სიცოცხლის უდიდესი საიდუმლოს ძიებაში
"ნასას" ლაბორატორიებში უკვე გამოითვალეს მზის სისტემის ობიექტების ყინულოვანი წყლის დაახლოებითი მარაგი, რომელიც მათივე მტკიცებით, მილიარდ კუბურ კილომეტრს აღწევს. თუმცა დედამიწისათვის ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაზე საინტერესო მთვარეა. ჩინელმა მეცნიერებმა მთვარიდან ჩამოტანილი წყლის მოლეკულების შესწავლის შემდეგ განაცხადეს, რომ მთვარეზე წყლის მოლეკულები მზის ქარიშხლების დახმარებით იქმნება. ანუ მზისგან გამოტაცებული წყალბადის იონები შეჯახებისას მთვარის ქანებში არსებულ ჟანგბადს უერთდება და წყლის მოლეკულებიც წარმოიქმნება... თუ რატომ სჭირდება დედამიწას მთვარეზე ან სხვა პლანეტებზე წყალი, მარტივი ასახსნელია - სადაც წყალია, იქ სიცოცხლეა, იქ ყველაფრის ათვისება შეიძლება. პლანეტებზე წყლის ძებნაში კი წყლის უფრო და უფრო მეტ მარაგს პოულობენ, რის შესახებაც ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს ვესაუბრეთ:
- თუკი მთვარეზე კოსმოსური მისიები დაიწყება, რასაც დედამიწის არაერთი სახელმწიფო ცდილობს, მაშინ, მარტივი ლოგიკით, წყალს დედამიწიდან კი არ წაიღებენ, იქვე, მთვარეზევე მიიღებენ და გამოიყენებენ. მთვარის წყლის შესწავლამ და მისი მარაგის ათვისებამ შესაძლოა მთვარეზე ცხოვრება უფრო ხანგრძლივი გახადოს. მომავლის პერსპექტივაში, თეორიულად, იგივე შეიძლება ვივარაუდოთ მზის სისტემის პლანეტებსა და მათ თანამგზავრებზე, რომლებიც დედამიწის ახლო მეზობლებად ითვლება. გარდა ამისა, წყლის უზარმაზარი მარაგი მთვარეზე, რომელიც პოლუსების ზედაპირთანაც ძალიან ახლოსაა, შეიძლება წყალბადად და ჟანგბადად დაშალო და მარაგის სახით წამოიღო დედამიწაზე. ნახეთ, რამდენი რამ ახლავს კოსმოსში წყლის არსებობას: თუ იქ გაქვს წყალი, უკვე გაქვს წყალბადი და ჟანგბადი. გარდა ამისა, გაქვს მთავარი - სიცოცხლის შესაძლებლობა: სადაც არის წყალი, იქ შესაძლოა სიცოცხლე უკვე იყო ან ახლა შეიქმნას. დღევანდელი კოსმოსური მისიების პირველ ვალდებულებად ითვლება, რომ კოსმოსში არანაირი ბაქტერია არ შეიტანონ. მეცნიერებამ იქ სიცოცხლის ნაწილაკების აღმოჩენისას შეცდომა არ დაუშვას და კოსმოსური სიცოცხლის საფუძვლად ისევ დედამიწიდან წაღებული ბაქტერიები არ ჩათვალონ.
- რატომ? ბაქტერიებს შეუძლიათ ისე გამრავლდნენ, რომ კოსმოსი დაიპყრონ? ან უფრო შორს წავალ: შეიძლება შემდგომში ეს ბაქტერიები ევოლუციის შედეგად სიცოცხლის სხვა სახეობად ჩამოყალიბდნენ?
- რა თქმა უნდა. ბაქტერიებს შეუძლიათ დაიპყრონ ყველა სივრცე. ვიცით, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი თეორია სწორედ ეგ არის, რომ ჩვენს პლანეტაზეც ერთ დროს კოსმოსიდან შემოვიდა სიცოცხლე და ამ თეორიას ბევრი იზიარებს. სხვათა შორის, კოსმოსურმა მეცნიერებამ უკვე ჩაატარა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი, როდესაც ბაქტერიები კოსმოსში გაიტანა, ოღონდაც მხოლოდ ღია სივრცეში და თანაც განსაზღვრული ვადით: ერთი, სამი და ხუთი წლით. როდესაც ერთი ან სამი წლით გატანილი ბაქტერიები დედამიწაზე დააბრუნეს და შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ისევ ცოცხლები იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლის წარმოუდგენელი უნარი აქვთ. საოცარია, მაგრამ მათი ნაწილი დაიხოცა და ქერქად შემოეკრნენ დანარჩენ ბაქტერიებს, რათა მათ სამუდამოდ ეცოცხლათ - ანუ ბაქტერიებს კოსმოსურ სხეულებზეც თავისუფლად შეუძლიათ გამრავლება და სიცოცხლე. მეცნიერებმა იციან, რომ გარკვეული ბაქტერიების ანუ სიცოცხლის გადატანა კოსმოსში ასტეროიდებსაც შეუძლიათ.
- სიცოცხლის კოსმოსიდან შემოტანის ვერსია ძველთაგანვე აქტიურია უძველეს მხატვრობაში - კოსმოსური გამოსახულებებიდან დაწყებული, ქრისტიანული მხატვრობით დამთავრებული...
- სხვათა შორის, მეცნიერებაში ვითარდება მოსაზრება, რომ გენეტიკურად სიცოცხლე სამყაროში დაახლოებით 9 მილიარდი წლის წინაა წარმოქმნილი და შემდეგ გადმოვიდა დედამიწაზე. თუ როგორ, მეორე საკითხია და ამაზე არაერთი თეორია გვაქვს, მაგრამ სწორი პასუხი ჯერ არ ვიცით. თუმცა წყლის ძებნის ერთ-ერთი არსი არა მხოლოდ მისი გამოყენებაა, არამედ სიცოცხლის უდიდესი საიდუმლოს ძიებაც. სხვათა შორის, მეცნიერებაში უკვე გავრცელებული მოსაზრებით ითვლება, რომ სიცოცხლის გარკვეული სახეობები შეიძლება იყოს იუპიტერის თანამგზავრ განიმედზე, სადაც ყველაზე მეტი წყალია, ვიდრე მზის სისტემის რომელიმე ობიექტზე. სხვათა შორის, იუპიტერი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტია იმ თვალსაზრისით, რომ აქვს მაგნიტური ველი და გრანდიოზული სარტყლები (7800 კმ სიგანით), რომლებიც, სავარაუდოდ, რომელიმე ციურ სხეულთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. მთელი განიმედი, პრაქტიკულად, დაფარულია ყინულით, რომლის ქვეშ ოკეანეა. სწორედ ამ ოკეანეშია შესაძლებელი განიმედზე სიცოცხლის არსებობა...
საზოგადოდ, მზის სისტემაში ათამდე ციური სხეულია, რომლებიც წყლის უზარმაზარი მარაგით არის სავსე.
- საინტერესოა მარსზე თხევადი წყლის მარაგიც, რომელზეც "ნასას" გაშვებული თანამგზავრი დადის.
- დიახ. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ მარსზე თხევადი წყალი არ იყო და მხოლოდ უსაზღვრო დროის წინ დამშრალი მდინარეების კვალს ინახავდა. თუმცა უკვე გაჩნდა მონაცემები, რომ დიახაც, მარსზე წყალია, მათ შორის, სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფრის ქვეშ. სხვათა შორის, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება და კითხვები მოჰყვა, შესაძლებელია თუ არა მარსზე, როგორც დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტაზე ცხოვრება? ამ თემაზე "ნასამ" ვაშინგტონში პრესკონფერენციაც ჩაატარა და დაასკვნეს, რომ ადამიანის მარსზე ცხოვრების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ, როდის, დრო გვიჩვენებს...
უკვე შესწავლილი მონაცემებით, იუპიტერის თანამგზავრ "ევროპაზე" ყინულის ქვეშ მარილოვანი ოკეანეა. უფრო მეტიც, "ევროპაზე" წყლის ორთქლის ჭავლებია შემჩნეული. ეს იმდენად საინტერესო პროცესია, რომ "ნასა" ძალიან მალე აპირებს ამ მოვლენის შესასწავლად კოსმოსური თანამგზავრის გაგზავნას. ასტრობიოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ "ევროპა" ერთ-ერთი საუკეთესოა მზის სისტემაში სიცოცხლის საძებნელად.
- მეცნიერულად თუ არის გამოთვლილი, რა რაოდენობით წყალია მზის სისტემაში?
- დაახლოებით 1 მილიარდი კუბური კილომეტრი.
- რამხელა რიცხვია და იქნებ დედამიწამ ოდესღაც მართლაც გამოიყენოს.
- სისტემაში წყალს არა მხოლოდ პლანეტებზე, არამედ მათ ბუნებრივ თანამგზავრებზეც ეძებენ. მაგალითად, სატურნის თანამგზავრ ენცელადზე ყინულოვანი საფრის ქვეშ უზარმაზარი ოკეანის არსებობას ვარაუდობენ. შესაძლოა ოკეანე ურანის გარშემო მოძრავ არიელზეც იყოს. ეს აღმოჩენა სრულიად ახალია, მით უფრო, რომ სწორედ წყალია აუცილებელი არიელზე აღმოჩენილი მინერალების წარმოსაქმნელად. ეს ყველაფერი დედამიწის მომავლის რესურსია, არა მხოლოდ წყალი, არამედ მზის სისტემაში მოპოვებული სხვა ნივთიერებებიც, მათ შორის, ასტეროიდებზე. ეს უკვე სხვა თემაა, თუმცა
მაგალითისთვის გეტყვით, რომ ასტეროიდები რესურსების კოლოსალურ რაოდენობას ფლობენ. გამოთვლილია, რომ ლითონური ასტეროიდი, რომლის დიამეტრია 24 მეტრი, 33 000 ტონა ლითონს შეიცავს. ერთი პლატინით მდიდარი ასტეროიდი, რომელიც სიგანით 500 მეტრია, შეიცავს 174-ჯერ მეტ ამ ლითონს, ვიდრე მოიპოვებენ დედამიწაზე ერთი წლის განმავლობაში. ასე რომ, თეორიულად დედამიწას კოსმოსის სახით დიდი მარაგები აქვს, მათი გამოყენების თეორიული შესაძლებლობა არსებობს და იმედია, დედამიწა იმდენად გონივრულად იცხოვრებს, რომ ამას გამოიყენებს.