საიდან მოდიან ავღანელი გურჯები
ქართულ ისტორიულ მეცნიერებას ჯერ ისევ არა აქვს საშუალება, მოიძიოს ქართველთა გადასახლების ყველა დოკუმენტი, შეისწავლოს მათი განსახლების ადგილები და შთამომავლობა, მათ შორის ისტორიულ სამშობლოსთან მათი შემდგომი ურთიერთობის მიზნით, რაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. ჯერჯერობით კი უცხოეთში ქართველთა უცნობ განსახლებებზე, ერთი მხრივ, იტალიელი მისიონერების ცნობებს, მეორე მხრივ კი ამჟამად მსოფლიოში გაფანტული ქართველების მოძიებულ ინფორმაციას ვეყრდნობით. მათგან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ლევან ხაჭაპურიძე ერთადერთია, ვისაც ავღანეთში მცხოვრებ გორჯებთან (გურჯები) მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს და მათზე აქამდე ჩვენთვის უცნობი ინფორმაცია მოიძია. მან მოიარა ავღანეთის დამმარცხებელი, ქართლის მეფე გიორგი XI-ის ამალის შთამომავალთა სოფლებიც: მორიგი ტრაგიკული ისტორიის მონაწილე ვერც მეფე და ვერც მისი 4000-კაციანი ამალა ავღანეთიდან ვეღარ დაბრუნდა. ბატონი ლევანი ავღანეთში ქართველთა ამ შთამომავლებზე აღტაცების გარეშე ვერ საუბრობს. არათუ მხოლოდ ბატონი ლევანი: ავღანელი გურჯების ძლიერების შესახებ წლებია ლეგენდები სოციალურ სივრცეშიც ვრცელდება. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ მას ამ თემაზე საუბარი ექსკლუზიურად:
- ხანდახან აღშფოთება მიპყრობს, როდესაც ისტორია ომებით დაღლილ ქართველებზე ორიოდე წინადადებით შემოიფარგლება ხოლმე. მაგალითად, იმას წერს, რომ სპარსეთის შაჰის ან სულთნის ომებში ათასობით ქართველი მონაწილეობდა და მათ შემდგომ ბედზე არაფერს გვეუბნება... სწორედ მათ გაგრძელებად მიმაჩნია ავღანელი გურჯები.
- სამწუხაროდ, თვით ისტორიაც, ისევე როგორც ბედი, ძალიან იშვიათად იყო ჩვენს მხარეს და ასე იმიტომ მოხდა, თუმცა, საბედნიეროდ, ერთი რამ მაინც ზუსტად გვახსოვს: რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი ისტორია, მას დადებითი მხარე მაინც აქვს - სწორედ მუდამ მტრების შემოსევამ და ომებმა გადაგვარჩინა, სადაც მეომარ ხალხად ჩამოვყალიბდით, იძულებული ვიყავით, სულ გვეფხიზლა. საკუთარი ისტორიის ცოდნა სუნთქვასავითაა ნებისმიერი ხალხისათვის. ამ თემაზე ბევრი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამი არსებობს, მაგრამ მერაბ კოსტავას გავიხსენებ. ის ამბობდა, თუ ისტორიას სინედლეს გამოაცლით, ანუ არ გავიხსენებთ და აწმყოს არ დავუკავშირებთ, ჩვენი გადაგვარება გადაშენებით დამთავრდებაო. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ ისტორია არ დაგვივიწყებია, უბრალოდ, ყველაფერზე ხელი არ მიგვიწვდებოდა და არც რუსეთი გვაძლევდა ამის საშუალებას და სამწუხაროდ, არც დღევანდელობა გვაძლევს. სანამ რუსეთი გვმართავდა, ის ქართველთა შთამომავლების შესწავლის ნებას არც ინდოეთში მოგვცემდა, არც პაკისტანში და არც ავღანეთში, რაში აწყობდა პატარა საქართველოს ამხელა ფესვებზე ფიქრი! მე რატომ მივადექი ამ თემას? ჯერ ერთი, სამაჩაბლოელი კაცი ვარ და მოგეხსენებათ, ეს მიწაც რამხელა ტკივილთან არის დაკავშირებული, თანაც, მთელი ბავშვობა ჩალმიან კაცებთან მეომარ ქართველებს ვხატავდი. გამსახურდიას დამხობის შემდეგ კარგი არაფერი მომხდარა და უზბეკეთს მივაშურე არსებობისთვის. იქიდან ადვილად დავამყარე ურთიერთობა ირანში ბიზნესისთვის, ვისწავლე სპარსული ენა, მერე კი ავღანეთში გადავედი. ავღანელი ქართველების გაცნობა იყო ჩემი მთავარი ნატვრა. ირანში მყოფი ავღანელ ქართველთა შთამომავლობის მეშვეობით უკვე ყველაფერი ვიცოდი მათ შესახებ. მაგალითად, ვიცოდი, რომ გურჯები (გორჯები) მთელ ავღანეთში ცნობილი ხალხია, სხვა ავღანელები მათ დიდ პატივს სცემენ. პატივისცემა ნაწილობრივ იქიდანაც გამომდინარეობს, რომ გორჯების ყველას ეშინია. ძალიან კარგი მებრძოლები და სამართლიანები არიან. სხვათა შორის, ავღანელი გორჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის თალიბების დაჯგუფებას, რომელიც ახლა ავღანეთის ხელისუფლებაშია. გორჯების რომ ეშინიათ, თავადაც დავრწმუნდი: როდესაც ირანში ავღანეთში წასვლის ვიზა მივიღე, გამაფრთხილეს, ავღანური დაცვა ყველგან შეიარაღებულია და მაინც ნუ იტყვი, რომ გურჯი ხარო. ჩემს ოჯახში სიკვდილის შიში არ არსებობს, ჩემი ძმაც სამაჩაბლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა, ამიტომაც ყველა პოსტზე გაჩერებისას გავიძახოდი, გურჯი ვარ-მეთქი. უნდა გენახათ, რა პატივით მითმობდნენ ავღანელები გზას. ეს რომ მხლებელმა ნახა, მართლა გაოცებულმა მითხრა, მგონი, მართლა ეშინიათ აქ გურჯებისო.
- თალიბები ტერორისტებად ითვლებიან. რაც შეეხება ავღანეთის დანარჩენ გურჯებს, თუ მართლაც მეფე გიორგი XI-ის ამალის წევრთა შთამომავლები არიან, სავარაუდოდ, გენეტიკითაც იქნებიან კარგი მებრძოლები.
- ასეა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ აწყობენ გურჯების შთამომავლები, 10 წლის ბავშვები, წამებში ავტომატებს. არ ეშინოდათ, მითხრეს, გადაგვიღე, თუ გინდაო, მაგრამ ვიუარე. ვუთხარი, თქვენს ახალ მთავრობას მშვიდობა სურს და მოდი, ნუ გადავიღებთ-მეთქი. დანარჩენი, რაც ქართულად მეჩვენა, გადავიღე.
ახლა რაც შეეხება ავღანელი ქართველების ისტორიას. ყველამ ვიცით, რა ცეცხლი ტრიალებდა საქართველოში სწორედ მაშინ, როდესაც გიორგი XI ქართლის მეფე გახდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის სპარსეთის შაჰს და აქედან გამომდინარე მთელ მის იმპერიას მაინც აუჯანყდა. თუმცა დამარცხდა და იმერეთს შეაფარა თავი. შაჰმა მის ადგილზე ერეკლე I დასვა 1688 წელს, მაგრამ მალევე სპარსეთს ავღანეთი აუჯანყდა. აი, ამიტომ გადაწყვიტა შაჰმა ბრძოლებში განთქმულ გიორგი მეფეს შერიგებოდა და ტახტი დაებრუნებინა, თუ დაითანხმებდა და ავღანელებთან საომრად წავიდოდა. გიორგი XI დათანხმდა, 1700 წელს ავღანეთში თავის ძმა ლევანი და კიდევ 4 000 ქართველი მეომარი გაიყოლია და წავიდა. ცოტა ხანში სრულად გაწმინდა ავღანეთი აჯანყებულებისაგან, რის სამადლობლადაც ირანის მბრძანებელმა გიორგის ტახტი დაუბრუნა, ლევანი კი სპარსეთის მთავარ მოსამართლედ დანიშნა. თუმცა ავღანეთი ცოტა ხანში ისევ აჯანყდა, მეფე გიორგი ისევ გადავიდა საომრად ავღანეთში კვლავ 4 000-იანი ლაშქრით, სადაც გზაზე ირანის შაჰმა 20 000 სპარსელი დაახვედრა. გიორგიმ ისევ სასტიკად დაამარცხა აჯანყების მოთავეები, აღადგინა სპარსული მმართველობა და მხოლოდ მსუბუქი არმია - ის 4 000 ქართველი დატოვა ყანდაჰარში მთელი ავღანეთის სამართავად, რომელიც ლაშქარში ჰყავდა. დანარჩენი ჯარი დაითხოვა, ასევე ირანის შაჰს გადასცა აჯანყებულთა მეთაური მირ ვაისი. სწორედ ამ მირ ვაისის ღალატით მოკვდა მეფე გიორგი ავღანეთში. საქმე ის იყო, მირ ვაისი ირანის შაჰს ისე დაუახლოვდა, უკანვე დააბრუნებინა თავი ავღანეთში. მან მეფე გიორგი სადილად დაპატიჟა და მხლებლებთან ერთად სუფრაზევე მოკლა. როგორც სპარსი ისტორიკოსისგან ვიცი, მეფე გიორგიმ იმ ხოცვა-ჟლეტაში 50 ავღანელი შეიწირა, თუმცა, ცხადია, ბოლოს მოერივნენ. ამის მიუხედავად, ისტორიას მაინც შემორჩა ამ ხოცვა-ჟლეტაში მეფე გიორგის ბრძოლით გაოცებული მოღალატე მირ ვაისის სიტყვები, სპარსელები დიაცები არიან ავღანებთან შედარებით, ხოლო ჩვენ დიაცები ვართ ქართველებთან შედარებითო. როდესაც მეფის სიკვდილი შეიტყო, ყანდაჰარში დატოვებული ქართული ამალა ქუჩაში გამოვიდა ავღანელების გასაჟლეტად. საფრანგეთის არქივში მოიძებნა ამ ბრძოლის დოკუმენტი, რომელსაც სომეხი კათალიკოსი აღწერს: ქართველები ისე გაამხეცა მეფის ღალატით მოკვლამ, მიცვალებულებსაც კი ატყავებდნენო.
- ისევ სხვისთვის დაღვრილი ქართველთა სისხლი. რატომ არ დაბრუნდა ამალის გადარჩენილი ნაწილი საქართველოში?
- ეს შეუძლებელი იყო. ამ ამბებს ისევ ავღანთა აჯანყება და ცალკე ირანში გაჩაღებული სხვა ომები მოჰყვა. დიდი ალბათობით, ამ გზიდან ვერც ერთი ქართველი უკან ვერ დაბრუნდებოდა, რადგან უპირველესად ისევ ავღანელები დახოცავდნენ. ამიტომ ქართველ მეომართა დიდი ნაწილი იძულებული იყო გაფანტულიყო და ისევ ავღანეთში დარჩენილიყო მშვიდობის ჩამოვარდნამდე, რაც წლები არ მოხერხდა. ქართველებიც წლობით რჩებოდნენ ავღანურ უდაბნოში წამოსვლის იმედით. ბოლოს იძულებული გახდნენ დაოჯახებულიყვნენ, რასაც იქვე მათი დასახლება მოჰყვა. კომპაქტურადაც მოგვიანებით შეიკვრნენ.
- ეს ისტორია თავად თუ იციან?
- რას ამბობთ! სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ასეთი წესით მცხოვრებ ხალხში საკუთარი ფესვების და ისტორიის ხსოვნა ვალდებულებად არის ქცეული, რათა თავი მყარად იგრძნონ. ზედმიწევნით იციან ყველაფერი.
იციან, რომ გურჯი მებრძოლების შთამომავლები არიან და ბრძოლის უნარი თავადაც ვალდებულებად აქვთ. მითხრეს, თავდაპირველად ადგილობრივ პუშტუნებზე ვქორწინდებოდით, სამი თაობის შემდეგ კი მხოლოდ გორჯები ვქორწინდებით, ჩვენ სხვა ჯიში გვაქვსო. ახლა უკვე ძალიან ბევრნი არიან. ჩვენსავით 2-3 შვილს კი არა აჩენენ, 7-8 შვილი ჰყავთ. მათი ოჯახები წარმოუდგენელი წესრიგით ცხოვრობენ. ალბათ, თავდაცვის მიზნით, 5-6 ოჯახი ერთად ცხოვრობს, რომლებიც ოჯახის უფროსს ემორჩილებიან. გურჯი ქალებიც საოცარი პატივისცემით სარგებლობენ, ძალიან ლამაზები, ტანწერწეტები არიან. გამუდმებული შრომა არ აძლევთ საშუალებას წონაში მოიმატონ. უნდა ნახოთ, როგორი მძიმე შრომით აქვთ სოფლები გამწვანებული ავღანურ უდაბნოში. სოფლები ჩაღრმავებულ ადგილებშია გაშენებული. თუმცა ამ მიწის დასაცავად ისინი მზად არიან.
ბავშვების თვალებშიც ისეთი სიცოცხლის ნაპერწკალი და ძლიერება ჩანს, რომ ერთი შეხედვითაც გნუსხავენ. სხვათა შორის, ვერაფრით გაარჩევთ საქართველოში მცხოვრები თანატოლებისაგან. სტუმარი ძალიან უყვართ, როგორც ჩვენს სოფლებში ეპატიჟებიან სახლიდან სახლში, მეც ისე მეპატიჟებოდნენ... გურჯები ძალიან ბევრს შრომობენ. უზარმაზარი კალის და თუთის ხეები უდგათ, ჭერმის შესანიშნავი ბაღები აქვთ და რუდუნებით უვლიან, როდესაც არ ომობენ. სხვათა შორის, ვკითხე, ამდენს რატომ ომობთ-მეთქი, ვერ ვკადრე, რატომ მორჩილები არ ხართ-მეთქი, და მითხრეს, ჩვენ არავის ვეპატიჟებით, რა უნდათ რომ მოდიან, დაგვასვენონ ჩვენს მიწაზეო. მართლა დიდი ბრძოლები აქვთ გავლილი, ამ მიწაზე მეტრსაც ვერ ნახავ, ყუმბარების ნამსხვრევები რომ არ ეყაროს.
- კიდევ რა აქვთ ქართული?
- ბორჯღალი კარებზე, რომლებსაც ბევრ სახლზე ვეღარც გაარჩევ, იმიტომ, რომ დაბომბილია,M მაგრამ გეტყვიან, რომ ეს მზის სიმბოლოა და მათი წინაპრებიც ამ სიმბოლოთი აშენებდნენ სახლებს. ეს გაუცნობიერებელი ბმაა წინაპრების რწმენასთან. იცით, როგორ არის?
მაგალითად, ირანში ან თურქი ქართველები, რომელთაც მუსლიმანური რწმენა ძალად მიაღებინეს, ამ რწმენის თითქოს უფრო მეტი ერთგულებიც კი გახდნენ, ვიდრე ადგილობრივები. ალბათ, იმიტომ, რომ ფიზიკური არსებობა შეენარჩუნებინათ, ავღანელ ქართველებს კი ეს არ დასჭირვებიათ. ძალიან ძველ წმინდა მარიამის მედალიონს ვატარებ და როდესაც ვაჩვენე, ჩამოატარეს და ათეულობით კაცი ეამბორა. იესოს შესახებაც იციან. ამბობენ, ოდესღაც ჩვენც იესოს შვილები ვიყავითო. ეს ცოდნა გენეტიკაში აქვთ, ისევე როგორც გურჯობა. ძალიან ნიჭიერი ხალხია. მართალია, ავღანელ გურჯთა დიდი ნაწილი გაუნათლებელია გარემოს გამო, მაგრამ მამაცია და ვინც განათლება მიიღო და ქვეყნიდან ბიზნესისთვის გავიდა, მართლაც მილიონობით ფული იშოვა. ძალიან ბევრი ავღანელი გურჯი მილიონერი ცხოვრობს დუბაიში.
- ისღა დამრჩენია მადლობა გითხრათ. აკაკი შანიძის ლექსი გამახსენდა: "სად არ დგმულა ჩვენი ფეხი, სისხლი სად არ დაგვიღვრია - ერანს, თურანს, ავღანისტანს, ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია"...
- ბედის უკუღმართობამ ისინი საქართველოდან გადარეკა, მათ შთამომავლობას კი ახსოვს, რომ ქართველები არიან. ასეთები მხოლოდ ავღანეთში არ ცხოვრობენ, არამედ პაკისტანშიც, ინდოეთშიც, ირანშიც... მოვა დრო, როცა ისინი საქართველოს, მათ ისტორიულ სამშობლოს, ბევრ სასიკეთო საქმეს გაუკეთებენ.