„იერუსალიმის პატრიარქს ვთხოვე, ჯვრის მონასტრის კარი გაეღო, მას შემდეგ აღარც დაკეტილა...“ - კვირის პალიტრა

„იერუსალიმის პატრიარქს ვთხოვე, ჯვრის მონასტრის კარი გაეღო, მას შემდეგ აღარც დაკეტილა...“

"...ეს ის კაცია, ის ქართველი ებრაელი,­ სოხუმიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტე­რში, ქართველთა სავანეში, ლიმონის ნერგი რომ ჩამოიტანა და გაახარა. მის ნაყოფზე კი უშვილო ოჯახები ოცნებობენ, ვინც შესწვდება, ხარობს! გაიხაროს, იდღეგრძელოს, იჯანმრთელოს! ამაგიანი, ზნეკეთილი­ ადამიანია, ძალიან გვიყვარს და გვეიმედება­ ჩვენი ბატონი მერაბ მიხელაშვილი. ეს ფოტოც ჯვრის მონასტრის ეზოდანაა, მისი მადლი გვეწეოდეს ყველას!" - წერს ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის დამაარსებელი მარინა გელაშვილი... საქართველოში ბევრმა არ იცის მერაბ მიხელაშვილის ღვაწლის შესახებ. 1974 წელს მან იერუსალიმის პატრიარქს სთხოვა,­ გაეხსნათ ჯვრის მონასტრის კარი და მას შემდეგ აღარც დაკეტილა... 1980 წელს იერუსალიმში ჩასულ საქართველოს პატრიარქს ბატონი მერაბი ყველგან თან ახლდა და მას შემდეგ პატრიარქთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებს. მან იზრუნა იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმაზე... კიდევ მრავალი ისტორიული საქმის, საქართველოში გატარებული ბავშვობისა და შემდგომი წლების შესახებ მერაბ მიხელაშვილი იერუსალიმიდან ვრცლად გვესაუბრა... მან რვა ენა იცის, ჰყავს 6 შვილი, 5 შვილიშვილი და 20-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ ეწვევა მონატრებულ საქართველოს...

- მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გავიზარდე. დრამატურგი­ გიორგი ხუხაშვილი ჩემი ბიძაშვილი გახლდათ. ბანძიდან ხალხის სიყვარული, ლამაზი მდინარე და ყველაფერი საუკეთესო მახსოვს, უამრავი სანუკვარი მოგონება მაქვს. ოცი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და ადვილი წარმოსადგენია, რამდენად მონატრებული ვარ. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და შორ გზაზე მგზავრობის უფლებას არ მაძლევდნენ...

15 წლიდან 4 წლის განმავლობაში სოხუმში ჩავდიოდი. იქ დეიდაჩემი ცხოვ­რო­ბდა და 6, ზოგჯერ 9 თვეც ვრჩებოდი­. სოხუმი დღემდე ჩემი უსაყვარლესი ქალაქია, ზღაპარი იყო, ულამაზესი ბუნებით და უაღრესად პატიოსანი, ნიჭიერი ხალხით იქაურობა სამოთხეს ჰგავდა. ფრუნზეს ქუჩაზე ვცხოვრობდი, სადაც ხელოვანების დასასვენებელი სახლი იყო. იქ ცნობილი მომღერლები, მსახიობები ისვენებდნენ... მაშინ უკვე შეინიშნებოდა, სოხუმში რუსული­ ენა რამდენად ფეხმოკიდებული იყო. მეგრელი, აფხაზი, ყველა რუსულად საუბრობდა. სოხუმში შერეული უბნ­ები იყო, გვერდიგვერდ შეხმატკბილებულად­ ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, ებრაელები­. ხშირად დავდიოდი ზღვის სანაპიროზე, იქაური მოხარშული სიმინდის გემო ახლაც მახსოვს, სანაპიროზე ძალიან ბევრი ლამაზი გოგონა დასეირნობდა... მანამდე რამდენიმე წლით სასწავლებლად ბორჯომში გადამიყვანეს, სადაც ბიძაჩემი­ რუსული სკოლის დირექტორი იყო. იქ ოჯახმა რუსუ­ლის სასწავლებლად კი არა, სასწავლებლად გამიშვა. სწავლა არ მიყვარდა, მხოლოდ ხეტიალი... ბიძაჩემი პარკთან ახლოს ცხოვრო­ბდა და სულ პარკში ვიყავი. ბევრი­ მეგობარი მყავდა. შემდეგ თბილისში ვიყავი, სანამ ისრაე­ლში წამოვიდოდი.

საქართველოს პატრი­არქი ჩემთვის ყველაზე უახლოესია. ბედნიერი ვარ, მასთან ძალიან ახლოს რომ ვარ... 1980 წელს იერუსალიმში ჩამობრძანდა. ძალიან გამიხარდა­ და გვერდიდან არ მოვცილებივარ, სანამ საქართველოში არ წამოვიდა. შემდეგ რამდენჯერაც ისრაელში ჩამოდიოდა, ყოველთვის ვნახულობდი... 1996 წელს ისევ დავბრუნდი თბილისში საცხოვრებლად და 2001 წლამდე დავრჩი. ერთმანეთთან სულ კავშირში ვიყავით. ძალიან ახლოს მიცნობს უწმინდესი და უნეტარესი... მისი ნათქვამი სულ მახსოვს, გიყვარდეს ღმერთი, დააფასე და შენც ყველა­ დაგაფასებსო... სამწუხაროდ, ბოლო დროს ორივე შეუძლოდ ვიყავით და ძველებურად ახლო კავშირი აღარ გვქონია. მე გულის ოპერაცია დამჭირდა, გულზე რომ გაგჭრიან, შემდეგ ნახევარი ადამიანი რჩები.

cda9eb54-a092-454a-9d5f-acbb9b24c509-1724597148.jpg

- რატომ მიიღეთ ისრაელში წასვლის გადაწყვეტილება, თქვენ ხომ საქართველო ძალიან გიყვარდათ?

- იმდენად მიყვარს, საქართველოსთვის ამოღებული ხმალი ვარ. საქართველოში­ ცხოვრება მომწონდა, მაგრამ საბჭოთა­ წყობას ვერ ვეგუებოდი, თავს ტყვედ ვგრძნობდი. მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი და თავისუფლება ჩემს ისტორიულ სამშობლოში­ მეგულებოდა. ისრაელში­ 1972 წელს წავედი სრულიად მარტოდმარტო. მშობლები, ახლობლები აქ დავტოვე. პროფესიით ისტორიკოსი­ ვარ და ისრაელი ამითაც მიზიდავდა... ისრაელში 1974 წელს ჯვრის მონასტერში რომ მივედი, კარი დაკეტილი დამხვდა და მყისვე­ იერუსალიმის პატრიარქს შევხვდი, კარის გაღება ვთხოვე... ვთხოვე, როგორც ქართველმა, რომ იქ ქართველ ხალხს სურდა შესვლა... დღეს ყველა ტურისტისთვის გადასახადია, მხოლოდ ქართველი შედის უფასოდ.

- ახსენეთ, რომ სწავლა არ გიყვარდათ, რვა ენა როგორ ისწავლეთ?

- ზუსტად ამით არის ცხოვრება საინტერესო, ყველაფერს შეგაყვარებს... მეგრული და ქართული ჩემთვის მშობლიური ენებია, ვისწავლე რუსული, გერმანული, ისრაელში ვისწავლე ივრითი, არაბული ენა, (ვსაუბრობ, ადრე წერაც ვიცოდი, მაგრამ ცოტა დამავიწყდა), ინგლისური... ქალაქის­ დასუფთავების სფეროში ისეთი თანამდებ­ობა მქონდა, სადაც ორასი მუშა მყავდა. ჩემთან ეთიოპიელები მუშაობდნენ და მათ თავიანთი ენაც მასწავლეს... ისრაელში­ საც­ხოვრებლად თავიდანვე იერუსალიმი ავირჩიე, ჩემი პირველი სამსახური ნავთობპროდუქტებში იყო. შემდეგ ორი წელი კანადაში ვმუშაობდი.

- ჯვრის მონასტერში თქვენს დარგულ ლიმონის ხეზეც გვიამბეთ...

- აქაურ საპატრიარქოში მიღებული პირი ვარ, დღესაც ძალიან ახლოს ვარ პატრიარქ თეოფილესთან... როდესაც უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იერუსალიმში პირველად ჩამოვიდა, მის დელეგაციაში იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამა დავი­თი. მან ჩამოიტანა ლიმონის ნერგი. მთხოვა, თუ შეგიძლია იერუსალიმში სადმე დარგოო... ვუთხარი, რომ ჯვრის მონასტრის ეზოში დავრგავდი, რაც ძალიან გაუხარდა.

მას შემდეგ უამ­რავი ხალხი მიდის­ იმ ხესთან და ძალიან ბევრი სიკეთე მოაქვს. უშვილო წყვილებმა­ სურვილი უნდა ჩაუთქვან, ცოლ-ქმარმა ერთად უნდა დალიოს ამ ლიმონის წვენი და შემდეგ სასწაული ხდება, რისი მაგალითიც უკვე ძალიან ბევრია...

- საქართველოში როდის ჩამოდიხართ?

- საქართველოში ჩემი მეგობრის, მერაბ კვიცარიძის შვილის ქორწილში მოვდივარ, რომელიც 5 სექტემბერსაა დაგეგმილი. მერაბი ქუთაისის ცნობილი ექიმია, უროლოგი. მე დავადგმევინე იერუსალიმში მერაბს რუსთაველის ბიუსტი - პატრიარქთან მივედით და ვთხოვეთ, რომ ქრისტეს საფლავიდან 50 მეტრში, საპატრიარქოს რეზიდენციაში დაგვედგა. პატრიარქი დამთანხმდა და დაგვადგმევინა, მერაბ კვიცარიძემ ბიუსტი ქუთაისიდან ჩამოიტანა.

მოკლედ, ჯერ ქუთაისში ჩავალ, შემდეგ ბათუმში ნატო გელაშვილი ჩამოვა და მასთან ერთად ვიქნები ორი დღე. ნატო ჩემი ახლობელია, ნათლულია... ის იერუსალიმის დასათვალიერებლად მივიწვიე, შემდეგ მდინარე იორდანეზე, როგორც იოანემ ქრისტე, მოვნათლე... ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა მე და თემურ წიკლაურს. ის ჩემი შვილის დაბადების დღეზე საგანგებოდ ჩამოვიდა და ბავშვს "ვეფხისტყაოსანი" ჩამოუტანა ვერცხლში ჩასმული. იშვიათია ისეთი მეგობრობა, როგორიც ჩვენ გვქონდა. სახლი რომ იყიდა­ იერუსალიმში და შვილის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქოს აჩუქა, მე ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში დავეხმარე. ძალიან ახლოს ვიყავით მე და კახა კახაბრიშვილი.

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე...

- 6 შვილი და 5 შვილიშვილი მყავს, უფროსი 16 წლისაა. მეუღლეს გაშორებული ვარ, მაგრამ ცივილიზებულად ვართ, ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მე ჩემით...

- ბავშვებმა ქართული იციან?

- ნახევარმა იცის, ნახევარმა - არა...საქართველოში ხშირად ვერ ჩამოდიან, მაგრამ ძალიან უყვართ...

- სახლი გაქვთ საქართველოში?

- ბანძაში მამაპაპისეული სახლი გვაქვს, რომელიც ძალიან მენატრება, და მალე ჩავალ, ნატვრას ავიხდენ.