„პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი კურსკის მოვლენების ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო“ - კვირის პალიტრა

„პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი კურსკის მოვლენების ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო“

პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტისას მხარეებმა განაცხადეს, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება. შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ექვს დოკუმენტს, მათ შორის სამ შეთანხმებას და სამ მემორანდუმს. რა გავლენა შეიძლება იქონიოს რეგიონში ორი ქვეყნის თანამშრომლობამ, პუტინისა და ალიევის შეხვედრის დეტალების შესახებ ანალიტიკოს ზურა ბატიაშვილს ვესაუბრეთ:

- პუტინის აზერბაიჯანში ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ეჩვენებინა, თითქოს კურსკის ოლქში მნიშვნელოვანი არაფერი­ ხდება. ამ დროს კი ხდება, ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად სხვა ქვეყნის ჯარი შედის და იკავებს რუსეთის ტერიტორიებს და რუსეთის ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. სახელმწიფო მმართველობაში ქაოსია, გაგზავნილ ჯარისკაცთა უმრავლესობა ტყვედ ჩავარდა. კურსკმა დაგვანახა, რომ რუსეთს რეზერვის არც სტრატეგიული და არც ოპერატიული რესურსი არ გააჩნია. ამიტომ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო.

პუტინს ბევრგან აღარ ჩაესვლება, ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის რომელიმე ქვეყნის ლიდერები აღარ შეხვდებიან, ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა სჭირდება, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ ლეგიტიმურია. პუტინის ეს ცდები განწირულია. ამ ვიზიტმა ვერ მიჩქმალა კურსკში არსებული ვითარება. ამასობაში უკრაინელები კიდევ და კიდევ აფართოებენ იმ ტერიტორიებს, რომელთაც აკონტროლებენ.

- პუტინი-ალიევის განცხადებები, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა რეგიონში უსაფრთხოების გარანტიაა და ერთად ძლიერები არიან, ხომ არ არის ზოგიერთი ქვეყნისთვის გაფრთხილება?

- ქვეყნებს შორის ორმხრივი შეხვედრების შემდეგ მემორანდუმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებების გაფორმება ერთგვარი სტანდარტია. არა მგონია, მათი შეხვედრით რომელიმე ქვეყანა დამფრთხალიყო. თუ სომხეთი იგულისხმება, არა მგონია, ფაშინიანმა, იმის გამო, რომ პუტინი ჩავიდა ბაქოში, ქვეყნის საგარეო მიმართულება შეცვალოს და პრორუსი გახდეს. სომხეთში ვითარება შეცვლილია, საზოგადოება, რომელიც პრორუსი იყო, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რუსეთის ქმედებების გამო ევროპულ ორიენტაციაზე გადავიდა.

რაც შეეხება დასავლეთს, ალიევი ჭკვია­ნი პოლიტიკოსია. ის კარგად ხვდება,­ იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანის ნავთობი იქნება თუ გაზი ევროპაში გადის გასაყიდად და აქვს დიდი შემოსავალი, ომის დამნაშავესთან ერთად გეოპოლიტიკურ თავგადასავლებში არ გადაეშვება. მას დასავლეთთან დაპირისპირება არ აწყობს.

თურქეთს თავისი დღის წესრიგი აქვს, რომელიც აზერბაიჯანთან ახლო თანამშ­რო­მლობას გულისხმობს. ჰეიდარ ალიევის პრინციპით "ერთი ერი, ორი სახელმწიფო"­ ვითარდება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა. ამის შედეგი იყო ის,­ რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომებში მოიპოვა.

- საქართველოზე აზერბაიჯან-რუსეთის­ მჭიდრო ურთიერთობა რა გავლენას იქონიებს?

- ჩემი აზრით, ამას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა ორიენტაციას იცვლის, პროდასავლურიდან პრორუსულზე გადადის. როდესაც მტერს და მოყვარეს ვერ არჩევ, მაშინ მტერი ადვილად ჩაგიგდებს ხელში. არავითარი კონფლიქტი საქართველოს აზერბაიჯანთან არა აქვს და არც აწყობს ჰქონდეს. საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება 26 ოქტომბერი, როდესაც საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რუსეთისკენ უნდა წასვლა თუ დასავლეთისკენ.

- იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ბრიქსში გაწევრდა, რა გეოპოლიტიკური ვითარება შეიძლება შეიქმნას რეგიონში?

- ბრიქსში გაწევრება საქართველოსთვის განსაკუთრებულს არაფერს შეცვლის. ამ ორგანიზაციას არა აქვს საერთო თამაშის წესები. ეს არ არის ევროკავშირი, სადაც ერთნაირი ფასეულობები აქვთ ქვეყნებს. ევროკავშირისგან განსხვავებით, არც საერთო ბაზარი აქვს, არც საერთო ვალუტა, არც საერთო ეკონომიკური პოლიტიკა. ბრიქსში შედიან როგორც მემარცხენე ჩინეთი, ბრაზილია, რუსეთი, ისე სხვა ქვეყნები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ამ ქვეყნებთან - არც ფასეულობები, არც პოლიტიკური წყობა და არც ეკონომიკური დღის წესრიგი. მაგალითად, ჩინეთს ახლაც კომუნისტური პარტია მართავს, ბრაზილია, მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენეები მართავენ, დემოკრატიული ქვეყანაა. ეს არის სხვადასხვა ქვეყნის ერთგვარი ჯამი.

აზერბაიჯანი მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობს. ნავთობსა და გაზს, რომელსაც ევროპაში ყიდის იმ ფასად და იმ პირობებით, ვერ გაყიდის აღმოსავლეთში. დოლარით და ევროთი ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, ჩინური ან ინდური ვალუტით. ამიტომ აზერბაიჯანი ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან და იმ სფეროებში, რომლებიც მისთვის მოგებიანი იქნება. აზერბაიჯანს მრავალწახნაგოვანი საგარეო პოლიტიკა აქვს და თანამშრომლობს ყველასთან, ვისთანაც შეიძლება დაინახოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა... ფაქტია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბრიქსში გაწევრების სურვილი თავად გამოთქვა.

- გასულ დღეებში ყოველდღიურად ველოდებოდით, რომ ირანი ცეცხლს გაუხსნიდა ისრაელს, თუმცა საპასუხო რეაგირება ვერ ვნახეთ. რატომ იკავებს თავს ირანი?

- ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ კარს მიღმა ხდება. როგორც ჩანს, ირანი­ დაარწმუნეს, რომ მისთვის მოგებიანი არ იქნებოდა ეს ნაბიჯი. ირანი კარგად ხედავს, რომ ისრაელი არ არის ხელწამოსაკრავი ძალა, მით უმეტეს, როდესაც შეერთებული შტატები უმაგრებს ზურგს, მათ შორის სამხედრო კომპონენტითაც და დაეხმარება პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, ირანმა თავი შეიკავა­ პასუხის გაცემისგან. პასუხი იქნება, მაგრამ არა განსაკუთრებული, როგორც თავიდან იყო გაცხადებული, თითქოს მიწასთან გაასწორებდნენ და ა.შ. ირანმა ჩათვალა, რომ მის პასუხს მოჰყვებოდა პასუხის პასუხი, თან ძალიან ძლიერიც, რაც თეირანისთვის შესაძლოა დამღუპველიც ყოფილიყო.

ირანის გაჩერებას ვუკავშირებ არა შიშს, არამედ პრაგმატულ გათვლას. როგორც ჩანს, "ჰამასის" ლიდერი არც ისეთი მძიმეწონიანი იყო, რომ მის გამო ომი დაიწყოს ახლო აღმოსავლეთში. რუსეთი ძალიან იყო მოწადინებული, რომ ირანს ეპასუხა, რაც დიდწილად გადაიტანდა ყურადღებას რუსეთ-უკრაინის ომიდან ახლო აღმოსავლეთზე, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთმა ირანი ვერ დაიყოლია გახვეულიყო ამ დიდ ავანტიურაში. პასუხს უნდა ველოდოთ, თუმცა ის არ იქნება გამანადგურებელი, ალბათ, ზრდილობისთვის გასცემენ პასუხს.

სოფო კაჭარავა