"ბატკას" სიგიჟეები: 30 წელი ხელისუფლებაში - როგორ იქცა დემოკრატიისთვის მებრძოლი ლიდერი საკუთარი ხალხის "მახრჩობელად" - კვირის პალიტრა

"ბატკას" სიგიჟეები: 30 წელი ხელისუფლებაში - როგორ იქცა დემოკრატიისთვის მებრძოლი ლიდერი საკუთარი ხალხის "მახრჩობელად"

1994 წლის 20 ივლისს ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის ფიცი დადო. ის გახდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და, ჯერჯერობით, ბოლო - 30 წელია მართავს ქვეყანას და არსად წასვლასაც არ აპირებს. ლუკაშენკოს ხელისუფლებაში ხანგრძლივი დროით ყოფნით "კონკურენციას" მხოლოდ ირანის სულიერი ლიდერი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის პირველი პირი უწევენ.

ალბათ, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს, როგორ მოახერხა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ამდენი ხნით შენარჩუნება.

დემოკრატიისთვის მებრძოლი

ძალიან მოკლედ ვიტყვით, რომ ლუკაშენკო ღარიბ ოჯახში დაიბადა (მისივე მტკიცებით), მოგილიევის ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა, მსახურობდა საბჭოთა არმიაში, შემდეგ კი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. სხვათა შორის, ლოთობისთვის თანამშრომლებს სცემდა ხოლმე. 90-იანი წლების დამდეგს ის ბელარუსის უზენაესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს და სახელი გაითქვა, როგორც... კომუნისტებთან მებრძოლმა და დემოკრატმა. თუმცა მისი მთავარი ლოზუნგი კორუფციასთან ბრძოლა იყო. მან თავისი პოლიტიკური პროგრამა ასე ჩამოაყალიბა: "ჯერ მთავრობაში მყოფ ქურდებს მივხედავთ და მერე დანარჩენებს"... ლუკაშენკომ შეიქმნა კორუფციასთან მებრძოლი ხალხიდან გამოსული "მუჟიკის" იმიჯი, რომელიც ხალხისთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა და ძალიან პოპულარული­ გახდა. ერთხელ ლუკაშენკო ორი საათის განმავლობაში სიტყვით გამოდიოდა გადა­ჭედილ სტადიონზე და შემდეგ ასევე­ ორი საათის განმავლობაში ავტოგრაფებს არიგებდა. არჩევნების მეორე ტური მან 80%-იანი უპირატესობით მოიგო. პირველი­ ფიცი ბელარუსის წითელ-თეთრ დროშაზე დადო... გაივლის 30 წელი და ამ დროშის ტარებისთვის ბელარუსში ხალხს ციხეში ჩასვამენ.

პრეზიდენტობა ცვლის ადამიანს

ლუკაშენკოს იმდროინდელი თანამებრძოლები (ბევრი მათგანი შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა, ზოგი დღესაც ციხეში ზის) ამბობენ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლუკაშენკო შეიცვალა. კერძოდ, ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა, თუ რაიმეში არ ეთანხმებოდნენ. სამაგიეროდ, დაიახლოვა ის ხალხი, რომლებიც ყველაფერზე თავს უკრავდნენ. არადა, მისი თანამებრძოლები ამბო­ბდნენ, რომ მანამდე ლუკაშენკო რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იყო და ითხოვდა კიდევაც მათგან - მაკრიტიკეთ, რომ შეცდომა არ დავუშვათო. თუმცა სულ პირველი ნიშანი იმისა, რომ დეპუტატი ლუკაშენკო პრეზიდენტ ლუკაშენკოსგან განსხვავდებოდა, გამოჩნდა­ მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში. უზენაესი საბჭოს დეპუტატმა­ სერგეი ანტონჩიკმა პრეზიდენტის ადმინი­სტრაციაში კორუფციის შესახებ ანგარიში­ მოამზადა, ლუკაშენკომ კი ამ ანგარიშის გამოქვეყნება ყველა მედიასაშუალებას აუკრძალა. ეს მედიაზე მისი პირველი შეტევა იყო. რამდენიმე გაზეთი პროტესტის ნიშნად ცარიელი პირველი გვერდით გამოვიდა, თუმცა ამან არანაირი ნაყოფი არ გამოიღო..ლუკაშენკომ ნელ-ნელა, მეთოდურად დაი­წყო თავისუფალი და დამოუკიდებელი­ მედიის შევიწროება. კულმინაცია 2020 წელი იყო, როდესაც ყველა ასეთი მედიასა­შუალება ქვეყნიდან გააძევეს, ჟურნალისტების ნაწილი კი დაიჭირეს. 2023 წლის მონაცემებით, ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობით (40) მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს - მას მხოლოდ ჩინეთი და მიანმარი უსწრებენ.

2a7ae7-1724594905.jpeg

დიქტატურის გამყარება

ჟურნალისტების შემდეგ ლუკაშენკომ გერბისა და დროშისთვისაც მოიცალა. 1995 წელს მან რეფერენდუმის გზით შეცვალა დროშა, გერბი და რუსული ენა ბელარუსუ­ლს­ გაუთანაბრა. მაშინდელი ოპოზიცია­ ბე­ვრს კი ყვიროდა, რომ ეს "სახელმწიფო­ებრიობაზე დარტყმა" იყო, მაგრამ ამაოდ... შედეგად, დღეს ბელარუსში ბელარუსულ ენაზე არავინ ლაპარაკობს, თითქმის ყველა სკოლაში სწავლა რუსულად მიმდინარეობს, თავად ლუკაშენკო კი ხანდახან ჰიბრიდულ ბელარუსულ-რუსულ ენაზე საუბრობს.

თუმცა დიდი ნახტომი დიქტატურისკენ ლუკაშენკომ 1996 წელს გააკეთა. მან კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარება მოისურვა - კერძოდ, სურდა თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაზრდა საკანონმ­დებლო ორგანოს უფლებამოსილებების შეკვეცის ხარჯზე. ამან მაშინდელ ოპოზიცი­აში ქარიშხალი გამოიწვია. დაიწყო ხალხ­მრავალი აქციები, ოპოზიციის ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ბარიკადები ააგო. მაშინდელ ოპოზიციას ბევრი მომხრეც ჰყავდა და მაშინდელ უზენაეს საბჭოში იმის ძალაც ჰქონდა, რომ ლუკაშენკოსთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინა. წარმოიდგინეთ, რეფერენდუმი ისეთი დარ­ღვევებით ჩატარდა, რომ თვით ბელარუსის­ ცესკოს მაშინდელმა თავმჯდომარე ვიქტორ გონჩარმა განაცხადა, რომ არ ცნობს­ რეფერენდუმის შედეგებს (ლუკაშენკომ ის მოხსნა­ და მის ადგილას დანიშნა ლიდია ერმოშინა, რომელიც უკვე 25 წელია ცესკოს უცვლელი ხელმძღვანელია და შესაძლოა ამ კუთხით მსოფლიო რეკორდიც დაამყარა). მოკლედ, ლუკაშენკოს გადაყენებისთვის ლამის ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი, თუმცა...

ოპოზიციამ უგერგილოდ იმოქმედა, დააგვიანა გადამწყვეტი ქმედებები, სამომავლო გეგმებზე მსჯელობაში დაკარგა დიდი დრო. ამით ისარგებლა ლუკაშენკომ და გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა - საკანონმდებლო ორგანოში გამაგრებული­ დეპუტა­ტები მილიციელებმა "დუბინკებით" გამოყარეს, უზენაესი საბჭო დაითხოვეს, ცესკოს­ ახალმა თავმჯდომარემ რეფერენდუმის შედეგები აღიარა... ოპოზიცია დაიფანტა და ლუკაშენკომ ქუჩის პროტესტიც ჩაახშო.

1996 წელს ბელარუსმა საბოლოოდ მი­იღო­ ის ლუკაშენკო, რომელსაც დღეს მთელი­ მსოფლიო იცნობს. სხვათა შორის, ბელარუსის პრეზიდენტმა შეინარჩუნა სიკვდი­ლით დასჯა და დღეს ეს ქვეყანა ერთად­ერთი სახელმწიფოა ევროპაში, სადაც სასჯელის ეს ზომა მოქმედებს.

2000 წელს ლუკაშენკომ კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩაატარა - ამჯერად, მას პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის უფლება­ იმდენჯერ ჰქონდა, რამდენჯერაც მოისურვებდა. მას შემდეგ ჩატარებული არც ერთი არჩევნები დასავლეთმა არ ცნო. ყველა არჩევნებს ქუჩის პროტესტი მოსდევდა ხოლმე­, რომე­ლსაც ლუკაშენკო წარმატებით ახშობდა. მან უკან მხოლოდ ერთადერთხელ დაიხია­. 2015 წელს "მუქთა­ხორობის გადასახადის" შემო­ღება უნდოდა - ანუ თუ შრომისუნარიანი მოქა­ლაქე წელიწადში ექვს თვეზე ნაკლებს მუშაობდა, "ჯარი­მა" უნდა გადაეხადა, თუმცა პროტესტის გამო ეს ინიციატივა ინიციატივად დარჩა. ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკაზე ყველამ ყველაფერი იცის და ამაზე აღარ შევჩერდებით. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ლუკაშენკო მანევრირებდა მოსკოვსა­ და დასავლეთს შორის, ამან კი მინსკს ის მოუტანა, რომ რუ­სეთთან ერთად­ უფრო მკაცრ საერთაშორისო იზო­ლაციაში­ მოექცა და პუტინთან ერთად ლუკაშენკო უკრაინაში ომის დაწყების თანამონაწილე გახდა.

178021590690679-1724594905.2a2bd6534c.jpg

"სიკვდილის ესკადრონები"

1999 წელს მინსკის ცენტრში უცნობმა პირებმა მოიტაცეს ბელარუსის ყოფილი შს მინისტრი იური ზახარენკო. ის ლუკაშენკოს მკვეთრად უპირისპირდებოდა და შსს-ს ოფიცრებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

1999 წელსვე ბელარუსის ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ გონჩარი (რომელიც ლუკაშენკოს ალტერნატიული არჩევნების ჩატარებით ემუქრებოდა) და მისი მეგობარი ანატოლი კრასოვკი უგზო­-უკვლოდ გაუჩინარდნენ. ისინი ბოლოს აბანოში იყვნენ. ახლობლებმა მხოლოდ შუშის ნამსხვრევები და სისხლის კვალი ნახეს.

2000 წელს მინსკის აეროპორტიდან ასევე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა და დღემდე ვერ უპოვიათ ბელარუსი ჟურნალისტი დმიტრი ზავადსკი.

2019 წელს გერმანიაში გაქცეულმა ბელარუსის შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა "დოიჩე ველეს" მოუყვა, რომ ამ გატაცებების უკან ლუკაშენკოს შსს-ს სპეცდანაყოფი დგას. მისი თქმით, გატაცებულები ჯერ აწამეს, შემდეგ კი პისტოლეტით მოკლეს.

არალეგიტიმური ანუ წითელი ხაზები

2020 წელს მთელი ბელარუსი იყო იმის მოლოდინში, რომ ლუკაშენკო, ბოლოს და ბოლოს, შეიცვლებოდა. წამოვიდნენ ახალი თაობის ოპოზიციონერები. ყველაზე პოპულარულები სერგეი ტიხანოვსკი და ვიქტორ ბაბარიკო იყვნენ, თუმცა ისინი შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეებით ჩამოაშორეს საარჩევნო პროცესს. თუმცა მოულოდნელად ოპოზიციამ კანდიდატად დაასახელა სერგეი ტიხანოვსკის ცოლი, სვეტლანა ტიხანოვსკაია. ლუკაშენკომ ეს "გაატარა" - როგორც ჩანს, არ ჩათვალა სერიოზულ კონკურენტად... არჩევნების დღეს ძნელადაც ვერ უწოდებდი საარჩევნო პროცესს. მილიცია ხალხს პირდაპირ საარჩევნო უბნებში იჭერდა,­ დამკვირვებლებს­ (ადგილობრივებს, რადგან უცხოელები ბელარუსში არ შეუშვეს) უბნე­ბიდან აგდებდნენ. ხმების ალტერნატი­ული დათვლებით გაიმარჯვა ტიხანოვსკაიამ,­ თუმცა ლუკაშენკოს ცესკომ გამოაქვეყნა შედეგები: ლუკაშენკო - 80%, ტიხანოვსკაია - 10%.

ქვეყანაში მანამდე არნახული მასშტაბის­ პროტესტი დაიწყო. პროტესტის პიკის დროს მინსკში ქუჩაში ლამის ნახევარ მილი­ონამდე კაცი გამოვიდა. თუმცა­ ოპოზი­ციამ ორგანიზატორობაში კვლავ უგერგილობა გამოიჩინა. დაბნეული ლუკაშე­ნკო გონს მოეგო და დაიწყო უზარმაზარი რეპრესიები - ათასობით ადამიანს სცემეს, დაიჭირეს, ყველა ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს, ყველა დამოუკიდებელი მედია დახურეს.

დღეს ბელარუსში მიტინგი კი არა, სოცქსელში განთავსებულ კრიტიკულ პოსტზე ციხეა. ლუკაშენკომ კი ოფიციალურად განაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭისყრას 2025 წელსაც აპირებს.

გიორგი კვიტაშვილი