„თუ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის უკანა პლანზე გადაწევა სურს, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა!“ - კვირის პალიტრა

„თუ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის უკანა პლანზე გადაწევა სურს, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა!“

საარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შევიდა, პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყეს. პოლიტიკურ სარბიელზე არსებ­ულ­ ვითარებას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს.

- პოლიტიკური ძალა საარჩევნო კამპანიას იწყებდეს იმ დაპირებებით, იქნება­ პოლიტიკური რეპრესიებიო, არ ვიცი, ასეთი რამ სადმე­ თუ ყოფილა. ამით რიგითი­ ქართველი რას მოიგებს? მისი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება თუ ეკონომიკური? დასაქმდება და სამართლებრივ სახელმწიფოში იცხოვრებს თუ რა? ეს პათოსი ძალიან მაგონებს გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ბოლშევიკების განცხადებებს, რომლებმაც მთელი ციმბირი გაავსეს პატიმრებით, იმ პირებით, ვინც მათ არ ემხრობოდნენ­. ამასთან, მაშინაც დასავლეთი ითვლებოდა ერთ-ერთ მტრად, რომელიც ვითარებას ურევდა­ და ხელს გვიშლიდა სოციალისტურ ქვეყანას სოციალიზმის შენებაში, მაგრამ რაც ააშენეს, ვნახეთ...

კიდევ ერთი ძალიან უცნაური მომენტი­ ამ განცხადებიდან - მათ თქვეს, რომ კონსტიტუციური უმრავ­ლესობის მოპოვება სჭირდებათ და თუ რისთვის, სამი საკითხი გვითხრეს, მეოთხე ფაქტორი კი დაგვიმალეს, მერე გეტყვითო... ეროვნული მოძრა­ობის დროს ერთ-ერთი ლიდერი მიტინგზე­ გამოვიდა და თქვა, ახლა ჩვენ სამი პრობლემის წინაშე ვდგავართ, პირვე­ლსა და მეორეზე ახლა არ ვილაპარაკებ (არც უხსე­ნებია, რა პრობლემებზე იყო საუბარი), პირდაპირ მესამეზე გადავალო... შემდეგ ეს იყო სახუმარო და სამსჯელო თემა. ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, ეს ან დაბნეულობას უნდა მივაწეროთ, ან იმას, რომ მოსახლეობისთვის სათქმელი და დასაპირებელი მეტი არაფერი აქვთ, გარდა იმისა,­ რომ იქნება რეპრესიები და თუ ჭკუით ვიქნებით, თუ დავუჯერებთ და ხმას მივცემთ "ქართულ ოცნებას", ნოემბერი, დეკემბერი და ა.შ. მშვიდი იქნება... ამ შეხვედრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან ცუდ დღეში არიან. 60% კი არა, მგონი, 30%-ის აღების იმედიც კი აღარ აქვთ. მათი მუქარა და ტონიც­ შერჩეული იყო არა იმისთვის, რომ საზოგადოებაში ახალი ელექტორალური ფენა გაეჩინათ, არამედ იმისთვის, თავიანთ მომხრეებში გაეჩინათ რწმენა, რომ "ქართული ოცნება" ისევ დარჩება ხელისუფლებაში, რათა არ დაიწყოს სახელისუფლებო ვერტიკალის რღვევა,­ მეორე და მესამე ეშელონის ფუნქციონირება, რომ გვერდზე არ დაიწყოს ყურება ბიზნესმა, რომელსაც "ქართული ოცნება" გრანტებითა და ტენდერებით კვებავს­... ამ შიშების გამო ჰქონდათ ასეთი აგრესიული განცხადება - ვამთავრებთ დემოკრატიას და ვიწყებთ დიქტატურასო.

კიდევ ერთი რამ - სააკაშვილი ციხეში ზის, მერაბიშვილმა და უგულავამ სასჯელი მოიხადეს, გვარამიაც იჯდა. "ნაცმოძრაობიდან" ვინც გარეთ დარჩა, ან "ქართული ოცნების" რიგებშია გადასული, ან ემიგრაციაშია, ან კვლავ პარტიაშია­, თუმცა ხელმოსა­ჭიდი მათთან არაფერი აქვთ. თუ "ნაცმოძრაობის" რეპრესირებას ცდილობენ,­ იმ ხალხიდან დაიწყონ, ვინც სახელისუფ­ლებო პარტიაშია შეფარებული. უფრო სერიოზულად რომ მივუდგეთ­ - დღევანდელ კონსტიტუციაში 23-ე მუხლი აწესრი­გებს პარტიულ საქმიანობას. იქ მშვენივ­რად არის ჩამოყალიბებული მე-3 და მე-4 პუნქტები, რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს­ პარტიის არსებობის ან მისი აკრძა­ლვის საკითხი. ამას რად უნდა კონსტიტუციური უმრავ­ლესობა? არის უკვე ეს ჩაწერილი და თუ ძალიან უნდათ, შეუძლიათ აამო­ქმედონ...

მე როცა "ნაცმოძრაობას" ვებრძოდი,­ დღეს ვინც "ოცნებაშია", ან ხმას არ იღებდა, ან ფულს აკეთებდა. ამას იმიტომ ვამბობ­, რომ "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის­ არანა­ირი სურვილი არც მქონია და არც მაქვს­, მაგრამ თუ გააუქმებენ პარტიას, ისინი­ დაირქმევენ პირობითად "ნაცი­ონა­ლ­ურ რაღაცას" ანუ სხვა სახელს და ისევ იქნებიან. 12 წელი ებრძვიან და არათუ გააქრეს, უფრო გააძლიერეს.­ ახლა მათ გაცილებით მეტი უჭერს მხარს, ვიდრე 2016 წელს. მათ დღეს დაახლოებით ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავთ და ამ ხალხს რას უშვრებიან?!

კიდევ ერთი საკითხი - რომ გაიძახიან, ნიურნბერგის პროცესიო, ან არ იციან, რა იყო, ან გათვლაა იმაზე,­ რომ ბევრს გაუგ­ონია, რომ იქ ვიღა­ც­ები გაასამართლეს­. სინა­მდვილეში ვინ გაასამართლა, რა მოხდა­ და რა პროცესი­ იყო, ძალიან ცოტამ­ იცის. რა ნიურნბერგის­ პროცესის მომწყობები­ არიან ეგენი?! ვიმე­ორებ - კატასტროფაა, ხელისუფლებაში­ მყოფი პოლიტიკური ძალა საარჩევნო კამპანიას იწყებდეს იმის განცხადებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში დავიწყებ რეპრესიებსო. რამე სათქმელი რომ ჰქონდეთ, იტყოდნენ. ერთადერთი, რა ინტრიგაც დაგვიტოვეს, არის კონსტიტუციაში შესატანი მე-4 საკითხი. სამი ხომ განმარტეს და მეოთხე საიდუმლოდ შეინახეს. ყოველივეს მიუხედავად, შეგვიძლია თამამად თქმა, რომ საქართველოში დიქტატურის­ რესურსი არ არის. ერთადერთი ვარიანტია, უცხო ძალა უნდა შემოიყვანონ. არსებული შიდა რესურსებით დიქტატურის დამყარება­ გამორიცხულია, ამას დიდი რესურსი სჭირდება­. ის, რაც 30 წლის განმავლობაში­ გამოვიარეთ­, გამოჩნდა, რომ ჩვენთან დიქ­ტატურას ვერ დაამყარებ. ჩვენთან ადამიანური ურთიერთობები სხვა­ნაირად არის აწყობილი. დიქტატურის დამყარებისთვის ხალხი უნდა დააშინო, მაგრამ ეს არ გამოვა საქართველოში. ამიტომ მგონია, რომ ყოველივე ეს ბლეფია... უკვე ყველა ხედავს, რომ "ნაცმოძრაობა" იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. იმასაც ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ­ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი­ გადალახავს 5%-იან ბარიერს. ამიტომ ცდილობენ გაღმა შეედავონ, თქვან, რომ საკო­ნსტიტუციო უმრავლესობა სურთ და იმუშა­ონ იმისთვის, რომ მიიღონ უბრალო­ უმრავლესობა.

- ოპოზიციაზეც გვითხარით, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია?

- რამდენიმე გაერთიანება რომ შედგა,­ კარგია, მაგრამ მე რომ მკითხოთ,­ უკეთესი იქნებოდა "ევროპული საქა­რ­თ­ველო" "ნაცმოძრაობასთან" კი არა, "ახლებთან" ყოფილიყო, ნაყოფია და დეკანოიძეც ამ ფრთაზე ყოფილიყვნენ - ეს მანევრირების მეტ საშუალებას მოგვცემდა. ახლა "ქართული­ ოცნება" ისევ იძულებული იქნება დაიწყოს არა მარტო "ნაციონალების" განადგურებ­ასა და გასამართლებაზე­ კამპანია, არამედ­ ხელისუფლებაში მათი მოსვ­ლის შესაძლებ­ლობაზეც... თუ ეს გადანაწილდ­ებოდა "ახლ­ე­ბში", აგიტაციის ნაკლები შანსი იქნებოდა, მაგრამ მაინც სწორი მიმართულებაა, რომ "ნაცმოძრაობაში" გაჩნდა ორი პოლუსი. ეს მათ მხარდამჭერებს სრულად, ფაქტობრივად, 99%-ს აითვისებს ანუ ხმა არ დაიკარგება. ორივე დაჯგუფებას აქვს შანსი, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი.

"ლელომ" თავისი გამსხვილებით, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი ბენეფიტი მიიღო. დღეს ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე გახა­რიას პარტია. რამდენიმე თვის წინ კი პირიქით იყო. ყველაზე კარგი იქნება, თუ "ლელო" და გახარია შეძლებენ გაერთიანებას. ეს იქნება გარანტია იმისა, "ქართულმა­ ოცნებამ" რომც მოინდომებს, არჩევნებს ვერ გააყალბებს. "ქართულ ოცნებას" დღეს თავისი სახელისუფლებო რესურსით აქვს იმის დიდი შანსი, რომ პირველი ადგილი დაიკავოს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას იმის ძალა არა აქვს, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს. თუ "ლელო"-გახარია გაერთიანდნენ, ეს იქნება ის გაერთიანება, რომელიც დაუპირისპირდება სახელისუფლებო პარტიას, სერიოზულ ბრძოლას გაუმართავს პირველი ადგილის მოსაპოვებლად. პირველი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციურად, მათ მთავრობის ჩამოყალიბების პრიორიტეტი ეძლევათ. კიდევ ერთი ხიფათია - ჩვენი პოლიტიკური კლასი დიდი მდგრადობით არ გამოირჩევა და თუ "ქართული ოცნება" დაიკავებს პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ყველა ხერხითა და მეთოდით შეეცდება დაკლებული მანდატები მოიმატოს ან პირდაპირ პარტიასთან მორიგდეს, ან ცალკეული დეპუტატები გადაიბიროს უმრავლესობის შესაქმნელად - ესეც გასათვალისწინებელია.

- რეალურად არც ერთი პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნო დაპირებებში ხალხის­ პრობლემებზე აქცენტს არ აკეთებს. ხელი­სუფლება მშვიდობაზე აკეთებს აქცენტს, ოპოზიცია - ქვეყნის კურსის შეცვლაზე...

- გეთანხმებით. ალბათ, გამონაკლისია "ლელო" თავისი 1000-ლარიანი ხელფასის დაპირებით, თუმცა ეს ყველაფერი დასახვეწია. პარტიებმა უფრო რეალური მესიჯები უნდა შესთავაზონ მოსახლეობას. მე რომ გითხრათ, პოლიტიკურ ველზე­ არის ძალა, რომელსაც­ ჩვენი ჭაობიდან ამოთრევა­ შეუძლია-მეთქი, არ ვიქნები მართალი - ასეთი ძალა არ არსებობს. დღეს მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ სვლა როგორმე თავიდან ავიცილოთ, იმიტომ, რომ თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, შესაძლოა ნოემბერ-დეკემბერი სიმშვიდე იყოს, თუმცა გაზაფხული არ ვიცით, როგორი იქნება. ეს დაგროვებული უარყოფითი ენერგია არც განიმუხტება და არც გაქრება. სრულიად ნეიტ­რალურ მოვლენას შეიძლება არეულობა მოჰყვეს. როცა ქვეყანაში ასეთი კრიზისია და ხელისუფლებას რეალური საყრდენი მოსახლეობაში არა აქვს, ნაღმზე დგომაა, როდის აფეთქდება არ იცი. ჩვენი პირველი ამოცანაა შევაჩეროთ ვარდნა ტოტალიტარიზმისკენ, ავტორიტარიზმისკენ და დიქტატურისკენ. თუ ამას შეძლებს ჩვენი პოლიტიკური კლასი, 4 წელი მაინც ამოვისუნთქავთ, მეტ-ნაკლებად თავისუფალ სამყაროში ვიცხოვრებთ.

ამჟამად ხელისუფლება 800 ათას ხმას აკონტროლებს. თუ არ­ჩევნებზე­ მილიონ-ნა­ხევარი ამომრჩეველი­ მივა, "ქართულ ოცნებას" აქვს შანსი­, სად­ღაც 40% მიიღოს­. ამიტომ არის აუცილე­ბელი, რომ მოსახლეობა მივიდეს არჩევნებზე, მაგ­რამ მივა იმ შემთხვევაში, თუ დაინა­ხავს, რომ ხელისუფლების­ ცვლილება­ რეალურია, თუმცა გამწევი ძალა არ იქნება­ "ნაცმოძრაობა". თუ მოხერხდა, რომ შუა­შისტი­ ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ეს კარგი­ იქნება, მაგრამ "ქართული ოცნ­ება" იმუშავებს, რომ არ მივიდეს­. თავისას მიიყ­ვანს, ოპოზიციისას კი არა და აი, ზუსტად­ აქ მოიგებს "ოცნება". "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი კი მივა, მაგრამ სახიფათოა შუაშისტი ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, თან ცოტა პრეტენზიულია და მერყევი.

- სალომე ზურაბიშვილის როლზეც ვი­ს­აუბროთ. მისი გავლენა ხომ არ შესუსტდა?

- ეს მოსალოდნელი იყო. მას ან უნდა დაეტოვებინა პოსტი და წასულიყო ოპოზიციაში, ან თუ რჩებოდა თანამდებობაზე, მოსალოდნელი იყო, რომ მისი როლი ამ ეტაპზე შესუსტდებოდა, მაგრამ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მისი პერსონით დაინტერესება გაიზრდება როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. ძალიან სწორი გადა­წყვეტილება იყო, როდესაც პრეზიდენტი უკრაინაში სამიტზე არ წავიდა, მაგრამ­ თქვა, რომ ჩაერთვებოდა და სიტყვითაც გამოვიდოდა. რომ წასულიყო, "ქართული ოცნება" გამოიყენებდა ამას თავისი პროპა­განდისთვის. ზურაბიშვილი სიფრთხილეს იჩენს და სწორ ნაბიჯებს დგამს. თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ მისი როლი უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს, ეს იქნება კატასტროფული შეცდომა. სალომე ზურაბიშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ოპოზიციას, იმიტომ, რომ მას ჩვენი პარტნიორებისა და მოსახლეობის ნაწილის ნდობა და რეიტინგიც აქვს. ის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელია, მის ნათქვამ სიტყვას სხვა წონა აქვს ჩვენს პარტნიორებში.

სოფო კაჭარავა