"პუტინი არ დაუშვებს მოლაპარაკების გამართვას, თუ მის ტერიტორიაზე უკრაინელები იქნებიან"
გაიმართება თუ არა მოლაპარაკება შემოდგომაზე რუსეთსა და უკრაინას შორის, მოუტანს თუ არა რუსეთს და უკრაინას ამერიკული არჩევნები მშვიდობას, ან დაარეგულირებს მაინც საომარ მოქმედებებს დროებით ცეცხლის შეწყვეტითა და დაზავებით, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.
- ახლა ძალიან რთულია განსაზღვრო, თუ რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში - ორივე მხარე იტყუება, მოწინააღმდეგის დანაკარგს აბუქებს, საკუთარს კი მალავს. ერთადერთი უტყუარი ინფორმაცია რუკის წაკითხვაა, რომელიც გვეუბნება, რომ რუსებმა ამ დრომდე ვერ განდევნეს კურსკიდან უკრაინელები. მეტიც, კიდევ წინ მიიწევენ, თუმცა ამავე დროს რუსები მიიწევენ წინ დონეცკში. თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა, ანუ უკრაინელებმა კურსკი შეინარჩუნეს, ხოლო რუსებმა დონეცკში გააგრძელეს წინსვლა, უკრაინისთვის სახარბიელო არაფერი მოხდება. ამის ერთადერთი შედეგი ის იქნება, რომ კიევი მორალურ უპირატესობას მოიპოვებს, რუსებს კი პრესტიჟი შეელახებათ, სხვა ზიანს მოსკოვი ვერ ნახავს, რამდენიმე ათეული კილომეტრი რუსეთისთვის არაფერია. მეტიც, თუ რუსები დონეცკის მიმართულებით ვერ გააჩერეს, ეს ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის კიევს. როგორც მე ვიცი, რუსები უკვე დიდ დასახლებებს უახლოვდებიან. სავარაუდოდ, ყველაფერი სამ-ოთხ კვირაში გაირკვევა. მერე წვიმების სეზონი დაიწყება და საბრძოლო მოქმედებები უფრო გართულდება. რუსეთში უკვე ისმის მოწოდებები, რომ საყოველთაო განგაში გამოცხადდეს. უკვე მეორე წელია რუსეთი ომობს და მობილიზაცია არ გამოუცხადებია. პუტინი ჯერ ისევ მოხალისეების ხარჯზე გადის ფონს, რომლებსაც დიდ ფულს უხდის. მართალია, უკრაინელები დროდადრო მოსკოვსაც უტევენ დრონებით, მაგრამ რუსეთის დიდ ქალაქებში ომი არ იგრძნობა.
- შეიძლება მოსკოვში და სხვა დიდ ქალაქებში ომი არ იგრძნობა, მაგრამ რუსეთს უკვე ჰყავს დევნილები.
- დევნილებს მოსკოვი გაიწოვს. პუტინს არ უნდა მობილიზაციის გამოცხადება, რადგან მოწინააღმდეგის მოხალისეების ხარჯზე გამოფიტვა სურდა. არ არის გამორიცხული, უკრაინელების გათვლა ისიც იყოს, რომ პუტინი იძულებული გახადონ, მობილიზაცია გამოაცხადოს. ეს აუცილებლად შეარყევს პუტინის რეჟიმს. ეს რუსეთის დამარცხების ყველაზე რეალისტური და უმოკლესი გზაა. სხვა შემთხვევაში, რუსეთთან ერთი-ერთზე უკრაინას გამარჯვების შანსი არა აქვს. გასაგებია, რომ დასავლეთი კიევს ფულითა და იარაღით ეხმარება, მაგრამ ცოცხალი ძალის მხრივ უკრაინა რუსეთის წინაშე მარტოა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - უკრაინას ძალიან ბევრი წვევამდელი ასაკის მამაკაცი გაექცა.
- წვევამდელი ასაკის მამაკაცები რუსეთიდანაც გაიქცნენ.
- კი, მაგრამ, თუ რუსეთისა და უკრაინის მოსახლეობის რაოდენობას შევადარებთ, რუსეთი ამას აიტანს. ამას გარდა, უკრაინაში გაწვევა არის, რუსეთში - არა. ამიტომაც იყო, ამ ბოლო დროს ზელენსკიმ ჯარში პატიმრებიც რომ გაიწვია. აშკარად, უკრაინას უკვე ცოცხალი ძალის დიდი პრობლემა აქვს. ამიტომ ვფიქრობ, კურსკში შეჭრით ის ცდილობს პუტინს მობილიზაცია გამოაცხადებინოს და რეჟიმი რთული გამოწვევის წინაშე დააყენოს.
- ფიქრობთ, რომ მობილიზაციის გამოცხადება პუტინის რეჟიმს ჩამოშლის?
- ყოველ შემთხვევაში, ზელენსკის ამაზე უნდა ჰქონდეს გათვლა, იმიტომ, რომ კურსკში ღირებული არაფერია, თუ კურსკის ატომურ სადგურს არ ჩავთვლით, მაგრამ, როგორც ჩანს, იქამდე ვეღარ მივლენ. თუ უკრაინელების მიზანი კურჩატოვოს სადგურის დაკავება იყო, ეს პირველივე დღეებში უნდა გაეკეთებინათ, მაშინ როდესაც შოკირებული რუსები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და უკრაინელები სწრაფად მიიწევდნენ წინ. ამას ახლა ვეღარ მოახერხებენ. კურსკში უკრაინელების გაჩერების ერთადერთი მიზეზი პუტინის გაწვალებაა.
- ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად რთული და ინტენსიური შეტაკებებისა, უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში წინსვლას განაგრძობენ და შესაბამისად, მათი სახელმწიფოს "გაცვლის ფონდიც" იზრდება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ უკრაინა კურსკის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული და საევაკუაციო დერეფნების შექმნას გეგმავს. ამაზე პუტინის პასუხი იყო: "არავითარი ბუფერული ზონა არ იქნება კურსკში. პასუხი იქნება ძალიან მკაცრი". როგორი შეიძლება იყოს პუტინის პასუხი და დარჩება თუ არა დღის წესრიგში შემოდგომისთვის დაანონსებული მოლაპარაკება?
- შემოდგომაზე მოლაპარაკება არ იქნება, გამორიცხულია. რაც არ უნდა ბევრი მსოფლიო ლიდერი შეიკრიბოს შვეიცარიაში და გეგმები დასახონ, რუსეთის გარეშე მოლაპარაკება არ გამოვა. პუტინი არ დაუშვებს მოლაპარაკების გამართვას, თუ მის ტერიტორიაზე იქნებიან უკრაინელები. ეს მისთვის კატასტროფა იქნება. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები არ დასრულდება.
- თქვენი შეფასებით, როგორი შეიძლება იყოს რუსეთისა და უკრაინის აქტივები ამერიკული არჩევნების დასრულებისას?
- ეს მომდევნი ერთ თვეში გამოჩნდება, ისევე როგორ კურსკის ამბავი. სხვათა შორის, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - ჯერ ამერიკა უნდა ჩამოყალიბდეს, რა პირობებზე დაელაპარაკება რუსეთს. ვფიქრობ, რომ ვაშინგტონს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, რაზე უნდა დაელაპარაკოს პუტინს. ფსონი უკვე ძალიან დიდია, უკან ვეღარ დაიხევს, მით უფრო, თუ კამალა ჰარისი გახდება პრეზიდენტი. სხვათა შორის, ბაიდენმა მხოლოდ რუსეთის კი არა, ჩინეთის წინააღმდეგაც ძალიან დიდი ფსონი დადო. ამერიკაში მიაჩნიათ, რომ უკრაინის ომში ჩინეთი და რუსეთი ერთად არიან. ნატოს სამიტის დეკლარაციაშიც ამას გაუსვეს ხაზი. მგონი, დღეს არსებული ფრონტის ხაზის სურათის ფონზე მოლაპარაკება არც ამერიკას აწყობს. უკრაინელი ხალხი იომებს იმ იმედით, რომ ტერიტორიებს დაიბრუნებს, ამერიკა კი მხარდაჭერას გააგრძელებს. შესაბამისად, ომი გაგრძელდება მანამდე, სანამ უკრაინელი ხალხი ამას გაუძლებს.
- საქმე მხოლოდ უკრაინელი ხალხის გაძლებაზე ხომ არ არის, ომის წარმოებას რესურსიც ხომ უნდა?
- კი ბატონო, ამოუწურავი რესურსი არც ერთ მხარეს არა აქვს. ევროპას ისეთი სამხედრო მრეწველობა არ გააჩნია, რომ საჭიროების მიხედვით მოამარაგოს უკრაინა. ჩვენ ვნახეთ, რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ევროპის იმედად დარჩენილი უკრაინა, როდესაც კონგრესმა რამდენიმე თვით გაუყინა დახმარება. რაც უფრო გრძელდება ომი და იკვეთება, რომ რუსეთის დამარცხება არ არის ადვილი, ამერიკაში უფრო აქტიურად ისმის კითხვა: რამდენ ხანს უნდა ვაფინანსოთ უკრაინა? ამ კონტექსტში კურსკის შეტევა ძალიან კარგი გამოსავალი იყო. შეიძლება ვაშინგტონს სკეპტიციზმი გაუნელდეს და საკუთარი ხალხი დაარწმუნოს, რომ უკრაინელების დახმარება ღირს. თუმცა, თუ რუსები დონეცკში წინსვლას გააგრძელებენ და კურსკისხელა ტერიტორიას დაიკავებენ, კურსკის ეფექტი ძალიან მალე დაკარგავს აქტუალურობას. ამ გაურკვეველი ვითარების გამო იმის თქმაც ძნელია, ვის რა პოზიცია ექნება ამერიკაში არჩევნების დასასრულისთვის და იმის თქმაც, რა უნდა საბოლოოდ ამერიკას.
- საბოლოოდ, როგორი შეიძლება იყოს ამ ომის დასასრულის ყველაზე ცუდი და კარგი, მაგრამ რეალისტური სცენარი?
- ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარით რუსეთმა შეიძლება მოახერხოს უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის მითვისება და მიწასთან გაასწოროს დანარჩენი უკრაინის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ეკონომიკაც. ოკუპაციას გადარჩენილი, მაგრამ მიწასთან გასწორებული უკრაინა დასავლეთის აღსადგენი და სარჩენი გახდება. იცით, რატომ არის ეს დასავლეთისთვის ყველაზე ცუდი სცენარი, იმიტომ, რომ ახლა მსოფლიოში ის ვითარება არ არის, რაც 1945 წელს იყო. ევროპა მაშინ გაპარტახებული იყო, მაგრამ მას მოკავშირედ ძალიან მდიდარი ამერიკა ჰყავდა. ვაშინგტონის ეკონომიკური გავლენა განუზომლად დიდი იყო და შეეძლო მაქსიმალურად დიდი თანხების გადასროლა ევროპის განვითარებისთვის. 1945 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის ნახევარი ამერიკაზე მოდიოდა, ახლა მხოლოდ 22% მოდის. შესაბამისად, უკრაინის აღდგენა აღარ იქნება მარტივი, ამას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. ამის შემდეგ კი შეიძლება უკრაინა ნატოშიც მიიღონ და ევროკავშირშიც, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა - თუ, რა თქმა უნდა, რუსეთს რესურსი ექნება, მანამდე იომებს, სანამ არ მიიღებს იმის მყარ გარანტიას, რომ უკრაინა არ შევა ნატოში...
ყველაზე კარგი, მაგრამ რეალისტური სცენარი არის რუსეთში არეულობა და ხელისუფლებაში ჯანსაღი ძალების მოსვლა. რუსეთში არეულობა კი არის რეალური, მაგრამ ხელისუფლებაში ჯანსაღი ძალების მოსვლისა, რა მოგახსენოთ.
- ზოგიერთი წყაროს ცნობით, რუსეთში შიდა დაპირისპირების ელემენტები უკვე გამოჩნდა. მაგალითად, პუტინი სამხედრო პირებს აღარ ენდობა და ცდილობს კურსკის ოპერაცია ეფ-ეს-ბეს გადააბაროს, რის გამო უკვე დაპირისპირებაა ორ ძალოვან უწყებას შორის. თუ უკრაინელებმა კურსკი თვეზე მეტხანს შეინარჩუნეს, ეს რა შესაძლებლობაა უკრაინისთვის?
- ძალიან დიდი. ნახეთ, რუსები როგორ ომობენ უკრაინაში - ჯერ არტილერიით ასწორებენ მიწასთან ყველაფერს და შემდეგ დამუშავებულ ტერიტორიაზე უშვებენ ცოცხალ ძალას. საქმე ის არის, კრემლი ამ მეთოდს კურსკში ვერ გამოიყენებს, საკუთარ მოსახლეობას ხომ ვერ გაანადგურებს არტილერიით? სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, ზელენსკის გათვლაც ეს იყოს. ცოცხალი ძალის უპირატესობის მიუხედავად, კურსკში რუსები იმას ვერ გააკეთებენ, რასაც დონბასში და საერთოდ, უკრაინის აღმოსავლეთით აკეთებენ.
- თუ კურსკის შეტევას სასურველი შედეგი მოჰყვა და რუსეთი იძულებული გახდა, დასავლეთის წესების კარნახით გააფორმოს უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულება, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოს საკითხიც ერთიან კონტექსტში იქნეს განხილული?
- საქართველოს ახლა უცნაური ვითარება აქვს - მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის პოლიტიკური ელიტაც, პროდასავლურად არის განწყობილი. ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ კი ლაპარაკობენ "სასწაულებს", მაგრამ მათი ინტერესები, მათ შორის ფინანსური, მაინც დასავლეთს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს რუსეთში შეთრევა ძალიან რთული იქნება. მეორე მხრივ, თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი დგას და შესაბამისად, ჩვენი ნატოში შეყვანა ინსტიტუციურად წარმოუდგენელია. ამის გამოა საქართველოს საკითხი დიდი ხანია ჰაერში გამოკიდებული. მე მგონია, საქართველოს საკითხზე რუსეთი და დასავლეთი შეთანხმებულებიც არიან.
- თქვენი აზრით, შეთანხმება როგორია?
- როგორია და, როგორც არის. ალბათ, კიდევ დიდხანს ვიქნებით ამ მდგომარეობაში - არც აქეთ, არც იქით. ხომ გახსოვთ, ობამას პრეზიდენტობის დროინდელი გადატვირთვის პოლიტიკა. ჯერ კიდევ მაშინ შეუთანხმდნენ ამერიკელები რუსეთს, საქართველო ჩვენი იქნება, მაგრამ ჯერ არ წავიყვანთო. ჩემი აზრით, მას შემდეგ ამერიკულ-რუსული გადატვირთვის პოლიტიკის ეს პუნქტი არც შეცვლილა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ რუსული ჯარი დღემდე დგას საქართველოში.
- ასეთ ვითარებაში რამდენად რეალურია "ქართული ოცნების" დაპირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ და ქვეყნის შენება აფხაზ და ოს ძმებთან ერთად?
- ეგ წინასაარჩევნო ბლეფია. არადა, არანაირი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისევე როგორც "ნაცმოძრაობის" გასამართლებას. დარწმუნებული ვარ, არც არავის გასამართლებას არ აპირებენ. ეს მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზაციისთვის გააკეთეს. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს როგორ უნდა მოახერხო, თუ რუსს არ დაელაპარაკები? ან როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? კონფედერაციის სახით? არის მზად ამისათვის ქართველი საზოგადოება?
- როგორც ვიცი, კონფედერაციის მომხრეები არც აფხაზები არიან.
- დიახ, არც აფხაზებს არ უნდა კონფედერაცია. ხომ ხედავთ, როგორ ეწინააღმდეგებიან რუსებს, არაფრით არ აძლევენ მიწების ყიდვის უფლებას. დღევანდელი მოცემულობით, წარმოუდგენელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სულ ტყუილი პანიკა აქვს ოპოზიციას ატეხილი, არიქა, რუსეთში მიგვათრევენ, კონფედერაციას გვთავაზობენო. მგონი, ხალხს გააზრებულიც არა აქვს, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებამ მოგვიწიოს.
- რას გულისხმობთ?
- შეიძლება დავდგეთ არჩევანის წინაშე - საბოლოოდ გავწევრდეთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ჰაერში გამოკიდებული აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსია კი რუსეთმა განახორციელოს, ან გავაკეთოთ კონფედერაცია და დავრჩეთ რუსულ გავლენაში. თუ რამე ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება არ მოხდა, ამ ორი ვერსიის გარდა, სხვა არჩევანი არ გვექნება. ამაზე საუბარი არავის უნდა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ რუსი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან არ გაიქცევა.
- თუმცა აფხაზები შიშობენ, რომ შეიძლება ერთ დღეს რუსეთი მათ ისევე მოექცეს, როგორც სომხეთს მოექცა. აფხაზეთის ასეთი განწყობების გამოყენება თუ არის შესაძლებელი, თუნდაც სახალხო დიპლომატიის საშუალებით?
- სახალხო დიპლომატია, ასე თუ ისე, მუშაობდა. მოდი, კიდევ ერთი სიმართლე ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით ოპოზიციაში, სახალხო დიპლომატიის წინააღმდეგი არიან, ისტერიკულად გაჰყვირიან, რომ აფხაზებს და ოსებს არ უნდა დაველაპარაკოთ. როდესაც მათ ვეკითხები, როგორ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, თუ არც რუსებს დაველაპარაკებით, არც აფხაზებს და არც ოსებს-მეთქი, მპასუხობენ, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დახმარებით. კი მაგრამ, რა უნდა ქნას სტრატეგიულმა პარტნიორმა, ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამერიკა ჩვენ გამო რუსეთს ომს გამოუცხადებს? თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა, მინიმუმ აფხაზებს და ოსებს მაინც უნდა ველაპარაკოთ.
- რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალზე ხელი აიღოს?
- საკითხავიც სწორედ ეგ არის. ძალიან ბევრს არ უნდა იმის გაგონება, რომ რუსეთმა უკრაინაში მარცხიც რომ განიცადოს, აქედან ჯარს მაინც არ გაიყვანს. ყველაზე დიდი კატასტროფა, რაც რუსეთმა განიცადა, იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, მაგრამ საქართველოდან ჯარი მაშინაც არ გაიყვანა. იმისათვის, რომ რუსეთმა საქართველოდან ჯარი გაიყვანოს, იმაზე დიდი შოკი უნდა განიცადოს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. ასეთი რა უნდა იყოს, ჯერ არ ვიცი.
ხათუნა ბახტურიძე