ვარდების ბაღი საოკუპაციო ხაზთან - კვირის პალიტრა

ვარდების ბაღი საოკუპაციო ხაზთან

"..ვარდი ფაქიზი მცენარეა, მაგრამ გამძლე, ჯიუტი, სიცოცხლის წყურვილით სავსე, ისეთივე, როგორიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ვართ. როგორც ჩვენ ვრჩებით აქ და არსად მივდივართ, ჩემი ვარდებიც ასე მედგრად არიან. უკანა ეზოს გაშენება დავიწყე, იქაც ბევრი ვარდი და ხილი უნდა გავახარო. ამას აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნის ხეივანს დავარქმევ. მინდა დიზაინერს დავუკავშირდე. ვარდებით გაკეთებული კომპოზიცია მექნება ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად", - ამბობს ლია ჩლაჩიძე. ის ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან ორას მეტრში ცხოვრობს. თავის სახლში აგვისტოს ომის მუზეუმი დააარსა, რის შესახებაც "კვირის პალიტრა" წერდა. აქ მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები სტუმრობენ და ამ ედემის ბაღის ხილვით ყველა გაოცებულია.

ლია ჩლაჩიძე: - ამ ბაღის გაშენება 2000 წლიდან დავიწყე. მანამდე აქ პამიდორი და სხვა ბოსტნეული მოგვყავდა... ჯერ ხუთი ძირი ვარდი ვიყიდე. ჩემდა გასაოცრად, ყველამ გაიხარა. სხვებს თუ უთქვამთ­, თესლს ხელუკუღმა გადავაგდებ და ამოდისო, მე პირიქით, ბევრი შრომა მჭირდება.­ ვარდების გახარებამ სტიმული მომცა და შემატებაც დავიწყე. ჩემი ეზოს ყველა ვარდი საკოლექციო ჯიშისაა... სამი ჯიშის ვარდი განსაკუთრებულად ლამაზია და ძალიან მიყვარს. ესენია: "ლეონარდო", "პოლკა" და "კამელოტი". ვარდს ყვავილების დედოფალი იმიტომაც ჰქვია, რომ მთელი სინაზე, სიკეკლუცე, ამ ყვავილშია "ჩატანებული".

447395615-7534245333311125-886145447956217357-n-1724589623.jpg

- დღეს რამდენი ჯიშის ვარდი გაქვთ?

- არ ვიცი, რამდენი ჯიშია, მაგრამ 90-მდე ძირი მაქვს... ახლაც 20 ვარდი მაქვს დასარგავი, ჯერ კონტეინერებშია. მინდა ლამაზი კომპოზიცია შევქმნა. ვარდების მოშენებამ იმდენად გამიტაცა, "ვარდომანია" მჭირს. სოციალურ ქსელში ჯგუფებში გავწევრდი, საიდანაც ბევრს ვიგებ... შემოდგომასა და ადრიან გაზაფხულზე გავსხალი, აღარ დაავადებულან, ჯანსაღად არიან... სამწუხაროდ, ამას წინათ საშინელი სეტყვა რომ იყო, ჩემი ედემის ბაღი გამინადგურა. ნახევარ საათს გრძელდებოდა თქეში და სეტყვა, ყვავილების ფურცლები მიწაზე დაიყარა. ვარდებს ჩამომტვრეული ტოტები შევაჭერი. საბედნიეროდ, უიმედოდ არც ერთი არ დაზიანებულა. ვარდი ფაქიზი მცენარეა, მაგრამ გამძლე, ჯიუტი, სიცოცხლის წყურვილით სავსე, როგორიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ვართ. როგორც ჩვენ ვრჩებით აქ და არსად მივდივართ, ჩემი ვარდებიც ასე არიან.

- შინ აგვისტოს ომის მუზეუმი დააარსეთ, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები მოდიან. თქვენი "ედემის ბაღი" თუ მოსწონთ?

- შემოსვლისთანავე ამბობენ, რა სილამაზეაო. ურთულეს პირობებში, საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობთ, მაგრამ გულზე ხელს ხომ არ დავიკრეფთ? შესაძლოა დიდხანს ვერ ვიცოცხლო, მაგრამ მინდა სილამაზეში ვიყო. დილის 6 საათზე საქმე არა მაქვს, მაგრამ ეზოში გამოვდივარ ჩიტების ჭიკჭიკის მოსასმენად. ისეთი სიწყნარე, სიმშვიდეა, თითქოს ამ მიდამოს ომი, ნგრევა, აფეთქებები, დალეწილი ხეები, სხვა უბედურებები არასოდეს ენახოს. ვარდების ბაღი წინა ეზოში მაქვს და ახლა უკანა ეზოს განაშენიანება დავიწყე, იქაც ბევრი ვარდი და ხილი უნდა გავახარო. მას აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნის ხეივანს დავარქმევ. მინდა დიზაინერს დავუკავშირდე. ვარდებით გაკეთებული კომპოზიცია მექნება, ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად.

447559837-7534244453311213-4655049458121926435-n-1724589622.jpg

- ვარდების ბევრ სარგებელსაც ახსენებენ.

- ვარდი მაქვს, ჩვენთან სამურაბე ვარდს რომ ეძახიან, ისეთ სურნელს აფრქვევს, წაგაქცევს. ლამაზიცაა და სასარგებლოც. მოგეხსენებათ, ვარდის მურაბა გულის წამალია. შეიძლება შაქარი მოაყარო, ერთხანს მზეზე გქონდეს, შემდეგ სპირტი ან მაგარი არაყი დაასხა და ვარდის არაჩვეულებრივი ნაყენი გამოდის... ჩვენთან სტუმართმოყვარეობის კულტია, სტუმართან ცდილობ თავი მოიწონო, შენი ხელოვნება წარმოაჩინო და ვარდის სასმელი ამ მხრივ გამორჩეულია, ყველას აღფრთოვანებას იმსახურებს. სტუმარმასპინძლობის ტრადიცია ბებიებისგან მომყვება... მახსოვს, იტყოდნენ, ჩაი დავლიოთო, და ეს მთელი რიტუალი იყო. აუცილებლად ახალი გადასაფარებელი­ გამოჰქონდათ, უმეტესად ხელით ნაქარგი. პატარა ვაზებით დადგამდნენ სხვადასხვა მურაბას და მათი შემადგენლობით მიხვდებოდი, როგორ სტუმარს ხვდებოდნენ. ბებია კაკლის მურაბას თუ გამოიტანდა, ნიშნავდა, რომ იმ სტუმარს უდიდეს პატივს სცემდა. შემდეგ მოჰყვებოდა ლეღვის, საზამთროს, ვარდის მურაბა. ალუბლის მურაბა ყოველდღიურ რაციონში იყო... ჩვენი ბებიები ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ. მთელი დღე ხომ შრომობდნენ, ძროხა ჰყავდათ და მერე შუაღამემდე ისხდნენ და ულამაზეს გადასაფარებლებს ქსოვდნენ და ქარგავდნენ... მოვასწარი, ბევრი რამ შევაგროვე, მაგრამ ავადსახსენებელმა რუსეთმა ყველაფერი გაანადგურა. ჩემი სახლი აგვისტოს ომის დროს რომ დაიწვა, ის ულამაზესი გადასაფარებლებიც დაიფერფლა.

- თქვენი ბაღი ხომ იმ პერიოდში დაზიანდა, როცა ერგნეთი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული და სახლი გადამწვარი დაგხვდათ?

- დიახ, მაშინ ეზოში ბევრი ვარდი მქონდა. 19 აგვისტოს შემოვედი სოფელში და უმძიმესი სურათი დამხვდა. აივნის წინ ულამაზესი ვაშლის ხე იდგა და 8 აგვისტოს უკვე მსხვილი ნაყოფი ესხა. როდესაც სახლი გადაწვეს, ცეცხლი აივნიდან ვაშლის ხეზე გადავიდა და მთლიანად დაწვა. ყველაზე მეტად ამან გამომიყვანა წყობიდან, ვაშლის ხეს რომ შემწვარი ვაშლები ესხა; ხეივანზეც შემწვარი ყურძნის მტევნები იყო ჩამოკიდებული. სიტყვებით ვერ აღვწერ, ნანახმა რა დღეში ჩამაგდო. სახლიც ხომ გადამწვარი დამხვდა, მაგრამ ღამე სულ ის შემწვარი ვაშლები და ყურძნის მტევნები მელანდებოდა... ჩვენი სასმელი და სარწყავი წყლის რეზერვუარები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და სანამ გამოიყვანეს, დიდი დრო დასჭირდა.

- ამბობენ, რომ ვარდი გრძნობს ცუდს და ჭკნებაო..

- მართალია. უზარმაზარმა ხვიარა ვარდმა 2008 წელს ძალიან მოიწყინა, ბევრი­ ტოტიც შეუხმა. ომის მერე ვარდებს სულ ვეფერებოდი, აბა, თქვენ იცით, ამ ეზოში მარტო არ დამტოვოთ-მეთქი. თითქოს ესმოდათ და მოიხედეს...

- ბევრი ფერის ვარდი გაქვთ?

- თითქმის ყველა ფერის, მწვანისა და ლურჯის გარდა. წითელი, ყვითელი, ბევრნაირი ვარდისფერი, თეთრი, ალუბლისფერი, შავი... პანდემიისას, როცა შინ ჩავიკეტეთ, თბილი ზამთარი იყო და დეკემბერ-იანვარში ვარდისფერ ვარდებს კოკრები ჰქონდათ, მათ ცქერას არაფერი ჯობდა. ადამიანებს უხარიათ ჩემს სახლში, ეზოში მოსვლა, ისეთი სილამაზე ხვდებათ ჩემი კოპწია ედემის ბაღის სახით.