერაში დიდი შრომა და შენი გული თუ არ ჩადე, არაფერი გამოგივა. როგორც მოგიყევით, ჯერ სანიტრად ვმუშაობდი, მერე სწავლის პარალელურად, რკინიგზაში დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ, ქამრების ცეხში მოვეწყვე, მერე კი - პერანგების ცეხში ვმუშაობდი და ეს პერანგები გასაყიდადაც მიმქონდა. ცხოვრებაში ბევრი მიწვალია და მიშრომია, რაც საერთოდ არ მეთაკილება, პირიქით, - ამით ამაყი ვარ. მეამაყება ისიც, რომ ჩემი შვილებიც ასეთები არიან: ცდილობენ, დრო უქმად არ დაკარგონ, ამიტომ, ყველანაირ შრომას გაუგეს აზრი და ფასი.
- შემოქმედ ადამიანებს ბიზნესის გაძღოლა და შენარჩუნება უჭირთ. თქვენც გიჭირდათ?
- სხვათა შორის, ბევრ რამეში გამიმართლა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ჩემს მეგობართან ერთად, თონე გავხსენი, რომელიც ახლაც მუშაობს. პანდემიის პერიოდში პური ჩემი ხელით მიმქონდა და მაღაზიებს ვამარაგებდი. იყო სხვა საქმეებიც, რომლებმაც მეტ-ნაკლებად გაამართლა. ახლა უკვე სოფლის მეურნეობაშიც ვცდილობ ბედი ვცადო და ვინ იცის, იქნებ გამომივიდეს: მე და ჩემს მეგობარს კახეთში სათევზაო მეურნეობის გახსნა გვინდა. ეს საქმე უკვე წამოწყებული გვაქვს: ტბის თევზების მოშენება გადავწყვიტეთ, კობრიდან დაწყებული, ლოქომდე... ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემი ძირითადი პროფესია დავივიწყე: ყველაზე დიდი გატაცება ჩემთვის ქართული სიმღერა და ტელეწამყვანობაა. ეთერში ყოფნაც ისევე მომწონს და მსიამოვნებს, როგორც სცენაზე დგომა და სიმღერა.
- ვინ არის მთავარი დასაყრდენი და მხარდამჭერი თქვენს ცხოვრებაში?
- ჩემი მეუღლე - თეა ჩხარტიშვილი, რომელიც ძალიან მაგარი გოგოა. ის არის გარანტი იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში და ოჯახში ყველაფერი მშვიდად და წყნარადაა. ყოველთვის იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, თეას წყალობით სახლში ყველაფერი რიგზე იქნება. ის ზრუნავს ჩემს შვილებზე, ოჯახზე და ამ მხრივ, სანერვიულო არაფერი მაქვს. შეძლებისდაგვარად, მეც ვცდილობ, საოჯახო საქმიანობაში ჩავერთო და დავეხმარო, მაგრამ დროის დეფიციტის გამო, ვერ ვახერხებ.
- შვილებზე რას გვეტყვით?
- ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან კარგი შვილები მყავს: უფროსი, გიორგი უკვე დაოჯახებულია. მისი მეუღლე ულამაზესი და უსაყვარლესი ქეთაა. მოუთმენლად ველოდები შვილიშვილით როდის გამახარებენ. მეორე გოგონა მყავს, რომელსაც ანი დავარქვით. ის უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანია, მუშაობს და თავისი საქმე აქვს. როგორც ჩემი რძალი, ჩემი ანაც ულამაზესი და უსაყვარლესია. ნაბოლარა ტყუპი - სანდრო და ლუკა ელექტრონული მუსიკით არიან გატაცებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, რომ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები სხვა სფეროშიც გამოცადონ: ახლა ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა სურთ და ცდილობენ, ამ საქმეშიც რაღაცას მიაღწიონ.
- დღეს სტაბილური და მშვიდი ოჯახი იშვიათია. რა არის საჭირო პირად ცხოვრებაში ჰარმონიის მისაღწევად?
- ცხადია, სიყვარული, მაგრამ გარდა სიყვარულისა, ამას კიდევ ბევრი რამ სჭირდება: ურთიერთგაგება, მოთმინება, ერთმანეთის პატივისცემა და ა.შ. სხვაგვარად მტკიცე და ბედნიერ ოჯახს ვერ შექმნი და ვერც შეინარჩუნებ.
- და რა არის საჭირო იმისათვის, რომ მუსიკოსმა წარმატებას მიაღწიოს და ხალხის სიყვარულიც მოიპოვოს?
- ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი მოკლე და ლაკონიური იქნება: ნიჭი და გულწრფელობა.
- რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა და ქართველი მომღერალი?
- ასეთი სიმღერაა "თბილისის მზეს", რომელიც გამორჩეულად მიყვარს. მომღერლებს რაც შეეხება: საქართველოში საოცარი მომღერლები გვყოლია, მაგრამ განუმეორებელია ჰამლეტ გონაშვილი - ის ყოველთვის ჩემი იდეალი იყო და დღემდე ასეთად რჩება. ნამდვილი მოვლენაა ქართულ მუსიკაში. ესტრადისკენ თუ გადავინაცვლებთ, ნანი ბრეგვაძე უნდა დავასახელო, რომელიც ქართული ესტრადის მშვენებაც არის და ლეგენდაც. განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული ცნობილი მომღერალი გოგი დოლიძეც, რომელიც შეუდარებელია.
- დაბოლოს, როგორია თქვენი შემოქმედებითი გეგმები და რას ურჩევთ დამწყებ მომღერლებს, რომლებიც ამ რთულ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამენ?
- რა თქმა უნდა, შემოქმედებითი გეგმებიც გვაქვს და რაღაცებს ახლაც ვაკეთებთ. კონცერტებს ვმართავთ, სულ ვმოძრაობთ და წინ-წინ მივდივართ. სცენაზე "ფორტესთან" ერთადაც გამოვდივარ და მარტოც. ტელევიზიის მიმართულებითაც ველოდები სიახლეებს და ვნახოთ, იმედია, ამ სფეროშიც ახალ გამოწვევებს შევეჭიდები.
რას ვურჩევდი დამწყებ მომღერლებს? - აქაც ლაკონიურ პასუხს გაგცემთ - პირველი: სიმღერა და თავისი ქვეყანა უყვარდეთ და მეორე: პატივისცემით მოეკიდონ ყველაფერს, რასაც აკეთებენ. ამის გარეშე პოპულარობის და წარმატების მოპოვება ურთულესია.
ხათუნა ჩიგოგიძე