"ჩემი განვლილი გზა სტერეოტიპების მსხვრევაა... დაბადების დღეებსაც კი არ აღვნიშნავდი, პირველ ადგილზე იყო კარატე და მერე სხვა დანარჩენი" - ქართველი კარატისტი ქალის გზა მსოფლიო აღიარებამდე
მსოფლიო კარატეს ფედერაციამ განაახლა 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგი, სადაც პირველი პოზიცია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო მსაჯმა მსოფლიოსა და ევროპის კარატეს ფედერაციების ეგიდით, თათი მელუამ დაიკავა.
თათი მელუა არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის სამგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია კარატეში.
"რეიტინგში ყველა ვმონაწილეობთ, მსოფლიოს მასშტაბით A კატეგორიის მსაჯები და საქართველოდან ერთადერთი ვარ. 2024 წლის რეიტინგი განახლდა და პირველ პოზიციას ვიკავებ, რაც შეეხება კიდევ ერთ რეიტინგს, რომელშიც A კატეგორიის მსაჯების 6 წლის განმავლობაში ყველა შეჯიბრებაზე მიღებული ქულები ჯამდება, მესამე ადგილზე ვარ დაახლოებით 1500 მსაჯს შორის, 9 ქულით ჩამოვრჩები მეორე ადგილს. ყველა შეჯიბრებაზე არის სპეციალური კომისია, რომელიც აფასებს ჩვენს მსაჯობას, ჟესტიკულაციებს, გაფრთხილებების დანახვის უნარს, გადაადგილებას და მსგავს დეტალებს" - აღნიშნავს kvirispalitra.ge - თან ინტერვიუში წარმატებული ქართველი მსაჯი.
- თათი, როგორ და როდის დაუკავშირეთ ცხოვრება კარატეს, როგორ დაიწყო ყველაფერი?
- 7 წლის ვიყავი, როცა უფროს ძმასთან ერთად შევედი კარატეზე, ჩემს გადაწყვეტილებას არასერიოზულად უყურებდნენ, ჩემმა ძმამ თავი დაანება, მე კი 2016 წლამდე აქტიური სპორტსმენი ვიყავი, მერე დავიწყე მსაჯობა. ახლა ძალიან მგულშემატკივრობენ ოჯახის წევრები და მხარს მიჭერენ. დედაჩემი ჩვენი კლუბის წევრია და ყოველთვის მხარში მედგა. გვაქვს კლუბი "ალიგატორი", სადაც უამრავი წარმატებული სპორტსმენი გაიზარდა.
- როდის დაგეუფლათ განცდა, რომ კარატე თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა?
- 10 წლის ასაკში უკვე ძალიან შეყვარებული აღმოვჩნდი ამ სპორტზე. დაბადების დღეებსაც კი არ აღვნიშნავდი, თუ ვარჯიშებს ემთხვეოდა, არ მიყვარდა გაცდენა, ყოველთვის პირველ ადგილზე იყო კარატე და მერე სხვა დანარჩენი.
- გულდაწყვეტილმა აღნიშნეთ, რომ მამა ამ წარმატებას ვერ მოესწრო...
- მამა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ის არა მხოლოდ სპორტში, ყველგან და ყველაფერში, ყველა გადაწყვეტილებისას მედგა გვერდით. უზომოდ მინდოდა ამ დღეს მოსწრებოდა. ვიცი, რომ ძალიან იამაყებდა ჩემით. წარმომიდგენია, რას იგრძნობდა...
- ორი შვილი გყავთ...
- დიახ, ალექსანდრე და ნიკოლოზი მყავს.
ალექსანდრე უკვე წარმატებულის სპორტსმენია, 9 წლისაა, კარატეს 12 შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, აქედან მოპოვებული აქვს 10 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
- სამომავლო, უახლოესი მიზანი რა გაქვს?
- საერთო რეიტინგში გადავიდე მესამიდან პირველ ადგილზე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს. ჩვენი სპორტის სახეობა ოლიმპიური რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი შედეგები გვექნებოდა.
- სპორტსმენებს კარიერაში რთული მომენტები, წინაღობები აქვთ... თუ გიფიქრიათ, რომ რაღაც შეგეცვალათ კარიერული კუთხით?
- კი, როგორ არა. ჩემი სპორტსმენობის დროს ფედერაციაში ძალიან ბევრი რამ სხვანაირად იყო, ბევრ რამეს არ ვეთანხმებოდი, ფაქტობრივად, ჩემი, როგორც სპორტსმენის კარიერის შეწყვეტა გამოიწვია იმან, რომ ფედერაციისგან არ მქონდა შესაბამისი ხელშეწყობა. საბედნიეროდ, ახლა ფედერაციაში ასე არ ხდება და ყველა სპორტსმენს უფასდება ის, რისთვისაც შრომობს.
- ძალიან ბევრ სფეროში იმსხვრევა სტერეოტიპები და ამ სტერეოტიპების მსხვრევაში ქალებს შეაქვთ თავიანთი წვლილი... რას ეტყვი ქალებს, რომლებსაც ბარიერები ექმნებათ კარიერაში?
- ჩემი განვლილი გზაც, პირდაპირი მნიშვნელობით, სტერეოტიპების მსხვრევაა, სპორტის ამ სახეობაში ძალიან დიდია სამსაჯო სია და ქალი პირველ ადგილზეა... არ უნდა დავნებდეთ და ვიბრძოლოთ მიზნისთვის.
- როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს კოლეგებს?
- ბევრი მეგობარი მყავს მსოფლიოს მასშტაბით, აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან... უამრავი მოლოცვა მივიღე, ეს ჯანსაღი კონკურენციის ნაწილია. ისევე, როგორც მე მიხაროდა ორი თვის წინ ჩემი მეგობრის პირველი ადგილი, დარწმუნებული ვარ, რომ მათაც უხარიათ.
- ცხადია, ძალიან დაკავებული ხართ და სულ კარატეს ირგვლივ ერთიანდება თქვენი ძალები, თუ გაქვთ სხვა ინტერესები?
- დიახ, ვპოულობ დროს სხვა ინტერესებისთვისაც, მე და ჩემს მეგობარს ბუტიკი გვაქვს. ახლა უფრო ვცდილობ მეტი დრო გავატარო ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად. კარატესთვის დახარჯულ არც ერთ წუთს არ ვნანობ... შრომისა და მონდომების გარეშე არ ვიქნებით შემდგარი ადამიანები.