"ოჯახთან ერთად, ზღვისპირეთში კარვებით დავდივარ, რაც ძალიან მომწონს. უფროსი გოგონები 10 და 14 წლისანი არიან, კომფორტი მოსწონთ და ცოტას აპროტესტებენ, მაგრამ მაინც კარგად ვისვენებთ" - კვირის პალიტრა

"ოჯახთან ერთად, ზღვისპირეთში კარვებით დავდივარ, რაც ძალიან მომწონს. უფროსი გოგონები 10 და 14 წლისანი არიან, კომფორტი მოსწონთ და ცოტას აპროტესტებენ, მაგრამ მაინც კარგად ვისვენებთ"

"ვინც ხარისხიანად ვერ ისვენებს, ის პროდუქტიული ვერ იქნება. თანამედროვე ადამიანი სულ ჩქარობს, დაკავებულია, თანდათან კი რობოტის მდგომარეობაში გადადის და იტანჯება. ბუნებაში ყოფნა ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია"

"თუ ზამთრის ცივ დღეებში უხასიათობა მოგვერევა, შეგვიძლია დასავლეთის მზით დავიმუხტოთ"

როგორ დაამარცხა დეპრესია ნელი აგირბამ?

"ლაშქრობებში კარვით დავდივარ, ჩემს ოჯახთან და შვილებთან ერთად, რაც ძალიან მომწონს"

21-ე საუკუნის ადამიანებს მეტისმეტად მკაცრ, სტრესულ გარემოში უწევთ ცხოვრება: უსიამოვნო ამბები, ნეგატიური სიახლეები და ყოველდღიური რუტინა, რომლისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილია...

როგორ შევებრძოლოთ ამ ყველაფერს და როგორ შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა? - ამის თაობაზე გვესაუბრება პოპულარული ტელეწამყვანი და ფსიქოთერაპევტი ნელი აგირბა:

- ახლა აგვისტოა - შვებულებების და დასვენების თვე, როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი, რომ მთელი წლისთვის სამყოფი ენერგია დავაგროვოთ?

- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გულს, გონებას და შინაგან ხმას მოვუსმინოთ, რა თქმა უნდა, სხეულსაც. ადამიანს დასვენება ნებისმიერ სეზონზე სჭირდება, ამიტომაც ვფიქრობ, რომ წელიწადში ერთხელ დასვენება ძალიან ცოტაა, განტვირთვა და დასვენება სხვა დროსაც უნდა მოვახერხოთ. ვინც ხარისხიანად ვერ ისვენებს, ის პროდუქტიული ვერ იქნება. თანამედროვე ადამიანის მთავარი პრობლემა ესაა: სულ ჩქარობს, სულ დაკავებულია, თანდათან რობოტის მდგომარეობაში გადადის და იტანჯება. ამიტომ, ადამიანს დასვენება ზამთარშიც ისევე სჭირდება, როგორც ზაფხულის ცხელ დღეებში.

- თუმცა, ზამთარში სადმე წასვლას და დასვენებას ყველა როდი ცდილობს...

- დასვენება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა, ზამთრის თვეებს უფრო მშვიდი დასვენება შეეფერება. მიუხედავად ამისა, მე ძალიან მომწონს სათხილამურო სპორტი, რომელიც სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. თუ შორს ვერ მიდიხარ, ჩვენთან, საქართველოს დასავლეთში საკმაოდ თბილი ზამთარი იცის. მე ბოლო 4 წელი ბათუმში გავატარე და ახალ წელს, რამდენჯერმე, მოკლემკლავიანი მაისურით შევხვდი. ასე რომ, თუ ზამთრის ცივ დღეებში უხასიათობა მოგვერევა, შეგვიძლია დასავლეთის მზით დავიმუხტოთ. რაც შეეხება ზაფხულს, ამ დროს, დასასვენებელი ადგილების პრობლემა საქართველოში ნამდვილად არ არის: აქვე ზღვა გვაქვს, ვისაც სიმშვიდე და გრილი ამინდი მოსწონს, შეიძლება მთაში წავიდეს და იქაური სილამაზით დატკბეს, გააჩნია, რა მდგომარეობაშია ადამიანი და როგორ ხასიათზეა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბუნებაში ყოფნა ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია - ეს ფიქრის და შენს თავთან დაბრუნების საშუალებას გაძლევს. უბრალოდ, ხეს რომ შეეხო, ფეფხშიშველმა რომ გაიარო და მიწის მადლი შეიგრძნო, ამასაც საოცარი ენერგია და შვება მოაქვს.

- თუმცა, ამ ყველაფერს ფინანსები და დრო სჭირდება.

- მთავარი ჩვენი სურვილი და მონდომებაა. მე მაგალითად, ოჯახთან ერთად, ლაშქრობებში კარვით დავდივარ, რაც ძალიან მომწონს. ძირითადად, კაპროვანში და მის ახლო-მახლო ტერიტორიაზე ვჩერდებით. უმცროსი შვილი ჯერ 3 წლისაა, ამიტომ ვერ დაგვყავდა, ახლა უკვე შეიძლება ისიც წავიყვანოთ ხოლმე. უფროსი გოგონები 10 და 14 წლისანი არიან, კომფორტი მოსწონთ და ცოტას აპროტესტებენ, მაგრამ მაინც კარგად ვისვენებთ. ადრე ერთი კარავი მიგვქონდა, რაც წამოიზარდნენ, უკვე ორი კარვით დავდივართ.

სულიერი სიმშვიდისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგებაც: დროულად, მზესთან ერთად დაძინება და დილით გაღვიძება საუკეთესო წამალია. თუ დაძაბული დღეები გამოვიარეთ, 10-საათიანი ძილი ყველაზე კარგია. ძილის რეჟიმი რომ დალაგდება, მერე თითქოს, ყველაფერი ლაგდება ჩვენს ირგვლივ. რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გავატაროთ ეკრანთან - ვგულისხმობ კომპიუტერს, ტელეფონს, ტელევიზორს და ა.შ. ეკრანთან ადამიანი ძალიან ისტრესება და იღლება, თუ ასეთი სამუშაო გვაქვს, განტვირთვა ფიზიკური აქტიურობით უნდა შევძლოთ - ვარჯიშით თუ არა, სიარულით მაინც. ძალიან კარგია ცეკვა: მუსიკა რომ ჩართო და 15-20 წუთის განმავლობაში მარტომ იცეკვო, ესეც კარგია.

- ესე იგი, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური სტრესი და რუტინა სასიამოვნო ემოციებით გადავფაროთ?

- დიახ, ასეა. დეპრესიულ მდგომარეობაში მეც ვყოფილვარ და მაშინ, ვერ ვხვდებოდი, ეს როგორ უნდა მომეხერხებინა. ვფიქრობდი, რომ ძალით გაღიმება სიყალბე და თავის მოტყუებაა, მაგრამ თანდათან მივხვდი: კარგად რომ გახდე, უნდა გაიღიმო. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში სტრესის, შფოთის და დეპრესიის რეჟიმში ხარ, ეს შენთვის შეჩვეული მდგომარეობაა, უფრო მეტიც, ამ დროს თითქოს, კომფორტის ზონაში ხარ, ამიტომ, კარგია, რომ თავს ძალა დააატანო და ნელ-ნელა ძველი ჩვევები შეცვალო. ამიტომ, თავიდან ელემენტარულით უნდა დაიწყო, მაგალითად, საწოლის გასწორებით.

ალბათ გაგიგონიათ ასეთი ხუმრობა: სამნაირი ადამიანი არსებობს - ერთი, რომელიც საწოლს მაშინვე ასწორებს, როგორც კი დგება. მეორე - დილის რუტინას, საუზმეს მოითავებს და სახლიდან გასვლისას ალაგებს და მესამე, რომელიც საწოლს არ ასწორებს - ფიქრობს, რომ მაინც აირევა. მე ეგ მესამე ვიყავი, ამიტომ, თავდაპირველად ეს ჩვევა შევცვალე. ნელ-ნელა სულ სხვა რეჟიმში გადავედი. ასე, თანდათან უნდა მოვახერხოთ, რომ საკუთარ თავში გავერკვეთ და ნელ-ნელა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები ხდება, რასაც საერთოდ არ ველოდით.

- დადგენილია, რომ განტვირთვის მიზნით, ძალიან კარგია მოგზაურობა. ამ მოსაზრებას თქვენც იზიარებთ?

- რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნების მონახულება და ახალი ადგილების დათვალიერება ყველაზე კარგი გზაა, რომ ყოველდღიურ რუტინას მოვწყდეთ. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად, პორტუგალია მომწონს, მაგრამ ახლა აზიით დავინტერესდი. შარშან მინდოდა, რომ ზამთარი აზიაში გამეტარებინა, რადგან იქ მოგზაურობა ძალიან იაფია. მაგალითად: ინდოეთი იაფია, ვიეტნამი - კიდევ უფრო იაფი. წელს ინდოეთი და შრი-ლანკა მოვინახულე, ახლა მინდა ვიეტნამიც ვნახო, რადგან ეს ქვეყანა, თავისი ბუნებით, ადამიანებით და ისტორიით, ძალიან საინტერესოა. ამიტომ, იქ ბავშვების წაყვანაც მინდა, 2 კვირითაც რომ დავრჩეთ, კარგი იქნება. აზიის ქვეყნებით ჩემი მეგობრებიც დაინტერესდნენ: ჯერ ტაილანდში იყვნენ, მერე მალდივებზე გადავიდნენ, ამის შემდეგ კამბოჯასა და ბალიში. ამბობენ, რომ ტაილანდი ყველაზე მეტად მოეწონათ. იმედი მაქვს, რომ ვიეტნამის სანახავად, ყველა ერთად წავალთ.

- და ბოლოს, სამ შვილთან ერთად, როგორ ახერხებთ თავის მოვლას და ფორმის შენარჩუნება?

- უნდა ვაღიარო: პირველ და მეორე შვილზე წონაში მოვიმატე, მაგრამ დაკლება საკმაოდ ადვილად შევძელი. მესამეზე ბევრი არ მომიმატია, მაგრამ რაც მოვიმატე, ვეღარ დავიკელი. გაგონილი მქონდა, რომ მესამე შვილზე ქალი რა ფორმასაც მიიღებს, მერე ვეღარ იცვლისო. დავიწყე აკრძალვები, არ ვჭამდი, მაგრამ ეს არ მოქმედებდა.

მერე სარკესთან დავდექი და ჩემი თავი ისეთი მივიღე და შევიყვარე, როგორიც ვიყავი. ამის პარალელურად, ჯანსაღი კვება დავიწყე და როგორც კი გაქრა საკუთარი თავის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, წონაში კლება თავისთავად, ძალიან მარტივად დავიწყე. ცოტა ხანში ფორმაში ჩავდექი.

ამიტომაც ვამბობ, მთავარია, მოინდომო და როცა რაღაც პროგრამას ჩართავ, რაღაც ამოცანას დაისახავ, აუცილებლად შეასრულებ. როცა მთელი არსებით გსურს, რომ შეიცვალო და უკეთესი გახდე, სწორედ ასეთი გახდები. იმისათვის, რომ ფორმა შევინარჩუნო, ვცდილობ, ჯანსაღად ვიცხოვრო და ბუნებრივი პროდუქტები გამოვიყენო, მათ შორის, სახის, თმის და სხეულის მოსავლელად.

ცხადია, საკუთარ თავზე ზრუნვა და სხვადასხვა პროცედურებიც საჭიროა: იქნება ეს მსუბუქი მასაჟი თუ უზმოზე წყლის დალევა, ვარჯიში თუ ფიზიკური აქტიურობა. საყვარელი ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის დროის დათმობა ძალიან კარგად აისახება ჩვენს განწყობასა და იერზე.

სწორედ ასეთი, თითქოს, მარტივი რაღაცები აბედნიერებს და განწყობას უცვლის ნებისმიერ ადამიანს. ცხადია, ოჯახი და ახლობელი ადამიანები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ საკუთარი თავიც არ უნდა დავივიწყოთ.

"გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" - ეს ყველაზე კარგი გზაა, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს და სხვებიც გააბედნიეროს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)