ორი თვე არჩევნებამდე ანუ როგორი იქნება პოლიტიკური შემოდგომა
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვე დარჩა. პრინციპში, პარტიებმა ძირითადი სასტარტო პოზიციები უკვე დაიკავეს და საფეხბურთო ტერმინს თუ გამოვიყენებთ, შემადგენლობაც დააკომპლექტეს. პოლიტიკური მენიუ მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადი გზავნილები ორია. კერძოდ, "ოცნება" ამბობს, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ქვეყანაში ომი დაიწყება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ "ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში, საქართველო რუსეთს საბოლოოდ "ჩაეხუტება". მოკლედ, გადავხედოთ, რა ხდება "აქეთაც და იქითაც".
"ტრანსფერები“ ოპოზიციაში
პარლამენტში გამსვლელ საარჩევნო სიაში ადგილის მოპოვება - აი, ეს არის პოლიტიკოსთა დიდი ნაწილის ღელვის საფუძველი, როცა არჩევნებამდე მცირე დრო რჩება ხოლმე. რომელი პარტიის საარჩევნო სიაში? იცით რა არის... ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუნდაც იმ პარტიაში, რომელთანაც სულ რამდენიმე თვის წინ დაპირისპირებული იყავი. ხაზს ვუსვამთ, კონკრეტულად ოპოზიციაზე ან მმართველ პარტიაზე არ ვსაუბრობთ, ზოგადად ქართულ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ. ამ მანევრებისგან შორს არც უცხოეთში არიან.
ალეკო ელისაშვილი, როგორც ჩანს, "პირველი მერცხალი" იყო, როდესაც იმ "ლელოში" გაერთიანდა, რომლის ლიდერთან რამდენიმე წლის წინ ლამის ხელჩართული ჩხუბი მოაწყო პირდაპირ ეთერში. ამაზე ჩვენ ვწერდით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ადამიანების შერიგებას მივესალმებით და მტრობას მეგობრობა სჯობს... სამაგიეროდ, ალეკო ელისაშვილი "ლელოს" საარჩევნო სიაში იქნება და თუ ამ პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დეპუტატობა გარანტირებული ექნება.
შემდეგ იყო მინი-დრამა "ევროპულ საქართველოში", რომლის ლიდერები ბევრს ლაპარაკობდნენ საარჩევნო რეფორმებზე (და 2020 წელს არჩევნების გაყალბებაზე) და საკუთარ პარტიაში პრაიმერიზი (შიდა არჩევნები) ვერ ჩაატარეს წესიერად. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს პრაიმერიზთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა ბობოხიძე-წერეთლის წყვილთან და პარტია დატოვა (ახალი პარტია "ფედერალისტები" შექმნეს. ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ 2025 წელს შესაძლოა თბილისის მერად იყაროს კენჭი). "ევროპული საქართველო" კი გიგი წერეთლისა და აკაკი ბობოხიძის თამადობით, მაშინვე გაიქცა "ნაცმოძრაობასთან" და "ჩაეხუტა". არადა, სულ ორიოდე თვის წინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ "ნაცმოძრაობაშიც" ოლიგარქიული სისტემაა, მიშა კი ავანტიურისტია... აპატიეს, ეტყობა... სამაგიეროდ, დიდი ალბათობით, ორივე გამსვლელ სიაში იქნება.
ხატია დეკანოიძე - პოლიტიკოსი, რომელიც ტელეეთერიდან მოუწოდებდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არ შეერთებოდნენ "ნაცმოძრაობას", რადგან "აიზილებოდნენ" მასში. თუმცა საარჩევნო სიაში მოხვედრის ფაქტორმა ყველაფერი გადაწონა. ანა წითლიძემ კი წერა აღშფოთებული პოსტები ფბ-ში, მაგრამ... სავარაუდოდ, წითლიძე გამოხატავს "ნაცმოძრაობის" აქტივისტთა გარკვეული ჯგუფის აზრს, რომელთა ლოგიკა ასეთია - მე პარტიაში ვიყავი, მიშას საკანთან ღამეს ვათენებდი, მიტინგებზე დავდიოდი, აქეთ მელია გავაგდე, იქით ხაბეიშვილი გამიგდეს, ზოგჯერ მიჭერდნენ კიდეც, შენ კი პარტიიდან გაიქეცი და გვლანძღავდი. და ამ დროს, პარტიიდან გაქცეული ბრუნდები მზამზარეულზე და საარჩევნო სიაში ჩემი, ერთგული აქტივისტის ადგილი უნდა დაიკავო... თუმცა ქართულ პოლიტიკაში ასეთი რამ არ უნდა გაგვიკვირდეს. უფრო უარესი კომბინაციებიც გვიხილავს. მაგალითად, არიან პოლიტიკოსთა ჯგუფები, რომლებიც ჯერ ასლან აბაშიძის პარტიაში იყვნენ, შემდეგ სააკაშვილთან, შემდეგ სააკაშვილის ოპოზიციაში, შემდეგ "ოცნებაში" და დღეს სააკაშვილთან და "ოცნების" ოპოზიციაში.
თავი დავანებოთ ამ ტრანსფერებს და ვთქვათ ის, რომ ოთხივე მსხვილი ოპოზიციური ჯგუფი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას მართავს - "ერთობა" ("ნაცმოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"); "კოალიცია ცვლილებებისთვის"“(გვარამია-მელია, ელენე ხოშტარია, ზურა გირჩი-ჯაფარიძე); "ძლიერი საქართველოსთვის" ("ლელო", ალეკო ელისაშვილი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები) და გახარიას პარტია. თუმცა არის კი მათი აქტიურობის ხარისხი და ამომრჩევლამდე მესიჯების მიტანის სიმძლავრე ისეთი, რომ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი 26 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან მათ სასარგებლოდ მივიდეს?! ვნახოთ...
სხვათა შორის, ოპოზიციურმა პარტიებმა გარკვეულწილად ყური მოიყრუეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებებზე. პრეზიდენტმა, მოგეხსენებათ, ბოლო დიდ პრესკონფერენციაზე "ქართულ ქარტიაზე" ბევრი ისაუბრა - თუ ოპოზიცია იმარჯვებს 26 ოქტომბრის არჩევნებში, ზურაბიშვილი არაპოლიტიკური სპეციალისტებისგან აყალიბებს ე.წ. ტექნიკურ მთავრობას. "ქართულ ქარტიაში" არ წერია, მაგრამ სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, ის იქნება ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი. თუმცა ოპოზიციური პარტიები დიდ ენთუზიაზმს აღარ იჩენენ. რატომ? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს თავად აქვს პრემიერობის ამბიცია (ამის გამო ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური გაერთიანება არ შედგა) და სულაც არ სურს ადგილი დაუთმოს "ვიღაც" არაპოლიტიკურ ექსპერტს. თუმცა თუ ზურაბიშვილი განზე გასწიეს, ეს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, წამგებიანი იქნება ოპოზიციისთვის.
"ოცნების“ მესიჯები
გასულ კვირას მმართველმა პარტიამაც ჩამოაყალიბა ძირითადი გზავნილები და უთხრა ამომრჩეველს, თუ რატომ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. მათგან გამოვყოფდით ორს - "ნაცმოძრაობისა" და მათი სატელიტების გასამართლება/აკრძალვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო მოწყობის სისტემის რეფორმირების აუცილებლობა. სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მესიჯი "ნაცმოძრაობის" გასამართლების შესახებ, თავისი ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზაციას ემსახურება. თორემ გასასამართლებლად და ასაკრძალად არ არის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა - ამისთვის არსებობს პროკურატურა, საერთო სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო. რა მოხდება, თუ მართლა მოიპოვა "ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა და რა პროცესები შეიძლება დაიწყოს, ეს სხვა სტატიის თემაა. აგვისტოს ომთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენ უკვე ვწერდით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - დიახ, ყველა ბუნდოვან თემას პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა წინასწარ დანიშნული დამნაშავეების გარეშე.
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო, რომ ეს მართლაც დადგეს დღის წესრიგში. აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება არის ჩვენი ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა და თუ ეს სრულფასოვნად მოხდება (ვგულისხმობთ, რომ იქ სრულად აღდგეს საქართველოს იურისდიქცია ყოველგვარი კონფედერაციების გარეშე), საზოგადოებაც მზად არის სერიოზული კომპრომისებისთვის ნებისმიერთან. თუმცა თუ საუბარია იმაზე, რომ რუსეთიდან რაღაც ფარული სიგნალები მოდის, ყველას უნდა ახსოვდეს - მოსკოვს სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ ხაფანგში საქართველოს ყველა ხელისუფლება ჰყავს შეტყუებული და შემდეგ გადაგდებული.
რა სურს ამომრჩეველს?!
ამავე დროს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა დაავიწყდეს, თუ რა სურს ამომრჩეველს. ის დაიღალა წლების განმავლობაში გაგრძელებული რყევებისგან და პოლიტიკური სტაბილურობა სურს.
პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური სტაბილურობა და არ აგვერიოს მძიმე კრიმინოგენულ სიტუაციაში. პოლიტიკური სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სიმშვიდის გარანტი იყოს არა რომელიმე პარტია, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტები. პოლიტიკური სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ხალხს უკვე აღარ აღელვებდეს - დაიქცევა თუ არა ქვეყანა, თუ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მოვა/დარჩება ხელისუფლებაში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც არჩევნების შედეგები ყველასთვის სანდო იქნება და წინა პლანზე წამოიწევს სოციალურ-ეკონომიკური დაპირებები და არა აპოკალიფსური პროგნოზები. და როდესაც პოლიტიკური ოპონენტები იქნებიან ოპონენტები და არა მტრები - ასევე, როდესაც პოლიტიკური ახალი ამბები უკანა პლანზე გადაიწევს და აღარ იქნება მუდმივი ისტერია.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, მაღალი დონის განათლებასთან, ჯანდაცვასთან და ა.შ.
დამოუკიდებლობის 34 წლის განმავლობაში ძალიან მცირე პერიოდით ჩნდებოდა ხოლმე პოლიტიკური სტაბილურობის განცდა. ბნელ 90-იანებში პოლიტიკურ რყევებში აზელილი იყო კრიმინალების თარეში, მძიმე სოციალური ფონი და ჰიპერკორუფცია. 2000-იან წლებში პოლიტიკური ოპონენტი რუსეთის აგენტად ცხადდებოდა. ყველაზე მეტ-ნაკლებად მშვიდი პერიოდი ქვეყანაში იყო 2017-2018 წლებში, თუმცა შემდეგ დაიწყო სიგიჟის კიდევ ერთი წრე - 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, 2020 წლის არჩევნების პერიპეტიები და გაუთავებელი "პარლამენტში შევალ-არშევალ"-ის ძახილი, 2021 წლის არჩევნები და ნახევარწელიწადიანი "მიშა კვდება", 2023 წლის მარტის მოვლენები, 2024 წლის გაზაფხულის ქარიშხალი...
შიდა მშვიდობასთან ერთად, ამომრჩეველს ისიც უნდა, რომ დაცული იყოს საგარეო აგრესიისგან. როდესაც საქართველოს გარშემო ყველგან რაკეტებს ისვრიან და ბომბებს აფეთქებენ, "ომისა და მშვიდობის" საკითხი საქილიკო და სპეკულაციების თემა არ უნდა გახდეს. ჩვენი მტრები არსად წასულან. შესაძლოა, ოდნავ დაკავებულები იყვნენ სხვა რაღაცეებით.
ამომრჩეველს სურს ისიც, რომ ეკონომიკური ზრდა ბოლოს და ბოლოს აისახოს მის ჯიბეზე. ალბათ, კიდევ ერთი დიდი ეროვნული ამოცანა ემიგრაციის უზარმაზარი ტალღის შეჩერებაა. თორემ ამ ქვეყანაში მხოლოდ მოხუცები დარჩებიან. თუმცა ვიმეორებთ, თუ არ დამყარდა ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური სტაბილურობა, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, რაც დღეს გვაქვს, ისიც კი წყალში ჩაიყაროს.
გიორგი კვიტაშვილი