„აქ მცხოვრებ ერთ-ერთ „დამსაქმებელს“ საქართველოდან ლამაზი გოგონები ჩამოჰყავს და ყიდის...“ - კვირის პალიტრა

„აქ მცხოვრებ ერთ-ერთ „დამსაქმებელს“ საქართველოდან ლამაზი გოგონები ჩამოჰყავს და ყიდის...“

"უცხოობაში, მარტოობაში, სიღარიბეში სულიც გამძრობია... რატომ მიგატოვე, ჩემო საქართველო! ჩემო ივერია!" - ლევილის საფლავის ქვაზე დაწერილი ეს სიტყვები დღეს ათასობით ქართველის გულისთქმას გამოხატავს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი - 21-ე საუკუნის საქართველოს გაცილებით მეტი ემიგრანტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე ჰყოლია. მათი დიდი ნაწილი იტალიაში­ ცხოვრობს. "ბადანტე" - ასე უწოდებენ იტალიელები მოხუცის მომვლელს, რომელიც მის ოჯახში ცხოვრობს და უვლის. ამ ქვეყანაში ათასობით ქართველი ბადანტეა - ქალები, რომლებიც უცხოეთში ბედის უკუღმართობამ გადახვეწა. ისინი ხშირად ჩვენი ახლობლები, ნათესავები და ნაცნობები არიან.

"ჩემი ერთადერთი ნუგეში ახლა ის არის, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი აქვთ"

თამილა ანთაძე: - ხშირად ვფიქ­რობ უცხოობაში გატარებულ წლებზე, ტკივილით სავსე დღეებზე, რომლებსაც ბოლო არ უჩანს, და შვილებზე, რომლებიც უჩემოდ­ იზრდებიან. ემიგრანტობა მძიმე­ ჯვარია! ფლორენციასთან ახლოს ვცხოვ­რობ და მძიმე ავადმყოფს ვუვლი, რომელიც ეტლში ზის და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ჩვენი ყოფა უსიხარულოა, რადგან მოხუცთან ერთად ოთხკედელში გამოკეტილი ბედნიერი ვერ იქნები­.

რატომ წამოვედი? - იმიტომ, რომ წლების განმავლობაში გროშებზე ვმუშაობდი საბავშვო ბაღში და ჩემი ხელფასი თითქმის არაფერში მყოფნიდა... მერე მასწავლებლობაზე უარი ვთქვი და ხან ერთ, ხან მეორე მაღაზიაში ვმუშაობდი, ღამის ცვლასაც არ ვერიდებოდი, მაგრამ მალე მივხვდი,­ რომ ასე ჩემს შვილებს ვერც ნორმალურ განათლებას მივცემდი და ვერც კარგ მომავალს შევუქმნიდი. გადავწყვიტე, მათ არ გამოევლოთ ის, რაც მე გამოვიარე და უცხოეთში წამოსვლა გადავწყვიტე. შვილებს დედაჩემი ზრდის, უკვე უფროსკლასელები არიან, კარგად სწავლობენ და სანამ მათ გზაზე არ დავაყენებ, ვერ ჩამოვალ.­ ძალიან მიჭირს მათ გარეშე გათენებული ყოველი დღე, მაგრამ ასეთი ყოფილა ჩემი ბედისწერა. ბევრს ჰგონია, აქ უზრუნველი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ არავინ იცის, რამდენ ცრემლს და რა უსასრულო დარდს უძლებენ ემიგრანტი დედები. კვირაში მხოლოდ ერთი დღე გვაქვს თავისუფალი და ამ დღეს ქართველები ვცდილობთ შევიკრიბოთ, ერთმანეთის დარდს უსიტყვოდაც ვხვდებით... ჩემი ერთადერთი ნუგეში ახლა ის არის, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი აქვთ, მათ ჩემზე უკეთესი ცხოვრება ექნებათ­.

"ჩემი მოხუცი ყველაფერზე შენიშვნას მაძლევდა, სიცივეში გათბობას არ მირთავდა"

ირმა ჩუბინიძე: - როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩემს პროფესიას ჩალის ფასი დაედებოდა და უცხო ქვეყანაში გადმოხვეწა მომიწევდა. სამწუხაროდ, მეც ემიგრანტი ქალების ბედი გავიზიარე. როცა ოჯახში ორი სტუდენტი გყავს და მეუღლესაც დაბალი ხელფასი აქვს, იძულებული ხდები, ოჯახის ტვირთი შენს მხრებზე აიღო და შვილების მომავალზე იზრუნო. იტალიაში, ქალაქ პრატოში, ჩემი ნაცნობები ცხოვრობდნენ, ისინი უკვე ბადანტეები იყვნენ და მეც მათ შევუერთდი. ათი თვის განმავლობაში უმუშევარი ვიყავი და ხშირად ვფიქრობდი, რა უმწეოა ის, ვისაც უცხო ქვეყანაში არავის იმედი არა აქვს-მეთქი. ჩემმა ნაცნობებმაც ვერაფერი მიშველეს, სანამ ენა არ ვისწავლე და საბუთები არ მოვაწესრიგე. იმ ათი თვის განმავლობაში საერთო ბინაში ვცხოვრობდი, ერთ ოთახში 20-25 ქალი ვიყავით, ელემენტარული პირობებიც კი არ გვქონდა. ბინას დამსაქმებელი აქირავებდა, რომელმაც ორჯერ გამიშვა დროებით სამსახურში: ერთხელ შორეულ მაღალმთიან სოფელში, 85 წლის მოხუცთან, რომელიც ერთ თვეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მისმა შვილებმა კარგად იცოდნენ, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა და ეს მძიმე მოვალეობა­ მე დამაკისრეს - საბრალო ქალმა ჩემ თვალწინ დალია სული! ამის შემდეგ ორი თვე ვუვლიდი ასაკოვან ქალს, რომელსაც ხელი ჰქონდა მოტეხილი­ და დროებით დამხმარე სჭირდებოდა. იქ ყოფნისას მივხვდი­, რატომ ნატრობენ ემიგ­რანტი ქალები, რომ მათი "ბებია" ან "ბაბუა" ლოგინში იყოს ჩავარდნილი... ჩემს მოხუცს შეეძლო ყველაფერზე ებუზღუნა, შენიშვნა მოეცა და ზამთრის სიცივეში გათბობა არ ჩაერთო.

როგორც წესი, ახალჩამოსული ემიგრანტები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ამ ბინის ფულიც ვალად ედებათ, ამას ემატება თანხა, რომელიც აქ ჩამოსვლამდე­ დახარჯეს, ყოველდღიური დანახარჯები და უმრავლესობას ვალები უგროვდება. ამიტომ, როცა მუდმივი სამსახური გამოჩნდება, იძულებულია, ყველაზე მძიმე პირობებსაც შეეგუოს. ზოგი სკლეროზიან მოხუცს უვლის, ზოგი ალცჰაიმერით დაავადებულს, ან უფრო მძიმე ავადმყოფს. ჩემი მოხუციც ასეთია: ან ყვირის და ჩხუბობს, ან ერთ წერტილს შეჰყურებს და ხმას არ იღებს. ერთხანს ამოიჩემა, ინსულინის ნემსს ვიკეთებო და ნემსს ხან მუცელში ირჭობდა, ხან ხელებში, ამის გამო მთელი სხეული დაჩხვლეტილი ჰქონდა. ზოგჯერ ტელევიზორთან დაჯდება და ცდილობს პულტის ნაცვლად ტელეფონით გადართოს, ამას რომ ვერ ახერხებს, ჩხუბს და ყვირილს იწყებს...

რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც უკმაყოფილოა, მაგრამ ვეგუები. ალბათ, იკითხავთ, რატომო? - გამიმართლა და ძალიან კარგი შვილები ჰყავს, რომლებიც ცდილობენ ყურადღება არ მომაკლონ და სხვებივით საკვებს გრამობით არ მიზომავენ.

საქართველოში როდის დავბრუნდები?­ - ყველა დილა ამაზე ფიქრში მითენდება, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მაინც შეიცვალოს, მინდა ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდე, სადაც ადამიანის შრომას ფასი აქვს, სადაც დაბერების და ხვალინდელი დღის არ გეშინია... მინდა ჩემს შვილებს კარგი მომავალი ჰქონდეთ... თუ ერთეულების შვილები ფუფუნებაში ცხოვრობენ, რიგით ოჯახებში­ მცხოვრებმა ბავშვებმა რა დააშავეს?! ჩვენს თაობას უკვე დაკარგული თაობა ჰქვია და ახლა მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს: იქნებ ჩემს შვილებს მაინც ეღირსოთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თითოეული მოქალაქე დაცულია, სადაც ადამიანს უზრუნველყოფილი სიბერე აქვს და მომავალი არ აშინებს­. როცა შენს სამშობლოში სიდუხჭირეა, როცა ოჯახს საარსებო მინიმუმიც კი არა აქვს, სხვა რა გზაა? - ვიღაცამ მაინც უნდა გარისკოს და უცხო ქვეყნის გზას დაადგეს.

"კალაბრიაში სრული განუკითხაობაა"

ნათია ტიკარაძე: - 5 წელია რეჯო-კალაბრიაში ვარ, სადაც ძალიან ბევრი ქა­რთველი ემიგრანტი ცხოვრობს. კალაბრიაში უსაბუთოები ადვილად საქმდებიან, ამიტომ ქართველები პირველად აქ ჩამოდიან, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაცია ხვდებათ: ახალჩამოსულ ენის უცოდინარ ემიგრანტებს დამსაქმებლები ორმაგ ფულს სთხოვენ­. ვინც ბინას იქირავებს, 350-400 ევრო უნდა გადაიხადოს. ზოგიერთი დამსაქმებელი პირველი თვის ხელფასიდან 600 ევროს მოითხოვს, როცა აქ ანაზღაურება 1000 ევროა. ზოგი კი მთლიან ხელფასს იღებს,­ ემიგრანტებს გზის და კვების ფულსაც არ უტოვებენ. კალაბრიაში სრული განუკითხაობა და ჯოჯო­ხეთია. აქ მცხოვრებ ერთ-ერთ "დამსაქმებელს", საქართველოდან ლამაზი გოგონები­ ჩამოჰყავს და, ფაქტობრივად, ყიდის - ბარის­ მეპატრონეს სთავაზობს. ამას წინათ, ერთი გოგონა, რომელიც მისი მსხვერპლი გახდა, თბილისიდან დამიკავშირდა და მითხრა: მაგ "ადამიანმა" კინაღამ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა, ისე გამამწარა, რომ დანით უნდა მომეკლაო. ამ გოგონამ გაქცევა მოასწრო, მაგრამ ამას ყველა ხომ ვერ ახერხებს?!

შედარებით ასაკოვან ქალებს რეჯოშიც­ ბადანტეს ადგილს სთავაზობენ. მათ ძალიან მძიმე ავადმყოფი მოხუცების მოვლა უწევთ. წინასწარ აფრთხილებენ, რომ მოხუცი სერიოზული ავადმყოფია, ტვინი გათიშული აქვს, აგრესიულია და ბადანტე ვალდებულია ყველაფერი მოუთმინოს. თუ მოხუცი ბადანტეს ხელით შეეხება, მას უფლება არა აქვს, შეეწინააღმდეგოს ან გააპროტესტოს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოხუცი მომვლელს სცემს ან კბენს, ძალიან აგრესიულია და ბადანტეს შეურაცხყოფს... ყველაფერი რომ გითხრათ, მკითხველს ეგონება, ზღაპარს ვყვები.

ყველაზე მეტად მეცოდება ასაკოვანი ქალები, რომლებიც იტალიაში ჩამოსასვლელად ვალს იღებენ, დამსაქმებელი უმძიმეს სამსახურში უშვებს და ისინიც უარს ვერ ამბობენ, რადგან გამოსავალი არა აქვთ. ზოგიერთი 120-130-კილოგრამიან მოხუცს უვლის, ხომ წარმოგიდგენიათ, ჯანმრთელობა რა დღეში ექნებათ? ბადანტეები ხშირად ნატრობენ, რომ ჩავარდნილ მოხუცს მოუარონ: მართალია, პამპერსებს უცვლიან, მაგრამ უფრო მშვიდად არიან. აქ ყველამ იცის, რომ მოხუცების უმეტესობა აგრესიულია და უსაბუთო ბადანტეს არც ერთი კანონი არ იცავს. ამ რამდენიმე თვის წინ კალაბრიის რეგიონში 67 წლის ქართველი ქალი დააპატიმრეს. მას მოხუცზე ძალადობაში დასდეს ბრალი, ოჯახმა უჩივლა. რა თქმა უნდა, პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ არავის უკითხავს, როგორ ექცეოდა ის მოხუცი, ან რამ მიიყვანა 67 წლის ქალი ამ ზომამდე!

გული მტკივა, როცა ჩემს ქართველებს ამ მდგომარეობაში ვხედავ და წამოსვლამდე ყველას ვურჩევ, სასაუბრო ენა მაინც ისწავლონ. ასე უფრო შეძლებენ თავიანთი უფლებების დაცვას. ჩვენ, ვინც აქაურობას უკვე შევეჩვიეთ, ვცდილობთ, ქართველ ქალებს როგორმე მდგომარეობა შევუმსუბუქოთ: აქ ცხოვრობს ემიგრანტი ანა ბურდული, რომელიც მათზე ზრუნავს. ანას ინიციატივით, ვებგვერდიც შევქმენით, სადაც ახალჩამოსულებს სამსახურებს ვთავაზობთ. დამსაქმებლის მიერ დაჩაგრულ ან დაზარალებულ ემიგრანტებსაც ვეხმარებით. რამდენიმე მათგანს უსამართლოდ წართმეული ფული დავუბრუნეთ.

ხუთი წელია უკვე აქა ვარ, ყოველ ახალ წელს, როცა ნაძვის ხეს მოვრთავ, ჩავიფიქრებ ხოლმე, რომ ეს უცხოეთში გატარებული ბოლო წელი იყოს, მაგრამ ეს ხუთი წელიწადი უსასრულოდ გაგრძელდა! მგონი,­ წელსაც მომიწევს უწესრიგოდ ჩაყრილი სათამაშოების ამოღება და აქ კიდევ ერთი უსასრულო წლის გატარება! მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ: ერთ დღეს მართლა გადმოვიფრენ ათასობით კილომეტრს და ჩემს ოჯახს დავუბრუნები! სწორედ ამ დღის მოლოდინი გვაცოცხლებს და გვასულდგმულებს სამშობლოდან გადმოხვეწილ ქართველ ემიგრანტებს!

ხათუნა ჩიგოგიძე